Monday, May 25, 2009

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ



ოქროს პალმის რტოს ლაურეატები კანში - ლარს ფონ ტრიერი და კენ ლოუჩი


ნინია კაკაბაძე


ლარს ფონ ტრიერი, რომელიც წელს კანის ფესტივალზე ისევ ჩამოვიდა, ის აღარ არის, რომელიც ოდესღაც “დოგმა 95”-ის სახელით, ჭრელი ავტობუსით მიადგა კანის ფესტივალის წითელ ხალიჩას და იმ წელს დანიელმა “ხულიგანმა” მთავარი ჯილდოც წამოიღო, ფილმისათვის “ტალღების გაპობისას”. მას შემდეგ ის კიდევ ბევრჯერ იყო ნომინირებული და დაჯილდოვებული კანის ფესტივალზე. 2 წლიანი ღრმა დეპრესიის შემდეგ, ის ისევ ფილმს იღებს და ისევ კანში ჩამოდის, მხოლოდ ამჯერად ინტერვიუს მიცემისას, ხელი რომელშიც მიკროფონი უჭირავს - საშინლად უკანკალებს. მის ნევროზსა თუ დეპრესიაზე ყველა საუბრობს, მაგრამ ვერავინ გაიგო, რა იყო, და სავარაუდოდ ჯერ ისევ არის, ამ დეპრესიის მიზეზი. ფონ ტრიერის უკანასკნელი ფილმი კივილივით არის, ერთ ამოსუნთქვაზე ამოღებული კივილი, რომელიც დეპრესიის, ნევროზის დროს ადამიანს ყველაზე მეტად სურს. ფილმში სულ 2 მოქმედი გმირია, ცოლი და ქმარი - შარლოტა გინსბურგისა და უილიამ დეფოს ურთიერთობა, სიყვარული, სიძულვილი, სექსი, ძალადობა, სადიზმი, მაზოხიზმი და ა.შ. “ანტიქრისტეს” ზუსტი ჟანრული განსაზღვრება რთულია - “თეოლოგიური, ფსიქოლოგიური ჰორორი, პორნოგრაფიის ელემენტებით” - ასე განუსაზღვრა ჟანრი ტრიერის ახალ ფილმს, ერთ-ერთმა პოპულარულმა კინოჟურნალმა.

ფილმის პირველ ეპიზოდში, მაშინ როდესაც შეყვარებულ ცოლ-ქმარს სექსი აქვს, მათი პატარა შვილი მის საძინელებ ოთახში ფანჯრიდან ვარდება. ეს არის პირველი ნაწილი, რომელიც შავ-თეთრს ფირზე, ჰენდელის მუსიკის ფონზე, მუსიკალური კლიპივით არის აწყობილი. პარალელური მონტაჟით ნაჩვენები ვნებიანი სიყვარული და ამ სიყვარულის შედეგის, ბავშვის სიკვდილი. კვანძი საწყისშივე იხსნება, ამის შემდეგ იწყება მისი შეკვრა. მშობლების მდგომარეობის ფსიქოლოგიური ანალიზი, რომელიც დეპრესიული, ნერვიული და ხან შიზოფრენიულია. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან და ხელს უშლიან, ისინი ამსუბუქებენ საკუთარ ტკივილს და ამწვავებენ... ეს არის ფილმი არა მხოლოდ განცდების, არამედ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ, რომელიც ფონ ტრიერის შემოქმედებას ყველაზე მეტად აახლოვებს ინგმარ ბერგმანთან. ეს ბერგმანისეული გმირებია, რომელნიც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებითაც გამოხატავენ შეგრძნებებს ერთმანეთის მიმართ. ლარს ფონ ტრიერი საკუთარ თავს ფსიქოთერაპიას უტარებს, საკუთარ დეპრესიას მკურნალობს და ამ საშუალებით ცდილობს “ეშმაკების” განდევნას. ნებისმიერ ინტერვიუში ლარს ფონ ტრიერი უარყოფს მოსაზრებას, რომ “ანტიქრისტე” მისი თერაპიაა და ყველგან აღნიშნავს: ““ეშმაკები” მხოლოდ მაშინ არიან საშიშები, ვიდრე მათ არ იცნობ, როცა მათ ახლოდან ნახავ ისინი შენი მეგობრები ხდებიან”. ფილმი ასევე სავსეა ტრიერისთვის დამახასიათებელი ბიბლიური სიმბოლოებით, თუმცა, თავად რეჟისორი ამბობს: “ჩემთვის პროტესტანტიზმი ყოველთვის ერთი დიდი ურჩხული იყო, ზოგადად რელიგია კი ერთი დიდი ნეხვია! მერწმუნეთ, ეს კარგად ვიცი!”






