Wednesday, July 29, 2009

მიეცით საზოგადოებას შანსი



ჟურნალი "ლიბერალი" N6/ 29 ივლისი - 11 აგვისტო/ 2009

საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის პროცესი მომავლისთვის არ უნდა გადაიდოს.

ნინია კაკაბაძე


მიხეილ სააკაშვილმა 20 ივლისს საქართველოს პარლამენტში მედიას-თან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა: «შეიცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წესი. კერძოდ, ცხრაწევრიან საბჭოში ოთხი დანიშნოს ხელისუფლებამ, ოთხი - ოპოზიციამ, ხოლო ერთი «გადამწყვეტი ხმა» სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ წევრს მიენიჭოს. თანდათან კი უნდა წავიდეთ ამ ორგანიზაციის დეპოლიტიზაციისკენ, ჩავრთოთ სამოქალაქო სექტორი გადამწყვეტი ხმით და გავაფართოვოთ ამ საბჭოს ფუნქციები. ეს ცვლილებები ჩვენ უნდა მივიღოთ უახლოეს 90 დღეში».

მესმის სკეპტიკოსების საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვები არაფერია, ცარიელი სიტყვების გარდა. საზოგადოებრივი ტელევიზიის დეპოლიტიზაციის ნება იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუკი ჩვენ, საზოგადოება, რომელიც ამ ტელეარხის მფლობელია, ამას მოითხოვს. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები ჩვენთვის უნდა გახდეს ბრძოლის სტიმული; ვიმსჯელოთ და ვილაპარაკოთ, როგორ უნდა იქცეს «პირველი არხი» საზოგადოებრივ არხად. ყოველთვის, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემა, ვცადოთ და გამოვიყენოთ შანსი შედეგისთვის და არ მხოლოდ ბრძოლისთვის, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

საზოგადოებრივი არხის მართვის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სქემა ასეთია: სამეთვალყურეო საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტება, დაცული პარიტეტი ოთხი-ოთხზე და ერთი საზოგადოების ნდობით აღჭურვილი წევრი. მხოლოდ ამას მოჰყვება «ფიქრი» არხის დეპოლიტიზაციაზე.

საუბარი პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკომპლექტებაზე ნიშნავს, რომ მაუწყებლის საბჭოში ხელისუფლებისა და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ინტერესების დამცველი წევრები უნდა შევიდნენ. რატომ? რა კავშირი აქვს საზოგადოების კუთვნილ ტელევიზიას პარტიებთან?!
დღევანდელ სატალევიზიო მედიაში მეტ-ნაკლებად გაჩნდა ძალთა, ანუ ინტერესთა ბალანსირების საშუალება. 2 სახელისუფლებო არხი («რუსთავი 2», «იმედი») და 2 ოპოზიციური არხი («კავკასია» «მაესტრო») ერთმანეთის წინააღმდეგ და საკუთარი ფავორიტების დასაცავად. კიდევ უფრო ეფექტური იქნებოდა მათი ტექნიკური და სამაუწყებლო შესაძლებლობების გათანაბრებაც. ამაში საგანგაშო არაფერია. მაგრამ რატომ ვუკარგავთ შანსს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არა პარტიული ინტერესები, არამედ ერთადერთი რამ ამოძრავებს - საზოგადოებრივმა ტელევიზიამ შეასრულოს ობიექტურად ინფორმირების, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, განათლების და შემეცნების ფუნქცია? რა საჭიროა სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადად პარტიული ნიშნით დაკომპლექტება და მისი დეპოლიტიზირების პროცესის მომავლისთვის გადადება, თუკი ახლავე შეგვიძლია ამის გაკეთება? თუკი საბჭოს წევრები პოლიტიკოსთა ინტერესების ლობირებას დაიწყებენ, ვინ დაიცავს საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესს, რომელსაც საზოგადოებრივი ტელევიზიისგან არ სურს პოლიტიკური ბრძოლის იარაღის შექმნა? სხვა, კერძო ნაციონალური მაუწყებლებისგან განსხვავებით, ამ ტელევიზიას ყოველთვის ერთი რამ ახასიათებს - ხელისუფლების ცვლასთან ერთად ის ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდის დაქვემდებარებაში გადადის.

საინფორმაციო პოლიტიკას იცვლიან «რუსთავი 2», «იმედი»... საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ყოველთვის «პირველ (სახელისუფლებო) არხად» რჩება. ნუგზარ ფოფხაძისა და ზაზა შენგელიას გავლენა ისევ იგრძნობა ამ არხის დერეფნებსა თუ ეთერში. მიუხედავად უამრავი ხარვეზისა, თამარ კინწურაშვილის დროინდელი ტელევიზია საზოგადოებრივ ტელევიზიად ჩამოყალიბების არა, მაგრამ ამ გავლენებთან ბრძოლის მცდელობა ნამდვილად იყო.

