Thursday, October 16, 2008

“ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა”...




ნინია კაკაბაძე



ჟურნალი "ანაბეჭდი" ოქტომბრის ნომერი 2008


საქართველო ჯერ ისევ რუსულ არმიას ყავს ოკუპირებული, დიდი თუ ცოტა ხნით დავკარგეთ კიდევ ახალი ტერიტორიები, სამუდამოდ დავშორდით აფხაზებთან თუ ოსებთან შერიგების პერსპექტივას, გვყავს 100 ათასზე მეტი უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი, გვყავს 500-მდე დაღუპული, მათ შორის მართლაც სამშობლოსათვის თავგანწირული ჯარისკაცი. მაშინ, როდესაც დიდი და ბოროტი სახელწიფო გკლავს, გაფეთქებს და სახლებს გიწვავს განსაკუთრებულად რთულია იყო კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. ასეთ დროს ძალიან დიდია თვითცენზურაც. არის მოღალატის იარლიყის გაუცნობიერებელი შიში, საყოველთაოდ გამეფებულ საზოგადოებრივ აზრთან დაპირისპირების შიში... მიუხედავად ამისა, ვცადოთ და ვიყოთ თვითკრიტიკულებიც.

საზოგადებრივი პროტესტი თუ სისხლთაყვანისმცემლობა?

