Tuesday, October 27, 2009

ვინ დგას თეა თუთბერიძის უკან?











ოქტომბერი 24, 2009 ჟურნალი "ლიბერალი"
პასუხისმგებლობის საკითხია გამოვთქვა საკუთარი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ მეშინია ეგზალტირებულ ადამიანთა რისხვის და მეშინია მათი ურწმუნოების!


პროლოგი

დგას თუ არა საქართველო რელიგიური ფუნდამენტალიზმის საშიშროების წინაშე. ეს ეჭვი არა მხოლოდ უკანასკნელი დღეების, არამედ წლების წინ გაჩნდა, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა არ მეშინია ქართული ფუნდამენტალიზმის. ზოგიერთი სტერეოტიპი სინამდვილესაც შეესაბამება; ქართველი ადამიანის ბუნება არ ატარებს ფანატიზმის ნიშნებს: ჩვენ ზედმეტად გვიყვარს საკუთარი თავი, ზედმეტად არტისტულები ვართ, ზედმეტად ზარმაცები იმისათვის, რომ რელიგიური ფანატიზმის ტყვეობაში აღმოვჩნდეთ. ის რაც უკანასკნელი დღეების მანძილზე ხდება, ვგულისხმობ “ხალხს თეა თუთბერიძის წინააღმეგ”, საბედნიეროდ არ არის რელიგიური ექსტრემიზმი. აქ მხოლოდ ნიშნებია და ნიშნების დონეზე დარჩება. ეს საბედნიეროდ, მხოლოდ სტანდარტული, ტრადიციული ქართული მარაზმია!
1. შეურაცხმყოფელია ის ვიდეო რგოლი, რომელიც “მამაბუასილმა” youtube-ზე განათავსა. იგულისხმება ვიდეო, სადაც პატრიარქის გამოსახულებას, მასზე მიმსგავსებული ხმა ადევს, ხმა რომელიც უწმაწურად იგინება! დიახ, ეს არის უგემოვნო ვიდეო და შექმნილია იმ მიზნით, რომ გააღიზიანოს საპატრიაქოს წარმომადგენლები და მათი მრევლი. ამისათვის უკმაყოფილების (ხაზს ვუსვამ, უკმაყოფილების) გამოხატვა, სრულიად ნორმალურია.
2. უკმაყოფილება ძირითადად აგრესიული ხასიათისაა. თეა თუთბერიძეს, სოციალური ქსელი facebook-ის პირად ფოსტაზე მისდის შეურაცხმყოფელი, აგრესიული ხასიათის გზავნილები, მათ შორის მუქარის. შეგახსენებთ, რომ თეა თუთბერიძეს, არა მის მიერ წარმოთქმული კრიტიკული მოსაზრებების, არამედ ამ ვიდეო რგოლის გავრცელებისთვის “აკრიტიკებენ”. ეს “ხალხი” ღვთის სახელით, საკუთარი სიყვარულის, პატრიარქის დასაცავად იბრძვის. “შსს დაიცავს თეას ფიზიკური ძალადობისგან” - ამბობენ მავანნი. ძალიან კარგი თუკი დაიცავს, მაგრამ ამგვარი სიყვარულის სახელით გადმონთხეული სიძულვილისგან ვერც ერთი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურა ვერ დაგვიცავს და ამ სიძულვლის ატანა ყველაზე მძიმეა!
3. ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა მობილიზაცია მედიამ მოახდინა. ეკლესია ჩვენს ქვეყანაში ტაბუირებული თემაა და თუკი ვინმემ ეკლესიაზე აუგი წარმოთქვა - ეს მედიისთვის ყველაზე საუკეთესო ლუკმაა. რასაკვირველია, ამგვარი უგემოვნო და არაარგუმენტირებული კრიტიკა, მედიას საშუალებას აძლევს გამოიღვიძოს ადგილობრივი ფარისევლობა. კონსტრუქციულ და არგუმენტირებულ კრიტიკას, ვერც მედია ეხმაურება და ვერც ეკლესია და მისი დარაჯები. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი “საკანი #5”-ში დაიწყო. შემდეგ ფეხზე ადგა ერი და ბერი, გაერთიანდა ქართული მედია, სახელისუფლო თუ ოპოზიციური ტელეარხები და გაუდგნენ “ქრისტეს გზას”. ამ მედია ისტერიამ, რომელსაც მსუყე ლუკმა სწყუროდა “ხალხიც” გამოაღვიძა, ხან ერთ დარბაზში იკრიბებიან, ხან მეორეში, ხან ქუჩაში და ხან ტაძარში, ხან ყვირილით და ხან დუმილით გამოხატავენ “სიყვარულს” - აგროვებენ პატრიარქის მხარდამჭერ ხელმოწერებს, გმობენ თეა თუთბერიძეს...
4. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა: “ხედავ როგორი სუსტია მათი რწმენა, რომ თეა თუთბერიძის სიტყვები თუ ვინმე მამაბუასილის მიერ გავრცელებული ვიდეო რგოლი, აგონიაში აგდებსო”. მინდა ჩემს მეგობარს დავეთანხმო და დავიჯერო, რომ ამ “ხალხის” საქციელი, ვინც საჯაროდ და აგრესიული ფორმით იცავს პატრიარქს, მათი რწმენის გამყარებით არის მოტივირებული, მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო რწმენასთან. ზოგიერთს სეირში მონაწილეობა სურს, ზოგიერთი პასიური ფარისეველია, რომელიც მუქარის წერილებს პატრიარქის სიყვარულის სახელით აგზავნის და ამით კმაყოფილდება, ვიღაცას ექშენი უნდა და საერთო სახალხო ისტერიას უერთდება. პოლიტიკოსებისთვის საუკეთესო საშუალებაა ქულები ჩაიწერონ და ერთგულება აღუთქვან პატრიარქს, რომელიც სოციოლოგიური კვლევების თანახმად ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს. მითუმეტეს რომ არჩევნები ახლოვდება. საუკეთესო შანსია ხელისუფლების ოპონენტებისათვის მედიის მიერ მოწოდებული მსუყე ლუკმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და თეა თუთბერიძის უკან ნაციონალური მოძრაობა დაინახონ. “ეს არის ხელისუფლების შეტევა პატრიარქზე, სწორედ მისი დაკვეთით ლაპარაკობს თუთბერიძე” - აცხადებენ ისინი. დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, შესანიშნავი სპეკულაციის საბაბი მოიძებნა.
5. უკან დგომაზე გამახსენდა. “მაშინ ხალხი ბნელი იყო” და facebook-იც არ არსებობდა. ლაშა ბუღაძემ მოთხრობა დაწერა თამარ მეფეზე, რომელიც “ხალხმა” პირად შეურაცხმყოფად მიიღო და მაშინაც საპატრიარქო მისგან საჯარო ბოდიშს ითხოვდა. მაშინ არსებული მედია საშუალებებიც მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ, ამ საკითხზე საუბრობდნენ საქართველოს პარლამენტშიც და მაშინაც ერი და ბერი ლაშა ბუღაძის წყევლა-კრულვით იყო დაკავებული. ქართული სიწმინდეების სადარაჯოზე ქართველმა ერმა ერთიანი ჯაჭვი შეკრა. მაშინ მივხვდი, ყველაზე რთული, სწორედ „ამ მორალური, ქრისტესმიერი, მართლმადიდებლური“ აგრესიის წინაშე დგომაა. რასაკვირველია, მაშინაც ლაშა ბუღაძეს ის მოთხრობა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოში არსებულმა მასონურმა ძალამ შეუკვეთა, დაავალა და აიძულა დაეწერა!
6. თეა თუთბერიძეს ბევრი თანამოაზრე რომ ყავს, ამ “საქმეს გახსნა” არ სჭირდება, დღეს ხელისუფლებაშიც ბევრია საპატრიარქოს და ქართული ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი და მის გარეთაც. მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველაფერი ხომ პატრიარქის განცხადებით დაიწყო, როდესაც ილია მეორემ კაპიტანზე ისაუბრა. აქვე უნდა ვთქვა, რომ საქართველოს პატრიარქიც, გაერთიანებული ოპოზიციის მსგავსად, ჰეიდი ტალიავინის დასკვნას ელოდა საბოლოო განაჩენის გამოსატანად. ეს განაჩენი კი, ბუნებრივია, მრავალ “ნაციონალში”, თუ ნაციონალთა მხარდამჭერში უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ოპოზიციურდ განწყობილი სპექტრისათვის კი, პატრიარქის განცხადება და შემდეგ თუთბერიძის მიერ უკმაყოფილების ამ ფორმით გამოხატვა ხდება საუკეთესო საბაბი ახალი საპროტესტო მუხტის გასაღვივებლად.
ეპილოგი.
ამგვარ სპეკულაციებზე დგას თანამედროვე ქართული საზოგადოება. მერაბ მამარდაშვილის სიტყვები, სადაც ის ქართველის არტისტულ ხასიათზე საუბრობს, ის უმთავრესი ფუნდამენტია რომელზეც დგას თანამედროვე საქართველო. ქართული ფუნდამენტალიზმი, მხოლოდ ამაში გამოიხატება. ჩვენ გვიყვარს მებრძოლის, ტანჯულის, გულანთებული პატრიოტის როლის განსახირება. ქართველი ადამიანი ერთნაირად გულამოსკვნილი იტირებს 2008 წლის 12 სექტემბერსაც და 2009 წლის “12 სექტემბრის” კინო გადაღებებზეც. ახლა პატრიარქია დასაცავი "თეა თუთბერიძისგან", ახლა ყველა თავის როლს განასახირებს. დასრულდება “გადაღებები” და ყველა თავის ადგილზე დაბრუნდება, მომავალი “სენსაციის” მოლოდინში.
P.S. ვინც თეა თუთბერიძის მიღმა ხელისუფლებას ხედავს და ამ კონფლიქტს ხელისუფლებისა და ეკლესიის ბრძოლად მოიაზრებს, ვთხოვ თვალი მიადევნოს უახლოეს მომავალში სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობას, ხელისუფლების მიერ ეკლესიის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, გადაცემულ მიწებს, ჯიპებს და მილიონებს და შემდეგ დაფიქრდეს - ვინ დარჩა მოგებული ამ საქმიდან, საქმიდან რომელსაც “ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ” ქვია.

