Monday, October 5, 2009

ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა





1 ოქტომბერი 2009 წელი
რადიო “GIPA” - FM 94.3,
“თავისუფალი აზრი” - გადაცემის სტენოგრამა
თემა - “ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა”
სტუმარი - თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი
გადაცემის ავტორი და წამყვანი - ნინია კაკაბაძე



მოგესალმებით, თქვენ უსმენთ გადაცემას “თავისუფალი აზრი”. დღეს გადაცემა პირველად გადის რადიო “GIPA” ეთერში. შეგახსენებთ რომ რადიო “GIPA” გადის FM 94.3, ჩვენი სტუდიის ნომერი არის 923953 მსმენელებს ვისაც გაუჩნდება შეკითხვა და ინტერესი თემის მიმართ, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრებთ, შეუძლიათ დარეკონ სტუდიაში. გადაცემა მხარდაჭერილია ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა არის, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა და ჩვენი გადაცემის სტუმარი არის თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

ნ.კ.- და პირველი კითხვა იქნება შედარებით უფრო ზოგადი ხასიათის, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას ეხება. როგორი არის დინამიკაში სახელმწიფოსი და ეკლესიის ურთიერთობის ტრადიცია? ალბათ ჩვენ ათვლა უნდა დავიწყოთ იმ პერიოდიდან, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეკლესიამ უკვე სხვა ფუნქცია შეიძინა, ვიდრე მანამდე ჰქონდა. როგორ ვითარდებოდა ეს ურთიერთობა და როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე? და რასაკვირველია ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება დღევანდელი დღე და ის ურთიერთობა რომელიც ჩამოყალიბდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.
ბექა მინდიაშვილი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოვლენები თუ ფენომენები, რომლებიც ყველაზე მეტად იყო შეზღუდული საბჭოთა კავშირში: სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და რელიგიის თავისუფლება, თითქოს 90_იანი წლების ბოლოს ბუნებრივი, ველური სახით გამოეფინა, ასე ვთქვათ, ასპარეზზე. ფაქტობრივად იმ პერიოდში არანაირი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან, არანაირი კონტროლი და არანაირი გააზრება პრინციპში იმისა თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო სამომავლოდ რელიგიის და რელიგიური ინსტიტუციების და სახელმწიფოს ურთიერთიერთმიმართება - არ მომხდარა

ეროვნული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ზვიად გამსახურიდიას რიტორიკა გაჯერებული იყო რელიგიური ნაციონალიზმით. ერთის მხრივ თუ ის საუბრობდა იმაზე რომ საქართველო არის ქართველების მიწა და ყველა დანარჩენი ერი არის სტუმარი ამ მიწაზე, მეორე მხრივ ის საუბრობდა იმაზე რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული სულიერი მისია, რელიგიური მისია, სამყარო რაღაც მესამე გზით წაიყვანოს. არა დასავლური, არა აღმოსავლური ან ვთქვათ საბჭოური, არამედ რაღაც მესამე გზა უნდა ყოფილიყო აღმოჩენილი და აი ამ მესამე გზაში გადამწყვეტი როლი სწორედ რელიგიურ ცნობიერებას ენიჭებოდა. აქ ალბათ მისი რელიგიური მსოფლმხედველობაც თამაშობდა როლს ის გახლდათ ანტროფოსოფოსი და აქედან გამომდინარე მისი რიტორიკა იყო რელიგიური რიტორიკა. ყველას გახსოვთ ალბათ როგორ მოუწოდებდა ვთქვათ შეკრებილ ხალხს, მომიტინგეებს იმისკენ, რომ აერჩიათ ქრისტეს გზა და ქრისტეს გზაში ის გულისხმობდა საკუთარ მოძრაობას თუ ასე შეიძლება ითქვას.
ნ.კ. - მისი მოწინაღმდეგეები კი ბარაბას გზას ადგნენ
ბ.მ. - მისი მოწინაღმდეგეებიც ასევე ეროვნული მოძრაობის წევრები იყვნენ, მაგრამ რატომღაც ისინი ბარაბას გზაზე დადიოდნენ. ეს გამუდმებით, ერთგვარად დამკვიდრებული სტანდარტი იყო ეროვნული მოძრაობისთვის - რელიგიური რიტორიკით რელიგიურ თემებზე აპელირება. გამსახურდიას პერიოდში საპატრიარქოს მიმართ დამოკიდებულება იყო თითქოს ცივი, უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქის მიმართაც. გამსახურდია და მისი მომხრეებიც ხშირად გამოდიოდნენ იმ მოწოდებით, რომ ეკლესიაში რეფორმები არის ჩასატარებელი. ისინი ეპისკოპოსებს, სინოდის წევრებს, სასულიერო პირებს ზოგიერთს სუკის აგენტებს უწოდებდნენ ანუ კაგებესთან თანამშრომლობაში ამხელდნენ მათ. თუმცა საბოლოო ანგარიშით გამსახურდიამ მაინც აირჩია ლოიალობის პოლიტიკა საპატრიარქოსთან და ასევე საპატრიარქოც თითქოს არ ამწვავებდა ურთიერთობას. მე მახსოვს კათალიკოს პატრიარქის რამდენიმე გამოსვლა, როდესაც ის არა გამსახურდიას მომხრეებთან, არამედ გამსახურდიას საპირისპირო ბანაკში ჩნდებოდა და დემოკრატიის და მეტი თავისუფლების შესახებ საუბრობდა. გამსახურდიას პირობებში ეროვნული ფორუმი იყო თუ არ ვცდები, სადაც ის გამოდიოდა სიტყვით. ასევე 