Monday, September 14, 2009
თქვენც მოგატყუებენ!
14 სექტემბერი, 2009 ""ლიბერალი"
ნინია კაკაბაძე
ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ჟან ბოდრიარი, ვიდრე ნიუ იორკში არ ჩავიდა და საკუთარი თვალით არ ნახა განადგურებული “ტყუპები” ისე არ დაწერა 11 სექტემბრის შესახებ. ბუნებრივია ბოდრიარის შესახებ ეს ამბავი უტრირებაა, მაგრამ უტრირებულია იმის საილუსტრაციოდ, რომ მედია სრულიად განსაკუთრებულ რეალობას გვიქმნის, რომელიც შესაძლებელია არ იყოს კავშირში “სინამდვილესთან” – ანუ, იმასთან, რის შესახებაც მზადდება ესა-თუ-ის სიუჟეტი და რეპორტაჟი. ბუნებრივია ამ წარმოსახვითი რეალობის დანახვა და აღქმა ნებისმიერ გონიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა გონიერი ადამიანებიც ტყუვდებიან.
ასე მითხრეს ბლოგის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვასო. მოკლედ წერა ზოგადად ჩემი პრობლემაა, ხოლო მედია მანიპულაცია ის თემა, რომელსაც, მაგალითად, ნოამ ჩომსკი რამდენიმე სქელტანიან წიგნს უძღვნის ლამის ყოველწლიურად. მე რომ გევრდნახევარში ჩავატიო სათქმელი, უსინდისობა იქნება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.
მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან, რამაც კიდევ ერთხელ ამ თემამდე მიმიყვანა. ყველა დამეთანხმება, რომ გიორგი არველაძის “იმედში” გამოჩენის დღიდან, გიორგის მონდომებული, პროფესიონალური ხელი, პირველ რიგში სწორედ საინფორმაციოს დაეტყო. რა იყო აქამდე? გულში ოპოზიციონერი, ბადრი პატარკაციშვილის მოტანილი “სიტყვის თავისუფლებაზე” მოტირალი ჟურნალსიტების მიერ ნაციონალური მოძრაობისთვის მიძღვნილი უღიმღამო სიუჟეტები. არავითარი დამაჯერებლობა, არავითარი კრეატივი, მხოლოდ “იმედის” აჩრდილი, რომელიც ბ-ნი ბადრის თქმის არ იყოს, ბოლოს კვდება. არველაძის ტელევიზია გაცილებით ლიბერალურია, დასავლურ, დემოკრატიულ ღირებულებებზეა აქცენტირებული. ის ებრძვის ისეთ მავნე ტენდენციებს, როგორიც არის რუსოფილია, ქსენოფობია, სტალინიზმი და ა.შ.
მირეკავს ჟურნალისტი და მთხოვს კომენტარი გავაკეთო 1. უნდა იმღეროს თუ არა, პაატა ბურჭულაძემ მოსკოვში მედვედევის პატრონაჟით ჩატარებულ სამხედრო საქველმოქმედო კონცერტზე? ბუნებრივია არა. 2. უნდა აპროტესტებდნენ თუ არა ქართველი, “კარენოი თბილისელი ჯიგრები” შავ ზღვაზე სომეხი ეროვნების ტურისტების დასვენებას. ბუნებრივია არა! თითქოს ყველაფერი მარტივად არის: მარტივი კითხვები, რომელზედაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი მაქვს. საღამოს ვრთავ ტელევიზორს, (მაინც გვიყვარს “ფეისებს” საკუთარი თავით ტკბობა სატელევიზიო ყუთში), ვუმზერ ჩემს თავს, სიუჟეტს და გულს მირევს ნინია კაკაბაძეც და სიუჟეტის პათოსიც. არადა ცალსახად ვეთანხმები რეპორტაჟის თემასაც და პრინციპში ჩემს საკუთარ სიტყვებსაც. პირველი რაც მაღიზიანებს ის არის, რომ ჩემდა უნებურად რაღაც პროპაგანდის, უფრო ანტიპროპაგანდის, ე.წ. შავი პიარის იარაღი ვარ. იარაღი იმ ადამიანის ხელში, რომელმაც გადაწყვიტა ტელემედიის საშუალებით მისთვის სასურველი ადამიანი შექმნას. სწორედ მისი მითითებაა, მაგალითად, ქსენოფობიიის წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტი რაც შეიძლება მკაცრი, კატეგორიული, პათეტიკური იყოს.
