Sunday, November 8, 2009

პატრიოტიზმი, როგორც პოლიტიკური რელიგია




29.10.2009 "თავისუფალი აზრი"
გადაცემის აუდიო ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ

http://www.gipa.ge/radio/data/Tavisufali-azri5.mp3

მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დოცენტი. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა არის – “ქართული პატრიოტიზმი, როგორც პოლიტიკური რელიგია”.
პირველი იქნება შედარებით უფრო ზოგადი ხასიათის კითხვა. კარგი იქნება ავხსნათ ზოგადად რას ნიშნავს ან რას უნდა ნიშნავდეს პატრიოტიზმი?

გიორგი მაისურაძე - პატრიოტიზმი არის შედარებით გვიან გაჩენილი მოვლენა. მაგალითად, ჩვენ ვერაფრით ვიტყვით, რომ შუა საუკუნეებში ან ანტიკურ ხანაში ადამიანები იყვნენ პატრიოტები. პატრიოტიზმი გაჩნდა მოდერნთან, ახალ სამყარო წესრიგთან ერთად. ფაქტიურად მისი დაბადების ადგილი არის საფრანგეთი, ის საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ მოიტანა, როდესაც ძალაუფლების სათავეში მოსულმა რევოლუციურმა ჯგუფმა იაკობინელებმა შემქმნეს ერთგვარი რელიგიის შემცველი იდეოლოგია ან მსოფლმხედველობა. ისინი საკუთარ თავს ეძახდნენ პატრიოტებს და თაყვანისცემის ობიექტად გამოაცხადეს სამშობლო ანუ პატრია. აქედან გავრცელდა ჯერ მთელ დასავლეთ ევროპაში და დასავლეთიდან წამოვიდა შემდგომ აღმოსავლეთის მიმართულებითაც, ასე ჩამოაღწია მე-19 საუკუნეშივე საქართველოში. პირველი ადამიანები, ვისაც მაშინ მიაკერეს ეს “იარლიყი”, თავდაპირველად, სხვათაშორის, უარყოფით კონტექსტში, იყვნენ ილია ჭავჭავაძე და მისი თანამებრძოლები, მათ უწოდეს პატრიოტები. გვეხსომება ალბათ გრიგოლ ორბელიანთან მისი პოლემიკა, სადაც იგი პასუხობს – “ლიბერალობა, პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია”, ანუ ფაქტიურად ილია ჭავჭავაძე იცავს ამდროს ამ ტერმინს, პატრიოტისმს, რომელიც მას ნეგატიურ კონტექსტში მიანიჭეს.
დავამატებდი, რომ თავდაპირველად სიტყვა პატრიოტიზმი გაჩნდა ბერძნულ ენაში და სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით. ფაქტიურად იგი იგივდებოდა არა ქალაქელობასთან, არამედ სოფლელობასთან, პატრია ნიშნავდა მიწის ნაკვეთს, წარმომავლობის ადგილს, გაჩენის ადგილს და შესაბამისად ხალხი იყოფოდა 2 ჯგუფად - ქალაქის მოქალაქეებად ანუ “პოლიტაი” და “პატრიოტაი”, რომელიც ბერძნულად ნიშნავს პატრიოტებს ანუ სოფლის მოსახლეობას და ფაქტიურად მასში ირონიული აზრი იყო ჩადებული, დამამაცირებელი აზრიც კი. იმ მნიშვნელობით რომლითაც დღეს ჩვენ ვხმარობთ ამ სიტყვას, თავიდან, ხელახლა გაჩნდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს.

ნ.კ.- როგორი არის საქართველოს შემთხვევაში პატრიოტიზმის გაგება? როგორ ფიქრობ, როგორ მოგვაწოდებენ და მოგვაწოდებდნენ ამას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ლიდერები თუ ქვეყნის მმართველები?

გ.მ.- როგორც უკვე ვახსენე, პატრიოტიზმი ერთგვარი ფორმით გაჩნდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში და ეს უკავშირდებოდა ახალი თაობის, ე.წ. თერგდალეულებს გამოჩენას. თუმცა მათ ასეთი ტერმინოლოგიური დაყოფა არ ჰქონიათ, ისინი არ გამოდიოდნენ და არ იძახდნენ - ჩვენ ვართ პატრიოტები! აქ იყო ლაპარაკი მამულზე, მამულიშვილობაზე, რაც პატრიოტობის ერთგვარი შემცვლელი სიტყვა იყო. მამული “პატრიას” თარგმანად შეიძლება ჩაითვალოს, - პატრია ანუ სამშობლო. შემდგომში, რომ გადმოვიდეთ დღევანდელ დღეს, სადაც პატრიოტიზმი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგშია აყვანილი დღევანდელი მმართველი ძალის მიერ, - მე ეჭვი მეპარება, რომ პატრიოტიზმის ეს ფორმა თვისობრივად ახალი მოვლენა იყოს. ეჭვი მეპარება, რომ იგი აუცილებლად გაჩენილიყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. უნდა ითქვას, რომ ეს არის საკმაოდ მცდარი დებულება, პატრიოტიზმის ის იდეა, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ძალიან აქტიურად გაისმოდა მთელ ქართულ ეროვნულ მოძრაობაში და მედიაში, როცა ყველანი ლაპარაკობდნენ პატრიოტიზმზე - ეს იყო ფაქტიურად იმ პატრიოტიზმის ფორმის გაგრძელება, რომლის ავტორიც არის იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმ თვალსაზრითითაც, რომ თავდაპირველად ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული ბოლშევიკები, დაუპირისპირდნენ და ჩამოიცილეს პატრიოტიზმის ის იდეა, რომელიც უკავშირდებოდა ნაციონალიზმს, მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 სხვადასხვა ტიპის მოვლენაა. ისინი გაემიჯნენ ნაციონალიზმს და პატრიოტიზმს, როგორც ნაციონალიზმის ერთგვარ იდეოლოგიურ ან რელიგიურ თაყვანისცემის ფორმას. მათ გამოაცხადეს, რომ პატრიოტიზმებს და ნაციონალიზმებს ჩვენ მივყავართ დიდ კატასტროფებამდე, ეს უკავშირდება იმპერიალიზმს. პირველი მსოფლიო ომი გამოაცხადეს, როგორც ნაციონალიზმების და იმპერიალიზმების შეტაკება, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და უბედურება მოიტანა. მათ ამის სანაცვლოდ წამოაყენეს, გააცოცხლეს ის იდეა რომელიც თავდაპირველად შექმნა ადრეულმა ქრისტიანობამ, სახარებამ, პავლე მოციქულმა - არ არსებობს დაყოფა ადამიანების ნაციონალური ნიშნით, ყველა ადამიანი არის თანასწორი. მე-19 საუკუნეში მარქსიზმმა გააცოცხლა ეს იდეა და ბოლშევიკებმა სცადეს მისი განვრცობა. რა თქმა უნდა ეს იყო პირველი, დიდი ფორმა კოსმოპოლიტიზმისა, რომელიც დაუპირისპირდა ნაციონალიზმს, სეპარატიზმს და მის სანაცვლოდ ყველა ადამიანი, - დამოუკიდებლად მისი წარმომავლობისა, სქესისა, რასისა, ეროვნებისა, ეთნოსისა - გამოაცხადდა თანაბრად. შემდგომში კი უკვე 20-იანი წლების ბოლოს და განსაკუთრებით 30-იან წლებში ეს პარადიგმა შეიცვალა. ეს უკავშირდება იმას, რომ სტალინმა მოახერხა ხელისუფლების საკუთარ ხელში მოქცევა, მან ფიზიკურად გაანადგურა ყველა პირველი თაობის ბოლშევიკი და რადიკალურად შეცვალა იდეოლოგია. სტალინი დაუბრუნდა ნაციონალიზმს, ზუსტად იმ ნაციონალიზმის ფორმებს, რომელიც მე-19 საუკუნეში არსებობდა და ამას მისცა უკვე წითელი შეფერილობა ანუ საბჭოთა იდეოლოგიას მოარგო.

ნ.კ.- კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს?

გ.მ.- კონკრეტული გამოვლინება იყო: ნაციონალური კულტურის ფესტივალები, იუბილეები, ეროვნული ისტორიების შექმნა და ა.შ. სხვათა შორის, მე ყოველთვის ძალიან მიკვირდა, მაშინაც კი, როდესაც სტუდენტი ვიყავი და ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ის ლოზუნგი, რომ ჩვენ არ გვასწავლიან ჩვენს ისტორიას. საქართველოს ისტორიის უდიდესი ნაწილი დაიწერა საბჭოთა პერიოდში და იმის შემდეგ ფაქტიურად ახალი არც არაფერი არ შექმნილა და ეს ისტორია რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში და განსაკუთრებით 30-იან 40-იან და 50-იან წლებში შეიქმნა, იყო გაჟღენთილი ქართული პატრიოტიზმით და ამას არავინ არ ზღუდავდა. ამდენად, ფაქტიურად არაფერი ახალი არ იყო, როდესაც 80-იანი წლების შემდეგ დაიწყო დიდი მოძრაობა. ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის იდეა, რომელიც ამ მოძრაობამ გაავრცელა, გაამასიურა და სრული ლეგალიზაცია მოახდინა, იყო ის, რომელიც შეიქმნა საბჭოთა პერიოდში, უშუალოდ სტალინის დროს.

ნ.კ.- თავისთავად რა სხვაობაა ნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს შორის?

გ.მ.- ნაციონალიზმი არის ერთი ნაციის, ერის წინ წამოწევა, მისი სამყაროს ცენტრში დაყენება, სადაც ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს ამ ნაციის, ამ კონკრეტული ერის ინტერესებს.Eეს ფაქტიურად, უკვე მე-20 საუკუნეში, გადაიზარდა და შეესისხლხორცა სახელმწიფოებრიობის იდეას. არსებობს ნაციონალიზმის მეორე ფორმა, რომელიც უფრო დამახასიათებელი იყო საბჭოთა ხალხებისათვის და რომლის გაგრძელებაც მოხდა სწორედ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში - ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმი, როდესაც ერთი ეთნოსი იგივდება ნაციასთან, არა სახელმწიფოსთან, რომელშიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, არამედ ერთ კონკრეტულ ეთნოსთან. “ერთი სისხლი”, “გენეტიკურად ერთი” - ეს ფაქტიურად ის ტერმინოლოგიაა, რომელიც 20-იან, 30-იან წლებში ძალიან სახიფათოთ და ბოროტად გაავრცელა გერმანულმა ნაციონალ-სოციალიზმმა და შემდგომში ნაციონალიზმის ამ ექსტრემალურმა გამოვლინებამ - ფაშიზმმა შემოიტანა, - ეს არის მიწის და სისხლის ერთიანობის თეორიაა. ეს არის ფაშისტური იდეოლოგიის მთავარი პრინციპი, რომელიც სწორედ ნაციონალიზმის რადიკალური ფორმა იყო. თავისთავად ნაციონალიზმი არანაირად არ არის მშვიდობიანი, ის წარმოშობს აზროვნებისას იმ ფორმას, რომ, მაგალითდ, მე თუ ვარ ქართველი და ვდგავარ ქართულ მიწაზე, ე.ი. ეს არის ჩემი საკუთრება და აქ ფეხის დადგმის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს, ან თუ დაადგამს მე უნდა მემორჩილებოდეს. ჩვენ გავიხსენოთ 80-იანი წლების ბოლოს ყველაზე ცნობილი ლოზუნგები: “საქართველო ქართველებისათვის”, “არც ერთი არაქართველი ქართულ მიწაზე”... ძალიან საინტერესო იყო მეორე მომენტი, სწორედ სისხლით ერთობის იდეების და სისხლით ერთობის თეორიები - “გენეტიკურად ქართველი”, “ქართული სისხლი” და ა.შ. მაშინ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამას დაუპირისპირდა და ამის წინააღმდეგ ხმა ამოიღო ზაალ ქიქოძე იყო, ცნობილი არქეოლოგი და პალეოანთროპოლოგი. კიდევ ერთი მომენტი – “სტუმრების” თემა: ყველა ის არაქართველი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, “სტუმრად” იყო მიჩნეული, ჩვენ ვართ მასპინძლები, სტუმრებს უნდა ახსოვდეთ, რომ სტუმრები არიან და ოდესღაც უნდა დაბრუნდნენ თავიანთ მხარეში. ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი ლოზუნგი იყო, რამაც უზარმაზარ კატასტროფამდე მიგვიყვანა, ის რომ აფხაზების სამშობლო არ არის ზღვისპირა ტერიტორია, ისინი მთიდან ჩამოსულები არიან და თუ მათ საკუთარი სახელმწიფოს შექმნა უნდათ, მაშინ უნდა გადაბრძანდნენ იქ საიდანაც ჩამოსულან. გავიხსენოთ 1988 და 1989 წლებში რა პათოსი იყო “ლიტერატურული საქართველოს” პუბლიკაციებში - ოსებს არ უნდა მივცეთ 2 შვილზე მეტის გაჩენის უფლება, იმიტომ რომ სწრაფად მრავლდებიან ან მაჰმადიანები სწრაფად მრავლდებიან, აზერბაიჯანელები, ჩვენ ეს უნდა დავარეგულიროთ... იმის ნაცვლად რომ ქართველს ეცადა, ეთნიკურად არაქართველებისათვის ქართული ეროვნული ცნობიერება ჩაენერგა, მოეხდინა მათი ინტეგრაცია, გვეთქვა რომ ჩვენ ერთნი ვართ და აქ ვინც ვცხოვრობთ ყველანი საქართველოს ნაწილები ვართ - ამის ნაცვლად გაჩნდა ზღვარი ეთნიკურად ქართველსა და არაქართველს შორის. შესაბამისად ეს ხალხი გავაუცხოვეთ და ვუთხარით, რომ ისინი არ იყვნენ ქართველები.

ნ.კ.- თუმცა შეიძლება თუ არა ითქვას რომ ეს გარკვეულწილად ბუნებრივი პროცესი იყო და მოსალოდნელი იყო. საბჭოთა კავშირი სხვას არაფერს ქადაგებდა, გარდა იმისა რომ “ჩვენ ვართ ერთი დიდი ქვეყანა, ოჯახი, ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენლისათვის ეს არის საერთო მიწა”... იყო თუ არა ეს, გარკვეულწილად, ბუნებრივი მოვლენა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ? ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ზემოთ ამოიწია ამ ნაციონალისტურმა და პატრიოტულმა რიტორიკამ და დისკურსმა მთლიანად?

გ.მ. - საბჭოთა კავშირი, რომელიც ჩვენ მეტნაკლებად გვახსოვს ფაქტიურად შეიქმნა იმ მოდელზე, რომლის ავტორიც იყო სტალინი, და სტალინის მიერ განსაზღვრული ერის რაობა. სტალინის მიერ განსაზღვრული ერის რაობა ეფუძნება საერთო ისტორიას, წარსულს, ენას და ა.შ. ფაქტიურად აქ ისევ და ისევ დავდივართ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ქართველები, რამდენადაც ერთად გვიცხოვრია, საერთო ნათესაური კავშირი გვაქვს და ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. ეს არ იყო ერთი, სახელმწიფოებრივი ერთიანობა, სადაც ეთნიკურად სხვადასხვა ჯგუფები მთლიანდებოდნენ, სადაც ყველანი ამ ერთი ნაციის და ერის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდნენ. თავისთავად სიტყვა “ნაცია” ლათინურად ნიშნავდა სისხლით მონათესავეობას, ეს ტერმინი უკვე ანტიკურ ხანაში არსებობდა, რომაელებმა იცოდნენ ეს ტერმინი, მაგრამ ამ ტერმინმა მოგვიანებით, მე 19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნეში შეიცვალა თავისი მნიშვნელობა და გაიგივდა სახელმწიფოებრიობასთან, სადაც ყველა განურჩევლად თავისი წარმომავლობისა და ეთნიკური ჯგუფისა, არის ორგანული ნაწილი ამ ახალი ერისა თუ ნაციისა, რომელიც იგივდება სახელმწიფო ორგანიზმთან და ერთ მთლიან კულტურულ ერთობას წარმოადგენს.

ნ.კ.- ეხლა უკვე გადმოვინაცვლოთ თანამედროვეობაში. გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული მოძრაობის შემდეგ და უკვე 90-იანი წლების დასაწყისში ამ ნაციონალისტური მოძრაობისა თუ სულისკვეთების პათოსი მწვერვალზე იყო. მაგრამ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს პათოსი დღესაც ცოცხალია. მაგალითად ასეთი ფრაზა: “ეგ არ არის ნამდვილი ქართველი”, - განსაკუთრებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან ისმის, მაშინ, როდესაც ვინმეს სურს შეურაცხყოფა მიაყენოს ან გააკრიტიკოს მისი ოპონენტი. მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ, ამავე დროს, დღევანდელი ხელისუფლება აქტიურად ეწევა პატრიოტიზმის პროპაგანდას, რომელიც შესაძლებელია ოდნავ განსხვავებული შინაარსისაა. რა სხვაობა არის და რითი გამოირჩევა მაშინდელი დღევანდელისგან?

გ.მ.- დღევანდელმა ხელისუფლებამ, განსხვავებით პირველი ქართული დამოუკიდებული და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისგან, რომელიც მთლიანად ეთნოცენტრიზმის იყო პოლიტიკას ატარებდა, რაც ერთი ეთნოსის - ქართველების დომინირებაზე და ჰეგემონიაზე იყო დამყარებული, სცადა შეეცვალა ეს მოდელი. ერთის მხირვ, მიდის პატრიოტიზმის პროპაგანდა და ამავე დროს ნაციონალისტური აზროვნება ასევე ჰეგემონიურია. მეორე მხრივ, სააკაშვილის ხელისუფლებამ შეასწორა ეს და თქვა რომ, ქართველი ერი არის მრავალ ეთნიკური წარმონაქმნი. ძალიან კარგი თუ ეს განსაზღვრება შემოგვაქვს, ეს არის თანამედროვე გააზრება, მაგრამ როგორ ვუთავსებთ ამ ყველაფერს იმ სააზორვნო ფორმებს და მოდელებს, რომელიც არანაირად არ შეესაბამება მრავალეთნიკური ერის განსაზღვრებას?! როდესაც ჩვენ, ისევ და ისევ, შემოგვაქვს ქართველი ერის განმსაზღვრელ და ქართული თანამედროვე პატრიოტიზმის თუ ნაციონალიზმის განმსაზღვრელად მე-19 საუკუნის სააზროვნო მოდელები?! ეს გაუთავებელი ძეგლები, სასაცილო მითოლოგიური ფიგურების გაჩენები, როგორიც არის მედეა, პრომეთე და ა.შ. - ეს ძალიან დიდი აღრევაა. ნაციონალიზმის პოლიტიკის ერთერთი მთავარი ხელმძღვანელი და იდეოლოგიური მომამზადებელი, იქნება ეს “თავისუფლების ინსტიტუტი” თუ სხვა, სწორედ მათ, ძალიან დიდ შეცდომებზე და ნაციონალიზმის არასწორ გაგებაზეა დამყარებული. ისინი ცდილობენ, ერთი მხრივ, დარჩნენ მე-19 საუკუნეში თავიანთი აზროვნებით და ამავე დროს აცხადებენ, რომ ქართველი ერი არის მულტიეთნიკური წარმონაქმნი. ეს უკვე შინაგანი წინააღმდეგობაა.
ამას დაემატა ოპოზიციის მხრიდან ნაციონალიზმის გამოვლინების რაღაც ახლებური და ველური ფორმაც კი. ეს არის უკვე გარელიგიურებული და გარადიკალურებული ნაციონალიზმის ძალიან სახიფათო ფორმა, როდესაც იგი შეერწყა მართლმადიდებლობას. ამან გამოიწვია, ერთის მხრივ, თავად ნაციონალიზმის გარელიგიურება - ის იღებს რელიგიის სახეს და აღარ არის უკვე სამშობლოს სიყვარული, არამედ ეს არის თაყვანისცემის რელიგიური ფორმა და, ამავე დროს, ეს ვნებს, პირველ რიგში, მართლმადიდებლობას და ეს ვნებს ქრისტიანობას, რადგან ქრისტიანობა თავისი არსით, როგორც უკვე ვახსენე, კოსმოპოლიტური რელიგიაა. პავლე მოციქულის სიტყვებია: არ არსებობს ბერძელი და ებრაელი, ყველა თანაბარია. არ არსებობს განსხვავება ერებს შორის. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა ქართულმა ეკლესიამ ახალი რელიგია გამოიგონა, რომელსაც არანაირი საერთო ქრისტიანობის ტრადიციულ გაგებასთან, ამავე დროს მართლმადიდებლობის ტრადიციულ გაგებასთან არ აქვს. სწორედ იმაშია განსხვავება, რომ არავითარი “ზეციური საქართველო”, - ასეთი წარმოდგენა არ შეიძლება იყოს ქრისტიანული, ეს არის ერთი ნაციის მიერ მითვისება უნივერსალურისა, რასაც ქრისტიანობა უპირისპირდებოდა გაჩენის დღიდან. მართლმადიდებლური ეკლესია გაჩნდა ბიზანტიაში, სადაც არ არსებობს ეთნოსები და ნაციები - ყველანი არიან თანაბარი, იქ არის ერთი იმპერატორი და არის ერთი იმპერია, შესაბამისად მართლმდადიდებლობა ყოველთვის იყო იმპერიული იდეოლოგია. დღეს ხშირად ისმის, რომ ქართული ეკლესია არის პრორუსული ორიენტაციის. ამაში არაფერია საკვირველია, იმიტომ რომ ეს მუხტი არის ჩადებული თავად მართლმადიდებლობაშიც. შუა საუკუნეებში ქართული ეკლესია, მაშინაც კი, როდესაც საქართველოს მეფეებს და მთავრებს ჰქონდათ ბრძოლა ბიზანტიასთან, ქართული ეკლესია პრობიზანტიური ორიენტაციის იყო და ეს იყო შინაგანი კონფლიქტი. სხვათა შორის, ეს აღწერილი აქვს ქართველ ნაციონალისტ მწერალს კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენაში”.

ნ.კ.- ჩვენს ქვეყანაში მაინც ყველაზე პოპულარული ყოველთვის არის ისეთი იდეოლოგია და რიტორიკა, რომელიც სწორედ ამგვარ ნაციონალისტურ, პატრიოტულ ფუნდამენტზე დგას. პოპულარულობას გარკვეულწილად ესეც განსაზღვრავს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაის შემთხვევაშიც, ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც და აგრეთვე ოპოზიციური მოძრაობის შემთხვევაშიც. სამივე მათგანი ემყარება და უმთავრესად არის დაფუძნებული, სწორედ ამ ნაციონალისტურ, პატრიოტულ ე.წ. ღირებულებებზე. ე.ი. ამ ნაციონალური, პატრიოტული ღირებულებების პრომოუტირების დაკვეთა არსებობს ქართველ ხალხში და საქართველოს მოსახლეობაში. როგორ ფიქრობ რა აჩენს ამ საჭიროებას?

გ.მ.- ეს არის, ერთის მხრივ, საკმაოდ სამწუხარო ფაქტი, იმდენად, რამდენადაც ხშირ შემთხვევებში ამ დროს, შეიძლებ ითქვას, რომ გარკვეულწილად ამ ეტაპზე ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების მარცხის ნიშანია. რამდენადაც ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს რეალურად ალტერნატივის შექმნას და ისევ და ისევ ერთ წრეში ტრიალებს. რაც შეეხება საზოგადოებრივ დაკვეთას, ხალხი იმას მისდევს, რასაც მას უნერგავენ თავში, რა იდეებითაც უვსებენ თავს. იქნება ეს მედიის საშუალებით პროპაგანდა, აღზრდის თუ სხვა. შესაბამისად ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ეთნიკურად ქართველს სძულს ეთნიკურად არაქართველი და მისი გაძევების მომხრეა. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ადამიანებს უდებენ თავში და თავს ახვევენ.

ნ.კ.- კულტურული იდენტობისთვის რაღაც ხომ სჭირდება ხალხს? რაღაცით ხომ უნდა იკვებებოდეს?

გ.მ.- არავითარი საჭიროება იმისათვის, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო და შევქმნათ თავისუფალი საზოგადოება, არ არის საჭირო მითების შექმნა. ეროვნული იდენტობისათვის არ არის საჭირო რაღაც ზღაპრების გამოგონება. დღეს ჩვენ საქმე გვაქვს საქართველოს ისტორიის მასიურ გაყალბებასთან, ეს არის საქართველოს ისტორიის ინსტრუმენტად გამოყენება, იმისთვის, რომ ადამიანებს აუბნიონ თავგზა. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო, როდესაც ვუყურებდი “დიდი ათეულის” საჯარო განხილვას, სადაც გამოვიდა ერთი ეპისკოპოსი და პირდაპირი ეთერში მოყვა რაღაც ზღაპრები, რასაც არაფერი საერთო ისტორიულ ფაქტებთან არ ჰქონია. მისი თქმით ილია ჭავჭავაძეს ნაბიჯი არ გადაუდგამს თავის მოძღვართან შეუთანხმებლად და დავით აღმაშენებელი ყველაფერს უთანხმებდა თავის მოძღვარს. ეს არის თავიდან ბოლომდე მოგონილი ზღაპარი. ეს ტყუილი ერთი თვის შემდეგ “საკანში” ოპოზიციურად განწყობილმმა ადამიანებმა, ქართველმა მსახიობებმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს, თითქოს ეს ფაქტი იყოს. ეს მოიგონა ეკლესიამ იმის გამო, რომ ამით დაიპყროს იდეოლოგიური სივრცე და ეცადოს იყოს დომინანტი, ფლობდეს ძალაუფლებას...

ნ.კ.- მხოლოდ ეკლესიამ? თუ ასევე ისტორიკოსებმა შეიტანეს წვლილი?

გ.მ.- ძალიან დიდი ცოდვა არის ისტორიკოსების კისერზე. ჯერ ერთი, “დიდი ათეულის” გარჩევაზე იქ მსხდომმა მეცნიერებათა დოქტორებმა ვერ გებედეს ხმა ამოეღოთ. პირიქით, თავი დაუქნიეს ამ აბსურდს, რომელიც იმ დარბაზში გაისმა. ეს მათი პირადი კონფორმიზმის ნიშანიც არის და ფაქტიურად იმის ნიშანიც არის, რომ ჩვენ ისევ და ისევ სტალინური ტენდენციით თავს ვუქნევთ ყველაფერს, რასაც რომელიღაცა ავტორიტეტული ორგანიზაცია გვკარნახობს. საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია კი ეკლესიაა, ფაქტია რომ მას დღეს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე სახელმწიფოს. სახელმწიფომ, პოლიტიკოსებმა ვერ მოახერხეს ალტერნატივის შექმნა. იგივეა ოპოზიციურ ნაწილში, ვინაიდან მათ საკუთარი გამომგონებლობის უნარი არ აქვთ და ვერავითარ ალტერნატივას ვერ ქმნიან, ისევ და ისევ სესხულობენ ამ დიდი ავტორიტეტისგან, ეკლესიისგან და ცდილობენ ის მიაწოდონ ხალხს, - რომ, აი, ჩვენს უკან დიდი ავტორიტეტი დგას! ფაქტიურად ეს არის სტალინიზმი, მეტი კი არაფერი, როდესაც ვიღაცა ავტორიტეტი არსებობს, რომლის გადასინჯვა, გადახედვა, ეჭვქვეშ დაყენება, კითხვის ნიშნის დასმაც კი არ შეიძლება - პატრიარქმა ბრძანა და მორჩა! საიდან მოდის ეს ყველაფერი? ეს არის ზუსტად სტალინის ანალოგია, ბელადმა ბრძანა ე.ი. მორჩა, ეს არ ექვემდებარება გადასინჯვას. ანუ ადამიანი, კონკრეტული პიროვნება, რომელსაც აქვს დიდი ავტორიტეტი, წყვეტს, რა არის ჭეშმარიტება, რა არის მართალი და რა ტყუილი. ეს არის ტოტალიტარიზმი და ამისგან ვერ ვთავისუფლდებით. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს აზროვნება, მით უფრო ტოტალიტარულები და არა თავისუფლები ვიქნებით. ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არა თავისუფლება, არამედ მონობის ერთი ფორმის მეორე ფორმით შეცვლა მოვინდომეთ. არა ის, რომ გავთავისუფლებულიყავით, არამედ ერთი სახის მონობა მეორე სახის მონობით შეგვეცვალა.

ნ.კ. - ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან. ცოტა ხნის წინ ჟურნალ “ლიბერალში” დაიბეჭდა კინოდოკუმენტალისტ სალომე ჯაშის პუბლიკაცია, “პატრიოტთა ბანაკებთან” დაკავშირებით. სალომე დოკუმენტურ კინოს იღებდა, სწორედ ამ ბანაკებზე და ამიტომ ამ ზაფხულს ამ ბანაკებში გაატარა საკმაოდ დიდი ხანი. პუბლიკაციის სათაური იყო “ლიდერი ყოველთვის მართალია”, პუბლიკაციაში კი ნაამბობი იყო იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ბანაკებში ბავშვების მთავარი, თამდევი დევიზია - ლიდერი ყოველთვის მართალია! ამ ფუნდამენტზე და იდეოლოგიაზე დგას ეს ბანაკები. ბანაკები კი ვიცით, რომ არის “ნაციონალური მოძრაობის”, დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, პროექტი.
დაკიდევ ერთი, რამდენიმე ხნის წინ ტელევიზიით ხშირად აჩვენებდნენ “საქართველოს ბანკის” რეკლამას, რომლი იდეაც ასეთი იყო: სხვადასხვა პროფესიის თუ ასაკის ადამიანები სარგებლობდნენ ამ ბანკის მომსახურებით. ვიდეორგოლში იყო მასწავლებელი, ინჟინერი, კიდევ რამდენიმე პროფესიის წარმომადგენელი და მათ შორის დამოუკიდებლად - “პატრიოტი”. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენთან პატრიოტი გახდა წოდება, სტატუსი, ამ რეკლამიდან გამომდიანრე კი პროფესიაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შესაძლებელია გვქონდეს ამ ხელისფლებასთან ეს პრეტენზია, სწორედ ამ ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ ლიბერალიზმს ქადაგებს და მას ლიბერალური ფასეულობების დანერგვა სურს. ჩემთვის ცოტა უცნაურია, რა განსაზღვრავს ამ პრეტენზიების განსხვავებულ ხასიათს. შენ როგორ შეაფასებ?

გ.მ.- ისევ პატრიოტიზმის თემის განსაღვრებას რომ დავუბრუნდეთ... ძალიან ჩვეულებრივი, ადამიანური და ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ადამიანს უყვარს თავისი მშობლიური მიწა, კუთხე, უბანი, ქუჩა, მთელი ქვეყანა, იმიტომ, რომ ის იქ გრძნობს თავს დაცულად, ნაცნობია ყველაფერი, ხედავ ხეებს და ეს გიცოცხლებს ბავშობის განცდებს და ა.შ. მაგრამ როდესაც ეს გარდაიქმნება რაღაც იდეოლოგიად, ეს აღარ არის სიყვარული. ეს არის სიყვარულის იდეოლოგიური სუროგატი, - შენ ვალდებული ხარ და უნდა გიყვარდეს! იქნებ არ მიყვარს, როდესაც მე შენ გაიძულებ, რომ შენ უნდა გიყვარდეს ვიღაცა, შენ მე უნდა მიყვარდე, ან მე შენ უნდა გიყვარდე ან ა.შ. ვეღარ შემიყვარებ, ეს მოგცემს უკურეაქციას, ეს ძალიან მარტივი ფსიქოლოგიური კანონია. სიყვარული არ არის იდეოლოგია, ის თავისუფალი გრძნობაა და არა თავსმოხვეული. პატრიოტიზმი კი ამ შემთხვევაში არის იდეოლოგია, რომელიც გაიძულებს. და ფაქტიურად რა დგას ამის უკან? გაჩნდა იდეოლოგია, რომ - “შენ ხარ პატრიოტი, შენ ვალდებული ხარ მსხვერპლად გაიღო შენი სიცოცხლე სამშობლოსათვის”. არ არსებობს კანონი, რომელიც გავალდებულებს საკუთარი სიცოცხლის დათმობას თუნდაც სამშობლოსათვის. მაგრამ პატრიოტიზმი არის სწორედ ის დანამატი, რომელიც უფრო ძლიერი უნდა იყოს ვიდრე კანონი, ანუ შენი თავისუფლება, შენი სამართლებრივი უფლებები შეზღუდოს ან მასზე მაღლა დადგეს და გაიძულოს აკეთო ის, რაც შენ სულაც არ გინდა. პატრიოტიზმი არის გარკვეული იძულების ფორმა, რომელსაც სიყვარულთან, სამშობლოს სიყვარულთან არაფერი საერთო არ აქვს, ეს არის თავს მოხვეული იძულების იდეოლოგია. კიდევ ერთი - “თუ პატრიოტი ხარ უნდა მოუარო შენს ქალაქს...” ის რომ არ უნდა დაანაგვიანო და არ უნდა გააფუჭო, - ეს არის სამოქალაქო ცნობიერება და პასუხიმგებლობა. ბევრი პატრიოტი ძალიან კარგად აფუჭებს, იპარავს და ანაგვიანებს, მაგრამ დალევს სამშობლოს სადღეგრძელოს და თუ შენც არ დალევ, შეიძლება გადაგამტვრიოს თავზე ყველაფერი.
მაგალითად ახლა ეს დისკუსიები საეკლესიო თემაზე: ადამიანები, რომლებიც თავს დებენ მორწმუნეობაზე, ღვთის მოშიშობაზე, მართლმადიდებლობაზე, შეიძლება თავი მოგაჭრან და დედას გაგინებენ გაუთავებლად. რანაირად შეიძლება ერთდროულად იყო სიყვარულის რელიგიის მიმდევარი და ამავე დროს თავ-პირს უხეთქავდე და დედას აგინებდე იმას, ვინც შენდამი კრიტიკულად არის განწყობილი ან გაკრიტიკებს. მაგრამ ყველაზე პარადოქსული მგონია სწორედ ეს დებატები, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელმა თეა თუთბერიძემ წამოიწყო და რაზედაც განგაშის ატეხეს. ცოტა შორიდან მოვუვლი. ოპოზიცია ხელისფულებას ბრალს დებს იმაში, რომ მას შემოაქვს ლიბერალიზმი და ეს კლავს ტრადიციებს. უამრავი საჭირო და აქტუალური პუნქტი არსებობს, სადაც შეიძლება ხელისუფლების გაკრიტიკება, მაგრამ ეს არავის ახსოვს, არავის ახსოვს, რომ მათხოვრებითაა ქუჩები სავსე და ხალხი გაუბედურებულია, მოხუცი ხალხი იძულებულია ქუჩაში იყოს და მათხოვრობდეს - ეს არავის აინტერესებს. სამაგიეროდ ის რომ, ეს რაღაცა მასონური შეთქმულებაა, რომ უცხოური ფული ჩვენ ტრადიციებს ებრძვის, ამაზე გამუდმებით ლაპარაკობენ. ან რომელ ტრადიციებზეა ლაპარაკი, რომელია ქართული ტრადიცია? ქართულ ტრადიციას, ეთნოგრაფიულად თუ შევხედავთ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ფშავ-ხევსურეთში არის ხელის მოჭრა. შემოვიღოთ ხელის მოჭრა? არის ასევე ქართული სუფრის ტრადიციები, ეს გაუთავებელი და ყალბი სადღეგრძელოების მთელი რიგი, რომელიც მოგონილია მეოცე საუკუნეში ვიღაცა ცეკას მდივნების, ქარხნის დირექტორების და მოქეიფე ხალხის მიერ, რომლებსაც მართლა საქმე არ ჰქონდათ გარდა იმისა, რომ ერთმანეთისთვის სიყალბე ეჩვენებინათ და თურმე ეს არის ქართული ტრადიცია. ერთი ქართული ტრადიცია დამისახელონ.
დავუბრუნდეთ ისევ ამ თემას. თეა თუთბერიძემ რეაქცია მისცა პატრიარქის განცხადებაზე, სადაც გემის კაპიტნის მეტაფორა იყო. აქ ისევ და ისევ შეჯახება მოხდა პატრიოტიზმის მე-19 საუკუნეში გაჩენილ ფორმასა და შუა საუკუნეების პატრიოტიზმებს შორის, ეკლესიაც ხომ პატრიოტულ ნიადაგებზე დგას, მაგრამ გვავიწყდება რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. შემზარავი ის იყო შემდგომ, რაც საპატრიარქომ წამოიწყო. თითქოს არავის აქვს უფლება პატრიარქზე გადაიღოს თუნდაც იუმორისტული ვიდეოები. რომის პაპზე არის უამრავი იუმორისტული ვიდეო და, სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ბენედიქტ მე-16-ს ჰკითხეს, რომ თქვენ რომ ტანკს და ბეტეერს გეძახიან თუ იცითო. მან სიცილით უპასუხა, რომ გერმანელი ვარ და პირველი ასოციაცია ხდება ტანკებთან, მანქანებთან და ა.შ. მან სიცილით და იუმორით მიიღო, - ეს არის დემოკრატია. ჩემი უფლებაა ვინც მინდა და როგორც მინდა ისე გავაშაყირო, ეს შაყირი მას არც სტკივა და არც კლავს. იქნებ დავსვათ საკითხი თუ რატომ არავინ არ ფიქრდება თუ რატომ აფინანსებს ჩვენი ჯიბეებიდან, ბიუჯეტიდან, სახელმწიფო ეკლესიას? რატომ უნდა გადაუხადოს საქართველოს არამართლმიდიდებელმა მოსახლეობამ ფული მართლმადიდებელ ეკლესიას? ჩემი აზრით, ის რაც ახლა გათამაშდა და მოხდა, არის ეკლესიის მორიგი მცდელობა ატეხოს დიდი სკანდალი, გაითამაშოს თუ როგორი “მძიმე დღე დაუდგა საქართველოს ეკლესიას” და ა.შ. ოდესმე ასეთი გაფურჩქნული ყოფილა საქართველოს ეკლესია? არასდროს ასე არ ყოფილა, არც ერთ საუკუნეში. დღეს ის არის ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელსაც უზარმაზარი ქონება აქვს და არ კმაყოფილდება ამ ქონებით, ყოველდღე ტერიტორიებს, სახლებს, ყველაფერს ითვისებენ... რაც ხდება ამაზე არ უნდა გვქონდეს პროტესტი? არ გვაქვს, იმიტომ, რომ ისევ და ისევ პატრიარქის აზრი არის ჭეშმარიტი.
ამ ვიდეო რგოლებს ჩვენ ვხედავთ წელიწადზე მეტია, მაგრამ ახლა გაახსენდათ. კიდევ დასამატებელია ის, რაც შარშან 30 ოქტომბერს მოხდა ჰელოუინის დღესასწაულზე, როდესაც ბავშვები ეკლესიის წარმომადგენლებმა დაარბიეს და ცემეს - ეს იყო კრიმინალი. ჰელოუინი არის ჩვეულებრივი კარნავალი და არაფერი სხვა, არაფერი საერთო ამას კელტურ ძირებთან აღარ აქვს, იმიტომ, რომ კელტებს არავითარი ფრანკენშტაინები და მულტფილმების პერსონაჟები არ ჰყოლიათ. ეს ჰალოუინი არის რაღაც ზღაპრული ფიგურების კარნავალი, ეკლესია კი ამას აღიქვამს როგორც სატანის თაყვანისცემას. ეს მათ გონებრივ შეზღუდლუობაზე მეტყველებს, უვიცობაზე და სიბნელეზე. კიდევ იმაზე, რომ ეკლესიას სურს თავისუფლების შეზღუდვა, ხალხის დაშინება და დამორჩილება.

ნ.კ.- ბოლო კითხვა. ისევ ჩვენს მთავარ თემას უნდა დავუბრუნდე, პატრიოტიზმს. შარშანდელი აგვისტოს ომის, დროს, იმ 5 დღის განმავლობაში, ის რაც ხდებოდა და როგორი სულისკვეთებაც იყო, მაგალითად, თბილისში - როგორ ფიქრობ ეს იყო თავისთავად ბუნებრივი მოქმედება ქართველი ხალხისა თუ ეს იყო გარკვეულწილად იმ პატრიოტული პროპაგანდის შედეგი, რომელიც უკანსკნელი წლების განმავლობაში არსებობს ჩვენს ქვეყანაში?

გ.მ.- მემგონი ეს იყო მთლიანად პროპაგანდის შედეგი და სამწუხარო ეს არის, რომ რეალურად არავის კითხვა არ დაუსვამს იმის შესახებ თუ რატომ მოხდა და რა საჭირო იყო ამის მოხდენა, სამწუხარო ეს არის სწორედ. მე მახსოვს 8 აგვისტოს საღამო, მე თბილისში ვიყავი, როდესაც გეგონებოდა, რომ დინამომ ევროპის თასი აიღო, მანქანები დროშებით და სიგნალებით, ადამიანები დარბიან და დროშებს აფრიალებენ... სრულიად არაადეკვატური რეაქცია იყო. რა გვიხარია, რომ ომი მიდის? თუნდაც იგებდე ამ ომს, სისხლი იღვრება, რატომ ასიგნალებ და რატომ დარბიხარ ქუჩებში?! მე ეს ვერ გავიგე, შემზარა და შემაშინა ამ ყველაფერმა და ეს იყო სამწუხაროდ, სწორედ მცდარი პროპაგანდის შედეგი. ადამიანი თავისი ბუნებით არ არის მკვლელი, მავნებელი და კაციჭამია თუ მას ამას არ ჩაუნერგავ!

2 comments:

Dv0rsky said...

ინტერვიუს აუდიოვერსია დავდე ჩემს ბლოგზე

Unknown said...

ამ სტატიის წაკითხვა როდის დავიწყე და დღეს ძლივს მოვახერხე ბოლომდე წაკითხვა. დიდი მადლობა! ფანტასტიური იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია ბევრი წაიკითხავს და მოუსმენს.