91 წლის სექტემბერში, პატრიარქმა ერთ-ერთ გერმანულ არხს მისცა ინტერვიუ, (მაშინ როდესაც დაიწყო პერმანენტული გამოსვლები გამსახურდიას წინააღმდეგ), სადაც ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ გამსახურდია ქვეყანას ავტორიტარული მეთოდებით მართავს. მაშინ საგრძნობი იყო წინააღმდეგობა გამსახურდიას ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის. არც ის არის დასამალი, რომ გამსახურდია ეძებდა პატრიარქის შემცვლელს და ეს ძალიან პოპულარული აზრი იყო ეკლესიაში. არც ის არის დასამალი, რომ როდესაც დაიწყო მწვავე დაპირისპირება, გამსახურდიას მომხრეები აქტიურად მოუწოდებნდენ საპატრიარქოს - ჩარეულიყო ამ დაპირისპირებაში და ერთგვარი გამშველებლის როლიც ეთამაშა, ვინაიდან სხვა შემთვხევაში ეს ყველაფერი გადაიზრდებოდა სისხლის ღვრაში - რაც მოხდა კიდეც. საპატრიარქომ კი მაშინ ასეთი რამ განაცხადა, კარგად მახსოვს, მამა გიორგი გამრეკელი იყო სიონის წინამძღვარი, ტელევიზიით გამოვიდა და თქვა: ვინც პირველი აიღებს მახვილს მახვილითვე განიგმირება ანუ ფაქტობრივად საპატრიარქო განზე გადგა ამ მოვლენებისგან და შეატოვა ეს ორი ძალა ერთმანეთს. ამის გამო მაშინ ძალიან სერიოზული უკმაყოფილება გაჩნდა გამსახურდიას მომხრეებში. ეს არის პერიოდი შემდეგ, დაახლოებით 95-წლამდე საპატრიარქოს წინ იმართება მიტინგები, პატრიარქის გადახაზული ფოტოებით სურათებით... გამსახურდიას მომხრე მედიაში “იბერია სპექტრი” პუბლიცისტი ირაკლი გოცირიძე აქვეყნებს დოსიეებს, და მათ შროის იმ სასულიერო პირებისა, ვინც თანამშრომლობდა კაგებესთან. მათ შორის არის პატრიარქის სახელიც არის დასახელებული, წოდებით “ივერიელი”. თუმცა ძალიან ძნელია საუბარი იმაზე, რამდენად აფთენტური იყო ეს დოსიეები. თუმცა ეს მიმართება გაჩნდა გამსახურდიას მომხრეებში. შევარდნაძის ხელისუფლება კი, მას შემდეგ რაც შევარდნაძე ჩამოვიდა საქართველოში, საჭიროებდა ლეგიტიმაციის დამატებით წყაროს, ვინაიდან მას აშკარად აკლდა ლეგიტიმურობა და შევარდნაძემ გათვალა ძალიან ზუსტად. იქიდან გამომდინარე რა პროცესებიც ვითარდებოდა პოსტ საბჭოთა, პოსტ სოციალისტურ სივრცეში, ამ შემთხვევაში შევარდნაძემ გათვალა, რომ სწორედ რელიგიაზე უნდა აეღო აქცენტი და საპატრიარქო, მართლმადიდებელი ეკლესია უნდა ყოფილიყო მისი, შეიძლება ითქვას, უზენაესი ლეგიტიმატორი. მაგრამ საამისოდ თავად საპატრიარქოს პოზიციებიც უნდა გამყარებულიყო საზოგადეობაში. შევახსენებ მსმენელს, რომ პირველი რაც გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ ჩამოსვლისთანავე, ის მივიდა სიონის ტაძარში, უხერხულად და უგერგილოდ გადაისახა პირჯვარი. ასევე უცნაურად მიმართავდა კათოლიკოს პატრიარქს - როგორც უსპეტაკესს და უწმინდესს. ის ასევე მოინათლა და გიორგი დაერქვა. შემდეგ, იმ პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად ყველა არაპოპულარული ნაბიჯი იყო გამაგრებული საპატრიარქოს მხარდაჭერით. შეგახსენებთ ერთ ეპიზოდს, როდესაც მარცხგანცდილი შევარდნაძე თბილისში დაბრუნდა და ხელისუფლებაში კრიზისი შეიქმნა, მან გადადგომის შესახებ განაცხადა. პირველი ვინც მოუწოდა მას პოსტის შენარჩუნებისკენ იყო კათოლიკოს პატრიარქი. ლეგიტიმაციის საპასუხოდ ხელისუფლებასაც უნდა ეღონა რაღაც. კონკორდატი ანუ კონსტიტუციური შეთანხმება ხელისუფლებასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს იყო. სწორედ ეს იყო, ასე ვთქვათ ეკლესიის ინსტიტუციონალური გაძლიერების პროექტი. ეკლესიის ქცევა სახელმწიფოში სახელმწიფოდ და ეკლესიისთვის განსაკუთრებული ავტორიტეტის მინიჭება. ეს ავტორიტეტი დღესაც და მაშინაც ამას გულისხმობდა, ერთგვარ უზენაესს არბიტრს საქართველოში, იქნება ეს პოლიტიკური ძალების დაპირისპირებისას, იქნება ეს კულტურული პროცესების თუ მედია პროცესების წარმართვაში რაღაც როლის თამაშს ანუ უზენაესი ჭეშმარიტების სახელით ლაპარაკს ყველა სფეროში. აი ამას ფაქტობრივად შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ მეორე მიმართულება, რომელიც გააძლიერა შევარდნაძის ხელისუფლებამ საპატრიარქოს მოთხოვნით იყო ეკლესიის უალტერნატივო მდგომარეობაში ჩაყენება. თუკი ვთქვათ 90-იანი წლების გარიჟრაჟზე გამსახურდიას პერიოდშიც კი, როდესაც თითქოს ეს რელიგიური რიტორიკა ძალიან ძლიერი იყო, ჩვენ შევხვდებოდით კრიშნაიდებს ქუჩაში, ფილარმონიაში თუ სხვა კინო და თეატრალურ დარბაზში. თეატრალურ დარბაზებში იმართებოდა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების შეკრებები. აი ამ პერიოდიდან ასეთი რამ წყდება, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს აღარ აძლევენ ამის შესაძლებლობას და იწყება ძალიან მძაფრი შეტევა, თითქოს ყველაზე მზარდ და ყველაზე აქტიურ რელიგიურ გაერთიანებასთან - ეს არის იეღოვას მოწმეები.