მიუხედავად ამისა, ფილმის გმირები “განკურნების” მიზნით “ედემის ბაღში” მიდიან, ველური გარემოს პირობებში, სადაც ისინი მარტონი არიან და იქ იწყებენ ერთმანეთის დახმარებას და ხელმეორედ შეცნობას. ქმარი, რომელსაც სურს ნერვიული ფსიქოზით დაავადებულ ცოლს დაეხმაროს, ფილმის ფინალში მას საკუთარი ხელებით ახრჩობს. მიუხედავად იმისა, რომ ლარს ფონ ტრიერი მის ფემინოფობიას ღიმილით უარყოფს, მთელი ფილმის განმავლობაში გვაჩვენებს, როგორი დაუნდობელი, სასტიკი, ეგოისტი და მოძალადეა შარლოტა გინსბურგის გმირი. ერთერთ ინტერვიუში, სადაც ის ქალის უფლებებზე, გენდერულ ბალანსზე საუბრობს და ცდილობს ქალს არ მიანიჭოს განსხვავებული მნიშვნელობა, ასეთი ფრაზა ეპარება: “მე არ მჯერა ჯადოქრების, არ ვფიქრობ რომ ქალი ან მისი სექსუალობა ბოროტია, მაგრამ მე ის მაშინებს”. მისი ფილმი “ანტიქრისტეც” იმის განადგურების მცდელობაა, რაც ყველზე მეტად უყვარს და აშინებს. ლარს ფონ ტრიერი 2 წლიანი პაუზის და ღრმა დეპრესიის შემდეგ ამ ფილმით ყველა იმ ფობიის დამარცხებას ცდილობს, რომელსაც ვერბალურად უარყოფს - ის ებრძვის რელიგიას, ქალს, სიკვდილს.... სექსუალური სცენებიც, რომელიც თერაპიის ერთერთი ხერხია და რომელიც პორნოგრაფიულ სტილშია გადაწყვეტილი და ჰორორის ელფერიც დაკრავს - ის დეტალია, რომელიც ასევე თერაპიის ფუნქციას ასრულებს.

შეიძლება ითქვას, რომ ლარს ფონ ტრიერის შემოქმედება სხვა, ახალ ფაზაში გადავიდა. დასრულდა ტრიერის ტრილოგიები კეთილი ადამიანების შესახებ, არ დასრულდა და მესამე ნაწილის გარეშე დარჩა მისი პირობითი სამყაროს ისტორია (“დოგვილი”, “მანდერლეი”)... პარანოით შეპყრობილი რეჟისორი, შესაძლებელია მის ყველაზე პესიმისტურ, მძიმე, დეპრესიულ, მაგრამ ყველაზე დამაჯერებელ - ნამდვილ კინოს იღებს, რომელიც თითოეულ მაყურებელს, სხეულში უძვრება უყოფს და ხელს უფათურებს! “ანტიქრისტე” მძიმედ დაავადებული ხელოვანის გადაღებული კინონაწარმოებია, რომელიც გვაბრაზებს, გვთრგუნავს, აღგვაშფოთებს და გვიჩენს კითხვას - რატომ გავხდით ლარს ფონ ტრიერის დეპრესიის თვითთერაპიის მსხვერპლი?!










ტრიერის ფილმის შემდეგ, განკურნებისთვის საუკეთესო საშუალებაა კენ ლოუჩის ფილმი “ერიკის ძებნაში”. 4 წლის წინ კენ ლოუჩის გენიალური ფილმი “The wind that shakes the barley” ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა. წელს ის ახალი ფილმით ჩამოვიდა კანში.
ერთ-ერთ მთავარ როლს ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა ასრულებს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა “მანჩესტერში” დაასრულა. ბრიტანეთში მას მეფე ერიკს ეძახიან. კენ ლოუჩის მთავარი გმირი კანტონას ერთერთი ფანია. შუახნის მამაკაცი, რომელსაც მეორე ცოლისგან დატოვებული 2 თინეიჯერი გერი ყავს, ჯერ ისევ 30 წლის წინ გაშორებული პირველი ცოლი უყვარს და ძირითადად მეგობრებთან ერთად ლუდის სმით არის დაკავებულ. მაყურებლების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ფილმი კომედიად აღიქვა. “მე მინდოდა გადამეღო ფილმი, რომელსაც ადამიანი სახეზე ღიმილით შეხედავდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს კომედიაა. სრულიად შესაძლებელია “ერიკის ძებნაში” ტრაგედიად ჩავთვალოთ” - ამბობს კენ ლოუჩი. ეს არის კაცი, რომელსაც პრობლემები აქვს გერებთან, (რომელთაც შვილებივით ზრდის), ოცნებობს საყვარელი ქალის დაბრუნებაზე და მისი ცხოვრება ცარიელია. პაბში შეკრებილი მეგობრები ათას სისულელეზე საუბრობენ, შემდეგ ყველა თავის წილ ფულს იხდის და იშლებიან. სწორედ ამ დროს მოდის მის დასახმარებლად ერიკ კანტონას წარმოსახვა, რომელიც ასწავლის როგორ უნდა გაუმკლავდეს პრობლემებს და ეხმარება. ეს არის ფილმი თანადგომაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთიანობაზე. სწორედ ამიტომ აირჩია კენ ლოუჩმა სახელგანთქმული ფეხბურთელი და ფეხბურთი - ერთიანობის, გუნდურობის, ღირსების სიმბოლოთ. “როდესაც ერთად ვართ, გაცილებით უფრო ძლიერები ვართ, ეს ფილმიც მეგობრების სოლიდარობაზეა” - ამბობს ლოუჩი - “ჩვენ ყველანი ჩვენი საქმით ვართ დაკავებულნი, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ადამიანები შენი კონკურენტები უფრო არიან, ვიდრე შენი მეგობრები”.

ისევე როგორც ლარს ფონ ტრიერს, კენ ლოუჩსაც განსხვავებული, ახალი შემოქმედებითი თუ ასაკობრივი ეტაპი დაუდგა. მხოლოდ ფონ ტრიერისგან განსხვავებით, კენ ლოუჩი როგორც ნამდვილი იდეალისტი გამოსავალს ერთმანეთის სიყვარულში, თანადგომაში, დახმარებაში, სოლიდარობაში ხედავს, ამიტომ მისი ფილმი ფონ ტრიერის “სიკვდილის” შემდეგ - ახალი, თავიდან დაწყებული “სიცოხლესავით არის”.

1 comment:

Keti said...

ძალიან დამაინტერესა ამ ფილმმა. ამბობენ, რომ რთული საცქერია, მაგრამ ვნახოთ.. წერილმა კიდევ უფრო გამიმძაფრა ინტერესი.