Monday, May 18, 2009

სისიხლი, სიყვარული და ქართული “ბუნების მუზეუმი” - კანში

ეკრანიდან გადმოღვრილი სისხლი





ნინია კაკაბაძე

ფესტივალზე, 5 დღის შემდეგ, შეიძლება უკვე გამოიკვეთოს მიმართულება, რომელიც კანის ფესტივალის სელექციის კომიტეტმა აირჩია. თუკი გასულ წელს სასიყვარულო თემატიკაზე შექმნილი ფილმები აბსოლუტურ უმრავლესობაში იყო, წელს ბევრი სისხლი და ჰორორია. ხან ჩინელი მღვდელი გადაიქცევა ვამპირად და ადამიანების სისხლით ძღება, ხან შვილმკვდარი მამა შურისძიების მიზნით ნახევარ სამყაროს ამოხოცავს და ხან ახალგაზრდების ბანდა წამლის გადამყიდველს მოიტაცებს და ნაჭერ-ნაჭერ დაჩეხავს. მხოლოდ ჩინელი კინორეჟისორი ჯონი ტო წარმოადგენს მკვლელობების სერიას იუმორით და პაროდირების სურვილით. ფილმი “შურისძიება”, სწორედ ის ისტორიაა მამაკაცის შესახებ, (ყოფილი პოლიციელია - კასტელო), რომელსაც ქალიშვილი, სიძე და ორი შვილიშვილი მოუკლეს. ამ მკვლელობით იწყება ფილმი და დარჩენილი საათნახევრის განმავლობაში მკვლელობების სერია, რომელსაც მთავარი გმირი მთავარ დამნაშავემდე, მკვლელობის დამკვეთამდე მიჰყავს. ჯონი ტო ცდილობს ამ უაზრო მკვლელობებს დასცინოს და ამას დადგმული მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვის დამახასიათებელი სცენებით ასრულებს. მთავარი დეტალი კი ის არის, რომ კოსტელოს მეხსიერება ღალატობს (20 წლის წინ თავში ტყვია მოხდა) და ზუსტად არც ახსოვს, რა არის მისი მკვლელობების მიზეზი?! მიუხედავად იმისა, რომ “შურისძიება” ნამდვილად ახდენს კომიკურ ეფექტს, მაინც რთულია ამ ჟანრში ახლებურად დაინახო, ან კი უფრო მართებული იქნება ვთქვათ, ახლებურად დასცინო “ქილერების ისტორიას”, ვიდრე აქამდე დაუანახავთ და აქამდე დაუცინიათ. თუმცა, თუნდაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პაროდიას, ერთი თვისება აქვს - მას ბოლომდე უყურებენ, მაშინ როდესაც სხვა ე.წ. ინტელექტუალური კინოდან 15 წუთის შემდეგ იწყებს დარბაზი დაცლას...

უმანკოება კინოში





კიდევ ბევრი სიკვდილი, ძალადობა და სისხლი დაიღვარა კანში ფესტივალის ეკრანიდან. ლუ იე, პარკ ჩან ვუკი, ჟაკ ოდიარი, ბრილიანტ მენდოზა - ყოველი მათგანი ჰორორის ჟანრში გადაწყვეტილ კინოს გვთავაზობს. ამ ეტაპზე ორი გამონაკლისია მხოლოდ. ერთერთი მათგანი ჯეინ კემპიონია, რომლის “მოკაშკაშე ვარსკვლავი” სრული შეუსაბამობაა, როგორც კანის წლევანდელ პროგრამაში, ასევე მთლიანად ფესტივალის კონტექსტში. მაგრამ უცნაური ის არის, რომ მოცემულ მომენტში, სწორედ კემპიონის ფილმს აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი. ბრიტანელი პოეტის, ჯონ ქითსის ცხოვრება და მისი სიყვარულის ისტორია. ახალგაზრდა პოეტი ჭლექით იღუპება და მხოლოდ ერთი წიგნის გამოცემას ასწრებს. უმანკოა მისი ცხოვრებაც და სიყვარულიც. საყვარელ ქალს, სულ რამდენჯერმე აკოცებს, დანარჩენ დროს კი კედლის სხვდასხვა მხრიდან ხელებით ეფხაკუნებიან ერთმანეთს. უმანკო სიცოცხლისა და სიყვარულის ისტორია, (სადაც მაყურებელს ერთი ვნებიანი სექსის სცენასაც კი არ სთავაზობს რეჟისორი) იდილიური ბუნების ფონზე ვითარდება. ასე ლამაზად და სევდიანად სრულდება ჯონ ქითსის ცხოვრება, რომელსაც რეჟისორი დღევანდელ დღეს ყველაზე აქტუალურად და თანამედროვეობისთვის საჭირო თემად მიიჩნევს: “მე მსურდა მეჩვენებინა ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია დღევანდელ დღეს, სისუფთავე, უმანკოება, სილამაზე...” ამბობს ჯეინ კემპიონი. ამ ფილმის წარმატება, (დაწერილი ქულები კინოჟურნალებში) გვარწმუნებს, რომ არა მხოლოდ საქართველოში არიან ჯგუფები, რომელთაც “ნაღდი”, “ჯიგრული,” უმანკო, ეროვნული თუ კოსმოპოლიტური ღირებულებების და ურთიერთობების ნოსტალგია აქვთ.