დღეს, შესაძლებელია ასე მალე ვერ გავარკვიოთ ვინ დაიწყო ომი, ვინ გაისროლა პირველმა?! დროთა განმავლობაში გაირკვევა იყო თუ არა სხვა გამოსავალი, გვქონდა თუ არა შანსი, რომ ეს ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა? ერთი ფაქტია, ბრძოლა 3 დღის განმავლობაში კონფლიქტურ ზონებში მიდიოდა, შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა რუსული არმიის მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებული სტრატეგიული ობიექტების და არა მხოლოდ მათი დაბომბვა. Oმის დაწყებისთანავე ქართული საზოგადოება ყოველ საღამოს სხვადასხვა ადგილებში (ძირითადად რუსეთის საელჩოსთან) იკრიბებოდა და გამარჯვებას ითხოვდა. ახლა მკითხავენ - სად იყო იქ მსგავსი მოწოდებებიო? მაგრამ გაცხარებულ ადამიანთა თავშეყრა მტრის “ბინასთან” (საელჩოსთან), დროშების ფრიალი, სანთლები, “შავლეგო”, შეურაწმყოფები და სიტყვიერი მუქარა... სხვა არაფერია, თუ არა - გამარჯვების მოთხოვნა! თანაც თუკი ტრიბუნაზე გამომსვლელები არა, სატელევიზიო რესპოდენტები კი აცხადებდნენ: “ჩვენ ეს ომი უნდა მოვიგოთ”, “ჩვენ გავიმარჯვებთ” და ა.შ. იმ დღეებში არავინ, მათ შორის ვერც მე გავბედე ქუჩაში გასვლა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა ორივე მხარისთვის, მეც შემეშინდა, თუმცა კი ამის სურვილი დიდი მქონდა. და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის ძალოვანი სტურქტურების, თუ ზოგადად ხელისუფლების კი არა, ამ პატრიოტი მანიფესტანტების შემეშინდა. როდესაც ამ საპროტესტო აქციებს თვალს ვადევნებდი მიჩნდებოდა შიში - ქართული ჯარის კონფლიქტის ზონიდან გამოყვანა, შესაძლებელია ხელისუფლების ამ მანიფესტანტებისადმი მოწიწებამ შეაფერხოს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ თითქოს ადამიანებმა თავიდან დაიწყეს ცხოვრება და ყველაფერი რაც შევარდნაძის მმართველობის ეპოქაში მიჩქმალული და მიგდებული იყო, ამოვატივტივეთ. ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტული, ფერმკრთალი ბილბორდები “გახსოვდეს აფხაზეთი”, რომელიც უკვე კარიკატურად იყო ქცეული, ცენტრალურ ხაზად ვაქციეთ. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ქართული ღირსების საგანი, ხელისუფლების და ხალხის მთავარი მიზანი გახდა. ერთს დავით აღმაშენებლობა სურდა და მისი პრეზიდენტობის ხანაში ეჩქარებოდა, მეორე კი ომში დამარცხებულის კომპლექსებისგან გათავისუფლებას ამ გზით ცდილობდა. ამიტომ აქცენტი სწრაფ და “ეფექტურ” ნაბიჯებზე, ტერიტორების დაბრუნებაზე გავაკეთეთ და ამით იმ ხალხს კიდევ უფრო დავშორდით, რომელიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდა. მშვიდობიანი გზა, პოლიტიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას გაცილებით უფრო გრძელვადიანი პროცესია. მოვლენები არ ვითარდება დინამიურად, რაც საბოლოო ჯამში ნაკლებ პოპულარულია. ამიტომ 5 წლის განმავლობაში გაძლიერებული ტემპებით ვაშენებდით ჯარს: მაგალითად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი 1 494 524 800 ლარს შეადგენდა, კონფლიქტების დარეგულისრების დარგში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი კი მხოლოდ 610 ათასი ლარი იყო. ამასთანავე შემოვიღეთ რეზერვში სამსახურის იძულებითი ფორმები, ვამზადებდით სამხედრო კლიპებს, შევქმენით დამოუკიდებელი სატელევიზიო სამხედრო არხი. არ გადიოდა არც ერთი საინფორმაციო გამოშვება, სადაც არ იყო რეპორტაჟი ძლიერი ქართული ჯარის შესახებ. ვიღებდით მუსიკალურ რგოლებს, სადაც სიყვარულზე იარაღით ხელში ვესაუბრებოდით აფხაზებს და ოსებს, ხალხს და არა მხოლოდ დეფაქტო მთავრობებს აბორიგენებს და სეპარატისტებს ვეძახდით. საჯარო გამოსვლების დროს მკერდზე მუშტებს ვიცემდით და ტერიტორიალური მთლინობის აღდგენის ფიცს ვდებდით. ვაკეთებდით გადაცემებს, რომლებაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, კიდევ უფრო გავამძაფროთ მტრის ხატი და ძლევმოსილების მაქსიმალური დემონსტრირება მოეხდინათ. ვქმნიდით წარმოსახვით რეალობას მუსიკალური კლიპებით, რომლებშიც აფხაზეთში მივემგზავრებით, “ვბრუნდებით”. ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ სურვილი კიდევ უფრო მძაფრი გაგვეხადა. ამისთვის შეიქმნა პატრიოტული ბანაკები, ამისათვის ცხადდებოდა პატრიოტულ თემაზე მუსიკალური და ლიტერატურული კონკურსები... არ გვესმოდა და დღემდე არ გვესმის, რომ პატრიოტული ხელოვნება არ არსებობს და თუკი პატრიოტიზმზე იქმნება სხვადასხვა ნაწარმოებები, ეს მხოლოდ ლოკალური, ადგილობრივი მოხმარების საგანია. აი, დღეს რომ ვხმარობთ მედიაში პოეტური თუ მუსიკალური ჩადგმებისთვის. ფანატიკური პატრიოტიზმი, რომლის აშკარა საწყისები ჩვენს ქვეყანაში იყო და რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით, მხოლოდ “ბოროტების მატარებელია თავისი არსით. პატრიოტი კი როგორც წესი ბოროტი” - ეს ოსკარ უაილდის სიტყვებია. ვირტუალური სამყარო, რომელიც ჩვენ ამ “გმირული სულის”, თანამედროვე პატრიოტის სახით შევქმენით, ქართველი ხალხის თავშესაფარი აღმოჩნდა. ვინ მოსთვლის იმ უმსგავსო და ომზე გათვლილ “შემოქმედებით”, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ აქციებს, რომლის მონაწილეებიც ყოველი ჩევნთაგანი ვართ. ამ ქმედებების წინააღმდეგ ვინც ხმას იღებდა, სასწრაფო წესით რუსეთის აგენტად ვაცხადებდით, ხოლო ვინც ხმამაღლა განაცხადებდა, რომ ომი არ უნდა - მას ღალატში ვდებდით ბრალს. ეს ქვეყანა უკანასკნელი 5 წელიწადია ომისთვის ემზადებოდა და ძალიან ცოტამ თუ გააკრიტიკა ეს მილიტარისტული პროპაგანდა და ომის რიტორიკა საჯაროდ. 5 ლის განმავლობაში ხან მუშტებს ვუქნევდით ოსებსა და აფხაზებს, ხან კი ვამბობდით, რომ მათთან არაფერი გვაქვს გასაყოფი და ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია. თავს ვიტყუებდით და არ გვსურდა იმის დაჯერება, რომ უკანაკსნელი 15 წლის განმავლობაში ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობას თავი არა თუ ვერ შევაყვარეთ, სიმპატიითაც კი ვერ განვაწყვეთ ჩვენს მიმართ. მათ მუდმივად ვაკნინებდით და ვახსენებდით, რომ რუსეთის მონები არიან. დღესაც არ გვუსრ დაფიქრება, უნდათ თუ არა მათ ჩვენთან ერთად ცხოვრება. დღესაც ყველაზე მარტივ გამოსავალს ვირჩევთ, ერთნი მხოლოდ რუსეთს ვადანაშაულებთ, მეორენი კი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას - არავინ ცდილობს საკუთარი შეცდომები დაინახოს და მიზეზებიც საკუთარ თავში ეძებოს. არც ომამდე ვხედავდით საკუთარ სიმახინჯეებს, მაშინ როდესაც სრულიად უმსგავსო მილიტრიზმის ტყვეობაში ვცხოვრობდით და მაშინ, როდესაც სიტყვა მშვიდობა ყველაზე არაპოპულარული სიტყვა იყო, პაციფისტი კი უკანასკნელი კრეტინი, (“კრეტინი პაციფისტები” - ციტატა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან). პირიქით აქ იღვიძებდა ქართველი ხალხი, აქ ერთიანდებოდნენ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში მყოფი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი “გუნდები” და აქ იღერებდა ყველა ერთად მუქარის მუშტს. სიბნელე და არასრულფასოვნების კომპლექსი არის ჩვენი მთავარი მტერი, რომელიც გვაფიქრებინებს რომ რუსეთის მსგავს, უზარმაზარი მასშტაბის ბოროტებას, ასევე ბოროტებით დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენი პატარ ქვეყნისთვის ტრაგიკული ის არის, რომ გასული საუკუნეების მსგავსად, 21-ე საუკუნეშიც ვფიქრობთ, რომ სამშობლოს სისხლი სჭირდება და რაც შეიძლება ბევრი სისხლი. ამიტომაც აღეგზნო ქართული საზოგადოება ომის დღეებში და ასე აღზნებული დაქროდა ქუჩაში დროშებით ხელში. ომის შემდეგ სატელევიზიო გამოსვლებში მწერლები, პოეტები, მსახიობები თუ სხვები ერთხმად ამართლებდნენ და აღმერთებდნენ გაღებულ სისხლს და თანაც გვაფრთხილებდნენ - ვისაც კითხვა გაგიჩნდებათ იყო თუ არა სხვა გამოსავალი, ღირდა თუ არა ამდენი სისხლის დაღვრა - ყველას დაგსჯითო.
ჩვენს ქვეყანაში სისხლია გაფეტიშებული, სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლი კი კერპად ქცეული.

