Monday, May 25, 2009

კანის ფესტივალი ოქროს პალმის რტოს მოლოდინში




ნინია კაკაბაძე



ფესტივალის მიწურულს, ბოლო გემრიელი ლუკმა 2001 წელს კანის ფესტივალის გრანპრის ლაურეატი ავსტრიელი რეჟისორი მიხაელ ჰანეკე იყო. “თეთრი ბაფთა” ასე ქვია მის უკანასკნელ ნამუშევარს, რომლის მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, გერმანიის ერთერთ ჩრდილოეთ სოფელში ვითარდება. ბავშვები მოზარდობის ასაკში, მათი ურთიერთობა მასწავლებლებთან,მშობლებთან, ერთმანეთთან... ჰანეკემ რამდენიმე ოჯახის ისტორია აჩვენა: ბარონი, ექიმი, პასტორი, მედდა, ფერმერი... პატარა, დახურული პურიტანული საზოგადოების ყოფა. დესპოტი მამა, მოძალადე მამა, ძალადობის მსხვერპლი და თავად მოძალადე მოზარდები... ყველაფერი ეს მშვიდ, წყნარ პასტორალურ გარემოშია ნაჩვენები, რომელიც თითქოს ნიღბავს და ფარავს ოჯახის და ზოგადად სოფლის შიგნით არსებულ დანაშაულებს. გარედან არაფერი ჩანს, ვიდრე ერთერთ ბავშვს ტყეში ხეზე მიბმულს, ნაწამებს და თვალებ ამოთხრილს არ იპოვნიან. ფილმი ისე მთავრდება, რომ მრავალი ეჭვმიტანილისგან, მაინც არ ირკვევა ვინ დგას ამ დანაშაულის მიღმა?! რეჟისორმა გამიზნულად არ გახსნა ეს დანაშაული და არ გასცა მთავარ კითხვას პასუხი. რადგან მთავარი დამნაშავე პატარა, ჩაკეტილი, ფარისეველი საზოგადოებაა - სადაც ყველა ერთნაირად დამნაშავეა. მიხაელ ჰანეკემ გარეგნულად პასტორალური იდილიის სიმძაფრის გამოსაკვეთად ფილმი შავ-თეთრ ფირზე გადაიღო. ეს მისი ყველაზე სტილიზებული ნამუშევარია, ოდნავ მანერულიც კი. სტატიკური კადრები, ლამაზი გაყინული პეიზაჟები, ხმაურიანი სიჩუმე და მდორე რიტმში მოძრავი პერსონაჟები.




ფესტივალი ისე უახლოვდებოდა დასასრულს, რომ რთული იყო გამოგვეკვეთა მთავარი ხაზი, რომელსაც კანის სელექციის კომიტეტი გაჰყვა პროგრამის შედგენისას. თუკი გასულ წლებში ხან სასიყვარულო დრამა, ხან სოციალური თემაზე შექმნილი ფილმები, ხან პოლიტიკურ “განცხადებები” იყო აშკარა უმრავლესობაში, წელს შეიძლება ითქვას, ვერც ერთ მათგანს ვერ გამოყოფ. უკანასკნელი წლების მანძილზე 62-ე კანის ფესტივალს საუკეთესო პროგრამა აქვს, მაგრამ რთულია, წარმოდგენილი ფილმების ერთი ნიშნის ქვეშ გაერთიანება. 10 დღიანი ფესტივალის ქრონოლოგია ასეთია: პირველი ნაწილი (3 დღე) მთლიანად ჰორორს დაეთმო, მეორე ნაწილი (შემდეგი 4 დღე) დიდი რეჟისორების საავტორო, ავტობიოგრაფიულ ფილმებს. ისე უახლოვდებოდა ფესტივალი დასასრულს, რომ არც ერთი ფილმი სოციალურ თემაზე (რაც სხვა დროს თითქმის გამორიცხულია), არც ერთი ფილმი პოლიტიკურ თემაზე არ იყო წარმოდგენილი. მაგრამ წარმოშობით პალესტინელი, ისრაელში მაცხოვრებელი რეჟისორის, ელია სულეიმანის ფილმი “დრო, რომელიც გვახსოვს” ის დანამატი აღმოჩნდა, რომელმაც “ომის ფილმის” ცარიელი ნიშა ამოავსო. ფილმი სულეიმანის მამის დღიურების მიხევით არის შექმნილი და ისრაელი-პალესტინის დაპირისპირებაზე მოგვითხრობს. ვისთვისაც ელია სულეიმანის შემოქმედება ნაცნობია, ნათლად წარმოიდგენს თუ რა სტილში აქვს პალესტინელ რეჟისორს მისი უაკანასკნელი ნამუშევარი გადაღებული. საუკუნის ერთერთი ყველაზე მტკინვეული კონფლიქტი, მისი შედეგები, როემლიც სულეიმანმა კომიკურ სტილში შესრუელბულ დრამად წარმოგვიდგინა და რომელსაც ქართულ ენოვანი მაყურებელი, ერთი მარტივი სიტყვით “ტაკიმასხარაბად” დაახასიათებდა.



