Thursday, December 25, 2008

ცვლილებები ანუ წინგადადგმული ნაბიჯი წარსულში



დეკემბერი 2008




ნინია კაკაბაძე





რადგან ახალი წელი მოახლოვდა, ვიტყვი, რომ ეს დღესასწაული ყველაზე მეტად აღაგზნებს მათ, ვინც ახალი წლისგან ცვლილებას, სიახლეს ელის. 31 დეკემბრის მომლოდინეები უფრო სწორედ ამ ახალი წლის ღამესა და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში “ახალი წლების” (ახალი წელი ხომ საქართველოში რამდენიმე გვაქვს) სადღესასწაულო განწყობასა და ღონისძიებებს ელიან. თუმცა არსებობს უფრო აბსტრაქტული ცვლილებების მოლოდინიც, რომელსაც სხვადასხვა ტიპის განწყობა შეიძლება ახლდეს თან. ერთნი თვლიან, რომ ნებისმიერი ცვლილება შეიძლება პოზიტიური შედეგების მომტანი იყოს, სხვებს კი აშინებს ეს ცვლილებები - შეიძლება ძალიან ცუდიც კიდევ უფრო ცუდით შეიცვალოს. სიტყვას “ცვლილება” საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ჩვენ მუდამ ათასგვარი კატალკლიზმების პირობებში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ, ამავე დროს, არაფერი იცვლება. არ იცვლება ჩვენი მენტალობა, არც იცვლება პრობლემები, რიტორიკა და ა.შ. და აი, მაგალითად, ვიდრე ახალი 2009 წლიდან კიდევ სხვა ახალ ცვლილებებს დავესწრებით, ვნახოთ, რა ტიპის ცვლილებების მომსწრენი გავხდით 2008 წლის მიწურულს.

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ მინისტრთა კაბინეტი მუდმივ წრეში ტრიალებს და, რაც მთავარია, მაშინ როდესაც ერთი მეორის ადგილს იკავებს, მეორე კი - პირველისას, არავინ თვლის საჭიროდ აგვიხსნას, რატომ შეიცვალა ის ერთი იმ მეორეთი. ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ პირველმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ვერ გაართვა საქმეს თავი და ახლა მეორე შეეცდება. იქნებ ერთმა შეცდომა დაუშვა, მეორე იმისთვის მოათავსეს მის ადგილზე რომ ეს შეცდომა გამოასწოროს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდებია, რადგან არავინ თვლის საჭიროდ აგვიხსნას, რატომ შეიძლება, რომ ნიკა გავარამია გია ნოდიაზე კარგი განათლების მინისტრი იყოს, ან ლაშა ჟვანია - ეკა შარაშიძეზე უკეთესი, მაშინ, როდესაც ჟვანია ეკონომიკის საკითხებზე დებატებისას ჟურნალისტზე ნაკლებად კომპეტენტური ჩანდა - მან პრაქტიკულად ვერც ერთ დასმულ კითხვაზე ვერ გასცა პროფესიონალური, დამაჯერებელი პასუხი. ასევე არ ვიცით, რატომ იქნება ვაჩეიშვილზე უკეთესი მინისტრი ნიკოლოზ რურუა. ვაჩეიშვილის შესახებ ის ვიცით, რომ პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეა, რურუას შესახებ ბევრი ვიცით, მათ შორის, მაგალითად, ის, რომ რეზერვში სავალდებულო მსახურების ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი იყო. რას შეიძლება ველოდეთ მისგან კულტურის სფეროში? იქნებ პატრიოტულ ბანაკში დასვენება გახდეს ყველა მოზარდისთვის სავალდებულო?!