5 comments:

Unknown said...

ძალიან საინტერესო სტატიაა მახარებს ასე რომ ფიქრობთ აბსოლიტურად გეთანხმებით.

ninia said...

mr.picasso

დიდი მადლობა:)

Anonymous said...

ვწერე, ვწერე და ”ლიბერალის” საიტზე არ გამოქვეყნდა კომენტარი! ხოდა, მთლად გადასაგდებად მენანება და აქ დავდებ :D



”ვინ დარჩა მოგებული” რას ქვია საერთოდ. საპატრიაქრო მიიღებს ჯიპებს, მიწებს და ხელისუფლება მიიღებს დემოკრატიის მორიგი ტალღის სტენოგრამას ასახულს მასმედიის ფურცლებზე რეალურ და ვირტუალურ სივრცეში. ”რათქმაუნდა საზოგადოებაში არსებობს პრობლემები, ტაბუირებული თემები, მარაზმი, მაგრამ საქართველოში ასევე არსებობს ძლიერი და ფხიზელი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია რომელთა კანტროლის გარეშე ფეხვს ვერ დგამს ვერც საპატრიარქო, ვერც ხელისუფლება და ასე შემდეგ ბლა, ბლა, ბლა”.

სინამდვილეში ყველამ ვიცით რომ ეგ ყველაფერი არის ბლეფი. და საპატრიარქოსაც და ხელისუფლებასაც ფეხებზე ჰკიდია მედიაც, საზოგადოებაც და მაგათი კანტროლიც.

”თვალის მიდევნების” უფლება კი ყველას აქვს რათქმაუნდა.

მთელ ამ იდიოტიზმში რაც წინა კვირას დაიწყო და ამ კვირაშიც გრძელდება, მე პირადად ყველაზე დიდ მარაზმად მიმაჩნია ის რომ პატრიარქის ნალაპარაკები კაპიტანზე და გემზე ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად შეფასდა და დაიგმო "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლის მიერ. ესეიგი აზრი რომელიც შეიძლება კრიტიკული იყოს შეიძლება ანტისახელმწიფოებრივ აზრად ჩაითვალოს და შეიძლება დაიგმოს ამ სახელმწიფოში ”თავისუფლების ფლაგმანი” ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ? :D

ეგ არის საბჭოური მარაზმი, ტავარიშჩი. ”ანტისახელმწიფოებრივი” და ”ანტიობშესტვენაია ძეაწელნოსწის” დაგმობა ”უპრავდომების” მიერ.

მამა ბუასილს და საქართველოს პატრიარქს თანაბრად აქვთ უფლება საკუთარი თუნდაც ზემარაზმატიკული აზრი გამოთქვან ლექსად თუ არაკად. და ასევე უფლება აქვთ დაიკიდონ ფეხებზე საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის, დიპლომატთა კორპუსის, ტანცგიორგას დუქნის მეპატრონის, კოლიას და ჟორას აზრი და დამოკიდებულება გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით.



.

ninia said...

აბსოლუტურად გეთანხმები. უბრალოდ ერთია, თეა თუთბერიძის მიერ გამოთქმულ "კამსამოლურ" მოსაზრებას იმდენი სიბნელე და აგრესია მოჰყვა, რომ დაჩრდილა მისი ბოლშევიზმი.
ახლა თეას კრიტიკა არ მიმაჩნია გამართლებულად (თუმცა, უკვე შეიძლება) და ახლო მომავალში კი აუცილებლად დავწერ სწორედ იმ ტენდენციაზე, რასაც "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია" ქვია. ანუ ვინც განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს, ის ქართული სახლემწიფოს მტერი და რუსეთის აგენტია!
ასე, რომ მადლობა კომენტარისთვის. თუმცა, ლიბერალის ბლოგზეც დაიდო :)

Anonymous said...

ეხ, ნინია ... რატომ არ დასვი შეკითხვა, რატომ ეშინიათ პატრიარქის ”ახალ” ”ქართველ” ”ხალხს”?

კარგი ანალიზი იყო, მაგრამ ცალმხრივი, არადა ჭკვიანი ხარ და მშვენივრად ხედავ მედალიონის მეორე მხარესაც, მაგრამ ის მხარე შენთვის არ არის საინტერესო იმიტომ,რომ ”ახალი” ”ლიბერალი” ”ქართველებისთვის” მთავარი ალტერნეტივაა , თუნდა მართლმადიდებლური საქართველოსი, მაგრამ ალტერნატივა !