Thursday, October 8, 2009

მთავარი ინსტინქტი



ოქტომბერი 7, 2009 ჟურნალი"ლიბერალი" www.liberali.ge

ნინია კაკაბაძე

"ომი ქართველ ჯარისკაცებს არ წაუგიათ, მათ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ბანაკში იყვნენ, იარაღს ხელი პატრიოტული გრძნობებით მოკიდეს და სამშობლოს სამსახურში ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.
ომი ძალაუფლებისთვის მებრძოლმა პოლიტიკოსებმა წააგეს.
ძალაუფლებისთვის ბრძოლის შედეგად საქართველომ მიიღო: 300 ათასი დევნილი, სვანეთის გზაზე გაყინული 400 ქალი, ბავშვი და მოხუცი. 10 ათასი დაღუპული ჯარისკაცი და რიგითი მოქალაქე. ცოცხლად დამარხული არაერთი სამხედრო ტყვე და სასაკლაოდ ქცეულ სტადიონებზე საჯაროდ დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა. მიწასთან გასწორებული ქალაქები და სოფლები.

1994 წელს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალები შევიდნენ. მათ დევნილთა დაბრუნებისა და საქართველოს იურისდიქციის აღდგენისთვის უნდა შეეწყოთ ხელი, თუმცა რუსეთმა საზღვარი მდინარე ენგურზე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გაავლო, რომ აფხაზეთში ქართველი აღარასოდეს შესულიყო".

ციტატა თომა ჩაგელიშვილის საავტორო ფილმიდან "სოხუმის უკანასკნელი დღე"

ჰაიდი ტალიავინის დასკვნა კიდევ დიდხანს იქნება სალაპარაკო თემა. ისევე როგორც ყველაფერ ცოცხალს, არც ცოცხალი ადამიანების მიერ გამოძიებულ და შექმნილ დოკუმენტს აქვს ერთგვაროვანი სახე. მაშინაც კი, როდესაც საქმეში რუსეთი ფიგურირებს. ბუნებრივია, არ არსებობს კონფლიქტში, ომში, ბრძოლაში ერთი დამნაშავე და ერთი უდანაშაულო. კონფლიქტში ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე. ალბათ ამიტომაც არის, რომ დოკუმენტი, რომელიც ასე გვაღიზიანებს, დაბეჯითებით არც ერთს ამბობს და არც მეორეს. ამ უკანასკნელისა არ იყოს: "ომი 7-დან 8 აგვისტოს ღამეს საქართველოს მხარემ დაიწყო, მაგრამ ომი გაცილებით ადრე დაიწყო". ეს ოდნავ უტრირებული ციტატა ზუსტად გამოხატავს ზემოთქმულს. დამნაშავეები ჩვენც ვართ, მეორე და მესამე მხარეც. და არა მგონია ეს ადრე, ტალიავინის დასკვნამდე არ გვცოდნოდა.

ასეთი დოკუმენტების ყველაზე ნეგატიური მხარე კი ის არის, რომ ახლა ქალბატონ ტალიავინს ხან წაღმა დაგვიტრიალებენ და ხან უკუღმა და ყველა თავისებურად შეეცდება მის მიერ შექმნილი დოკუმენტით სპეკულირებას. მაგრამ ფრაზას - ქართული მხარის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ - ყველაზე მეტად ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, ქვეყნის გარეთ კი ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი ქვეყანა, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ ექსპერტი გამოიყენებს. შესაძლებელია ვცდები, მაგრამ საერთაშორისო კრიტიკა იმდენად არ მაღელვებს, პირიქით უკეთესიც არის - რაც ნაკლებს მოგვეფერებიან, იქნებ მეტი მოვთხოვოთ საკუთარ თავს. აი რაც შეეხება ქვეყნის შეგნით კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსების თუ საზოგადო მოღვაწეების მხრიდან დაწყებულ სპეკულაციას, ეს უკვე მღლის. მღლის და მაღიზიანებს, რადგან ვიცი ეს "ბრძოლა" მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა იმ ადამიანების უფლებების დასაცავად, ვინც 5-დღიანი ბრძოლის მსხვერპლი აღმოჩნდა. ჩვენ ხომ ომში დამარცხება გვაშფოთებს და არა თავისთავად ომი?! გამარჯვების შემთხვევაში, თუნდაც ათმაგი დანაკარგის პირობებში, ყველა პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე კმაყოფილი იქნებოდა. ომის - რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია ემზადებოდა - წინააღმდეგ სულ რამდენიმე ერთეულმა ადამიანმა გამოთქვა პროტესტი, დანარჩენები კი მილიტარისტულ რიტორიკაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ყველა მათგანი დებდა პირობას (არჩევნების წინ ნებისმიერი პარტია თუ ცალკეული პოლიტიკოსი), რომ დაიბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს. არც ერთი მათგანი ამბობდა როგორ და არც მსმენელთა რიგებში უჩნდებოდა ვინმეს კითხვა - როგორ ვაპირებთ ამდენი წლის წინ დაკარგული, ხალხთან მთლიანად გაუცხოებული მხარეების დაბრუნებას?! მეტიც, ნებისმიერი ოპოზიციონერი (ერთეული გამონაკლისის გარდა) სწორედ ამ თემით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით აშანტაჟებდა ხელისუფლებას და პირველ რიგში პრეზიდენტს. ამიტომ, როგორ არ უნდა გაგვაღიზიანოს ნებისმიერმა ფარისეველმა, რომელიც ახლა წაგებული ომით სპეკულირებას დაიწყებს. თუკი აქამდე ვერ დაწყებული ომი იყო ხალხთან და ამომრჩეველთან სავაჭრო საგანი - დღეს ეს წაგებული ომი იქნება. არც ხელისუფლებისთვის და არც მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებისთვის არც ეს და არც აქამდე თუ ამის შემდეგ გაკეთებული შეფასებები, დასკვნები იქნება განსჯის, ანალიზის, საკუთარ შეცდომებზე დაფიქრების საბაბი. საკუთარ შეცდომებზე ფიქრი ზოგადად ქართველებს არ გვიყვარს. არა თუ 2008 წლის აგვისტოს ომი, პირველი ცხინვალის და აფხაზეთის ომი დღემდე არ შეგვიფასებია, არ გაგვიანალიზებია და, ბუნებრივია, არც საკუთარი შეცდომები გვიღიარებია. რამდენიმე დღის წინ კი, საბედნიეროდ, ერთ-ერთი ნაციონალური არხის ეთერში ამის აშკარა მცდელობა გამოჩნდა.