ელექტრონული მედია - ინფორმაცია თუ პორპაგანდა?

დევნილის ნაამბობი მძიმე მოსასმენია. დევნილი დაჩაგრულია, მაგრამ მოტყუებული დევნილი კიდევ უფრო დაჩაგრული. ერთმა ქალმა მიამბო: “ტელევიზიით ვუყურებდი, როდესაც აცხადებდნენ ცხინვალს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ, მოწინააღმდეგის ჯარი უკან დავწიეთ და ხვალ როკის გვირაბთან მივალთო, როდესაც კარზე მეზობელმა დამიბრახუნა ყვირილით: - ჩვენთან შემოვიდნენ და გაიქეცით ვისაც შეგიძლიათო. სახლის ტანსაცმლით გამოვვარდი, გამოსვლისას შორს სად გავიქცეოდი, ჯერ ბუჩქებში ვიმალებოდით მე და ჩემი თანასოფლელები და იქიდან ვუყურებდი, როგორ იწვოდა ჩემი სახლი. აბა, მე რომ მცოდნოდა სიმართლე, ხომ უფრო ადრე დავტოვებდი სახლს და ჩემი მკვდრების სურათებს მაინც წამოვიღებდი”. ეს ქალბატონი არა მხოლოდ ომის მსხვერპლია, ის ამ ომისთვის დამახასიათებელი ტყუილის მსხვერპლიც გახდა. ორი დღის დაკარგულ ქალაქსა და სოფლებზე ჯერ ისევ გვიცხადებდნენ, რომ “ჩვენია”. ასეთ დროს ტყუილი კიდევ უფრო მეტად ამახინჯებს იმ ბოროტებას, რომელსაც ომი ქვია. ამ ტყუილებს დროთა განმავლობაში სხვადასხვა მოტივებით გაამართლებენ, მაგრამ ერთი ცხადია - ქართულმა საზოგადოებამ თავად მოსთხოვა გამარჯვება ან კი უბრალოდ ამ გამარჯვების სიმულაცია ქვეყნის ხელისუფლებას. მაგრამ ასე მარტივად, უფრო სწორედ კი ცალსახად, არ არის საქმე.

თანამედროვე ჟურნალისტიკაში უკვე ცალკეულად არსებობს ტერმინები “ომის ჟურნალისტიკა” და “მშვიდობის ჟურნალისტიკა”. ომის ჟურნალისტიკა, სახელწიფო ინტერესების დაცვას და მაყურებლის სრულად ინფორმირებას გულისხმობს, “მშვიდობის ჟურნალისტიკა” კი ომის მიზეზების კვლევას და მისი შეჩერებისთვის მუშაობას. მაგრამ ეს ის მაღალი სტნდარტებია, რომელთან მიახლოვებამდეც მინიმალური სტანდარტი უნდა დავაკმაყოფილოდ.
ომის დღეებში მედია “სანიმუშო” იყო, ერთი და იგივე ფილმები - ჰეროიკულ თემატიკაზე, ომზე, ძალადობაზე ყველა არხზე გადიოდა. ვინ მოთვლის რამდენჯერ ნახა ქართველმა მაყურებელმა “მამაცი გული” და საკუთარ სიმამაცეზე რამდენჯერ იტირა?! მთლიანობა, ერთიანობა იმდენად სამაგალითო იყო, რომ ამ საომარ ფერხულში საპატრიარქოს ტელეარხიც ჩაერთო და ერთი კვირის მანძილზე მხოლოდ საომარ ფილმებს წარმოგვიდგენდა. მაშინ მედია ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობდა და ამიტომ უნებლიე შეცდომებიც გაეპარა. სადაც “ბახა-ბუხი” დაინახეს, ყველაფერი “საჭირო მასალად” მიიჩნიეს და სატელევიზიო პროგრამების ბადეში ჩასვეს. ასე აღმოჩნდა ომისა და ძალადობის ერთერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსის, ბრიტანელი კენ ლოუჩის ყველაზე ანტისაომარი ფილმი “ქარი წაგვიღებს” ომისა და სისხლის პროპაგანდის ყუთში. ფილმი, რომელიც ირლანდიის გამანთავისუფლებელ ბრძოლებს და ომს აღწერს, სადაც არ არის დიდი და პატარა, არ არის ბოროტი და კეთილი, ფილმი ომის ბოროტებას ეხება.