ზემოთ ვახსენეთ, რომ შესაძლებელია მუდმივად ცვლილებების დინამიკა არსებობდეს, მაგრამ სინამდვილეში არაფერი იცვლებოდეს. ამ მოსაზრებების გასამყარებლად “განახლებული” “პირველი არხი” საუკეთესო მაგალითი თუ მტკიცებულებაა. “პირველის” ახალი ეთერიდან ხან საბჭოთა საქართველოს სურნელი მოდის, ხან კი - შევარდნაძის საქართველოსი, როდესაც სახელმწიფო არხს დემოკრატი კომკავშირლები მართავდნენ. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი არხის მთავარი დანიშნულება ნებისმიერ ქვეყანაში არის, ინფრომაცია მიაწოდოს მოსახლეობას, იზრუნოს მის განათლებასა და გართობაზე. დღის განმავლობაში ათჯერადი საინფრომაციო გამოშვება ახალმა ხელმძღვანელობამ ოთხზე დაიყვანა, განათლება მთლიანად გააუქმა და ერთადერთი ფუნქცია აიღო საკუთარ თავზე. ის ჩვენს კარგ განწყობაზე ზრუნავს. სიმპტომატურია, რომ არხმა ძველი სახელწოდება დაიბრუნა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაცვლად, ისე როგორც წარსულში, “პირველი არხი” დაირქვა, სიმბოლოდ კი ვარდისფერი ერეგირებული ფალოსი აირჩია.

ვარდისფერი სათავლით ვადევნებთ თვალს ახალ ეთერს. დილიდან საღამომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან საზეიმო განწყობა მოდის, აქ საუბრობენ ყველაფერზე და, ამავე დროს, არაფერზე, ლამაზი წამყვანები, მჭახე ფერები, ბევრი მუსიკა და ბევრი ცეკვა, სადღეგრძელოები, ძველი “კარგი” ქალაქური სიმღერები და ა.შ. და ა.შ. დღევანდელ პუბლიკაციაში მხოლოდ ზოგადად აღვწერთ ამ ახალ ეთერს და მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე შევაჩერებთ ყურადღებას.

აი, მაგალითად, არსებობდა ახალგაზრდული გადაცემა “კედელი”, რომელიც, ავად თუ კარგად, საბჭოთა კედლის დამსხვრევას ცდილობდა, გადაცემა ხშირად ეხებოდა არაპოპულარულ თემებს და ცდილობდა ახალგაზრდებისათვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. მას ჰყავდა წამყვანები, რომლებიც სვამდნენ კითხვებს, იყვნენ ადეკვატურები და აშკარა იყო, რომ ისინი გადაცემის წამყვანებად გონებრივი და არა ფიზიკური მონაცემების მიხედვით აარჩიეს. დღეს ახალი ახალგაზრდული გადაცემა გვაქვს, რომელიც იმდროინდელ გადაცემას გავს, ბოლოს მონაწილემ რომ დიძახა - “ჩვენთან, საბჭოთა კავშირში, სექსი არ არის!” როგორც ჩანს, ეს ახალი გადაცემა “კედლის” დაუძინებელი მტერისთვის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისთვის მზადდება. მართლმადიდებელ მშობლებს კი სწორედ ის მოთხოვნები აქვთ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც კომუნისტურ პარტიას ჰქონდა 80-იან წლებში. ამიტომაც, ძველ დროში დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სწორედ ეს უკანასკნელი გადაცემაა, სახელწოდებით “მოკლე ჩართვა”.
სხვა გადაცემებშიც იდენტური პათოსია. აი, ფრაგმენტი ერთ-ერთი გადაცემის ანოტაციიდან - “სტუმრები საუბრობენ ქალაქურ ჩვეულებებზე, მათ შენარჩუნებაზე და მოდერნიზაციაზე, საუბარი გაზავებულია ქალაქური ისტორიებით და სიმღერებით...” - ასეთია, მაგალითად თოქ-შოუ “ნაცნობი”. “ლევან ერისთავის სათვალე” ცდილობს გაართოს მაყურებელი, იუმორისტულ ჭრილში დაანახოს მას არსებული რეალობა, პრობლემები...” ნინო ქაჯაიას კი მიზნად დაუსახავს “დააინტერესოს მაყურებელი ისეთი თემებით, რომლებზეც თითქოს ყველა საუბრობს, მაგრამ რომელთა შესახებ ჯერაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება”. Aამ უკანასკნელი გადაცემის წამყვანი, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ყველაზე მეტად გამოჩენილი ადამიანების პირადი ცხოვრება აინტერესებს, ხოლო კითხვა, როგორ შუყვარდათ ერთმანეთი ცნობილ ადამიანებს, პასუხგაუცემელ და აქტუალურ კითხვათა კატეგორიაშია. ძალიან ამბიციური ანოტაცია, რომელიც დახურული თემების გახსნას მოგვასწავებს, მხოლოდ “ფეისების” “ჟიზნენი” ისტორიებში ვლინდება... ოპონენტები აქ გვეტყვიან, რომ სწორედ ამ მდარე ხარსხის სატელევიზო ნიმუშების ნახვა სურს მაყურებელს და ასე უგემოვნოდ სურს გართობა, ამიტომ არხიც საკუთარ რეიტინგზე ზრუნავს. მაგრამ პირველი არხის ხელმძღვანელობას ავიწყდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი საზოგადოების განათლება, არაპოპულარული თემების გაშუქება, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ზრუნვაა. პოპულარულ თემებზე, ვარსკვლავებზე და მათ პირად ცხოვრებაზე თამამად შეუძლია იფიქროს და იზრუნოს კერძო ტელეკომპანიამ. რეიტინგზე კი საზოგადოებრივი არხი ნაკლებად უნდა ფიქრობდეს.

