Thursday, December 25, 2008
ცვლილებები ანუ წინგადადგმული ნაბიჯი წარსულში
დეკემბერი 2008
ნინია კაკაბაძე
რადგან ახალი წელი მოახლოვდა, ვიტყვი, რომ ეს დღესასწაული ყველაზე მეტად აღაგზნებს მათ, ვინც ახალი წლისგან ცვლილებას, სიახლეს ელის. 31 დეკემბრის მომლოდინეები უფრო სწორედ ამ ახალი წლის ღამესა და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში “ახალი წლების” (ახალი წელი ხომ საქართველოში რამდენიმე გვაქვს) სადღესასწაულო განწყობასა და ღონისძიებებს ელიან. თუმცა არსებობს უფრო აბსტრაქტული ცვლილებების მოლოდინიც, რომელსაც სხვადასხვა ტიპის განწყობა შეიძლება ახლდეს თან. ერთნი თვლიან, რომ ნებისმიერი ცვლილება შეიძლება პოზიტიური შედეგების მომტანი იყოს, სხვებს კი აშინებს ეს ცვლილებები - შეიძლება ძალიან ცუდიც კიდევ უფრო ცუდით შეიცვალოს. სიტყვას “ცვლილება” საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ჩვენ მუდამ ათასგვარი კატალკლიზმების პირობებში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ, ამავე დროს, არაფერი იცვლება. არ იცვლება ჩვენი მენტალობა, არც იცვლება პრობლემები, რიტორიკა და ა.შ. და აი, მაგალითად, ვიდრე ახალი 2009 წლიდან კიდევ სხვა ახალ ცვლილებებს დავესწრებით, ვნახოთ, რა ტიპის ცვლილებების მომსწრენი გავხდით 2008 წლის მიწურულს.
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ მინისტრთა კაბინეტი მუდმივ წრეში ტრიალებს და, რაც მთავარია, მაშინ როდესაც ერთი მეორის ადგილს იკავებს, მეორე კი - პირველისას, არავინ თვლის საჭიროდ აგვიხსნას, რატომ შეიცვალა ის ერთი იმ მეორეთი. ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ პირველმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ვერ გაართვა საქმეს თავი და ახლა მეორე შეეცდება. იქნებ ერთმა შეცდომა დაუშვა, მეორე იმისთვის მოათავსეს მის ადგილზე რომ ეს შეცდომა გამოასწოროს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდებია, რადგან არავინ თვლის საჭიროდ აგვიხსნას, რატომ შეიძლება, რომ ნიკა გავარამია გია ნოდიაზე კარგი განათლების მინისტრი იყოს, ან ლაშა ჟვანია - ეკა შარაშიძეზე უკეთესი, მაშინ, როდესაც ჟვანია ეკონომიკის საკითხებზე დებატებისას ჟურნალისტზე ნაკლებად კომპეტენტური ჩანდა - მან პრაქტიკულად ვერც ერთ დასმულ კითხვაზე ვერ გასცა პროფესიონალური, დამაჯერებელი პასუხი. ასევე არ ვიცით, რატომ იქნება ვაჩეიშვილზე უკეთესი მინისტრი ნიკოლოზ რურუა. ვაჩეიშვილის შესახებ ის ვიცით, რომ პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეა, რურუას შესახებ ბევრი ვიცით, მათ შორის, მაგალითად, ის, რომ რეზერვში სავალდებულო მსახურების ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი იყო. რას შეიძლება ველოდეთ მისგან კულტურის სფეროში? იქნებ პატრიოტულ ბანაკში დასვენება გახდეს ყველა მოზარდისთვის სავალდებულო?!