საომარ ვითარებაში და მითუმეტეს მაშინ, როდესაც თავს გვესხმის უზარმაზარი ბოროტების იმპერია, ბუნებრივია არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს უჩნდება სახელმწიფოსთან ერთიანობის და იდენტიფიკაციის სურვილი. საომარ მდგომარეობაში მედიის თავისუფლების ხარისხიც (იგულისხმება განსხვავებული მოსაზრებების დეკლარირება, კრიტიკა და ა.შ.) ბუნებრივია გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა. მედია, უპირველ ყოვლისა, სახელწიფო პოლიტიკის გამტარებელი ხდება. ასე ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ხშირ შემთხვევაში, დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. ასეთ დროს, მედია ერთადერთ ფუნქციას კისრულობს: ქვეყნის მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიაწოდოს მოსალოდნელი საფრთხეების თუ საერთო მდგომარეობის შესახებ. მაგრამ ჩვენმა ელექტრონულმა მედიამ ეს ერთადერთი ფუნქციაც კი ვერ შეასრულა და აქაც ადამიანთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების ფასად მხოლოდ ოფიცილური უწყებების ენაზე მაუწყებლობდა: “რეგიონში სიწყნარეა, ქართული შენაერთები გადაადგილდებიან, არ არის პანიკა, ცხინვალი სრულად კონტორლდება ქართული ჯარის მიერ და ა.შ.” ქართველი მაყურებელი რეალური ინფორმაციის ნაცვლად სახელმწიფო პროპაგანდის მაუწყებელი იყო. განსხვავებული და დასამახსოვრებელი მხოლოდ ზოგიერთი ეგზოტიკური, კომიკოსი ჟურნალისტის იგავ-არაკები თუ ტრაგი-კომიკური სატელევიზიო ჩანახატები აღმოჩნდა.
ომის შემდეგ კი გადიოდა დღეები და ეკრანიდან ნელნელა ქრებოდნენ დევნილები და მათი პრობლემები. ესეც სახელმწიფო პოლიტიკაა: ახლა დადგა ჟამი შევქმნათ კიდევ ერთი გამარჯვების ილუზია, დავივიწყოთ ჩვენს ქალაქებში გაჩენილი ასი ათასობით ახალი დევნილი და ბუნებრივია მათი პრობლემები. სატელევიზიო მედია კი ამ “სახელწიფო პოლიტიკის” ვიზუალური და ვირტუალური სურათის შემქმნელია. ამიტომ მისი მიზანი არა დევნილების უფლებების დაცვა, მათი პრობლემების არდავიწყება, არამედ “გაბრწყინებული საქართველოს” წარმოდგენაა. ერთადერთ გამონაკლისს, რომელიც არც სახელწიფოებრივ ინტერესებს არღვევდა და არც ინფორმაციის ვაკუუმში ტოვებდა მოსახლეობას “რადიო თავისუფლება” გახლდათ, რომლისთვისაც მთავარი პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმის ერთგულება იყო. ელექტრონული მედია კი ამ “საქართველოს” ტიპიური შვილია რომელსაც სიმართლეზე მეტად, გამარჯვების დაჯერება სურს. ამიტომაც...

საზოგადოება - “თანამედროვე საქართველო”

ოპტიმიზმი და პერმანენტული ზარ-ზეიმი იქცა ჩვენი არსებობის ფორმად, გლოვაც რაღაც თავისებული გვაქვს. ეს მოსწონს თანამედროვე ქართველსაც ყველაზე მეტად. ყველაზე კრიტიკულ დღეს რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიოსათვის ჩვენი გლოვა და ზარი, ჩვენი სიძლიერე გვეჩვენებინა, საყოველთაო მასკარადი გავმართეთ. აკადემიური ხელოვნების და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები გვიმღეროდნენ, ლექსებს გვიკითხავდენ, ყვიროდნ და საზეიმო განწყობას ქმნიდნენ. ეს იყო დღე, როდესაც სამაგლითოდ ვაჩვენეთ მსოფლიოს, როგორ უნდა აქციო ტრაგედია ფარსად და შემდეგ თქვა: - ქართველი ბუნებით არტისტულია, ამით განსხვავდება სხვა ერებისგან და სწორედ ამ არტისტულობამ გადაგვარჩინაო. ამიტომ ჩვენს ერთადერთ გამოსავლად, მძიმე და კრიზისულ პერიოდში, არაადექვატურობა იქცა! მაშინ, როდესაც უნდა ვიტიროთ - ვიცინით, ვმღერით, ვცეკვავთ და ვფიქრობთ, რომ გლოვა მხოლოდ სისუსტის მაჩვენებელია, გლოვის დროს სიმღერა და ღრეობა კი - სიძლიერის. ასე ხდება ხოლმე ქართულ ქელეხებში, სადაც სიკვდილს, როგორც წესი ღრეობით და საზეიმო განწყობით აღვნიშნავთ.