რა მივიღეთ 2 წლის წინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო პარტიული ნიშნით დაკომპლექტდა და, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების საფუძველზე, ლევან ყუბანეიშვილს და გია ჭანტურიას ჩააბარეს არხის რეორგანიზაცია, რეპრეზენტაცია? არხის დღევანდელი სოცრეალისტური ვარდისფერი ეკრანით არც ხელისუფლებაა კმაყოფილი და არც ოპოზიცია. მთავარია, რომ უკამაყოფილოა საზოგადოება. სწორედ ამიტომ არ უნდა გადავდოთ საზოგადოებრივი არხის დეპოლიტიზაციის პროცესი.

ხელისუფლება აჩქარებს დირექტორის არჩევას, რაც დღევანდელ მოცემულობაში დანიშვნის ტოლფასი იქნება. ლოგიკური იქნებოდა, ავირჩიოთ ახალი საბჭო, რომელსაც საზოგადოება წარმოადგენს. საბჭო, სადაც ყველა სამოქალაქო სეგმენტის ინტერესი იქნება გათვალისწინებული. დავაკომპლექტოთ საბჭო არა «ორპარტიული» პარიტეტის მიხედვით, არამედ პლურალისტური პრინციპით. გასაგებია, რომ პრეზიდენტის წინადადება და პრინციპი, რომელიც არსებულ და მომავალ საბჭოს უდევს საფუძვლად, პოლიტიკური უმრავლესობის ინტერესებს ითვალისწინებს (ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მომხრეები), მაგრამ დემოკრატიის პრინციპი არ არის მხოლოდ უმრავლესობის ინტერესების დაცვა. საზოგადოების ყველა სეგმენტი უნდა შეთანხმდეს და თითოეულმა მათგანმა უნდა წარმოადგინოს თავისი კანდიდატი: პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლების გარდა, საბჭოში უნდა შევიდნენ რელიგიური, სექსუალური, ეთნიკური უმცირესობების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

თუკი დემოკრატიის არსიდან გამოვალთ, ადეკვატური იქნება, თითოეული ამ ჯგუფის წარმომადგენელს ერთი ხმა მივცეთ: დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება, რაც გვინდა, რომ ვიყოთ, ღირებულებებზე და არა ამ ღირებულებების მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების რაოდენობებზე დაყრდნობით მუშაობს.

და თუკი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ჯერ დირექტორის არჩევის საკითხი დგას დღის წესრიგში, მაშინ საზოგადოება უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.
გაიმართოს დებატები დირექტორობის კანდიდატებს შორის. საბჭოს წევრებთან მათი გასაუბრება გადაიცეს პირდაპირ ეთერში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ როგორ «ჩააბარა გამოცდა». ამ გასაუბრების პირდაპირ ეთერში გადაცემა პროცესს გამჭვირვალეს გახდის, საზოგადოებას კი ეჭვებს გაუქარწყლებს.
საზოგადოების ჩართულობა პასუხისმგებლობის ამაღლების შანსსაც გააჩენს. საზოგადოებას ეცოდინება, რომ ამა თუ იმ კანდიდატის თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მხარდაჭერით, ის მის მუშაობაზეცაა პასუხისმგებელი.
ჩვენ აღარ ვიქნებით აპათიურები, რადგან ვიცით, რომ ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას პოლიტიკური ძალები იღებენ. პოლიტიკოსებმა - ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც - საზოგადოებას საშუალება უნდა მისცენ, თავად ჩაერთოს არხის მშენებლობაში და ამით იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის პროცესი არ უნდა გადავდოთ და გამოვიყენოთ ეს შანსი დღეს!

Friday, July 3, 2009

მადლობა მოსკოვს - ფიციდან მონანიებამდე




გაზეთი "24 საათი" 3 ივლისი 2009


ნინია კაკაბაძე



ვიდრე სტატიის წერას დავიწყებდე წარმატებას და გამარჯვებას ვულოცავ ქართველ კინემატოგრაფისტებს, ბატონ რეზო ჩხეიძეს და მხატვრული ფილმის “კონფლიქტის ზონა, ყარაბაღი 2”-ის რეჟისორს ვანო ბურდულს და მთელ გადამღებ ჯგუფს.

