Wednesday, January 7, 2009

ოსვენციმის მენეჯერი ანუ “...”


ნინია კაკაბაძე

საკმაო ხანია დასავლეთში გაჩნდა ერთი ახალი აბრევიატურა PC, რაც იშიფრება როგორც “პოლიტკორექტული”. 2004 წელს იტალიელმა მწერალმა უმბერტო ეკომ პუბლიკაცია მიუძღვნა იმ მოვლენას, რომელიც ამ ტერმინით აღინიშნება. ეკო წერს, რომ შესაძლებელია ზედმეტმა პოლიტკორექტულობამ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ადამიანებს, რომელთა დასაცავადაც ის იქნა შემოტანილი. ეკო სტატიაში ხუმრობს კიდეც, რომ შესაძლებელია მალე კოვბოის ხარ-ძროხმართვის ოპერატორი ეწოდოს, მიწსძვრას - გეოკორექცია, გამელოტებას - ფოლიკულარული რეგრესია და ა.შ. ოფიციალური განმარტებით, პოლიტკორექტულობა არის მეტყველება, სადაც რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური ნაკლის, რელიგიისა და პოლიტიკური მრწამსის აღმნიშვნელი ლინგვისტური დეფინიციები ევფემიზმებითაა ჩანაცვლებული (ევფემიზმი - ესაა სიტყვა ან გამოთქმა, რომლითაც შეცვლილია სხვა, რაიმე თვალსაზირისთ მიუღებელი ტერმინი). პოლიტკორექტულობის მთავარი პრინციპი საწყის ეტაპზე, როგორც იტალიელი მწერალი ამბობს, “არის ჰუმანურობა და ცივილურობა და არ უნდა დავუშვათ ჩვენს მეტყველებაში გამონათქვამები, რომლებიც გულს ატკენს სხვა ადამიანებს, ისეთივე ადამიანებს, როგორებიც ჩვენ ვართ”. სწორედ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ყველი ჩვენთაგანისთვის. უმბერტო ეკოს ამ გონებამახვილური პუბლიკაციის დაწერა (“პოლიტკორექტულობის შესახებ”) იქიდან გამომდინარე მოუხდა, რომ დასავლეთში პოლიტკორექტულობა, გარკვეულ შემთხვევებში, გონივრულობის საზღვრებს გასცდა. ხშირად მის გამოყენებას საპირისპირო, დამამცირებელი ეფექტიც კი აქვს ან ის, უბრალოდ, კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ ეს საქართველოს არ ეხება. ქვეყანაში, რომელმაც ვერ გაითავისა სიტყვა “ეთიკა”, ძნელია, კორექტულობა და “ენის ჰიგიენა” მოვითხოვოთ. ყველას კარგად ახსოვს ახლო წარსულში ბერლუსკონის გამოთქმა ობამას მისამართით, რომელიც მდარე და შეურამწყოფელი იუმორით იყო შეფერილი. ამას მოჰყვა საყოველთაო აღშფოთება და, ბოლოს, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის, წარმოშობით იტალიელი კარლა ბრუნის განცხადება: “მიხარია, რომ აღარ ვარ იტალიის მოქალაქე”. მეც გამიხარდებოდა, რომ გია ჭანტურია არ წარმოადგნედეს საქართველოს და, რაც მთავარია, არ იყოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური პროდიუსერი, - ადამიანი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივი არხის მეშვეობით სამოქალაქო ცნობიერების, გემოვნების, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში... და, აი, რატომ:

საბედნიეროდ ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა უკვე გაიგო გია ჭანტურიას განცხადება, გაკეთებული ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელიც განახლებულ “პირველ არხს” ეხებოდა. ჭანტურიასთვის დასმულ კითხაზე: “დამისახელეთ გადაცემა, რომელიც უმცირესობისთვის არის შექმნილი”, არხის გენერალური პროდიუსერი კონტრშეკითხვით პასუხობს: “პიდარასტებისთვის?” და შემდეგ აყოლებს: “ხეიბარი უნდა იყოს წამყვანი? მეუბნებით, რომ ჰომოსექსუალმა უნდა წაიყვანოს გადაცემა ჰომოსექსუალებზე?” ამას მოსდევს პასაჟი: “ეს ტელევიზია ცოცხალია, ამის შანსი აქვს. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, ის ბებერი ქალი მოგვეკლა, რომელთანაც ასოცირდებოდა ეს ტელევიზია...”