ამ დროს მართლმადიდებლურ ეკლესიაში იყო განხეთქილება ეკუმენიასთან დაკავშირებით, მოხდა დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირების ეკლესიიდან გამოყრა. ამ დროს ხელისუფლება უზრუნველყოფს მართლმადიდებლობის დომიანციას. ასე ხდება საპატრიარქოს უალტერნატივო ფუნქციის ასე ვთქვათ გაძლიერება თუ დადასტურება. ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ნება სურვილი, ეს იყო პირდაპირი მოწოდება პატრიარქის მხრიდან. 97 წელს მან მიწერა პარლამენტს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყვოს და დაიცვას საქართველო სექტანტების შემოსევისგან, (ამ სიტყვას იყენებდა ეკლესიის მეთაური) და უზრუნველყოს მართლმადიდებული კულტურის თუ იდეოლოგიის დამკვიდრება და გაძლიერება საქართველოში. ე.წ. სექტანტების ჩამონათვალში 93 წელს კათოლიკოს პატრიარქს შეჰყავს კათოლიკებიც, ბაპტისტებიც და ფაქტობრივად ყველა ქრისტიანი.
ნ.კ.- თუმცა მიუხედავად ამისა, დეკლარირებულად ეს აგრესიული რიტორიკა მოდიოდა იმ ადამიანებისგან, რომელნიც ოფიციალურად, თითქოს განდევნილნი იყვნენ მართლმადიდებლური ეკლესიიდან, მე მხედველობაში მყავს ბასილ მკლავიშვილი, ვის სახელთანაც არის დაკავშირებული იეღოვას მოწმეების დევნა. ამ შემთხვევაში თუკი საპატრიარქო არ განსჯიდა, ვთქვათ, ბასილ მკვლავიშვილის საქციელს და არაფრით უშლიდა მას ხელს, ნიშნავდა თუ არა მკლავიშვილის აგრესიული ქმედების ლეგიტიმაციას?
ბ.მ. - ბასილ მკლავიშვილი ძალიან კარგად შეარჩიეს. ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა, და ზუსტად ვიცი რომ ეს უშიშროების სამინისტრო იყო, მკლავიშვილი შეარჩია იმისათვის რომ არ მომხდარიყო პირდაპირი ასოცირება ეკლესიასთან. თანაც თავად ბასილ მკლავიშვილი ასპარეზზე გამოჩნდა, როგორც პიროვნება რომელიც უპირისპირდებოდა პატრიარქს მისი ანტი ზვიადისტური პოზიციების გამო. ბასილ მკლავიშვილი კი იყო ზვიად გამსახურდიას მომხრე სასულიერო პირი და ასევე ძალიან მძაფრად ანტი ეკუმენისტური განწყობის მქონე პიროვნება. სწორედ ეს იყო ასე ვთქვათ დაპირისპირების საბაბი საპატრიარქოსთან, რის გამოც შემდეგ ის განკვეთეს ეკლესიიდან. თუმცა მას არ უღიარებია და განაგრძო ცხოვრება როგორც სასულიერო პირმა. მაშინ ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და თუ არ ვცდები “თავისუფლების ინსტიტუტსაც” კი უწევდა მისი დაცვა, მას პოლიციაც კი დევნიდა. და აი ამ დევნის შემდეგ მოხდა ამ ადამიანის ტრანსფორმაცია. მან შექმნა ცალკე ეკლესია, რომელსაც ეწოდებოდა გლდანის ეპარქია და მთელი მისი აქცენტი გადავიდა ე.წ. სექტანტებთან და “ურჯულო ქართველებთან” ბრძოლაზე. ეს იყო არამარტო იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა, არამედ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ომი, თუ ასე შეილება ითქვას.
ნ.კ - შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ შევარდნაძის პერიოდში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა იყო ყველაზე იდილიური და ჰარმონიული?
ბ.მ.- თუ ამ იდილიასა და ჰარმონიაში ჩვენ ვიგულისხმებთ ურთიერთობების ბიზანტიურ მოდელს, სადაც იმპერატორი იყო ეკლესიის თავი და მისი ნება სურვილით ხდებოდა ეკლესიაში გადაწყვეტილებების მიღება, თუ ვიგულისხმებთ სტალინურ მოდელსაც, რომელიც მან ჩამოაყალიბა 43წლის შემდეგ, რომელიც ფორმით ასევე ბიზანტიური იყო, როდესაც მან მისცა შესაძლებლობა მართლმადიდებლურ ეკლესიებს, როგორც რუსეთსში ისევე საქართველოში გაეხსნათ სემინარიები, გამოეცათ წიგნები, დაურიგეს ეპისკოპოსებსა და ეპარქიებს მანქანები და ქვეყანაში ფაქტობრივად შეწყდა რელიგიის დევნა. მან ეკლესიას მისცა შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყვნენ რაღაც ტრადიციების და ნაციონალისტური შეხედულებების სულიერ ცენტრებად. თუ ამ უღრთიერთობებს ვიგულისხმებთ, ამ თვალსაზრითით შეიძლება ითქვას, რომ იდილიური იყო შევარდნაძის მთავრობის და ეკლესიის ურთიერთობები. მაგრამ უნდა დაუკვირდეთ ერთ რამეს, შევარდნაძე პატრიარქს მოიხსენიებდა კოლეგათ და ის უყურებდა ზემოდან ფაქტობრივად პატრიარქსაც და ეკლესიასაც, ის იოლად ახერხებდა პროცესების მართვას ეკლესიის შიგნით. იყო შემთხვევები როდესაც ხელისუფლების მოთხოვნით ესა თუ ის ეპისკოპოსი ეკურთხებინათ და ასე შემდეგ. რაღაცეებს ახერხებდა თუმცა...
ნ.კ- ამავე დროს, რამდენადაც მე ვიცი, საპატრიარქოც არ იყო უკმაყოფილო?