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს, სხვადასხვა პროგრამაში, არაერთი ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. მათ შორის მთავარ საკონკურსო პროგრამაში დიტო ცინცაძის “მედიატორი” - და განყოფილებაში “პერსპექტივა” -ვანო ბურდულის “კონფლიქტის ზონა - ყარაბაღი 2”. ეს უკანასკნელი „საუკეთესო დებიუტის“ ლაურეატი გახდა. დაჯილდოვების ცერემონიალზე პრიზის ასაღებად სცენაზე ფილმის ერთერთი პროდიუსერი არჩილ გელოვანი და მთავარი როლის შემსრულებელი, შესანიშნავი მსახიობი მიშა მესხი ავიდნენ. არჩილ გელოვანმა მადლობა მოახსენა ფილმის გადამღებ ჯგუფს, მეორე პროდიუსერს, მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალს და საერთაშორისო ჟიურის.

ასევე კინემატოგრაფში შეტანილი ღვაწლისათვის დააჯილდოვეს საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი, რეჟისორი რეზო ჩხეიძე. ბატონ რეზოს ჯილდო ფესტივალის რეპზიდენტმა ნიკიტა მიხალკოვმა და რუსეთის კულტურის მინსიტრმა გადასცეს. რუსული ინტერნეტგევრდის “გაზეტა რუს” კორესპონდენტი წერს: “სცენაზე დიპლომატიური ტრეინინგი შედგა. ჯერ რეზო ჩხეიძემ მოყვა თავისი დიდებული მეზობლის, რუსეთის შესახებ, შემდეგ კი რუსეთის კულტურის მინისტრმა სასწრაფოდ სცადა რეჟისორის დარწმუნება, რომ ამ მეზობელსაც მხოლოდ ნატიფი გრძნობები აქვს და თუკი ჩვენს ურთიერთობებში არსებობენ რაღაც ღრუბლები, ისინი აუცილებლად და მალე გაიფანტებიან”. როგორც ჩანს რუსი კორესპონდენტი თავისებურ ინტერპრეტაციას წერს, რადგან ჩვენ შორის (საქართველო-რუსეთი) არსებულ ღუბლებზე თავად ბატონმა რეზომ ბრძანა, კულტურის მინისტრი კი მხოლოდ დაეთანხმა, რომ ღრუბლებს აუცილებლად გავნდევნით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა, სახელწოდებით “ფიციდან მონანიებამდე”. (მიხეილ ჭიაურელის “ფიცი”, თენგიზ აბულაძის “მონანიება”). არ შეიძლება ეს სათაური სიმბოლურ ხასიათს არ ატარებდეს. ფიცით რუსმა კინემატოგრაფისტებმა როგორც ჩანს გეორგიევსკის ტრაქტატი გაგვახსენა, რაც შეეხება მონანიებას, რამდენად მოვინანიეთ ან კი მოგვეცა თუ არა ამის საშუალება, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.

“ყველაფერი ჩვენ” - ასე ქვია ზემოხსნებულ სტატიას “გაზეტა რუ-ზე, რომელიც ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე დაახლოებით 500 ფილმი იყო წარმოდგენილი, რვა ძირითადი ჯილდოდან ხუთი რუსეთში დარჩა, ერთი ქართველ რეჟისორს ერგო (“კონფლიქტის ზონა” რეჟ. ვანო ბურდული), ერთი უკრაინელს (“მელოდია შარმანკასთვის” რეჟ. კირა მურატოვა) და ერთიც მექსიკელს (“ხუთი დღე ნორას გარეშე” რეჟ. მარიანა ჩენიო). საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტი წელს პაველ ლუნგინი იყო. ქართველ მაყურებელს ახსოვს მისი ფილმი “ოლიგარქი”, რომელიც ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის ტრიუმფალურ ფინანსურ მაქინაციებს აღწერს, ფილმი “კუნძული” და ბოლოს “მეფე”, რომელიც წელს კანის საერთაშორისო კინოფეტივალზე ერთ-ერთ პროგრამაში “განსაკუთრებული ხედვა” მონაწილეობდა. თავად კინოფესტვალის პრეზიდენტი ნიკიტა მიხალკოვია. სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ნიკიტა მიხალკოვის შოვნისტურ განწყობებზე აღარ ვილაპარაკებ, მთავარი ერთია: ამ საფესტივალო სცენაზე დირექტორებიც, პრეზიდენტებიც და ლაურეატებიც თავად რუსები არიან. რუსულ კინემატოგრაფიულ თუ ინტელექტუალურ ელიტაში კი, მიუხედავად გაუგებარი ღრუბლებისა, ჩვენც მათ ნაწილად მოვიაზრებით, ამიტომაც გასაკვირი არ არის სტატიის დასახელება “გაზეტა.რუ”-ზე:- “ყველაფერი ჩვენ”.