ინსტიქტები ომის შემდეგ

დამთავრდა ომი და ქართველმა ხალხმა მიზნად დაისახა - ჩვენ არ უნდა გავიგოთ რომ დავმარცხდით, ჩვენ არ უნდა გავაანალიზოთ მომხდარი, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ კრიზისის ანალიზი, ჩვენ მხოლოდ ერთი გამოსავალი გვაქვს - დავიჯეროთ და ყველა დავაჯეროთ, რომ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, ყველაზე მაგრები ვართ, შეუმცდარნი ვართ, ცამდე მართლები ვართ, ჩვენ მსხვერპლიც კი არ ვართ, რაგდან მუდმივად გამარჯვებულნი ვართ. ამიტომ, ამ პათოსით, ამ შემართებით კიდევ ერთხელ გადავაგორებთ ამ ტრაგედიას, ისევე შეუფასებლად, ისევე გამოუკვლევად, როგორც ოსეთის და აფხაზეთის სამოქალაქო ომებს. დამნაშავეებს გადავმალავთ ან კი გმირებად გამოვაცხადებთ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ იმის გარანტიაა, რომ მომავალშიც მსგავს შეცდომებს გავიმეორებთ, ყოველთვის დავიჯერებთ რომ რუსულ არმიას მხოლოდ ქართული ჯარი დაამარცხებს, კვლავაც დავღვრით ბევრ სისხლს, კვლავაც შეგვიყვანს დაღვრილი სისხლი ექსტაზში. დღეს ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რაში მდგომარეობდა ჩვენი შეცდომა უზარმაზარი ბოროტების მიმართ, რომელსაც რუსული იმპერია ქვია, მაგრამ დრო გვაძლევს შანსს გავიაზროთ არა მხოლოდ რუსეთის აგრესია, როემლიც ცხადზე ცხადია, არამედ საკუთარი შეცდომებიც, რომელიც შესაძლებელია ამ აგრესიის მაპროვოცირებელი გახდა. თუკი არ მოხდა საკუთარი შეცდომების, ან კი უბრალოდ დღევანდელი შედეგის, უაკანაკსნელი მოვლენების კრიტიკული ანალიზი ჩვენ ვერ განვვითარდებით. ლადო ასათიანის ჰეროიკული პოეზია, არსებული ტკივილებისა და შიშების მხოლოდ მოკლევადიანი თერაპიაა, რაოდენ პათეტიურადაც არ უნდა წავიკითხოდ ის. ჰიმნები თუ სიმღერები ქართულ უძლეველ სულზე მხოლოდ იმ ილუზიას ქმნის, რომ ჩვენ არ დავმარცხებულვართ, ჩვენ არ მოგვიკლეს ადამიანები, არ წაგვართვეს ახალი ტერიტორიები, არ გამოაგდეს სახლებიდან ათასობით ადამიანი და რამდენიმე დღის განმავლობაში არ გავცხოვრეს სიკვდილის და სრული განადგურების მოლოდინში. ამ რეალობისგან, ტკივილისგან სამუდამო გათავისუფლება მხოლოდ ხანგრძლივ, რაციონალურ, სიღრმისეულ ანალიზშია, რომელსაც ქართველები ყოველთვის ვემალებით და ამით საკუთარ თავს ვწირავთ მუდმივი სტაგნაციისათვის.
P.შ. არ მინდა ჩემი წერილიც იმ ერთადერთი უკიდურესობით გამოირჩეოდეს, რასაც საქართველო ომის დღეებში ტელევიზიით ადევნებდა თვალს. მაშინ ჯერ არ ჩანდა, რომ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, დამოუკიდებელი მოქალაქეები, ომბუცმენის ოფისი, მათ შორის მეტნაკლებად სახელმწიფო სტურქტურებიც, უმოკლეს ვადებში მობილიზდნენ და დაიწყეს დევნილთა დახმარება საკვებით, ტანსაცმლით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საგნებით. ბუნებრივია რთული იყო ათასობით ადამიანის ერთნაირად და ერთდროულად დაკმაყოფილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამგვარმა მობილიზებამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