“ვუდსტოკით” იმედგაცრუებული




იდეალისტების მოლოდინი გააცრუა წარმოშობით ტაივანელმა და ამერიკელმა კინორეჟისორმა ენგ ლიმ. “მიმზიდველი ვუდსტოკი” ასე ქვია მის უკანასკნელ ფილმს, სადაც მაყურებელი 1969 წლის ლეგენდარული კონცერტის გაცილებით უფრო საინტერესო ისტორიას ელოდა, ვიდრე ენგ ლიმ შესთავაზა. ისტორია ასეთია: ახალგაზრდა ბიჭი გაიგებს, რომ ფესტივალი მზადდება და ფულის შოვნის მიზნით, მისი სოფლის ტერიტორიას შესთავაზებს “ვუდსტოკის” ორგანიზატორებს. მიზანი, ძალიან მერკანტილურია - ჯენის ჯოპლინი აპირებს მონაწილეობას, ბუნებრივია ჯოპლინი ბევრ ხალხს მოიყვანს და ბევრი ხალხი, გაცილებით მეტ ფულს მოიტანს. თუმცა ამ ხაზს ენგ ლი ბოლომდე არ მიჰყვება 60-იანელების იდეალიზმს არ ამიწებს. ფილმის მეორე ნახევარში არა თავად კონცერტი, არამედ “ვუდსტოკის” დღეებში არსებული სიტუაციაა მოცემული - ნარკოტიკი, თავისუფალი სექსი, სიშიშვლე, თავისუფლება... - რომლის გემოს მატერიალისტი ბიჭუნა კარგად იგებს. ვუდსტოკის შემდეგ ის საკუთარ პურიტანულ, ტრადიციულ ოჯახს ტოვებს და მიდის. თითქოს საინტერესოა, მაგრამ “ვუდსტოკის” აღწერა თუ ანალიზი იმდენად ზედაპირულად არის მოცემული, რომ რთულია ჩამოაყალიბო - რატომ გადაიღო ენგ ლიმ ეს ფილმი?! ასევე, არ ჩართო არც ერთი ცნობილი საუნდრეკი ფილმიდან, მხოლოდ ტიტრებზე, მაშინ როდესაც მაყურებლის 99 პროცენტი უკვე დარბაზიდან გასულია, მაშინ გაისმა ცნობილი “Freedom”.