განახლებულ პირველ არხზე ნებისმიერი გადაცემა შესანიშნავ მასალას წარმოადგენს მედია-მკვლევარებისთვის, მაგრამ მთავარი ის ტენდენციაა, რასაც საბჭოთა საქართველოს და მისშემდეგ არსებული შევარდნაძისეულ-კომკავშირული საქართველოს ტრადიციის გაგრძელება ქვია. გადაცემების პათოსი საბჭოთაა, აშკარაა ნოსტალგია კარგ, ძველ, გემრიელ და ნაღდ თბილისურ თუ ქართულ ატმოსფეროზე, აქვე გამოჩნდა მხედრიონის იდეალიზირების მცდელობაც, ახალ წელს ისევ “ჩხკივთა ქორწილს” შემოგვთავაზებენ, როგორც ძველ დროს იყო... ამიტომაც ძალიან სიმპტომატურია, რომ გადაცემა “წითელი ზონა”, სადაც საბჭოთა წარსულის ანალიზი ხდებოდა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას - იმისათვის, რომ სამუდამოდ დაივიწყოს საბჭოთა საქართველოს ტრადიცია - ყველაზე მეტად სჭირდება, გაქრა! რასაკვირველია, ამ გადაცემის ამ არხის დღევანდელ ბადეში ჩასმა, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური იქნებოდა, რადგან “წითელი ზონისა” და დანარჩენი გადაცემების შეუსაბამობა საბოლოო ჯამში აბსურდში გარდამავალ კომიკურ ეფექტს შექმნიდა. ასე, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ საზოგადოებრივი ტელევიზიიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ, პირველი არხისკენ, უკან წარსულში.

Tuesday, December 9, 2008

ეს რა, იდიოტობაა ტო? - ორი ახალი ქართული კინოპროდუქცია




"24 საათი" დეკემბერი 2008


ნინია კაკაბაძე





რამდენიმე დღის წინ თბილისის კინოთეატრებში კიდევ ერთი ახალი ფილმი გამოვიდა. ზაზა ურუშაძის “სამ სახლს” დიტო ცინცაძის “მედიატორი” ჩაენაცვლა. ეს ორი ნამუშევარი ერთმანეთისგან, როგორც შინაარსით, ასევე სტილისტურად სრულიად განსხვავდება და ჩვენც სწორედ ამ სხვობაზე მოგახსენებთ.

დიტო ცინცაძის ფილმი დეტექტივური ჟანრის კინოს ჰგავს, ჩანს კომერციული პროდუქციის შექმნის სურვილიც.... არ მოვყვები ფილმის ფაბულას, მხოლოდ ერთს მოგახსენებთ, რომ დიტო ცინცაძისა და აკა მორჩილაძის სცენარი მკვლელობაზე და მკვლელობის გამოძიებაზეა აგებული. ეს არის კრიმინალური თამაში, რომელსაც ძალიან ბევრი გმირი ჰყავს. ამბავი ინგლისელი მამაკაცის მკვლელობით იწყება. დიტო ცინცაძე საოცრად დახვეწილი და ოსტატური მონტაჟის მეშვეობით რამდენჯერმე გვაბრუნებს მკვლელობის ადგილზე, რის შედეგადაც მაყურებელს არ შეიძლება ასოციაცია არ გაუჩნდეს ტარანტინოს “კრიმინალურ საკითხავთან”, რომელიც კრიმინალურ ისტორიებს გაშარჟებული სახით წარმოგვიდგენს: ამბავი და გმირები, რომელთა ქმედება გენიალური იდიოტიზმის რანგშია აყვანილი. ასევე გაგახსენდებათ თავად დიტო ცინცაძის შესანიშნავი ფილმი “დაკარგული მკვლელები”. მაგრამ ეს მხოლოდ ასოციაციებია. ცინცაძე-მორჩილაძის კრიმინალური ისტორია თანამედროვე კინოხელოვნებისთვის დამახასიათებელ სტილშია შესრულებული, სიუჟეტის დინამიური განვითარება, სწრაფი მონტაჟი, მხარზე დადებული მოცახცახე კამერა და ა.შ. და ა.შ. ფილმი ფერადია, მაგრამ მეხსიერებაში, როგორც შავ-თეთრი გამოსახულება ისე ჯდება. მკვლელობას ბევრი მოქმედი პირი ყავს, ამასთანავე არიან მკვლელობასთან დაკავშირებული სხვა გმირები, მოწმეები, გამომძიებელი, დამკვეთი, შემსრულებელები, პარტნიორები და სხვა. ერთ-ერთი მკვლელის ყოფილი ცოლი ახლა გამომძიებლის “ნაშაა”, მაგრამ ამის შესახებ არც გამომძიებელმა იცის და არც მკვლელმა. მერაბ ნინიძის გმირმა, ანუ მკვლელმა, არ იცის, რომ გიორგი ნაკაშიძე - გამომძიებელი, სწორედ მისი მონაწილეობით შესრულებულ მკვლელობას იძიებს და ფილმიც ისე მთავრდება, რომ ეს ინტრიგა გაუხსნელი რჩება, ანუ ისინი ბოლომდე ვერ გაიგებენ ამის შესახებ. უცნაურია, დეტექტიური ჟანრის ფილმში რა საჭიროა მსგავსი ინტრიგის შემოტანა?! ასეთი კითხვა ბევრი გაჩნდება, მაგალითად, სად დაიკარგება პირველ ეპიზოდში სკამზე მიბმული მძევალი, რომლისგანაც შეიტყობენ სასურველ ინფრომაციას მოსაკლავ ობიექტზე...
მიუხედავად ამისა, ფილმის მსვლელობისას მუდმივად არის კულმინაციის მოლოდინი, რაღაც ისეთი უნდა გაიხსნას, რასაც მაყურებელი ვერც კი წარმოიდგენდა. ამ შემთხვევაში ხომ ძალიან პროფესიონალურად, ძალიან ოსტატურად შესრულებული კარგი დეტექტივი გამოვიდოდა, რომელიც ასევე კარგად გაიყიდებოდა მსოფლიო კინოს ბაზარზე. მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ კინოს შემქმნელებმა ვერ გადაწყვიტეს თუ რა უნდა გაკეთდეს: კარგი კომერციული (კარგი გასაყიდი) თუ კარგი საფესტივალო ფილმი, რომელიც ფესტივალზე გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო წარმატებულად გაყიდის საკუთარ თავს? ამიტომ ფილმის ფინალში მოსალოდნელი კულმინაცია ორი სახის შეიძლება რომ ყოფილიყო: წერტილი, რომელიც კრიმინალური საკითხავის იდიოტიზმს კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებდა ან გააფერადებდა, ან კლასიკური დეტექტივის ფინალი, სადაც მოსალოდნელი კულმინაცია მოულოდნელი აკორდით შედგებოდა. მაგრამ “მედიატორში” სამწუხაროდ არც ერთი მოხდა და არც მეორე, ფილმი არაფრით დასრულდა - გაიხსნა მკვლელობა, რომელიც არაფრით იყო საინტერესო და ყველა გმირი თავის ადგილზე უვნებლად დაბრუნდა. ეს არის მანკიერი ჯაჭვი, კრიმინალური ქმედებებით გადაბმული რგოლები, ანუ გმირები, რომელნიც საკუთარი ბიოგრაფიის მძევლები არიან. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ ერთ-ერთ მორიგ “საქმეს” შეასრულებენ და სახლებში დაბრუნდებიან. თავის საქმეს მხოლოდ გამომძიებელი ვერ მიიყვანს ბოლომდე. არ შეიძლება აქვე არ აღვნიშნოთ, რომ სამსახიობო გუნდი ცინცაძის ფილმში შესანიშნავად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ საშემსურლებლო ოსტატობით ყველასგან გამორჩეული და განსხვავებულია გიორგი ნაკაშიძე - გამომძიებელი. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში დიტო ცინცაძემ თქვა: გიორგის აქვს ჩვევა, სანამ ბოლომდე არ გამოგწურავს და არ გაიგებს რა გინდა მისგან, მანამდე არ მოგეშვება. ეს გამორჩეული თვისებაა ქართველ მსახიობებში და ამიტომაც ნაკაშიძე არ არის მსახიობი რეჟისორის ხელში, ის დამოუკიდებელი მოთამაშეა გადასაღებ მოედანზე. ამ შემთხვევაში დიტო ცინცაძე იმ პროფესიონალ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც იცის მსახიობთან მუშაობა, მაგრამ მის ფილმშიც გიორგი ნაკაშიძე ყველასგან განსხვავებული, ყველაზე დამაჯერებელი და ყველაზე საინტერესო გმირია. მას არცერთხელ, არცერთ ეპიზოდში არ ეპარება არცერთი ზედმეტი, გაუთვლელი გამოხდვაც კი. ეს არის მსახიობი, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს გმირზე და ყოველთვის, კარგ თუ ცუდ რეჟისორთან (ამ შემთხვევაში რეჟისორი კარგია), მაღალ პროფესიონალიზმს გვაჩვენებს.

მსახიობებთან თითქმის უხარვეზო მუშაობის მაგალითი აჩვენა ზაზა ურუშაძემაც მის უკანასკნელ ფილმში “სამი სახლი”. არა მხოლოდ სამსახიობო ანსამბლი, არამედ მთლიანად კინემატოგრაფიული ნაწარმოები, ყველა მისი შემადგენელი კომპონენტით, თითქმის სრულყოფილია. ფილმი “სამი სახლი” სამ სხვადასხვა ისტორიას ასახავს, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხა ადგილზე ვითარდება. რეჟისორი ცდილობს ყველა ნოველაში მაყურებელი იმ ეპოქაში მოახვედროს, რომელსაც წარმოგვიდგენს. ამას ხელს უწყობს ოპერატორების გიორგი შველიძისა და გიორგი ბერიძის ნამუშევარი, მონტაჟი, მუსიკა (გიო ცინცაძე), მხატვარი, (თეა თელია) გრიმი (სალომე ზაქარაია, მადონა ჭანტურია) კოსტიუმების მხატვარი (თინათინ კვინიკაძე). მთლიანობაში ფილმი ნამდვილი (და არა კუსტარული) კინოს შთაბეჭდილებას ქმნის, სადაც ხელოვნების რამდენიმე მიმართულება ერთ მთლიანობაში, ბალანსის დაურღვევლად არის მოცემული. ეს საერთო სურათი კი ასე გამოიყურება: პირველი ნოველის სიუჟეტი მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება, მეორე მე-20 საუკუნის 40-იანი წლებში, მესამე კი 21-ე საუკუნის დასაწყისში. ეს სრულიად დამოუკიდებელი ისტორიებია, რომელთაც მხოლოდ ერთი ნახატი (ფერწერული ტილო) აერთიანებს, ნახატი, რომელიც ეპოქიდან ეპოქაში, ოჯახიდან ოჯახში გადადის და რომელიც პირველი ნოველის გმირმა, ანეტამ დახატა. არ შევუდგები ყველა ნოველის შინაარსის თხრობას, რადგან ფილმზე უკვე ბევრი დაიწერა და მხოლოდ მთლიანობაში წარმოვიდგინოთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთადერთი ბმული, რომელიც სამ დამოუკიდებელ ისტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, ნახატია, რომელზეც ორთავა ბუ არის გამოსახული. ფილმი სიყვარულზეც არისო, - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ზაზა ურუშაძემ და ტრადიციაზეცო; კიდევ, ადამიანურ ურთიერთობებეზე, სიკეთეზე და ა.შ. ტრადიცია სომბოლურად ამ ნახატში დევს, რომელიც თაობიდან თაობას, ეპოქიდან ეპოქაში გადაეცემა და სულ იქ ხვდება, სადაც მას მიჯნური მიჯნურს ჩუქნის. თუკი ნახატის ხაზს გავყვებით, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მეორე ნოველა, სადაც მსახიობი ნატო მურვანიძე მის საუკეთესო კინოსახეს ქმნის. მურვანიძის გმირი საკუთარ გარდაცვლილ ქმარს საყვარლის ბინაში მიაგნებს, ამავე ბინაშია ნახატიც. ამ ნოველაში ეკრანზე ძირითადად ნატო მურვანიძისა და ეკა ანდრონიკაშვილის საუბარია და მათი სახეები ხან ახლო, ხან კი საშუალო ხედით. მურვანიძის გამომეტყველება მრავლის მთქმელია: მან მოახერხა და ეკრანზე საოცრად დამაჯარებელი ქალის სახე შექმნა, რომელსაც ქმარი უყვარს, სძულს, გაბრაზებულია, ქმრის საყვარელი ეცოდება, ეჭვიანობს, უყვარს და ა.შ. ნატო მურვანიძის ახალი კინოგმირი ინგმარ ბერგმანის ქალებს გაგვახსენებს, სადაც გამომეტყველება გაცილებით მეტს მეტყველებს, ვიდრე სიტყვა.