და ბოლოს... შენიშვნა

ეს ტექსტი, ჩემი არც თუ ისე ხანგრძლივი გამოცდილების ისტორიაში, ყველაზე დიდხანს იწერებოდა. ეს წერილი არ არის ერთი ადამიანის მიერ დაწერილი, ერთი განსხვავებული მოსაზრებაა. ადამიანის, რომელიც საკუთარ დანაშაულსაც ხედავს, რომ ვერაფრით შეაჩერა ეს ომი და ვერაფრით აქცია მშვიდობა პოპულარული. ეს ტექსტი არის მცდელობა გამოიწვიოს პოლემიკა, ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ, იქნებ მე ვცდები?!

5 comments:

KLAKLA said...

mec mgonia rom am temaze msjeloba aucilebelia. martla gvakvs mgoni kartvelebs msxverplshetsirvis da tvitgantsirvis motxovnileba. gushin mimtkicebda kidev ori bichi, rom omi kidev unda moxdes da unda vibrdzolot sanam ar gavimarjvebt da rom mere ra, 800 000is vyopilvart kartvelebi.

ninia said...

ეს კომენტარი მაილით გადმომიგზავნეს და თავად განვათავსე აქ. როგორც ჩანს, კომენტარის ავტორს არ აქვს gmail-ის მისამართი.
პატივისცემით ნინია კაკაბაძე


1)კი, გასაგებია. მიტინგი არაა ესთეტურობის მწვერვალი და ნებისმიერი ომის მოწონააღმდეგეთა რაოდენობითაც გაიზომება ერისა თუ საზოგადოების ცივილიზებულობა. ასე რომ, რაც მეტი ნინიაა საქართველოში, მით უფრო ახლოს ვართ ევროპელობასთან. მაგრამ პარადოქსიც ამაშია – რუსეთს დაპირისპირების გარეშე ვერ დაუსხლტები, დაპირისპირებას კი ომი მოაქვს. ხოლო თუ არ დაუსხლტი, ევროპასთან ვერ მიხვალ და ჩვენს ნინიათა რაოდენობას არა საკუთარი პატრიოტები, არამედ სხვისი იმპერიალისტები შეამცირებენ. ეს ხომ უკვე გავიარეთ! ანუ პარადოქსი – ვომობთ, რათა პაციფისტებს გზა გაეხსნას როდესმე ჩვენს ქვეყანაში – ლოგიკურია.
2)ცვლადები – ომი, დაგეგმვა, ინფორმაციის გავრელება და მისი აკურატულობა – არასოდეს ქმნის ჰარმონიას. ომი წარმოუდგენელია ინფორმაციის ნაკლებობისა და უზუსტობის, დაგეგმვის არასრულყოფილების გარეშე. ეს სპეციალისტებმა იციან, ამიტომ მოლოდინი, რომ არა თუ 5 წლის სახელმწიფო, არამედ თუნდაც 200-ისაც უშეცდომოდ უნდა გეგმავდეს რამეს, საქმის უცოდინარობაზეა დაფუძნებული. ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა იგეგმებოდეს, მაგრამ კლაუზევიცმა თქვა “ომის ნისლი და ეროზიაო”. . .ეჰ, ეს შორს წაგვიყვანს. მთავარი ისაა, ომი პოლიტიკას მოემსახუროს და არა პირიქით. მე მგონია, ჩვენს შემთხვევაში მოემსახურა. იმედია ამას ცინიზმში არ ჩამითვლით.
3)პოლიტიკის გასაანალიზებლად კი შემდეგია არსებითი – ოსებთან და აფხაზებთან საგნობრივ საუბარს ხელს უშლიდა “ბარანკევიჩის” ფენომენი. კი, ალბათ ჩვენც არ გვყოფნიდა ზოგჯერ მოთმინება, მაგრამ ვისაც ასეთი საუბარი უცდია, უნდა იცოდეს, რომ აფხაზებიც და ოსებიც “ბარანკევიჩების” ანუ რუსი ჩინოსნებისა და სამხედროების მძევლები იყვნენ და ვერაფერს, ან თითქმის ვერაფერს წყვეტდნენ უმათნებართვოდ. დღეს ჩნდება შანსი, რომ რუსი აღარ იყოს შუამავლად შენიღბული “ჰაიჯაკერი”. ეს კი დიდი პოლიტიკური საწინდარია იმისა, რომ ქართველებმა, ოსებმა და აფხაზებმა დავილაპარაკოთ. მომავალში ამ ლაპარაკს ტრანსფორმირებული რუსიც შემოუერთდება. . .კი, დღეს ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისში ვართ, მაგრამ საქართველოში ევროკავშირმა შემოაბიჯა და დაიწყო რუსეთის ჩანაცვლება. ესეცაა, ჩემო ნინია, იმ სისხლთან, შენთვის ნაკლებესთეტურ პატრიოტულ მობილიზაციებთან და ინფორმაციის ვაკუუმთან ერთად, აგვისტოს დღეების შედეგი.