ბ.მ. - სწორედ ამას ვამბობ, რომ საპატრიარქო თანახმა იყო ამ ურთიერთობებზე. ის ერთი მხრივ დაცული იყო ამ სექტანტური თარეშისგან, ისე რომ თვითონ არ იყო პირდაპირ ამასთან კავშირში, ამას ბასილ მკლავიშვილი აკეთებდა და ესეც ხელისუფლებისგან უზრუნველყოფილი იყო. ამას არც შევარდნაძე არ მალავს, ბოლო მისი ინტერვიუები ამაზე მეტყველებს და რამდენიმე უშიშროების თანამშრომელიც კი აცხადებდა, რომ ისინი ხელს უწყობდნენ სექტანტების უფლებების შეზღუდვას საქართველოში. მეორე მხრივ საპატრიარქომ მიიღო სრული აღიარება ქვეყანაში, სწორედ ამ კონსტიტუნციური შეთანხმების მეშვეობით, როდესაც მან მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა. იქ ჩაიდო მუხლები იმის თაობაზე, რომ მისი დაკარგული ქონების კონპენსირება უნდა მომხდარიყო, იქნებოდა ეს ფინანსური თუ მატერიალური კომპენსაცია. ჩაიდო მუხლები იმის თაობაზე, რომ ყველა საეკლესიო დიდი დღესასწაული უნდა გამოცხადებულიყო ოფიციალურ, სამოქალაქო დღესასწაულებათ და უნდა ეთანამშრომლათ სკოლებთან, მთლიანად საგანმანათებლო სისტემასთან, ჯართან და ასე შემდეგ. ანუ საპატრიარქომ შევარდნაძის პერიოდში მოიპოვა ყველაფერი რაც სურდა. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ რამდენადაც მნიშვნელოვანი იყო პატრიარქის პოზიცია პირველი ხელისუფლების დამხობაში, ასევე ძალიან გადამწყვეტი აღმოჩნდა ვარდების რევოლუციის დროს. ძნელია იმის თქმა თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები თუ პატრიარქი მივიდოდა პარლამენტის სხდომის გახსნაზე?!
ნ.კ.- მაშინ საინტერესოა, საიდან და რატომ გაჩნდა საზოგადოებრივი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ხელისფუელბა ებრძვის მრთლმადიდებლურ ეკლესიას და საპატრიარქოს?
ბ.მ .- ამ სტერეოტიპის წარმოშობის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა ამბიცია ყოფილიყო ქვეყნის აბსოლუტური მმართველი. ეს იყო ერთი მხრივ პოზიტიური მიდგომა საკითხისადმი, არ გაეზიარებინა ძალაუფლება კრიმინალურ სამყაროსთან და ასევე არ გაეზიარებინა ხელისუფლება ეკლესიასთან. პირობა იმისა რომ სახელმწიფო შედგეს ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, არის ის რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს გადანაწილებული, ხშირად ერთმანეთის საპირისპირო ინსტიტუციებზე. არ უნდა იყოს გადანაწილებული სახელმწიფოს რაღაც ფუნქციები ქურდულ სამყაროზე, არ უნდა იყოს ბუნებრივია ასევე მაფიოზურ კლანებზე და ასევე ეკლესიაზე. სწორედ ამ ტენდენციამ, ხელისუფლების მხრიდან დისტანცირების სურვილმა გააჩინა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ეს ხელისუფლება არის დაპირისპირებული ეკლესიასთან.
ნ.კ.- მაგრამ როგორ არის სინამდვილეში?
ბ.მ - სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, მოუწიათ ძალიან სერიოზულ დათმობებზე წასვლა. თითქოს იმის სურვილიც გაჩნდა რომ სახელმწიფოს თავისი მიზნების ინსტრუმენტად გაეხადა საპატრიარქო.
ნ.კ.- იქნებ სხვა გამოსავალი არ იყო?
ბ.მ.- არ ვიცი ეს გამოსავალი იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, მაგრამ ეს ასე მოხდა და ამან კიდევ უფრო მეტად გააძლიერა ეკლესიის როლი. შეიძლება ითქვას, რომ არნახულად გააძლიერა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ამ ტიპის ძალაუფლებას, ეკლესია შევარდნაძის პერიოდშიც კი არ ფლობდა და არც არასოდეს, როგორც ეს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაშია.
პირველი სერიოზული დაპირისპირება ხელისუფლებასთან მოხდა მაშინ, როდესაც 24 სემინარისტმა გამოვაქვეყნეთ წერილი იმის შესახებ თუ რა ხდებოდა ქვეყანაში. მაშინ, რატომღაც მთელმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და ასევე ეკლესიამაც აღიქვა ისე, თითქოს ჩვენ ვიმართებოდით ხელისუფლების მხრიდან. ამას მოჰყვა ის, რომ პრეზიდენტმაც პრემიერმინისტრმაც და პარლამენტის თავჯდომარემაც (ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი) სამჯერ გააკეთეს განხადება იმ ძალების წინააღმდეგ (ჩვენ ვიგულისხმებოდით) რომლებიც თითქოს ეკლესიის შიგნით განხეთქილებას პროვოცირებდნენ. როგორც თავის დროზე კობა დავითაშვილმა თქვა: ეკლესიას უპირებენ მარტივ მამრავლებად დაშლას და თითქოს ეს პროცესი იყო დაკავშირებული ხელისუფლებასთან. მე მახსოვს გამოსვლა კათოლიკოს პატრიარქისა “იმედის” ტელევიზიით, გიორგი თარგამაძეს მისცა მაშინ ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ ხელისუფლება ეწევა ორმაგ თამაშს, ერთი ხელით გვეუბნება რომ მეგობარია ჩვენი, მაგრამ მეორე ხელით გვებრძვის. ამ მეორე ხელში გულისხმობდა სტუდენტების მოძრაობას, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება მხარს უჭერდა, რაც ბუნებრივი იყო, რადგანაც ვიდევნებოდით და იდევნებოდნენ ეს სტუდენტებიც და ფიზიკური საფრთხე გვემუქრებოდა რამდენიმეჯერ. ამიტომაც ცხადია დაგვიჭერდა სამოქალოქო სექტორი მხარს, რომელიც არც თუ ისე სუსტი იყო მაშინ. და აი ამის გამო, ეს ყველაფერი რაღაცნაირად მიეწერა ხელისუფლებას. ამ გამოსვლების შემდეგ შეწყდა ფაქტობრივად ეს თემა მედიაში და ტაბუ დადებული გახდა დიდი ხნის განმავლობაში და დღემდე ბეჭდურ და ტელე მედიაში პრინციპში ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესები არ განიხილება. თუმცაღა ეს არის მართლაც საქართველოში ყველაზე დიდი ინსტიტუცია, ბიუჯეტირებული, სახელმწიფოსგან დაფინანსებული.
ნ.კ.- თანხა რომლითაც სახელმწიფო აფინანსებს ეკლესიას 25 მილიონია. არის თუ არა ეს ყოველწლიური დაფინანსება?
ბ.მ- ეს თანხა ყოველ წელს ორმაგდება, რადგან რამდენიმე წლის წინ ეს თანხა შეადგენდა 2 მილიონს, შემდეგ 4მილიონს და ა.შ. შევარდნაძის პერიოდში კი ბიუჯეტი ძალიან მცირე იყო, მაშინ ეკლესია ყოველ წელს 800 თუ 900 ათასით ფინანსდებოდა. შესაბამისად ინტერესი უნდა არსებობდეს საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით თუU რაში მიდის მისი ფული, რას ახარჯავს ვთქვათ ეკლესია მის ფულს.
ნ.კ.- და რამდენად არის საზოგადოებისთვის ცნობილი რაში იხარჯება ეს ფული?
ბ.მ.- ეს თემა სრულიად დახურული და გაუმჭირვალეა, კონტროლის პალატა აცხადებს რომ ჩვენ ამ საკითხს არ ვეხებით და ვერავინ ვერ გიპასუხებთ პრინციპში დღეს სად მიდის ეს ფული
გავაგრძელებ დაწყებულ თემას. საიდან გაჩნდა ხელისფულების ეკლესიასთან დაპირისპირების შესახებ მოსაზრება. 2006 წელს, როდესაც სპეცრაზმი შევიდა ერთ-ერთ მონასტერში, სადაც ის ეძებდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადმაიანის კვალს. ამის გამო ადგილობრივმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ებრძვის ეკლესიას. ამ შემთხვევის შედეგად უშუალოდ შსს-ს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მოუხდა ჩასვლა ამ ეპისკოპოსთან და ბოდიშების მოხდა. ასევე ამის შედეგად დაისაჯა იმ სპეცრაზმის ხელმძღვანელი. ბუნებრივია შესაძლებელი იყო, ეს ოპერაცია უფრო მსუბუქი ფორმეBით განხორციელებულიყო, რადგან მაშინ, იქ მიწაზე დააწვინეს სასულიერო პირები შეიარაღებულებმა და იარაღით ჩხრეკდნენ მათ. თუმცა ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური ოპერაცია, რადგან საქართველოში არ უნდა არსებობდეს ისეთი ადგილი, სადაც პოლიციას არ ექნება შესვლის უფლება, თუკი ის ეძებს ეჭვმიტანილს. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. მეორე შემთხვევა რომელიც ასევე კარგად იყო გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, დაკავშირებული იყო ფერიის მთაზე მიმდინარე ეკლესიის მშენებლობასთან. ჩვენ გამოვიძიეთ ეს საკითხი და არანაირი კანონიერი საფუძველი ამ მშენებლობას არ ჰქონია. ეს იყო უკანონოდ წამოწყებული მშენებლობა და როდესაც მე შევხვდი ბათუმის მიტროპოლიტს, მან თქვა: ეს არის საქართველო, ეკლესია იქ ააშენებს ტაძრებს, სადაც მას მოესურვება და ვერავინ მას ვერ შეუშლის ამაში ხელს. ჩემი აზრით ეს შემთხვევა ეკლესიის მხრიდანაც იყო გამოყენებული საკუთარი ძალის, სიძლიერის დასამტკიცებლად. ეჩვენებინა ძალა საკუთარი ხელისუფლებისთვის, რომელიც არ ცდილობს ბოლომდე დაყვეს საპატრიარქოს ნებას. ზუსტად ეს სიტყვები მითხრა მაშინ მიტროპოლიტმა, რომ თუკი ხელისუფლება არ აღმიდგენს უშუალოდ ამ ეკლესიის მშენებლობას, მაშინ მე ჯონდის ავაშენებინებ ეკლესიას ანუ ოპოზიციას მივმართავო. პრინციპში აქ ჩანდა მისი დამოკიდებულება საკითხისადმი. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ბათუმში 14 ეკლესია შენდებოდა, ეს იყო ძალიან პრინციპული შემთხვევა. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებამ დაიხია უკან და ერთადერთი ადამიანი, საჯარო პირი, ვინც თქვა რომ ეს უკანონო მშენებლობაა, ეს იყო სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. ხელისუფლებამ კი, ნაცვლად იმისა, ეთქვა: ეს ოპერაცია უშნოდ იყო განხორციელებული, მაგრამ იღებდნენ პასუხისმგებლობას ამ დემონტაჟის გამო, მათ თქვეს რომ ღამე დაინგრა და არ იციან ვინ დაანგრია ის. ეს რა თქმა უნდა არ იყო სწორი, ეს იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება რომ აღარ გაგრძელებულიყო მშენებლობა.
ამის შემდეგ საპატრიარქომ იგრძნო თითქოს თავისი ძალა და სწორედ იმდროს როდესაც პოლიტიკურმა ოპოზიციამ განაცხადა მოთხოვნა საპარლამენტო რესპუბლიკის დამკვიდრების თაობაზე, აი ამ დროს გახდა ცნობილი პატრიარქის პოზიცია საქრთველოში საკონსტიტუციო მონარქიის დამკვიდრების შესახებ. ეს იყო მისი სურვილი და საპატრიარქო აქტიურად დგამდა ნაბიჯებს ამ მიმართულებით. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ სამეფო დინასტიის წევრები იპოვნეს, დააოჯახეს და ა.შ. ერთი სიტყვით, საპატრიარქოს დიდი სურვილია, რომ სწორედ ის იყოს სამოქალაქო ხელისუფლების უშუალო წიაღი. ანუ სამოქალაქო ხელისუფლება იღებდეს ლეგიტიმაციას სწორედ მისგან. ლეგიტიმაცია არის ერთი ფენომენი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმის გასაგებათ, თუ რატომ არ ემხრობა დემოკრატიას ქართული ეკლესია საქრთველოში.
ეკლესია თავის ფუნდამენტალისტურ დამოკიდებულებაში დემოკრატიისადმი, აცხადებს ესეთ რამეს, რომ ლეგიტიმატორი ხელისუფლების უნდა იყოს უზენაესი ღმერთი, ღვთის ლეგიტიმაცია ეძლევა მხოლოდ მეფეს, იმიტომ რომ მისი პირდაპირი კურთხევა და მას არ უნდა ირჩევდეს ხალხი. ხელისუფლება არ უნდა იყოს იყოს ხალხის მიერ არჩეული, ეს უნდა იყოს ღვთის მიერ დადგენილი, რადგან ამაში ერევა განგება. ამიტომ ეს წინააღმდეგობა დემოკრატიასთან ბუნებრივად მოდის. თუმცა ეს არის უბრალოდ ფონი, საიმისოდ რომ საპატრიარქომ ითამაშოს პოლიტიკურ მოედანზეც და თავისი მოთხოვნები წამოაყენოს.
პოლიტიკური დაძაბულობებისას საპატრიარქო ასრულებს მედიატორის როლს. ორივე მხარე ამბობს რომ ჩვენ ვართ პატრიარქის სულიერი შვილები და უნდა მოვუსმინოთ მას. თუმცა, როდესაც პოლიტიკურ ნაბიჯებზე მიდგება ხოლმე საქმე, იქნება ეს 26 მაისი თუ სხვა, საბოლოო ჯამში არც ერთი უსმენს და არც მეორე. მე იმის თქმა მინდა რომ სააკაშვილის პერიოდში, რაც არ იყო შევარდნაძის დროს, ეკლესია იქცა ძალიან ფრთხილ, მაგრამ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ.
ნ.კ. სწორედ ამ საკითხზე გავაგრძელოთ საუბარი. საქართველო და რუსეთის ურთიერთობაშიც პატრიარქი და მართლმადიდებლური ეკლესია დამოუკიდებელ მოთამაშედ გვევლინება. ისინი უკვე თავის კავშირებს ამყარებენ რუსეთთან, ჩვენ ვიცით რომ პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტსაც კი შეხვდა და მასთან რაღაც პატარა მოლაპარაკებაც აწარმოა. აგრეთვე აშკარაა რუსული ეკლესიი გავლენა ქართულ ეკლესიაზე.
ბ.მ.- იმ ფონზე როდესაც პრეზიდენტი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა აკეთებს ფაქტის კოსტანციას, იმასთან დაკავშირებით რომ რუსეთი არის ოკუპანტი, (ფაქტია რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზეა, აფხაზეთსა და ოსეთში) რუსეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური გვამი, რუსეთის პრეზინდენტთან შეხვედრის შემდეგ პატრიარქი აძლევს ინტერვიუს მედიას და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არის კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ. ცხადია რომ მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან. არის მეორე საკითხი, როდესაც ერთგვარი ლეგიტიმაცია ეძლევა რუსულ-ქართულ საეკლესიო ურთიერტთობებს თუ რუსულ-ქართულ ე.წ. საექსპერტო ურთიერთობებს. რუსეთის ეკლესია არ აღიარებს ოსეთისა და აფხაზეთის ეკლესიების დამოუკიდებლობას და არც მათ ინკონპორირებას არ ცდილობს ანუ მიერთებას, აი ამ ფონზე ეძლევა შესაძლებლობა ეკლესიას იურთიერთოს და აქტიური ურთიერთობა წარმართოს რუსეთის ხელისუფლებასთანაც, რუსულ ისტაბლიშმენტთანაც და ასევე რუსეთის ეკლესიასთან. ეხლა რაშია აქ საქმე და რატომ ახერხებს ეკლესია საერთო ენის იოლად პოვნას რუსეთთან? ამას ძალიან დიდი ტრადიცია აქვს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა სტალინის პერიოდში. 1943 წელს, როდესაც ომის დროს სტალინს ძალიან გაუჭირდა და სჭირდებოდა დასავლეთის მხარდაჭერა, ერთის მხრივ დასავლელი პარტნიორების გულისმოსაგებად მან შესაძლებლობა მისცა რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა კავშირში მეტი თავისუფლებით ემოქმედათ და მეორეს მხრივ მას სჭირდებოდა პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის გაძლიერება საბჭოეთში. ამისთვის მან სწორედ ამ საქმეში დასახმარებლად ეკლესიას მოუხმო. მან ერთიმხრივ აღადგინა პატრიარქის ტიტული რუსეთში და ასევე ის შეხვდა პატრიარქ სერგის და მოსთხოვა მას ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ვინაიდან მანამდე რუსეთის ეკლესიას შეჩვენებული ყავდა საქართველოს ეკლესია. თუკი მანამდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ორიენტირებული იყო მკვეთრად და მკაფიოდ დასავლეთზე, თუკი ის ეძებდა პარტნიორებს და მეგობრებს კათოლიკურ, პროტესტანტულ სამყაროში, დასავლურ მართლმადიდებლურ სამყაროში... მსგავსი ურთიერთობები ფაქტიურად დასავლეთთან ამ პერიოდში წყდება და რუსულ ქართული ეკლესიები ძმობილდებიან. ამ პერიოდიდან იწყება ტრადიცია, რომ ვთქვათ რუსეთის პატრიარქი ესწრება საქართველოს პატრიარქის ინტრონიზაციას და პირიქით, საქართველოს პატრიარქი აქტიურად არის ჩართული რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციაში. მეორე მხარე ის არის, რომ ამ აღიარებების შემდეგ კაგებე ძალიან აქტიურად ერთვება ეკლესიის საქმიანობაში. ფაქტობრივად კაგებე ხდება ეკლესიების მაკონტროლებელი ორგანო და საბჭოეთში ნაკურთხი სასულიერო პირების უმრავლესობა იძულებული ხდება ითანამშრომლოს კაგებესთან, რადგანაც ეკლესიაში მოსვლის სხვა გზა არ არსებობს. ეკლესიამ საბჭოთა პერიოდში ლოიალობის და კოლაბორაციონიზმის გზა აირჩია მის მტერთან. მტერთან, რადგან ეს იყო კომუნისტური, სრულიად ათეისტური ტოტალიტარული სახელმწიფო. ამ დროს ეძლევათ მათ შანსი რომ წავიდნენ უცხოეთში, 60-იან წლებში კათოლიკოს პატრიარქი გადის უკვე საფრანგეთში, ამერიკაში განხორციელებული პირველი რელიგიური ვიზიტები დროს, ის უკვე მღდვლობაში არის მისი ერთი წევრი და ეს არის ერთი ახსნა იმისა თუ რატომ ახერხებს დღეს რუსული ქართული ეკლესიები ურთიერთობის შენარჩუნებას.
ნ.კ.- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ურთიერთობის ეს მოდელი დღესაც Gგრძელდება?
ბ.მ.- მე ამის დოკუმენტურად დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ დიდი ალბათობით ეს არის კაგებეს ურთიერთობის, სტალინისტური ტრადიციის გაგრძელება ეკლესიაში. მეორე მხრივ, თუ ძალიან მარტივად ვიტყვით, რუსეთი არ ეუბნება საქართველოს ეკლესიას, რომ აქ უნდა იყოს რელიგიის თავისუფლება, უნდა იყოს ლიბერალიზმი... ის ეუბნება, რომ შენ ხარ ჩემი ერთადერთი პარტნიორი საქართველოში, შენ უნდა იყო დომინანტი საქართველოში, შენ უნდა იყო ძლიერი... ფაქტია რომ მთელი სპექტრი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებისა, აფინანსებენ საქართველოს ეკლესიას. დასავლეთი კი ეუბნება სხვა რამეს, რომ ეკლესია კი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველას უფლება უნდა იყოს დაცული, ყველა რელიგიური გაერთიანების. ბუნებრივია აქ შეუთავსებლობაა ამ ორ მიდგომას შორის. ანუ ცხადია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გაცილებით უფრო იოლია ისტორიული, პოლიტიკური თუ კულტუროლოგიური წინაპირობებიდან გამომდინარე, საერთო ენა იპოვოს რუსულ ეკლესიასთან, ვიდრე დასავლეთთან.
აქ კიდევ ერთი პრობლემაა, საქართველოს ეკლესიას ფაქტობრივად არასოდეს უცდია საერთო ენის გამონახვა აფხაზებთან და ოსებთან, არასდროს უცდია მათთან დიალოგზე წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირდაპირი მისიაა. ჩემი აზრით, შესაძლებელია სხვა სურათი გვქონოდა უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში, თუ ეკლესია აქტიურად იქნებოდა ჩართული. ამის საპირისპიროდ 1990 წელს, მაშინ, როდესაც აქ ანტი აფხაზური პროპაგანდა მიმდინარეობს და მათ უწოდებენ ჩამოთესლებულებს (სწორედ ეს სიტყვებია ნახმარი მაშინდელი პრეზიდენტის მიერ), მაშინ როდესაც ავიწროვებენ ოსებს მთელ საქართველოში - პატრიარქი ამბობს რომ ყველა ქართველი ადამიანის მკვლელი საქართველოს მტერია. ამას ძალიან მტკივნეულად იღებენ აფხაზები და ოსები. შედეგად პატრიარქს ძალიან ცივი და აგრესიული დახვედრა ქონდა აფხაზეთში. ანუ პატრიარქი ამბობდა ფაქტობრივად იმას, რომ ის არის ქართველების პატრიარქი, მამა და დამცველი. ანუ მისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ნაციონალისტური იყო, მან მისცა კურთხევა ჯარს, რომელიც იბრძოდა აფხაზეთსა და ოსეთში - ეს იყო მიუღებელი ასევე მართლმადიდებელი აფხაზებისა და ოსებისათვის. ამ ფონზე ძალიან უცნაურია ასეთი თავგამოდება საპატრიარქოსი რუსეთთან ურთიერთობისა. ერთი არის ის, რომ არანაირი შედეგი ამ ქართულ-რუსული ეკელსიების ურთიერთობებს არ მოყვება, ვინაიდან აფხაზეთის და ოსეთის რელიგიური თემები კონტროლდება, არაფორმალურად, პატრიარქი კირილესა და ფეესბეს მიერ, იქ არავინ არ შეუშვებს საქართველოს საპატრიარქოს. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას ხაფანგი ქართველებისთვის, საიმისოდ რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს რუსულ და ქართულ მხარეებს შორის. ამ ურთიერთოებების ქოლგის ქვეშ მე ვხედავ, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ინტერესს, რომ რაც შეიძლება მეტად მოახდინოს დაახლოება საქართველოში ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტურ ინსტიტუციაზე, ანუ თავისთავად ეკლესიაზე. ეს რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე და საზოგადოების განწყობაზე. თუმცა ასე ერთმნიშვნელოვნად ძნელია იმის თქმა რომ საზოგადოებაზე მოახდენს ეს გავლენას, ვინაიდან ესეთი გავლენა არ ყოფილა და ის გამოკითხვაც, რომელიც ამბობს რომ ევროპასთან ინტეგრაცია და ნატოში შესვლა არის პრიორიტეტებიMმთელი ქართული მოსახლეოებისთვის, განსხვავებულს მოწმობს.
