Thursday, October 16, 2008

პროფესიული სტანდარტები ქართულად





ნინია კაკაბაძე


გაზეთი "24 საათი" ოქტომბერი 2008


რამდენიმე ხნის წინ ვანო ჯავახიშვილის შოუში გივი სიხარულიძე იყო. ბატონმა გივიამ ბრძანა: “ადრე ჰომოსექსუალები იყვნენ უმცირესობაში, ახლა უმრავლესობაში არიან და ამიტომ ვაპირებ სტრასბურგში გავგზავნო საჩივარი, რომ ჩვენი, ანუ ნამდვილი კაცების უფლებები დაიცვანო”. ვანო ჯავახიშვილი უღიმის და ამბობს: “მართალია, მეც შემოიგიერთდებით. ჩვენ მართლა უმცირესობაში ვართ, კაცები”. სულ რამდენიმე დღის წინ იმავე ვანო ჯავახიშვილმა ჰედლაინში ამბავი მოყვა, სადაც ისმოდა: “კონდოლიზა რაისმა იმდენი ილაპარაკა, რომ სულ გათეთრდა”... ჩვენ, ქართველი მაყურებლები, ამ “ღადაობებს” სერიოზულად არ აღვიქვამთ, მერე რა თუკი “ღადაობები” რასისტული ხასიათისაა, მერე რა რომ ქსენოფობიურია, მერე რა რომ ჰომოფობიურია - ჩვენ ვხუმრობთ! ვშიშობ და ეჭვი მაქვს, კონდოლიზა რაისმა, ჩვენმა გულშემატკივარმა და მხარდამჭერმა არ იცის ქართული თვითმყოფადი იუმორის შესახებ და არც ის იცის, რომ რასისტული განწყობები არა მხოლოდ იუმორისტული ჟანრის ტელეგადაცემებში მძლავრობს.
გადაცემა “პროფილში” 18 სექტემბერს გამორჩეულად ხუმარა ჟურნალისტმა, პამფლეტების დიდოსტატმა, ომის შემდგომ, სპეცრაზმელის ბრმა ტყვიის შედეგად დაღუპული გოჩა რამიშვილი, მისთვის ჩვეული მხიარულებით გაიხსენა: “პარიზში ვიყავით, მიტინგს ვიღებდით. მიტინგზე ეთნიკურად ფრანგი სულ 5 პროცენტი იყო, დანარჩენები ვიღაც მაროკოელები, შავკანიანები და ათასი ჯურის ადამიანი იყოო”. მოკლედ, გოჩას უსიამოვნება მოუვიდა ერთ-ერთ შავკანიან მანიფესტანტთან და მიტინგის შუა გულში, ჩოჩქოლში აღმოჩნდა. იქიდან გამოსულს თენგო გოგოტიშვილი დახვდა და კითხა: “ბიჭო, შენ გიჟი ხომ არ ხარ, რამ შეგიყვანა იმ მაიმუნების ხროვაში?” და მერე დარბაზისთვის განმარტა, რომ “მართლა საშინელი ხალხი იყო”. დარბაზი ამ შესანიშნავ ისტორიას მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა. ტაშს ჩვენი ომის გმირი ჟურნალისტები უკრავდნენ. წამყვანი ვერც კი ხვდება, რომ მსგავსი ისტორიების ღია ეთერში მოყოლა მისი გადაცემისთვის და მისთვის, რბილად რომ ვთქვათ, რეპუტაციის შემლახველია. ვერ ხვდება ვერავინ “რუსთავი 2”-ში, რომ ეს “უნიკალური” ისტორია გადაცემიდან უნდა ამოჭრან (მადლობა ღმერთს, გადაცემა ჩანაწერის სახით გადის ეთერში). ამის შემდეგ, გაზეთი “ბათუმელების” გარდა, ვერც ერთი მედია საშუალება ვერ ბედავს და ალბათ ვერც ხვდება, რომ მსგავსი (რასისტული, შოვინისტური, ქსენოფობური) რიტორიკა უნდა გააკრიტიკოს და გააპროტესტოს. თუმცა, ცივილიზებული სამყაროს მაყურებელი, , ანუ სწორედ ის დასავლეთი, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფის, ასეთი ტიპის განცხადებებისათვის, გადაცემის დახურვას და წამყვანისა და მოუბარი ჟურნალისტის სამსახარუდან გაძევებას მოითხოვდა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით...
რადგან გადაცემა “პროფილი” ვახსენეთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ 11 სექტემბრის გადაცემა, რომელიც ომის შვილებს ეძღვნებოდა. ჯერ მხოლოდ 3 გადაცემა გავიდა ეთერში და ორი მათგანი დანაშაულებრივი ხასიათისაა. პირველი გადაცემა “ომის შვილების” შესახებ, დეტალურ ანალიზს მოითხოვს; როგორ აპოვნინა დევნილ დედას დაკარგული შვილი “პროფილის” კორესპონდენტმა, როგორ იკვლევდა კორესპონდენტი და გადაცემის წამყვანი, აღუდგება თუ არა გივიკოს ფეხები, იცის თუ არა დედამისის დაღუპვის შესახებ და ა. შ. დღეს მხოლოდ ერთ ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაია ასათიანს სტუდიაში ომის შედეგად დაზარალებული, გორის 4 წლის მკვიდრი ლიკა შემოყავს და