ზემოთ ვახსენეთ, რომ შესაძლებელია მუდმივად ცვლილებების დინამიკა არსებობდეს, მაგრამ სინამდვილეში არაფერი იცვლებოდეს. ამ მოსაზრებების გასამყარებლად “განახლებული” “პირველი არხი” საუკეთესო მაგალითი თუ მტკიცებულებაა. “პირველის” ახალი ეთერიდან ხან საბჭოთა საქართველოს სურნელი მოდის, ხან კი - შევარდნაძის საქართველოსი, როდესაც სახელმწიფო არხს დემოკრატი კომკავშირლები მართავდნენ. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი არხის მთავარი დანიშნულება ნებისმიერ ქვეყანაში არის, ინფრომაცია მიაწოდოს მოსახლეობას, იზრუნოს მის განათლებასა და გართობაზე. დღის განმავლობაში ათჯერადი საინფრომაციო გამოშვება ახალმა ხელმძღვანელობამ ოთხზე დაიყვანა, განათლება მთლიანად გააუქმა და ერთადერთი ფუნქცია აიღო საკუთარ თავზე. ის ჩვენს კარგ განწყობაზე ზრუნავს. სიმპტომატურია, რომ არხმა ძველი სახელწოდება დაიბრუნა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაცვლად, ისე როგორც წარსულში, “პირველი არხი” დაირქვა, სიმბოლოდ კი ვარდისფერი ერეგირებული ფალოსი აირჩია.
ვარდისფერი სათავლით ვადევნებთ თვალს ახალ ეთერს. დილიდან საღამომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან საზეიმო განწყობა მოდის, აქ საუბრობენ ყველაფერზე და, ამავე დროს, არაფერზე, ლამაზი წამყვანები, მჭახე ფერები, ბევრი მუსიკა და ბევრი ცეკვა, სადღეგრძელოები, ძველი “კარგი” ქალაქური სიმღერები და ა.შ. და ა.შ. დღევანდელ პუბლიკაციაში მხოლოდ ზოგადად აღვწერთ ამ ახალ ეთერს და მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე შევაჩერებთ ყურადღებას.
აი, მაგალითად, არსებობდა ახალგაზრდული გადაცემა “კედელი”, რომელიც, ავად თუ კარგად, საბჭოთა კედლის დამსხვრევას ცდილობდა, გადაცემა ხშირად ეხებოდა არაპოპულარულ თემებს და ცდილობდა ახალგაზრდებისათვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. მას ჰყავდა წამყვანები, რომლებიც სვამდნენ კითხვებს, იყვნენ ადეკვატურები და აშკარა იყო, რომ ისინი გადაცემის წამყვანებად გონებრივი და არა ფიზიკური მონაცემების მიხედვით აარჩიეს. დღეს ახალი ახალგაზრდული გადაცემა გვაქვს, რომელიც იმდროინდელ გადაცემას გავს, ბოლოს მონაწილემ რომ დიძახა - “ჩვენთან, საბჭოთა კავშირში, სექსი არ არის!” როგორც ჩანს, ეს ახალი გადაცემა “კედლის” დაუძინებელი მტერისთვის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისთვის მზადდება. მართლმადიდებელ მშობლებს კი სწორედ ის მოთხოვნები აქვთ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც კომუნისტურ პარტიას ჰქონდა 80-იან წლებში. ამიტომაც, ძველ დროში დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სწორედ ეს უკანასკნელი გადაცემაა, სახელწოდებით “მოკლე ჩართვა”.