26 სექტემბერს "რუსთავი 2"-ის ეთერში თომა ჩაგელიშვილის საავტორო ფილმი "სოხუმის უკანასკნელი დღე" გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე "სტუდია რემ" გადაიღო ფილმი აფხაზეთის ომზე, სადაც ორი ახალგაზრდა ომის მიზეზებს და შედეგებს იკვლევს, ჩაგელიშვილის "სოხუმის უკანასკნელი დღე" მაინც კონფლიქტის გაანალიზების პირველ მცდელობად აღვიქვი. ქართული რეალობის გათვალისწინებით, ნაციონალურ არხზე გასული სატელევიზიო ფილმი ნაწილობრივ სახელმწიფო პოზიციის გამომხატველიც არის.

ასეა თუ ისე, თომა ჩაგელიშვილმა მთავარი აქცენტი ჩვენს შეცდომებზე, ჩვენს მანკიერ მხარეებზე გააკეთა. აფხაზეთის ომის დროს საქართველოს ორი მეთაური ჰყავდა. რომელი მათგანი იყო ლეგიტიმური თუ დე ფაქტო არავინ იცის, მაგრამ ცხადია - ქვეყანა უფსკრულს სწორედ მათ გამო მიუახლოვდა. ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე ძალაუფლებისათვის იბრძოდნენ და აფხაზეთში ომი თუ ომზე უარის თქმაც, სწორედ ამ ძალაუფლების გამყარებისთვის, მისი ლეგიტიმაციისათვის და გაძლიერებისათვის მოხდა. ამ ორი ადამიანის ამბიციას კი ქვეყანა და ქვეყნის მოქალაქეები შეეწირნენ - ასეთია ფილმის ლაიტმოტივი. ამ შემთხვევაში ფილმის გარჩევას და ანალიზს არ დავიწყებ, მხოლოდ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის პირველი და ცალსახად პოზიტიური მცდელობა კონფლიქტის ანალიზის. არ შემეძელო ეს ყურადღების გარეშე დამეტოვებინა. ფილმი, რომელმაც ე.წ. ზვიადისტებიც უკმაყოფილონი დატოვა და მათი მოწინააღმდეგეებიც. სამწუხაროდ, ბევრი არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ ან რატომ დაიწყო ეს ომი, საიდან იწყება კონფლიქტი და რის შედეგად. ფილმში აქცენტი აფხაზეთის დაცემაზე, ანუ ომის უკანასკნელ პერიოდზე კეთდება. ამიტომ პირველი ნაბიჯი თვითანალიზისაკენ, რომელიც თომა ჩაგელიშვილმა გადადგა, აშკარა სიახლეა, არა მხოლოდ მედია სივრცეში, არამედ ზოგადად ქართულ სახელმწიფოში, საზოგადოებაში... მაგრამ, მთავარი ინსტინქტი მაინც ვერ გამოვიმუშავეთ. მსხვერპლი მხოლოდ "ჩვენს" მხარეს არის, მოწინააღმდეგე 17 წლის შემდეგაც არ წერია დანაკარგში. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად ჩვენ აფხაზებთან არაფერი გვაქვს გასაყოფი, ისინი ჩვენი ძმები არიან, ჩვენ მათთან შერიგება გვსურს... აბა, როგორ? აიხედეთ და გადაიკითხეთ კიდევ ერთხელ (სტატიის პროლოგი) თომა ჩაგელიშვილის მიერ ჩამოთვლილი დანაკარგი, პასუხს იქ იპოვით. სად არიან იქ აფხაზები?!

1 comment:

Anonymous said...

მე მაშფოთებს თავისთავად ომი და ის ტრადიუცილი ინფანტილური მარაზმი, რომელიც სუფევს ხელისუფლებაში და ზოგადად საზოგადოებაში. მიწების დაბრუნების იდეას გადაყოლებული თაობები და ფეხებზე ლეგიტიმურად დაკიდებული ადამიანების სიცოცხლეები. და თურმე სულმოკლეობა რომაა იმის შეკითხვაც კი საერთოდ ღირს თუ არა ეგ ყველაფერი მოქალაქის სიცოცხლის გაწირვად. როგორც დარჩიაშვილმა გამოუცხადა მოსახლეობას სცენიდან შარშან რუსთაველის გამზირზე გაგანია ომის დროს.

და საერთოდ მაშფოთებს არქაული მილიტარისტული მარაზმით გამოტენილი თავების სიმრავლე თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.