ფილმის კულმინაცია მესამე ნოველაშია, სადაც ნახატი მიჯნურ ჰომოსექსუალებში ხვდება. ყველაზე საინტერესო აქ სწორედ ეს გახლავთ. ფილმის გამოსვლამდე და გამოსვლის შემდეგ მსახიობებს სხვადასხვა ინტერვიუებში სულ ბოდიშის მოხდა უწევდათ ქართული აუდიტორიის წინაშე, რომ გაბედეს და გეი წყვილის როლი შეასრულეს. ამიტომაც, ვასიკო ბახტაძემ მისი გმირი ზედმეტად გაშარჟებული სახით წარმოგვიდგინა, რაც თავისთავად მაყურებელში სიცილის ეფექტს იწვევს. ამიტომაც ნაკლებად დამაჯერებელია და მისი თამაშის მიღმა იკითხება: გეი არ გეგონოთ, არც არაფერი ვიცი მათ შესახებ, მაგრამ გამიგია, რომ ასეთები არიანო. სწორედ აქედან გამომდინარე, ვასილ ბახტაძის გმირი სტერეოტიპული ქართველი “პიდარასტია”, რომელიც ქართველებმა შექმნეს და როგორიც სინამდვილეში არ არსებობს. თუმცა, კულმინაციას მესამე ნოველაში, ნარკომანი ბიჭი, დავით იაშვილი ასრულებს, რომელიც საოცარი დამაჯერებლობითა და უშუალო კომიზმით ასრულებს როლს. ფინალიც მის სიტყვებშია...