საინფორმაციოში მუშაობის გამოცდილება მეც მქონია და არა მარტო მანიპულაციის იარაღი თუ მსხვერპლი, არამედ მანიპულატორიც ვყოფილვარ. ერთი მაგალითი: რეპორტაჟს ვამზადებდი ახლად მშენებარე ეკლესიებზე, რომლებიც ჩვენს ქალაქში სოკოებივით მრავლდებოდნენ. მაშინ როდესაც ამდენი სოციალურად დაუცველი, შიმშილობის ზღვარზე მყოფი ადამიანი იყო, არ მესმოდა (არც ახლა მესმის) რატომ მოუწოდებდა საპატრიარქო ყოფილ ჩინოვნიკებს, მძარცველებს, ბანდიტებს მონაგარი ხურთმოძღვრებაში ჩაედოთ და არა ადამიანების დახმარებაში. მაშინ, ერთერთი მღვდელი ჩავწერე, რომელმაც ბუნებრივია არ მითხრა ინტერვიუში, რომ ეკლესიების მშენებლობა ცუდია და ამაზე კეთილი საქმე, მაგალითად, მოხუცებულთა თავშესაფარის, ანდა ბავშვთა სახლის აშენება იქნებოდა. მაგრამ ჩემს ხელში იყო ფირიც და სამონტაჟოც. ისე გავაკეთე რომ მამა (სახელს არ დავასეხელებ)-ს ვათქმევინე, რომ ეკლესიების მშებელობას არ მიესალმება. საღამოს ჩემმა რესპოდენტმა დამირეკა, (რომლის მიმართაც აშკარა სიმპათიით განვეწყვე) და მითხრა, რომ ძალიან ნაწყენია, მისი სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯის და ნათქვამის გადაკეთების გამო. მე ისღა დამრჩა ბოდიში მომეხადა და სხვა არაფერი.
და სულ ვფიქრობ რა განსხვავებაა ჩემსა და “იმედის” ჟურნალისტებს შორის? რატომ მომწონდა ჩემი სიუჟეტები და რატომ მაღიზიანებს “იმედის” უგემოვნოდ შეთითხნილი რეპორტაჟი? პასუხი ძალიან მარტივია და საშინლად ამბიციურად ჟღერს. მესმის ბევრი გაღიზიანდება. მეც ვღიზიანდები როდესაც მახსენდება, როგორ გადავაკეთე ერთი კარგი, ლიბერალი მღვდელის სიტყვები. მაღიზიანებს ისიც, რომ მახსენდება, როგორ მინდოდა ჩემნაირად ეფიქრა მაყურებელსაც და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებდი. მაგრამ ამბიციური პასუხი აქ არის. “იმედის” ჟურნალისტების ახალი სიუჟეტები საოცრად ყალბია, არადამაჯერებელი და უგემოვნო. რატომ? იმიტომ რომ ისინიც ქსენოფობები და რუსოფილები არიან. მე კი მჯეროდა იმის რასაც ვამბობდი და რასაც ჩემს რესპოდენტებს “ვაიძულებდი” ეთქვათ!
ვიღაც გულწრფელია საკუთარ ნამუშევარში, ვიღაც ყალბი და თუ კარგად დააკვირდებით ამასაც შეამჩნევთ. მაგრამ, რასაც ტელევიზორში ისმენთ, იმაში დასაჯერებელი არაფერია: ეს ჟურნალისტი ლაპარაკობს და არა რესპოდენტი. არც 11 სექტემბერის დაიჯეროთ, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავთ განადგურებულ ტყუპებს! ყურადღებით იყავით, თორემ თქვენც მოგატყუებენ!
P.S. როგორ მომნატრებია ტექსტების პირველ პირში წერა. 2 წლის წინ ამიკრძალეს და მითხრეს - შენ სვეტებს აღარ დაწერო. მადლობა ლიბერალს! :)
www.liberali.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
:))
400 სიტყვაზე ვინ თქვა :)
თუ სტატია საინტერესოა, ორჯერ ოთხასსაც წაგაკითხებს :)
ამ ბლოგზე ასეთი სტატიებია.
შიდა სამზარეულოში ჩახედვა კი ძალიან საინტერესო იყო. დიდი ხანია, ტელევიზიით მიღებული ინფორმაციების "გამოწურვას" ვცდილობ: ვფიქრობ ხოლმე, რა შეიძლება იყოს მართალი და რა – დამატებული. ჟურნალისტებს ჰგონიათ, სიყალბე შეუმჩნეველია, არადა ასე არ არის.
ასევე, ძალიან უყურადღებოებიც არიან. მაგალითად, რეპორტაჟის მომზადებისას არაერთ ლაფსუსს უშვებენ. ამას მაშინ მივაქციე ყურადღება, როცა კარგად ნაცნობ ღონისძიებაზე გაკეთებულ სიუჟეტში ორგაზაციების დასახელებები და საქმის არსიც შეცდომით გადასცეს.
Post a Comment