სოციალური თემატიკის ცარიელი ნიშა ფრანგმა კინორეჟისრომა ჰავიერ ჯიანოლიმ შეავსო. “დასაწყისში” ასე ქვია ფილმს, რომლის მთავარი პროტაგონისტი ციხიდან გამოსული შუახნის მამაკაცია, რომელსაც ცხოვრების თავიდან დაწყება სურს. ლეგალური გზით, მას არც ერთ სამსახურში არ იღებენ, ამიტომ ის ავანტიურისტულ ისტორიაში ებმევა. იგონებს სამშენებლო ფირმის სახელწოდებას, ერთერთი პატარა ქალაქის მუშების მობილიზაციას აწყობს, იღებს შეკვეთას გზის დაგებაზე, თავადაც მუშაობს და კიდევ უამრავ უმუშევარს ასაქმებს. საქმე იმაშია, რომ სცენარი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, მართლაც არსებობდა ასეთი ადამიანი, რომელმაც უმოკლეს დროში გზა, ავტობანი გააკეთა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღევნდელ დღეს ეს ამბავი პირდაპირ ჯდება საყოველთაო კონტექსტში, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი და უმრავი, ახალი უმუშევარი ადამიანი ქვია. “როდესაც ფილმის გადაღება დავიწყე, ჯერ კრიზისი არ იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ გადაღებების დასრულებამდე ეს თემა ერთერთი ყველაზე მტკინვეული და აქტუალური აღმოჩნდა” - ამბობს რეჟისორი. მთავარი გმირი, მისი გამოგონილი ფირმით, ამ პატარა ქალაქში როგორც მხსნელი ისე ჩადის, რომელსაც მათთვის ახალი სამუშაო ადგილები ჩააქვს. მაგრამ, ისევე როგორც რეალურ ისტორიაში, რომელიც 10 წლის წინ მოხდა, საბოლოოდ აღმოაჩენენ, რომ არც ასეთი გზის დამგები ფირმა არსებობს და არც ის იცის ვინმემ, რა გზას აგებენ, საიდან და სად მიდის ანუ უნდა წავიდეს ეს გზა?! ფაქტი ერთია, ამ გზას ფრანსუა კუზეტი არა ტაძრამდე, არამედ ისევ ციხეში მიყავს. დაუცველი, უსუსური ადამიანების პრობლემები, რომელნიც სოციალურ პრობლემებთან გამკლავებას ვერ ახერხებენ და მუდმივად სხვა ადამიანების, ან ამ ადამიანების შექმნილი სისტემის მსხვერპლნი ხდებიან.



კანის 62-ე ფესტივალის საკონკურსო პროგრამას სრულყოფილებამდე, შეიძლება ითქვას რომ ერთი მიმართულება, კინო სტილი დარჩა, რომელიც მალაიზიელმა ცაი მინ-ლიანიმ და არგენტინელმა გასპარ ნოემ შეავსეს. ვიდეო არტის სტილში შესრულებული სარეკლამო რგოლის მსგავსი, ფილმები. გასპარ ნოეს “შესვლა სიცარიელეში” სუბიექტური კამერით არის გადაღებული და მთავარი გმირის შინაგან სამყაროს აღგვიწერს სიცოცხლეში (რომელიც მუდმივად ნარკოტიკებით არის გაბრუებული) და სიცოხლის შემდეგ, როდესაც ის ბავშვობას იგონებს. ფილმში უხვად არის გამოყენებული (კომპიუტერული) სპეცეფექტები და მთელი ის ჭრელი სამყარო, რომელსაც ადამიანი ნარკოტიკით გაბრუებული ან კლინიკური სიკვდილის დროს ხედავს. ფესტივალის ბოლოს, ეს ორი უკანასკნელი ნამუშევარი თითქოს პროგრამის შესავსებათ იყო გამოყენებული, რადგან ფესტივალის მესამე ნაწილი, უკანაკსნელი სამი დღე აშკარად იკლო ხარისხმა.

მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2009 წლის კანის ფესტივალის საკონკურსო პორგრამა აშკარად გამორჩეულია. გამორჩეულია იმ ნიშნითაც, რომ წელს აშკარა უმცირესობაში იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და წითელ ხალიჩასთან მოდარაჯე თაყვანისმცემლები, მხოლოდ ერთხელ აკივლდნენ გულიანად, როდესაც ტარანტინოს ფილმის პრემიერამდე ხალიჩაზე ბერდ პიტმა მის სექსუალურ მეუღლესთან ერთად აისეირნა და პრემიერის შემდეგ ჩამოისეირნა. მაგრამ წელს, როგორც ჩვენი გაზეთის პუბლიკაციებით მოგახსენეთ საუკეთესო რეჟისორების კოკტეილი იყო წარმოდგენილი და წარმოდგენილი ფილმების ხარისხი თითქმის ერთ დონეზე მაღალია. მხოლოდ ერთი სხვაობაა გასულ წლებთან შედარებით, წელს არ ჩანს აშკარა ლიდერი, რომლისთვისაც უპირობოდ გაიმეტებთ ოქროს პალმის რტოს. შესანიშნავი იყო კენ ლოუჩის, მიხაელ ჰანეკეს, პედრო ალმოდოვრის, კვენტინ ტარანტინოს, ლარს ფონ ტრიერის - (რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ, მაგრამ ყველაზე მეტს სწორედ მასზე წერენ) - ფილმები, მაგრამ უკმარისობის შეგრძნება მაინც ყველა მათაგნის მიმართ არსებობს და ძნელია, რომელიმე მათგანს გამორჩეულად უგულშემატკივრო. მაგრამ, საბედნიეროდ ამ გადაწყვეტილებას, ხვალ საღამოს საერთაშორისო ჟიური ფრანგი კინომსახიობი იზაბელ იუპერის თავმჯდომარეობით მიიღებს და ჩვენ როგით მაყურებელებს ისღა დაგვრჩენია, შევაქოთ ან კი გავაკრიტიკოთ ჟიურის ფავორიტი.

No comments: