Wednesday, January 7, 2009

ოსვენციმის მენეჯერი ანუ “...”


ნინია კაკაბაძე

საკმაო ხანია დასავლეთში გაჩნდა ერთი ახალი აბრევიატურა PC, რაც იშიფრება როგორც “პოლიტკორექტული”. 2004 წელს იტალიელმა მწერალმა უმბერტო ეკომ პუბლიკაცია მიუძღვნა იმ მოვლენას, რომელიც ამ ტერმინით აღინიშნება. ეკო წერს, რომ შესაძლებელია ზედმეტმა პოლიტკორექტულობამ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ადამიანებს, რომელთა დასაცავადაც ის იქნა შემოტანილი. ეკო სტატიაში ხუმრობს კიდეც, რომ შესაძლებელია მალე კოვბოის ხარ-ძროხმართვის ოპერატორი ეწოდოს, მიწსძვრას - გეოკორექცია, გამელოტებას - ფოლიკულარული რეგრესია და ა.შ. ოფიციალური განმარტებით, პოლიტკორექტულობა არის მეტყველება, სადაც რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური ნაკლის, რელიგიისა და პოლიტიკური მრწამსის აღმნიშვნელი ლინგვისტური დეფინიციები ევფემიზმებითაა ჩანაცვლებული (ევფემიზმი - ესაა სიტყვა ან გამოთქმა, რომლითაც შეცვლილია სხვა, რაიმე თვალსაზირისთ მიუღებელი ტერმინი). პოლიტკორექტულობის მთავარი პრინციპი საწყის ეტაპზე, როგორც იტალიელი მწერალი ამბობს, “არის ჰუმანურობა და ცივილურობა და არ უნდა დავუშვათ ჩვენს მეტყველებაში გამონათქვამები, რომლებიც გულს ატკენს სხვა ადამიანებს, ისეთივე ადამიანებს, როგორებიც ჩვენ ვართ”. სწორედ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ყველი ჩვენთაგანისთვის. უმბერტო ეკოს ამ გონებამახვილური პუბლიკაციის დაწერა (“პოლიტკორექტულობის შესახებ”) იქიდან გამომდინარე მოუხდა, რომ დასავლეთში პოლიტკორექტულობა, გარკვეულ შემთხვევებში, გონივრულობის საზღვრებს გასცდა. ხშირად მის გამოყენებას საპირისპირო, დამამცირებელი ეფექტიც კი აქვს ან ის, უბრალოდ, კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ ეს საქართველოს არ ეხება. ქვეყანაში, რომელმაც ვერ გაითავისა სიტყვა “ეთიკა”, ძნელია, კორექტულობა და “ენის ჰიგიენა” მოვითხოვოთ. ყველას კარგად ახსოვს ახლო წარსულში ბერლუსკონის გამოთქმა ობამას მისამართით, რომელიც მდარე და შეურამწყოფელი იუმორით იყო შეფერილი. ამას მოჰყვა საყოველთაო აღშფოთება და, ბოლოს, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის, წარმოშობით იტალიელი კარლა ბრუნის განცხადება: “მიხარია, რომ აღარ ვარ იტალიის მოქალაქე”. მეც გამიხარდებოდა, რომ გია ჭანტურია არ წარმოადგნედეს საქართველოს და, რაც მთავარია, არ იყოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური პროდიუსერი, - ადამიანი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივი არხის მეშვეობით სამოქალაქო ცნობიერების, გემოვნების, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში... და, აი, რატომ:

საბედნიეროდ ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა უკვე გაიგო გია ჭანტურიას განცხადება, გაკეთებული ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელიც განახლებულ “პირველ არხს” ეხებოდა. ჭანტურიასთვის დასმულ კითხაზე: “დამისახელეთ გადაცემა, რომელიც უმცირესობისთვის არის შექმნილი”, არხის გენერალური პროდიუსერი კონტრშეკითხვით პასუხობს: “პიდარასტებისთვის?” და შემდეგ აყოლებს: “ხეიბარი უნდა იყოს წამყვანი? მეუბნებით, რომ ჰომოსექსუალმა უნდა წაიყვანოს გადაცემა ჰომოსექსუალებზე?” ამას მოსდევს პასაჟი: “ეს ტელევიზია ცოცხალია, ამის შანსი აქვს. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, ის ბებერი ქალი მოგვეკლა, რომელთანაც ასოცირდებოდა ეს ტელევიზია...”

“ბებერ ქალს” ასეთი ისტორია ჰქონია: გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე - თუ რასთან ასოცირდებოდა აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი, პროცენტულად ყველაზე მეტ მოქალაქეს ის “ბებერი ქალისთვის” შეუდარებია. არცერთი სოციოლოგი მიღებულ შედეგს ამ სახით არ გაახმოვანებდა, მაგრამ ამაზე გია ჭანტურიამ არ იფიქრა, არ იფიქრა, რომ შესაძლებელია მოხუცებულმა ქალბატონებმაც წაიკითხონ მისი განცხადება და შეურაცხყოფილნი დარჩნენ. ალეგორია, რომელსაც გია ჭანტურია იყენებს, ცალსახად არაეთიკური, დამამცირებელი და არაჰუმანურია - ის მოხუცს ქალს სიკვდილისთვის იმეტებს. ბუნებრივია, ამას გია ჭანტურია ვერ მიხვდება. შეიძლებოდა გამოგვეთქვა ვარაუდი, რომ “პირველი არხის” ახალი ფალიკური ლოგოს დასაბამი სწორედ ახალგაზრდა მამრის ქვეცნობიერში უნდა ვეძიოთ და გვეფიქრა, რომ ამით ის საკუთარ ძლევამოსილებას მოხუც ქალბატონებს უმტკიცებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ საზოგადოებრივ არხზე ყველაფერს იტყვი, გარდა იმისა, რომ ის ახალგაზრდებისთვის მაუწყებლობს. არხი თითქოს მათთვის შექიმნა, ვისაც საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო არხის ნოსტალგია აქვს.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებსაც არ წყალობს გია ჭანტურია და თვლის, რომ არც მათ აქვთ ეკრანზე გამოჩენის უფლება. ევროინტეგრაცია სურს ჭანტურიას (ამის შესახებ მას საჯაროდ არაერთხელ განუცხადებია), მაგრამ არ იცის, რომ ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირიც ისეთივე უფლებებით სარგებლობს, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე. ის, რომ ჭანტურიას “ბებერი ქალის” მოკვლა სურს, თუნდაც სიმბოლურად, და “ხეიბრის” ადგილს ეკრანზე ვერ ხედავს, შესაძლებელია ქართულმა საზოგადოებამ არ მოუწონოს. არ არის გამორიცხული, ამისთვის მან საჯარო შენიშვნაც კი მიიღოს. აი, ჰომოსექსუალების უფლებების დაცვას კი დღეს ცოტა თუ გაბედავს. პირველი არხის გენარალურმა პროდიუსერმა ეს ზუსტად იცის და მისი განცხადებაც სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ ჰომოსექსუალების ქილიკი მოწონებას დაიმსახურებს. რა კმაყოფილი დარჩება, მაგალითად, ყველა “ჭეშმარიტი მორწმუნე” ან “ჭეშმარიტი მორალისტი”, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველა მისგან განსხვავებული ადამიანი ერთ გემზე უნდა დასვა და შუაგულ ზღვაში ჩაძირო. და საიდან უნდა ისწავლონ ადამიანებმა ტოლერანტობა, თუკი სატელევიზიო მედიას, რომლის პირდაპირი ფუნქცია საზოგადოების განათლებაა, სათავეში ჭანტურიას მსგავსი ფაშისტი ჰყავს და ის არა მხოლოდ გემოვნების, არამედ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზეც “ზრუნავს”. ის, რომ ქართული საზოგადოება სავსეა ჭანტურიებით, საზოგადობრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა იცოდა. ასეთები მაყურებელთა რიცხვშიც არიან და, რაც მთავარია, ჟურნალისტთა რიგებშიც. ამიტომ ქცევის კოდექსი, რომელიც მიღებული იქნა 2006 წელს, ლამი წინასწარმეტყველურია. კოდექსის მე-15 თავის მე-9 პუნქტში ნათქვამია:

“ჰომოსექსუალები ხშირად შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან. ჰომოსექსუალები და ბისექსუალები უმცირესობას შეადგენენ და გადაცემის ავტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინიც, სხვების მსგავსად, საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ.
გადაცემაში ჰომოსექსუალის სექსუალური ორიენტაცია აღნიშნეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თემას უშუალოდ უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევთ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ხელს შეუწყობთ სტერეოტიპის გაძლიერებას.
ყურადღება გმართებთ სიტყვებისა და გამოთქმების შერჩევისას. თქვით ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი. დაუშვებელია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა `მამათმავალი~, `პედერასტი~, `ცისფერი~. ნურც გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს მისცემთ უფლებას, ამგვარი სიტყვები გამოიყენონ.”

ალბათ, პროფესიული სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის ეს კოდექსი, რომელიც თამარ კინწურაშვილის პერიოდში იქნა მიღებული, ერთბაშად განადგურდა. საქართველოში მავნე ტრადიციების გაგრძელება უყვართ ახლებს, რომელნიც ძველის ადგილს იკავებენ, კარგი და, რაც მთავარია, პროფესიული ინიციატივები ყოველთვის იკარგება და ქრება. საზოგადოებრივ არხზეც კინწურაშვილი ისევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე, შევარდნაძის იმიტატორმა გია ჭანტურიამ ჩაანაცვლა, რომელიც სანამ სხვას ასწავლიდეს ეთიკის პრინციპებს, თავად უნდა იმეცადინოს და, პირველ რიგში, გაიგოს, რას ნიშნავს ტოლერნატობა, თანასწორობა, ადამიანის უფლებები და ა.შ.

ბოლოს ისევ უმბერტო ეკოს დავუბრუნდები, რომელიც მის სტატიას “პოლიტკორექტულობის შესახებ” ასე ასრულებს: “მემგონი არ ღირს ბერლუსკონის “ფოლიკულარული რეგრესიის სტადიაში მყოფი, ვერტიკალურად შეზღუდული სუბიექტი” ვუწოდოთ...” (მაშინ, როდესაც შეიძლება ბერლუსკონის მსგავს სუბიექტებს თავისი სახელი დავარქვათ - ნ.კ.), რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანებს, პატივი ვცეთ მათ, მაგრამ როდესაც საჭირო იქნება და ვინმე ჭანტურია ფაშისტური, ქსენოფობური, ჰომოფობური თუ გერონტოფობური გამოხდომებისათვის ამას დაიმსახურებს, მას “ფოლიკულარული რეგრესიის სტადიაში მყოფი ოსვენციმის მენეჯერი” კი არ ვუწოდოთ, არამედ თავისი სახელი დავარქვათ - “...”