საქართველო კანში




მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში რამდენიმე ახალი ქართული ფილმის პრემიერა შედგა, სამწუხაროდ არც ერთი მათგანი არ არის წარმოდგენილი კანის 62-ე ფესტივალზე. მაგრამ 16 მაისს, ერთერთ ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში “მაჟესტიკ” ქართული კინო დელეგაციის პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო, მერაბ კოკოჩაშვილის მიერ შექმნილი ქართული კინოს საინფორმაციო რგოლი (დაბადებიდან დღემდე) და სიტყვით გამოვიდა საქრთველოს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. რურუამ მოწვეულ სტუმრებს საქართველოში კინოწარმოების მიმზედველობაზე მოახსენა და აგრეთვე საქართველოს მიხეილ სააკაშვილის წერილი გააცნო, სადაც პრეზიდენტიც ქართული კინოს დიდ ტრადიციაზე წერდა და ასევე თანამედროვე კინემატოგრაფისტებს ჩვენთან ეპატიჟებოდა. დარიგდა დისკები 1. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, ტერიტორიის პრეზენტაცია 2. ქართული კინოს ისტორია, დაბადებიდან დღემდე. “საქართველოში არის რამდენიმე თანამედროვედ აღჭურვილი სტუდია, რომელიც დღეს უკვე იძლევა კინოწარმოების საშუალებას, ჩვენთან ფილმის გადაღება უფრო იაფი ჯდება, ჩვენი “ბუნების მუზეუმი” იძლევა ნებისმიერი ანტურაჟის შექმნის საშუალებას და ა.შ. ერთი სიტყვით, კანში, სადაც ყველაზე დიდი და აქტიური სავაჭრო ბაზრობაა საქართველო საკუთარ თავს უწევს რეკლამას და შეიძლება ითქვას, რომ ამ რეკლამირების პროცესში მას ისეთი პრესტიჟული და პოპულარული ჟურნალებიც დაეხმრნენ, როგორიც არის “Variety” და “Le film francais”. მეორე დღეს, ორივე ჟურნალში დაიბეჭდა ინტერვიუ კულტურის მინისტრთან და ის ინფორმაცია, რომელიც პრესკონფერენციაზე გაიცა. (მართალია, ნიკოლოზ რურუას ნაცვლად, ნიკოლას რურაუს ახსენებენ, მაგრამ ინფორაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გვარის ე.წ. სპელინგი). ქართული კინოს პავილიონიც ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას არის განლაგებული, დაინტერესებაც დიდია, მაგრამ სამწუხარო მხოლოდ ერთია - ინტერესი გაცილებით მეტია თანამედროვე ქართული (უკვე შექმნილი) ფილმების მიმართ, ვიდრე ქართული პეიზაჟების, გეოგრაფიის, სტუდიების და ა.შ. და მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში არა ერთი ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა, კანის არც ფესტივალის არც ერთ პროგრამაში არც ერთი მათგანი არ მოხდა. იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალ წელს, კიდევ უფრო მეტი ქართული კინოპროდუქცია შეიქმნება და რომელიმე მათგანი კანშიც მოხვდება.

1 comment:

Alexander said...

ნინია!

მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. სტატიიდან გამომაქვს დასკვნა რომ კანში ხარ. გინდა სნობიზმი დაარქვი, რაც გინდა ის დაარქვი, ძალიან მშურს ამის გამო :) წლევანდელი ფესტივალი მგონი ბოლო წლებში ერთადერთია, რომელზეც ძალიან ძალაინ ვისურვებდი მოვხვედრილიყავი. იმიტომაც, რომ „ტიტანების შერკინებაა“, იმიტომაც რომ ის ფილმებია, რომლებზეც შენ ისაუბრე, იმიტომაც რომ არის ისეთი, როგორიც წელს არის. უფრო მეტი ინფორმაციის წყურვილი მაქვს, რა თქმა უნდა ინტერნეტში იქნება, მაგრამ პირველწყაროდან, თუნდაც სატელევიზიო გადაცემიდან სულ სხვა იქნებოდა. სიამოვნებით მოგისმენდით შენ და გოგი გვახარიას, რა ინფორმაციით ხელდამძიმებული წარსდგებოდით ქართული მაყურებლის წინაშე. სიამოვნებით მოგისმენდით 3–5 საათის განმავლობაში სადმე ცალკე სემინარიც რომ მიუძღვნათ. სიამოვნებით ვნახავდი ფილმებსაც, მაგ „ჰორორიან“ ფილმებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟანრი სულაც არ მიტაცებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ წლევანდელმა კანმა ძალიან განმაწყო კინოს თემაზე, რაც ბოლო წლებში არც ისე ხშირი მოვლენა იყო, რასაც კინომოვლენა ჰქვია, თუ პირადად ჩემთვის „ჯურღმულელ მილიონერს“ არ ჩავთვლი, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა :)

რა შანსები აქვს ქართველ მაყურებელს კომფორტულ გარემოში კომფორტული თარგმანით (საშინელებაა ქართული დუბლიაჟი.. ნურავინ მიწყენს) კანის არეულ–დარეულ და გიჟურ გარემოს ეზიაროს?

ვუდსტოკს რაც შეეხება, ფილმი რა თქმა უნდა არ მინახავს, მაგრამ შენი მოსაზრება წავიკითხე და უკვე ინფორმაცია მივიღე ამ მოსაზრებიდან და შეიძლება შენს აზრს არ ვეთანხმებოდე მთლიანად, მაგრამ ამან ფილმის ნახვის სურვილი მხოლოდ გამიმძაფრა. ნეტა ასეთ რამეებს ექსპერტები სპეციალურად აკეთებთ? :) ერთგვარი ანტირეკლამა ხომ არაა, რომელიც მერე ყველაზე მაგარ რეკლამაზე ბევრად უკეთესად მუშაობს? (ვხუმრობ რა თქმა უნდა).

რა კარგია, რომ კინო არსებობს!!!!!