ახლა კი მთავარი. ამ სასიხარულო ინფორმაციის გავრცელებისას, ყველას ერთი რამ გაახსენდა: შარშან “იურმალაზე” გრანპრი მოგცეს და ერთ თვეში დაგვბომბეს! ჯილდოების გადმოცემის პრაქტიკაც დიდია და სამხედრო იერიშისაც. ამ ორ ქვეყანას კი მაინც სარწმუნოება და კულტურა აერთიანებს.
პატარა ლირიული გადახვევა: რამდენიმე დღის წინ მოსკოვში საპატრიარქოს წარმომადგენლები და ზურა აბაშიძე გაემგზავრნენ, რუსულ ეკლესიასთან არსებული გაუგებრობების გასარკვევათ. ერთერთი გაუგებრობა კი, რამდენიმე ხნის წინ გალში აღმართული ჯვრების დემონტაჟი იყო. ვიდრე, დელეგაცია ოპტიმისტური განწყობებით და ამბით უკან არ დაბრუნებულა, იქნებ ზოგიერთი ქართველი მიხვდეს, რომ ერთმორწმუნე რუსეთი მხოლოდ მისი ლოცვა კურთხევით აგებულ ტაძრებსა და ჯვრებს იცავს.

მაგრამ, აი რა უნდა მოხდეს კულტურის სფეროში, რომ ქართველი კულტმუშაკები ერთმორწმუნე რუსეთის ცალსახა ბოროტებაში დარწმუნდნენ - ეს ჯერ ისევ უცნობია. ფესტივალზე წასვლა და მონაწილეობის მიღება, ბევრისთვის საკამათო საკითხად იქცა. ვფიქრობ “ევროვიზიაზე” მიიღებდა მონაწილეობას ის უხარისხო სიმღერა (“ჩვენ არ გვინდა შედებაა”) თუ მოსკოვის კინოფესტივალში გაცილებით ხარისხიანი ფილმები ჩაერთვებოდნენ - ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და აქ გადაწყვეტილება თავად მონაწილეებმა უნდა მიიღონ. მითუმეტეს, რომ სხვა პრესტიჟული, საერთაშორისო ფესტივალები არ თანხმდებიან ახალ ქართულ ფილმების მონაწილეობაზე. ვინ გამოგვიწვდის დახმარების ხელს თუ არა რუსეთი?! საქმე იმაშია, რომ ჩვენ არა მხოლოდ მონაწილეობაზე ვთანხმდებით, არამედ მუდმივ რევერანსებს და ქედს ვიხრით რუსეთის წინაშე.
ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, ეს ფესტივალი მართლაც საერთაშორისო რომ იყოს,. მაგრამ ვფიქრობ ზემოთ მოყვანილი ფაქტები ადასტურებს, რომ ის რუსეთის საკუთრებაა. დარწმუნებული ვარ რეზო ჩხეიძის სინანულით აღსავსე სიტყვები, სადაც ის ამბობს ფრაზას “ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს”, (საინტერესოა სხვა შემთხვევაში რომელი სამშობლო იგულისხმება) და ის, რომ მისი თქმით მის ორ სამშობლოს შორის ღრუბლები უნდა გაიფანტოს - არავის გაკვირვებია.