მოგვახსენებს, რომ ის, რაც ლიკამ ნახა, უფროსი ადამიანისთვისაც ძალიან რთული გასახსენებელია. “არ მინდა ლიკა დავღალო ამ ისტორიის მოყოლით და ამიტომ ჩვენ თავად მოგიყვებით ომის პატარა მონაწილის ისტორიას”. ეს ბლეფია, რადგან წამყვანმა კარგად იცის, რომ ლიკამ მიღებული ტრამვის შედეგად ლაპარაკი შეწყვიტა და ვეღარ მეტყველებს. ეს შოკის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გამოხატულებაა. ლიკასთვის, ნანახის და გადატანილის გახსნება კი, ამ ეტაპზე ისევე მატრმავირებელია, როგორც პირველად. მაგრამ შოუ უნდა შედგეს და ამიტომ ომში დაზარალებულ 4 წლის ლიკას დიდ ეკრანზე აჩვენებენ და ასმენინებენ საკუთარ ტრაგიკულ ისტორიას: დიდი ხანი საკუთარი სახლის ნანგრევებში იწვა, მეზობლებმა ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ერთი ძმა მის თავლწინ დაიღუპა, მეორე დაკარგა, ლიკას თვალები დაეწვა, ციხიდან გამოსული დედა ლიკამ ვერ იცნო, ლიკას მამა დღემდე საკუთარი შვილის ნაწილებს (ლიკას ძმას) ნანგრევებში ეძებს... სიუჟეტის შემდეგ დარბაზში ლიკას დედა და “პროფილის” მიერ ნაპოვნი ერთ-ერთი ძმა შემოდის, მაგრამ ამ დროს ლიკა დარბაზში უკვე ისტერიულად ტირის. მასთან მაია ასათიანი მიდის და აკანკალებული ხმით ეუბნება: “გეხვეწებით, მართლა გვიგულეთ თქვენს გვერდით რაა. ნუ ტირიხარ ლიკა, ყველაფერი კარგად იქნება!”
ეს ის შემთხვევაა, როდესაც უადგილო იქნება ჟურნალისტს ეთიკის ნორმების თუ პროფესიონალური სტანდარტების დაცვა მოვთხოვოთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც წამყვანს მხოლოდ ადამიანობა მართებს და იმის ცოდნა, რომ ტრამვირებულ, ჯერ კიდევ შოკში მყოფ ბავშვს განცდილის და გადატანილის გახსენება ფსიქიკას უზიანებს - მაგრამ ეს შოუსთვის მოწყობილი სადისტური აქტია!
ზედმეტი ფუფუნება იქნება ვიფიქროთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითი, მხოლოდ მაია ასათიანის ან თენგო გოგოტიშვილის პრობლემაა. ამ ისტორიებს ტაშს უკრავენ, ამ ისტორიებს სიამოვნებით ისმენენ, მათი მოსმენისას არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა. ამ და სხვა მსგავს ისტორიებზე არ რეაგირებს საზოგადოება, არ რეაგირებენ ადამიანების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, არ რეაგირებს ხელისუფლება (რომლის ეგიდითაც მაუწყებლობენ ეს ტელევიზიები), არ რეაგირებს ოპოზიცია, რომელიც მუდმივად საბაბს ეძებს კრიტიკისათვის... ჩვენთვის რასისტული, ქსენოფობიური, შოვინისტური და მათ შორის არც სადისტური გამოვლინებები პრობლემას არ წარმოადგენს. ცივილიზებული სტანდარტების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება ქართულ საზოგადოებაში არ მომწიფებულა. რამ შეიძლება დაარეგულიროს და აღკვეთოს ეთიკის ნორმების ამგვარი დარღვევა? თუკი ჟურნალისტები და მთლიანად მედია რეკლამირებას უწევს რასიზმს, შოვინიზმს, ქსენოფობიას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მანკიერი ტენდენცია კიდევ უფრო გაიღრმავებს ფესვებს. ტელეჟურნალისტები სიამოვნებით ირგებენ პოლიტიკურ ცენზურას, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ყველა ერთხმად წინ აღუდგა მედია საბჭოს მიერ შემოთავაზებულ თვითრეგულირების მექანიზმებს, რომლებიც ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებებს წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტების პრობლემა, ეს მთლიანად ქართული საზოგადოების პრობლემაა, რომლის ნაყოფიც არის ქვეყნის მედია. ამ ფონზე კი ჩვენ ასე ვჩქარობთ ევროინტეგრაციისკენ, ასე ძალიან გვსურს დასავლეთთან შეერთება, თუმცა არც კი ვსვამთ კითხვას - რა ვიცით ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის ან თუნდაც უბრალოდ ცივილური ცხოვრების შესახებ?!

13 comments:

Unknown said...

მგონი ბევრს ითხოვ საზოგადოებისაგან :) ელემენტარულად თეთრისა და შავის განსხვავება გვიჭირს ჯერ-ჯერობით. კაცის კვლას რო გამართლება არ აქვს, მაგაზე ვერ შევთანხმებულვართ ჯერ-ჯერობით და შენ კიდევ, კანის ფერი განასხვავეთ, ბავშვები დაინდეთო....

რეალურ ცხოვრებას პიარისგან ვერ ვანსხვავებთ, პრინციპებსა და მორალზე ზედმეტია საუბარი.

ninia said...

კიდევ ერთი მეილზე მოსული კომენტარი, რომლის ავტორიც, გახლავთ დავით დარჩიაშვილი.
P.S. წინამდებარე სტატიაზე გაკეთებული კომენტარის ავტორიც ის არის.


პროფესიული სტანდარტები ქართულად ერთერთი საუკეთესოა, რაც შენი წამიკითხავს:) მაგრამ მანდ ნათქვამი აჩვენებს, რომ მავანი ევროპაში ძალით თუ არ შეიყვანე და სანამ ევროპაში მივა, ყვეელაზე დიდი დემოკრატია მიეცი, ეგებ ევროპაში არასოდეს აღარ შევიდეს იმ თავის ჯერარნახული დემოკრატიით. მერე ის დემოკრატიაც ჩააბაროს "უფროს ძიებს" და. . .დაველოდოთ ეროვნული მოძრაობის ახალ ტალგას:). ანუ, შენი ეს წერილი ბლოგზე დადებული ორი სხვა წერილის არგუმენტაციას თუ პათოსს ასუსტებს (გინდა, ესეც დადე)
დავით დარჩიაშვილი

Anonymous said...

საშინელებაა ეს ყველაფერი.
სამწუხაროა, რომ ამ ვაი–წამყვანებს და მოსახლეობის უმეტესს არ ესმის, რომ ეს ადამიანის შეურაცხყოფაა.

ტელევიზია მძლავრი სამართავი პულტია. მიხარია, რომ კრიტიკას ვკითხულობ.
რაც შეიძლება ბევრი უნდა დაიწეროს და გამოქვეყნდეს.
თორემ ტელევიზიაც ისეთი გვაქვს, როგორიც ხელისუფლება გვყავს – ანუ დამსახურების მიხედვით, ცნობილ გამონათქვამს თუ დავესესხები.