KLAKLA said...

eh, chems blogze ki aravin ar akomentebs :)). ak ki ukve ambebi datsyebula.
chemi azrit dapirispireba rusettan ar aris 'xelidan dasxltomis' piroba. mgoni ganvitareba uproa. ki, ityvit, rom ganvitareba jer dapirispirebis gareshe ar gamova, magram chemi azrit mainc pirikit. omi regresia da is ganvitarebas mxolod gadaavadebs.

Unknown said...

ეს ჩემი კომენტარი gmailის არმქონე ავტორის პოსტზე:

1) ა. მეტად საინტერესო მოსაზრებაა. ნუთუ რუსეთთან ომის გარდა ევროპასთან დაახლოების სხვა გზა არ დაგვრჩენია? პათოსი გასაგებია, ომის გარეშე რუსეთს სააშკარაოზე ვერ გამოვიყვანდით და შესაბამისად თავიდან ვერ მოვიშორებდით... რამდენად შეიძლება ამგვარ პათოსს საპასუხისმგებლო ეწოდოს? ანუ პრობლემების გადასაჭრელად ქვეყანაზე ყველა სხვა გზა დაილია? ა, 15 წელი ვცდილობდით და არაფერი გამოვიდა.....!?
1)ბ. ევროპასთან დასაახლოვებლად ბევრად უფრო მარტივი გზა არსებობს ვიდრე პოლიციური სახელმწიფო. ხანდახან აზრი მიჩნდება, შევარდნაძის დროს უფრო თავისუფალი იყო თქო საზოგადოება. სატირალია ეს ყველაფერი, ვინაიდან სააკაშვილის დრო საბოლოო ჯამში საქართველოსათვის დაკარგული დრო აღმოჩნდება. არ თქვათ ეხლა, პატრული ხო გააკეთაო.
2. მთავარი პასუხისმგებლობის გრძნობაა და არა ”მიშა” მოემსახურება ”კეზერას” თუ პირიქით. ხელისუფლებას შეცდომაც არ უღიარებია, პასუხისმგებლობაზე საუბარიც ზედმეტია.
3. მაინტერესებს, რისი შანსი უფრო დიდია, რომ რუსი აღარ იქნება შუამავალი, თუ რომ აფხაზეთ-ოსეთი მიმართავენ რუსეთის ფედერაციას მათი წევრობის შესახებ და რუსეთი მათ მიიღებს ფედერაციაში? ყოველთვის იყო ამის შანსიო, ალბათ მეტყვით.... განსხვავება სამართლებრივ გაფორმებაშია

Unknown said...

მახსოვს ტელვიზიის 2 დღის ყურების შემდეგ Yahoo images-ზე ნანახმა გორის დაბომბვის სურათებმა რა დამმართა. ამბავი უკვე იაჰუზე იდო და მე გადაკვრითაც არ ვიცოდი რომ გორში ეს ხდებოდა. გორის დაბომბვა ამ საიტიდან გავიგე.

არ ვიცი ეს შეიძლება თუ არა კომპენსირდეს პანიკის არ დათესვის მოტივით...