და ბოლოს, კულმინაცია, ფინალი, რომელიც აკავშირებს და ასევე განასხვავებს ამ ორი რეჟისორის ფილმებს. ზაზა ურუშაძესთან ჩვენ ნოველიდან ნოველაში ნახატის ხაზს მივყვებით და ფილმის მსვლელობის დროს რთული წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს ფინალში. ფილმის მსვლელობის დროს უკვე ჩვნდება დამოკიდებულება მის მიმართ: მაყურებელი ფიქრობს, რომ სამივე ნოველა ცალცალკე და მთლიანობაში არაფრით არის საინტერესო, ჩვეულებრივი ისტორიებია, რომელიც რეჟისორმა კარგად შეასრულა. დიტო ცინცაძესთან კი, სადაც მოქმედება დინამიურად ვითარდება და რომელიც ასევე რეჟისორული ოსტატობის მაგალითს წარმოგვიდგენს, მუდმივად ბოლო აკორდს ელი და გიჭირს ნაადრევი შეფასების გაკეთება. მაგრამ სამწუხაროდ ფილმი ისე სრულდება, რომ ერთადერთი კითხვა, რომელსაც ის გვიტოვებს ამ შინაარსის არის: რატომ გადაიღო ეს ფილმი დიტო ცინცაძემ?! ზაზა ურუშაძემ კი მოახერხა და ზუსტად ერთი წინადადებით შექმნა კულმინაცია. ნახატი, რომელიც ლაიტმოტივად მისდევს ფილმს, რომელიც ეპოქიდან ეპოქას გადაეცემა, რომელიც ყველასათვის ძვირფასია, რომელსაც ყველა უფრთხილდება არის... ვიდრე, მაყურებელი გააკეთებდა ამ დასკვნას, ვიდრე გამოვიდოდით დარბაზიდან და ვიტყოდით ან კი კითხვას დავსვამდით – “რატომ იყო ეს ნახატი ფასეული?” - ზაზა ურუშაძემ დავით იაშვილის გმირის საშუალებით თავად გვითხრა: - აუ, ეს რას გავს ტო?! ამის გამო იკლავდით თავს?! ზუსტად ერთი წინადადებით შეძლო ურუშაძემ ფილმი თავდაყირა დაეყენებინა და ის, რაც 90 წუთის განმავლობაში ხელშეუხებელი, სათუთი ფასეულობა იყო, უკანასკნელ ეპიზოდში მთლიანად დაამიწა და გააადამიანურა.

ასე, რომ უკანასკნელი ხნის განმავლობაში გადაღებული ორივე ახალი ქართული ფილმი, შესაძლებელია, ნამდვილ, კარგი კინემატოგრაფიული ნაწარმოების ჯგუფს მივაკუთვნოთ, რაც დღევანდელ დღემდე საქართევლოში დამზადებული პროდუქციისგან განსხვავებდა. თუკი აქამდე დიტო ცინცაძის პროფესიონალიზმი ეჭვს არ იწვევდა, დღეს თამამად შეიძლება ითქვას რომ ზაზა ურუშაძე კიდევ ერთი კარგი კინორეჟისორია და ამ უკანასკნელ შემთხვევაში მან საუკეთესო გამოსავალი მონახა, როდესაც იუმორის მეშვებით დრამატურგიულად და აზრობრივად შეკრა “სამი სახლის” ისტორია. იუმორით, რომელიც დიტო ცინცაძესთან ყოველთვის ჭარბად იყო და რომლის დანაკლისიც ამ უკანასკნელ ნამუშევარში აშკარად იგრძნობა. და მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, კინოსტუდია “სანგუკოს” და “დამოუკიდებელი კინოპროექტის” პროდუქცია უკვე ნამდვილი კინოა, რომელიც უკანასკნელი ორი ათწლეულის მსგავსად აღარ გვათქმევინებს - ეს რა იდიოტობაა ტო!