Anonymous said...

პოლიტკორექტულობაში "ამერიკულად" გადაჭარბება არ არის საჭირო. რაღაც "წმინდა ძროხებს" მაგონებს ეს ამბავი, რომესაც შავკანიანზე, უბრალოდ, არ შეიძლება თქვა, რომ შავკანიანია. რა არის ამაში შეურაცმყოფელი? ისინი ძალიანაც ამაყობენ თავისი კანის ფერით. თეთრკანიანზე თეთრიაო, რომ თქვათ, რასიზმი იქნება?
კონდოლიზა რაისი თუ სიბრაზისგან გათეთრდა, რასიზმია. ევროპელი თუ იგივე სიბრაზისგან გაშავდა ან გამწვანდა - არა.
აბსურდამდე ნუ მივალთ!
ობამამ ბრძანა, რომ ადრე ამ ქალაქში მამაჩემს ბარში არც კი მოემსახურებოდნენო. მართალია! ახლა ეს რომ ვინმემ გაბედოს,
სასამართლო და შემდეგ გაკოტრება არ აცდება. მაგრამ არავინ მსჯელობს იმაზე, რომ ნებისმიერ ამერიკულ ქალაქში (სამხრეთული შტატების გარდა)
უამარავი "შავი" ბარია, სადაც შესულ თეთრკანიანს არათუ არ მოემსახურებიან, თავ-ყბასსაც დაუნგრევენ. სრულიად დაუსჯელად. რაღაც არ გამიგია, რომ ეს ამბავი, არა თუ სასამართლოს, არამედ, უბრალო პრესის მსჯელობის საგანი გამხდარიყოს.
ასეთია ამერიკული პოლიტკორექტულობა და ამაში ვერაფერს მისაბაძს ვერ ვხედავ. ქართული ანდაზაა: "ქეციანმა არ მოიფხანა და თუ მოიფხანა - მოიგლიჯაო". ზედმეტს და გადაჭარბებულს აბსურდამდე მივყავართ, ვერ ამჩნევთ, ჩემო ნინია?

alex said...

shimer shen shexvedi shavebis barshi da gamogagdes? an vinme sheniani iko?

Anonymous said...

ჩემო ალექს, მას შემდეგ, რაც ადამიანმა ლაპარაკი ისწავლა, ცოდნა მხოლოდ პირად გამოცდილებას აღარ ეფუძნება.
ინტერნეტზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

Anonymous said...

myallerts@yahoo.com

alex said...

ki batono magram mtlad nu endobi internetis informacias, :) asjer gagonils ertxel nanaxi jobiao heheheh:):):)

Anonymous said...

კაი, აბა, წავალ ამერიკაში და თავს გავალახვინებ ზანგებს ;-))

Anonymous said...

კაი, აბა, წავალ ამერიკაში და თავს გავალახინებ ზანგებს ;-))

Anonymous said...

me eg ar mitqvams, magram neba shenia :):):)

Anonymous said...

ninia,
sheidzleba itkavs, rom sul axlaxans agmogachinet tkveni blogit da tamamad vitkvi, rom vamakob kartveli rom var, radgan sakartvelos hkavs tkvenistana progresulad tsivilurad moazrovne adamianebi.
kochag!!! martla seriozulad mainteresebs, rodis unda ganatldes kartveli eri? rodis unda daamartsxon sibnele sinatlit? ra gvchirs? sait mivdivart? 21 saukunea, chven ki tsarmoudgeneli sistsrapit progresis magivrad regresisken mivekanebit. kvelaperi xelisuplebis brali rogor aris? propesionals mokvarulisgan vegar ganasxvaveb azrovnebit. imdenad gadavgvardit, rom aravis sheurasxkopas arad vagdebt, mtavaria, chveni sakme gavaketot. mekanikurad vtsxovrobt.

gshak said...

http://www.facebook.com/group.php?gid=103421197337 maia asatianis antipanklubi