საკვირველია უმცროსი თაობის სამადლობელი სიტყვა - “მადლობა მოსკოვს”, რომელიც მიშა მესხმა თქვა. არავინ უხდის მადლობას კანს, ვენეციას, ბერლინს, საფრანგეთს, იტალიას თუ გერმანიას, მადლობა პირველ რიგში საერთაშორისო ჟიურის ეკუთვნის შეფასებისათვის და შემდეგ სურვილისამებრ დედებს, დეიდებს, ცოლებს, შვილებს, გადამღები ჯუფის წევრებს და ა.შ. მაგრამ ჩვენი შესანიშნავი მსახიობი მიშა მესხი მადლობას მოსკოვს უხდის. ვერსია რამდენიმეა: ახალგარზდა ბიჭია მოსკოვში ჩავიდა, რუსი ქალების გემო ნახა, კარგი რესტორანი, წვეულებები, “კეთილგანწყობილი” კულტმუშაკები... მეორე ვერსიის მიხედვით მესხმა დაინახა, რომ ეს ჯილდო მას მოსკოვმა (როგორც რეზო ჩხეიძე ბრძანებს, დიდებულმა მეზობელმა, რუსეთმა) გადასცა და არა საერთაშორისო ჟიურიმ. მოსკოვს მადლობას უხდის და შემდეგ ქართული ტელევიზიისთვის ასეთ განცხადებას აკეთებს: “მე ვფიქრობ, ჩვენი დაჯილდოვება იყო რუსეთის მონანიება”. ეს განცხადება კიდევ სხვა მრავალ ვერსიებს აჩენს - ეს ახალგაზრდა მსახიობის თავდაცვაა, თავისმოტყუება თუ ჩვენი მოტყუებაის მცდელობა?!
ეს ფაქტი მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევისთვის არ არის საინტერესო, გაცილებით მნიშვნელოვანია აქედან გამოდინარე დასკვნა: რუსეთის მიმართ ლატენტური თუ ცნობიერი ლტოლვები არა მხოლოდ უფროსი თაობის სენია, არამედ ქართული საზოგადოების. ამიტომაც რუსეთი გაცილებით გაბედულად მოაბიჯებს საქართველოსკენ, რადგან იცის, მას აქ ელიან. კულტურა და სარმწუნოება, ქართველი ადამიანის იდენტობის შინაარსია, ეს შინაარსი კი მას მის მეზობელთან აკავშირებს. როგორც ბატონმა რეზო ჩხეიძემ მეტაფორულად აღნიშნა: “სახლიდან გამოსულები ჩვენ ჯერ, ჩვენს მეზობელს ვხედავთ და შემდეგ ამოდის მზე”. (აქამდე, მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, ახლა კი ჯერ ჩრდილოეთია და შემდეგ მზე).

ჩრდილოელი მეზობელიც სწორედ ამ ორ სივრცეში, სარწმუნოებასა და კულტურაში აჩენს ახალ-ახალ ბმულებს. ეს ჯილდოები და ქართული კულტურისადმი ნატიფი გრძნობები იქნება იმის გარანტია, რომ ქართულ საზოგადოებაში უფროსი ძმის ხატი კიდევ დიდხანს არ დაინგრევა. სიტყვას და მოქმედებას უსაზღვრო მნიშვნელობა აქვს. თუკი რუსული ტანკი თბილისში შემოგრიალდება, შესაძლებელია ნაკლებად შეურაწმყოფილად და დამცირებულად ვიგრძნოთ თავი, ვიდრე მაშინ, როდესაც ქედის მოხრა და ხელზე მთხვევას დაგვაძალებენ. რუსეთი ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყანაა, ძალით ის ყოველთვის დაგვჩაგრავს, ღირსებას კი ჩვენი ნებით თუ დავთმობთ.

ნუ ავურევთ ერთმანეთში ხელოვნებას და პოლიტიკას! ეს მოწოდება ხშირად ისმის. სამწუხაროა, რომ ამ მოწოდების გამავრცელებლებმა არ იციან რომ თანამედროვე ხელოვნება პრაქტიკულად აღარ არსებობს თანამედროვე პოლიტიკის გარეშე. გენიალურმა ბრიტანელმა კინორეჟისორსმა, კენ ლოუჩმა რამდენიმე წლის წინ კანის საერთაშორისო ფესტივალზე, მისი ფილმის პრეიერის შემდეგ განაცხადა: დღეს ვერც ერთი ადამიანი ვეღარ ახერხებს იცხოვროს პოლიტიკისგან იზოლირებულად, თანამედროვე პოლიტიკა თითოეულ ჩვენგანს ეხება, ამიტომ მე ვერასდროს გავექცევი მას”. ფილმი, რომელმაც მოსკოვის ფესტივალზე საუკეთსო დებიუტის კონკურსში გაიმარჯვა, ომის თემას ეხება. “კონფლიქტის ზონა” ქართულ-აფხაზური ომის შესახებაა. ეს ფილმი არ აკეთებს მინიშნებას დამნაშავეზე. ფილმის ავტორები ომის აბსურდზე, უაზრობასა და ბოროტებაზე ლაპარაკობენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ასეთი ფილმის დაჯილდოვებისას, რუსეთის ტრიბუნის გამოყენება, (დაჯილდოვების ცერემონიალი მთავარ არხზე მთელ რუსეთში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა) პოლიტიკური განცხადებისთვის ურიგო არ იქნებოდა. ეს შესანიშნავი შანსი იქნებოდა არა კონფრონტაციული განცხადებისთვის, არამედ საქართველოს (გნებავთ ქართული თანამედროვე ხელოვნების თუ კულტურის) ღირსების დასაცავად. მაგრამ სამწუხაროდ, შანსი მონანიებისათვის გამოვიყენეთ.