Monday, May 25, 2009

რეჟისორები კრიტიკული ასაკის ზღვარზე





კინო გადაარჩენს სამყაროს

ნინია კაკაბაძე

სრულიად წარმოუდგენელია ერთ აბზაცში მოათავსო ალმოდოვარის ფილმის ფაბულა და ეს არა მხოლოდ ამ შემთხვევაშია. გადახლართული, არეული სიუჟეტი თუ გმირები ესპანელი რეჟისორის ერთერთი მთავარი ნიშანია, რომელიც მას სხვა დანარჩენებისგან განასხვავებს. ერთ ფილმში რამდენიმე ფილმი, რამდენიმე კინოციტატა და ამ შემთხვევაში მთავარ გმირსაც ორი სახელი აქვს. მატეო ბლანკო კინოსცენარისტი და რეჟისორია, ჰარი გეინი ის სახელია, რომელსაც ფსევდონიმად იყენებს. 14 წლის წინ ის ავტოკატასტროფაში მოჰყვა, სადაც არა მხოლოდ მხედველობა, არამედ საყვარელი ქალიც (პენელოპა კრუზი) დაკარგა. ამ ისტორიას მატეო ბლანკო, მისი მდივანი ქალის ვაჟიშვილს უყვება, რომელიც ფილმის ფინალში აღმოჩნდება, რომ მისი შვილია. “შეწყვეტილი ამბორი” ასე ქვია ფილმს. ავტოკატასროფაც მაშინ ხდება, როდესაც შეყვარებული წყვილი უკანასკნელად კოცნის ერთმანეთს. მთავარი გმირი ჰეტეროსექსუალი მამაკაცია, ავტოკატასტროფამდე ის საყვარელ ქალთან ერთად პასტორალურ გარემოში, ესპანეთის ერთერთ სოფელში მიდის - მთავარი კინოციტატა, რომელიც პირდაპირ არის გადმოტანილი, როსელინის “მოგზაურობა იტალიაშია”.



პედრო ალმოდოვარის “შეწყვეტილი ამბორი” ავტობიოგრაფიასავით არის, რეჟისორს ეშინია სიბერის, დაბრმავების, ეშინია რომ ერთ მშვენიერ დღეს კინოს გადაღებას ვეღარ შეძლებს - ისე, როგორც მისი ფილმის გმირს დაემართა - ეშინია სიყვარულის, მისთვის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლის დაკარგვის. უცნაურია, მაგრამ ეს ნამუშევარი ერთი შეხედვით ალმოდოვარის ტიპიურ ხელწერას გავს და ამავე დროს სრულიად განსხვავებული, ახალი ეტაპის დასაწყისს გვამცნობს. ეს ალმოდოვარის ძველი გამოცდილებით და თვალით გადაღებული, სრულიად ახლებური ფილმია. ლარს ფონ ტრიერის თუ კენ ლოუჩის მსგავსად პედრო ალმოდოვარიც საკუთარ თავზე იღებს ფილმს, სადაც საკუთარი შეგრძნებების, შიშების, ნოსტალგიის შესახებ მოგვითხრობს. ფონ ტრიერი გამოუვალ მდგომარეობაშია, ლოუჩმა გამოსავალი თანადგომაში, სიყვარულში და სოლიდარობაში ნახა, ალმოდოვარი კი ჯერ ისევ ეძებს, აანალიზებს, მსჯელობს... ამიტომაც, ესპანელი რეჟისორის ფილმი “შეწყვეტილი ალერსი” ყველაზე დამაჯერებელი, საინტერესო, ღრმა და ეგზისტენციალურია. ეს უკანასკნელი რეჟისორის გაჩერებასავით არის, (და არა შეწყვეტა), როდესაც რეჟისორი უკან, წინ და დღევანდელ დღეს ათვალიერებს, ამიტომაც ფილმში უხვად არის ციტატები მისივე ფილმებიდან, უხვად არის ახლებური, ახალი ალმოდოვარი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ესპანელმა რეჟისორმა კიდევ ერთი საინტერესო, ჭრელი და ვნებიანი ისტორია მოყვა. თუკი ფილმის სიუჟეტის დეტალურ თხრობას დავიწყებთ, დავინახავთ რომ აქ ბევრია კომედიის ჟანრის ელემენტები, მაგრამ სინამდვილეში ეს არის დრამა და როგორც თვითონ ალმოდოვარი წერს - 50-იანი წლების თრილერის სტილშია შესრულებული.







სრულიად სხვა, მაგრამ ასევე კრიტიკული ასაკის ზღვარზე იმყოფება, ფრანგი ვეტერანი ალენ რენე. კიდევ ერთი ავტობიოგრაფიული ფილმი, კიდევ ერთი მამაკაცის ისტორია ეკრანზე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გადაღებულია ქრისტიან გელის ნოველის “ინციდენტის” მიხედვით, ის მაინც ალენ რენეს ავტოკინოა. “ველური ბალახი” ასე ქვია ფრანგი კლასიკოსის უკანასკნელ ნამუშევარს, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს მისი მეუღლე საბინა აზემა ასრულებს. სწორედ მას, ფილმის დასაწყისში ჩანთას მოპარავენ. ქურდი, საკრედიტო ბარათებითა და პირდობის სხვადასხვა მოწმობებით სავსე საფულეს მანქანების სადგომზე მიაგდებს, რომელსაც შემდეგ მთავარი გმირი, (ანდრე დუსოლიე) ხანში შესული მამაკაცი იპოვნის. ასე იბადება მგზნებარე რომანი ხნიერ მამაკაცსა და ქალბატონს შორის. ეს არის ფილმი არა სიყვარულის, არამედ სიყვარულის სურვილის, ვნების მოთხოვნილების შესახებ, რომელიც როგორც ჩანს ალენ რენეს ასაკშიც ბუნებრივია. მთავარი გმირი დასდევს საფულის პატრონს, უთვალთვალებს, წერილებს უგზავნის, ურეკავს... გაჯიუტებული ქალი ბოლოს თავად აკითხავს მამაკაცს... ასე იბმევა და თანაც არ იბმევა მათი რომანი. ფინალურ ეპიზოდში, პირველი ვნებიანი კოცნის შემდეგ, საკუთარი პატარა თვითმფრინავით მამაკაცი, მისი მეუღლე და ლტოლვის ობიექტი ერთად იღუპებიან. ოდნავ სენტიმენტალური და დასაფასებელია ნახო, როგორ დასცინის საკუთარ თავს ბებერი კლასიკოსი, რომელმაც არა მხოლოდ 60-იანელი კინემატოგრაფისტის პროფესიონალიზმი შეინარჩუნა, არამედ თანამედროვე კინო ხერხებსაც სრულყოფილად ფლობს. ალენ რენე გრძნობს დინამიკას, აყავს მაყურებელი და აბსოლუტურად არა რომანტიულ ისტორიას ისე გვაყურებინებს, როგორც ნამდვილ ფრანგულ კინოს (კლასიკურ ფრანგულ მელოდრამას) შეეფერება.

უცნობია რამ განაპირობა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ნებისმიერი სახელგანთქმული კინორეჟისორი წელს კანში ახალი ფილმის გარდა, ახალი სიტყვით ჩამოდის. ბუნებრივია, სრული მეტამორფოზა შეუძლებელია, მაგრამ სახეცვლილება, სიახლე სახეზეა. ძნელია ვთქვათ, ახლა ხუმრობს კვენტინ ტარანტინო თუ აქამდე ხუმრობდა?! ფაქტი ერთია, როგორც თავად აღნიშნა ის ამ ფილმის გადასაღებად უკვე რამდენიმე წელია ემზადება და თემას ამუშავებს. 40-იანი წლების დასაწყისი, საფრანგეთში ყალიბდება ამერიკელი ებრაელების ჯგუფი, რომელიც ნაცისტების წინააღმდეგ იბრძვის და დარჩენილ ებრაელთა სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს. ბუნებრივია ტარანტინო ვერც აქ ახერხებს მთლიანად დათმოს მისთვის დამახასიათებელი სტილი და კომიკურ თუ კარიკატურულ ეპიზოდებს შიგადაშიგ გვთავაზობს. ეს ცნობილი სინეფილის საოცნებო ფილმია, სადაც ის კინოს მეშვეობით ყველაზე დიდ ბოროტებას, ფაშიზმს გაანადგურებს, ამ შემთხვევაში სიმბოლურად. ებრაელი გოგონას (რომელიც ფრანგული გვარით იმალება) კინოთეატრში, ახალი ფილმის პრემიერაზე მთელი ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური ელიტა იკრიბება. ლეიტენანტი ალდო რეინი (ბრედ პიტი) და მისი ჯგუფი, კინოთეატრის მფლობელ გოგონასთან ერთად, შეთანხმებით (ჰიტლერს, ჰებელსს...) აფეთქებენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს კვენტინ ტარანტინოს ყველაზე რომანტიული ფილმია, ესეც ავტობიოგრაფიული, სადაც კინო გადაარჩენს სამყაროს. კვენტინ ტარანტინო კინოს არა მხოლოდ მეტაფორად იყენებს, არამედ ის თვლის და სჯერა, რომ კინემატოგრაფი ყველაზე ძლიერი იარაღია ყველა ძალადობიის, აგრესიის, ბოროტების წინააღმდეგ.

1 comment:

tete said...

gachagaravebuli gulchvili bavshvi, mis cin arsebuli chreli palitra, arachveulebrivi nichit da gemovnebit, martivi da matematikurad gatvlili kadrebit gvixatavs gulisamachukebel 2saatian serials.qalebs almadovari ukvart, almadovars ki daqalivit esmis mati. misi koveli axali pilmi ki hit-aglumis sanatreli stumaria, romlis pilmebshic garantirebuli gvaqvs - supper musika, plastika, deteqtivi, sisxli, SIKVARULI, aucileblad daxeibrebuli romelime gmiri, erti an ramdenime homoseqsuali da kidev sxva bevr NIUANSEBTAN ertad chveni cremli. mis filmebs mokle da martivi gzit mivyevart cxovrebis mtavar MESIJEBTAN. mokled dzalian sakvarelia da kidev cin gvaqvs misgan mosanichebeli siamovnebebi.
p.s.
rodis gamova chvens kinoteatrebshi daVOLVERebuli penelopa?