სხვა გადაცემებშიც იდენტური პათოსია. აი, ფრაგმენტი ერთ-ერთი გადაცემის ანოტაციიდან - “სტუმრები საუბრობენ ქალაქურ ჩვეულებებზე, მათ შენარჩუნებაზე და მოდერნიზაციაზე, საუბარი გაზავებულია ქალაქური ისტორიებით და სიმღერებით...” - ასეთია, მაგალითად თოქ-შოუ “ნაცნობი”. “ლევან ერისთავის სათვალე” ცდილობს გაართოს მაყურებელი, იუმორისტულ ჭრილში დაანახოს მას არსებული რეალობა, პრობლემები...” ნინო ქაჯაიას კი მიზნად დაუსახავს “დააინტერესოს მაყურებელი ისეთი თემებით, რომლებზეც თითქოს ყველა საუბრობს, მაგრამ რომელთა შესახებ ჯერაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება”. Aამ უკანასკნელი გადაცემის წამყვანი, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ყველაზე მეტად გამოჩენილი ადამიანების პირადი ცხოვრება აინტერესებს, ხოლო კითხვა, როგორ შუყვარდათ ერთმანეთი ცნობილ ადამიანებს, პასუხგაუცემელ და აქტუალურ კითხვათა კატეგორიაშია. ძალიან ამბიციური ანოტაცია, რომელიც დახურული თემების გახსნას მოგვასწავებს, მხოლოდ “ფეისების” “ჟიზნენი” ისტორიებში ვლინდება... ოპონენტები აქ გვეტყვიან, რომ სწორედ ამ მდარე ხარსხის სატელევიზო ნიმუშების ნახვა სურს მაყურებელს და ასე უგემოვნოდ სურს გართობა, ამიტომ არხიც საკუთარ რეიტინგზე ზრუნავს. მაგრამ პირველი არხის ხელმძღვანელობას ავიწყდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი საზოგადოების განათლება, არაპოპულარული თემების გაშუქება, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ზრუნვაა. პოპულარულ თემებზე, ვარსკვლავებზე და მათ პირად ცხოვრებაზე თამამად შეუძლია იფიქროს და იზრუნოს კერძო ტელეკომპანიამ. რეიტინგზე კი საზოგადოებრივი არხი ნაკლებად უნდა ფიქრობდეს.
განახლებულ პირველ არხზე ნებისმიერი გადაცემა შესანიშნავ მასალას წარმოადგენს მედია-მკვლევარებისთვის, მაგრამ მთავარი ის ტენდენციაა, რასაც საბჭოთა საქართველოს და მისშემდეგ არსებული შევარდნაძისეულ-კომკავშირული საქართველოს ტრადიციის გაგრძელება ქვია. გადაცემების პათოსი საბჭოთაა, აშკარაა ნოსტალგია კარგ, ძველ, გემრიელ და ნაღდ თბილისურ თუ ქართულ ატმოსფეროზე, აქვე გამოჩნდა მხედრიონის იდეალიზირების მცდელობაც, ახალ წელს ისევ “ჩხკივთა ქორწილს” შემოგვთავაზებენ, როგორც ძველ დროს იყო... ამიტომაც ძალიან სიმპტომატურია, რომ გადაცემა “წითელი ზონა”, სადაც საბჭოთა წარსულის ანალიზი ხდებოდა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას - იმისათვის, რომ სამუდამოდ დაივიწყოს საბჭოთა საქართველოს ტრადიცია - ყველაზე მეტად სჭირდება, გაქრა! რასაკვირველია, ამ გადაცემის ამ არხის დღევანდელ ბადეში ჩასმა, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური იქნებოდა, რადგან “წითელი ზონისა” და დანარჩენი გადაცემების შეუსაბამობა საბოლოო ჯამში აბსურდში გარდამავალ კომიკურ ეფექტს შექმნიდა. ასე, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ საზოგადოებრივი ტელევიზიიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ, პირველი არხისკენ, უკან წარსულში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
7 comments:
ეჰ...
მინდა სრულიად დავეთანხმო სტატიის პათოსს - იმის მცდელობაში, რომ არხი უფრო ”ყურაბადი” გაეხადათ, ეს ტელევიზია იქცა პროვინციული ფაშიზმის, მარაზმისა და ბნელეთის კერად. თუ მასირებული შეტევა არ დაიწყო ამ ყველაფრის შემქმნელებზე, მალე კიდევ უფრო ცუდ სიტუაციაში ჩავვარდებით
გია ჭანტურიას ინტერვიუში უთქვამს ამ ახალი არხით, თუ განახლებული პროგრამირებით (ტექსტი გადმოცემით ვიცი და თუ ვორდინგი :) შემეშალა, ბოდიში) ბებერი ქალი მოვკალითო. ამათ ოიდიპოსის კომპლექსიც ვერ ემართებათ რიგიანად. გახსოვთ, ალბათ, ოიდიპოსის არაცნობიერი ლტოლვანი - მამის მოკვლა და ა.შ.... აი, პერვერსიის პერვერსია! დედის მოკვლა რომ გინდა, ამას ხომ ელექტრას კომპლექსი ქვია და ის გოგონებს ემართებათ. რა სჭირს ჭანტურიას? გასარკვევია! ერთდროულად სექსისტური და ეიჯისტური განცხადება, ნამდვილი თაიგულია. რას გვერჩის ბებერ ქალებს? Help!!!!
საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაა შეურაცხყოფილი, ჯერ სლოგანს შეხედეთ: ”განწყობისთვის” ვითომ გასართობი რადიოარხი იყოს: smooth jazz! უჟასი ნაშეგო გოროდკა!
გია ჭანტურიას გამონათქვამებს ახალ, დამოუკიდებელ სტატიას ვუძღვნი! მომავალი წლის პირველივე დღეებში შემოგთავაზებთ:))) ამ სიამოვნებას არც საკუთარ თავს მოვაკლებ და არც მკითხველს:))
ცხონებული ბაბუაჩემი მიყვებოდა ხოლმე კომუნისტების დროინდელ ანეგდოტს:
„განცხადება გაზეთში - პურ-პროდუქტებსა და საკვებზე შექმნილი დეფიციტის აღმოფხვრის საქმეში ჩემი პირადი, ღრმად პატრიოტული ღვაწლის შეტანის მიზნით ვაცხადებ - გთხოვთ გამცვალოთ ერთ ტომარა კანადურ პურის მარცვალში!“
...
მე უკვე აღარაფერი მაკვირვებს, მაგრამ ერთი კითხვა მაინც მაწუხებს - საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი ადამიანები აპროტესტებდნენ იმ მუსიკას, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტები უკრავდნენ მათთვის რადიოში?
ალბათ ჩვენც, როგორც გეტოში მყოფ „ნამდვილ“ პატიმრებს შეეფერებათ, ხმა არ უნდა ამოვიღოთ...
სარტრი ამბობდა, ადამიანი შეიძლება იზოლირებული პატიმარი იყოს, მაგრამ შინაგანად უფრო თავისუფალი ვიდრე „თავისუფლებაზე“ მყოფი ადამიანიო. საინტერესოა, სოციალიზმით (და ბოლოს უკვე კომუნიზმით) გატაცებული სარტრი და ბოვუარი რომ გააცოცხლო და რამდენიმე თვე ჩვენთან აცხოვრო, რა ხმაზე აჭიკჭიკდებოდნენ? რომელ შინაგან თავისუფლებაზე შეიძლება საუბარი როდესაც ირგვლივ ყველა (!) სფეროში სრული „ტყლიარწი“ სუფევს (არ ვიცი რამდენად ადეკვატურია ეს სიტყვა და არც ის ვიცი ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე ამ სიტუაციის შესაფასებლად).
აღარაფერი მაკვირვებს-თქო, წეღან ვთქვი. ხო, აღარ მაკვირვებს, იმიტომ რომ ვცდილობ არაფერ „ქართულს“ აღარ ვუყურო, რადგან ისე ვითრგუნები, რომ მერე ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადახვეწის სურვილი აღარ მაძინებს...
1 arxis kritikaze gamaxsenda. erT dilas gadavwyvite dilis gadacemebi menaxa da Sesabamisad samsaxurSic davigvianeJ gjeraT? SemeSinda. `dejavu~ damemarTa. erTidaigive ucxouri niusebi, erTidaigive Temebi. etyoba niusebs kopirebiT Targmnian da winadadebebis wyobac ki erTnairi iyo. `rusTavi 2~ Tan cdilobs `isveckos~, `imedis~ codviT aRar var. ai, 1 arxis `diqtorebi~ ki iseTebi sxedan eTerSi, rom saxeze aweriaT, au, ra uceb avkrifeT reitingioJ
როდესაც სიმბოლო ერეგირებული ფალოსია, სახელწოდებაში აუცილებლად პირველიც უნდა (ალბათ) გაჩენილიყო :)
რა კარგია, რომ ასე დეტალურად არის ჩამოთვლილი გაუქმებული და "ახალი" გადაცემების შესახებ.
აბსოლუტურად გეთანხმებით.
Post a Comment