ნ.კ.- მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო ხომ არ არის ცოტა? ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიის პოლიტიკა ამ შემთხვევაში არის იმ მოსაზრების გავრცელება, რომ ჩვენი უპირველესი მეზობელი და მეგობარი მართლმადიდებელი რუსეთია. ამასთანავე ჩვენ ვიცით, რომ ქართულ საზოგადოებაში ყველაზე დიდი ნდობით ეკლესია სარგებლობს. ასევე გამოკითხვები ამბობს რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. ამიტომ ცოტა ურთიერთსაწინააღმდეგო და უცნაურიც არის ის შედეგები, რომელიც აი ამ გამოკითხვების მიხედვით გვაქვს. ანუ ეკლესია ამბობს, მივმართოთ ვექტორი რუსეთისკენ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას უცხადებს ნდობას და ამასობაში, იგივე მოსახლეობის, იგივე პროცენტი ამბობს, რომ სურს დასავლეთთან ინტეგრირება.
ბ.მ.-ეს არ არის ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ეს არის 2-3 წლის წინანდელი, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. საინტერესოა დღეს რა სურათი გვაქვს ამ თვალსაზრითით. დღეს, რეალურად ნაკლებად ლაპარაკობენ ნატოზე და ასე შემდეგ. წინა პლანზე არის წამოწეული პატრიარქის განსაკუთრებული როლი რუსეთთან მიმართებაში. ასეთი აქტიური არასოდეს არ ყოფილა საპატრიარქო ამ სივრცეში. ამას ამართლებს იმით, რომ ის იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამით ცდილობს საპატრიარქო ამ ურთიერთობების გამართლებას. რუსეთისთვის აფხაზეთის და ოსეთის ეკლესიების აღიარებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მას გაცილებით უფრო სჭირდება საქართველოს საპატრიარქო, ეს უფრო დიდი ძღვენია მისთვის და ცხადია ამიმსთვის წამგებიან ნაბიჯს ის არ გადადგამს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც როგორც რეზო ჩხეიძე ამბობს, პატრიარქი თავის მრევლს ასწავლის, რომ მზის ამოსვლამდე მეზობლისკენ უნდა გავიხედოთ. აქედან გამომდინარე მე არ ველი იმას, რომ ვთქვათ რუსეთის ეკლესია აღიარებს აფხაზეთსა და ოსეთს. და თუკი ეს აღიარება მოხდება საპატრიარქო გახდება იძულებული, რომ ერთის მხრივ ძალიან მკაფიო და მკვეთრი პროტესტი გამოხატოს რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ და მეორე მხრივ, დაიწყოს უკრაინაში ავტოკეფალური უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერის მოძრაობა, რასაც მართლმადიდებლური ეკლესიების დიდი ნაწილი აყვება. რუსეთისთვის ეს საფრთხეც არსებობს.
ვერ ვიტყვი, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია ვოსეთის და აფხაზეთის ეკლესიებისაღიარება. თუმცა რაც შეეხება ურთიერთობების ხასიათს, შეიძლება ამ ორი მიმართულებით წასვლა. ერთი არის ძველი საბჭოური ურთიერთობების და რუსი და ქართველი ხალხის იდილიური ძმობის საბჭოური ტრადიციების გაგრძელება, ანუ საბჭოური კლიშეები მოქმედებს დღემდე, მითუმეტეს, რომ ვთქვათ რუსეთის Dდღევანდელი პატრიარქი და საქართველოს პატრიარქიც არიან ადამიანები რომლებმაც საბჭოთა კავშირში მოახდინეს თავიანთი რელიგიური კარიერის მოწყობა და არც თუ ურიგოდ - ეს ერთი მხარეა, ალბათ, პიროვნული და ისტორიული მხარე. მეორე მხარე კი ის არის, რომ რელიგიური ნაციონალიზმი, ფუნდამენტალიზმი საქართველოშიც და რუსეთშიც მთავარ მტრად განიხილავს დასავლეთს. დასავლეთი არი მისთვის ევროსაბჭო, “გაერო”, “ნატო” და ეს არის სტრუქტურები, რომლებსაც, თითქოს და, უნიფიკაცია სურთ, გლობალიზაცია სამყაროსი და გლობალიზაცია კი არის გზა ანტი ქრისტესკენ, რომელიც დასავლეთიდან უნდა მოვიდეს. ეკლესიის ფუნდამენტალისტური წრეების სწავლების მიხედვით. ეს არის ერესების სამშობლო, დიდი აპოსტასიის სამშობლო და შესაბამისად უნდა ავღმართოთ დიდი კედელი. ხოლო რუსეთიც და საქართველოც არის წმინდა, საკრალური მიწები ამ რელიგიური ფუნდამენტალისტების მოსაზრებით. შესაბამისად ისინი გაცილებით უფრო იოლად პოულობენ საერთოს ერთმანეთთან და ასევე ისლამურ სამყაროსთან, რომელიც ასეთივე აქტიურობით იბრძვის დასავლური ინტერესების წინააღმდეგ. აი, მაგალითად, გუშინწინ იყო, თუ არ ვცდები, რუსეთის პატრიარქის შეხვედრა არაბული ქვეყნების ელჩებთან, სადაც პატრიარქი ამბობდა, რომ ჩვენ ერთი ღირებულებები გვაქვს და ერთნაირად შეგვიძლია რწმენისთვის თავდადება. ისლამურ სამყაროში კი რწმენისთვის თავდადება მას შეუძლია, ვინც ააფეთქებს ტყუპებს.
ნ.კ.- ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ საინტერესო საუბარიც. ნახვამდის, მომავალ ხუთშაბათამდე.

3 comments:

Anonymous said...

zveli gadacemis audio failis dadeba ar moxerxbeda?

ninia said...

კი, დავდებ აუცილებლად.

Anonymous said...

Zalian kargi :) davelodebi, michirs netshi kitxva :))))