“ბებერ ქალს” ასეთი ისტორია ჰქონია: გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე - თუ რასთან ასოცირდებოდა აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი, პროცენტულად ყველაზე მეტ მოქალაქეს ის “ბებერი ქალისთვის” შეუდარებია. არცერთი სოციოლოგი მიღებულ შედეგს ამ სახით არ გაახმოვანებდა, მაგრამ ამაზე გია ჭანტურიამ არ იფიქრა, არ იფიქრა, რომ შესაძლებელია მოხუცებულმა ქალბატონებმაც წაიკითხონ მისი განცხადება და შეურაცხყოფილნი დარჩნენ. ალეგორია, რომელსაც გია ჭანტურია იყენებს, ცალსახად არაეთიკური, დამამცირებელი და არაჰუმანურია - ის მოხუცს ქალს სიკვდილისთვის იმეტებს. ბუნებრივია, ამას გია ჭანტურია ვერ მიხვდება. შეიძლებოდა გამოგვეთქვა ვარაუდი, რომ “პირველი არხის” ახალი ფალიკური ლოგოს დასაბამი სწორედ ახალგაზრდა მამრის ქვეცნობიერში უნდა ვეძიოთ და გვეფიქრა, რომ ამით ის საკუთარ ძლევამოსილებას მოხუც ქალბატონებს უმტკიცებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ საზოგადოებრივ არხზე ყველაფერს იტყვი, გარდა იმისა, რომ ის ახალგაზრდებისთვის მაუწყებლობს. არხი თითქოს მათთვის შექიმნა, ვისაც საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო არხის ნოსტალგია აქვს.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებსაც არ წყალობს გია ჭანტურია და თვლის, რომ არც მათ აქვთ ეკრანზე გამოჩენის უფლება. ევროინტეგრაცია სურს ჭანტურიას (ამის შესახებ მას საჯაროდ არაერთხელ განუცხადებია), მაგრამ არ იცის, რომ ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირიც ისეთივე უფლებებით სარგებლობს, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე. ის, რომ ჭანტურიას “ბებერი ქალის” მოკვლა სურს, თუნდაც სიმბოლურად, და “ხეიბრის” ადგილს ეკრანზე ვერ ხედავს, შესაძლებელია ქართულმა საზოგადოებამ არ მოუწონოს. არ არის გამორიცხული, ამისთვის მან საჯარო შენიშვნაც კი მიიღოს. აი, ჰომოსექსუალების უფლებების დაცვას კი დღეს ცოტა თუ გაბედავს. პირველი არხის გენარალურმა პროდიუსერმა ეს ზუსტად იცის და მისი განცხადებაც სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ ჰომოსექსუალების ქილიკი მოწონებას დაიმსახურებს. რა კმაყოფილი დარჩება, მაგალითად, ყველა “ჭეშმარიტი მორწმუნე” ან “ჭეშმარიტი მორალისტი”, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველა მისგან განსხვავებული ადამიანი ერთ გემზე უნდა დასვა და შუაგულ ზღვაში ჩაძირო. და საიდან უნდა ისწავლონ ადამიანებმა ტოლერანტობა, თუკი სატელევიზიო მედიას, რომლის პირდაპირი ფუნქცია საზოგადოების განათლებაა, სათავეში ჭანტურიას მსგავსი ფაშისტი ჰყავს და ის არა მხოლოდ გემოვნების, არამედ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზეც “ზრუნავს”. ის, რომ ქართული საზოგადოება სავსეა ჭანტურიებით, საზოგადობრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა იცოდა. ასეთები მაყურებელთა რიცხვშიც არიან და, რაც მთავარია, ჟურნალისტთა რიგებშიც. ამიტომ ქცევის კოდექსი, რომელიც მიღებული იქნა 2006 წელს, ლამი წინასწარმეტყველურია. კოდექსის მე-15 თავის მე-9 პუნქტში ნათქვამია:

“ჰომოსექსუალები ხშირად შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან. ჰომოსექსუალები და ბისექსუალები უმცირესობას შეადგენენ და გადაცემის ავტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინიც, სხვების მსგავსად, საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ.
გადაცემაში ჰომოსექსუალის სექსუალური ორიენტაცია აღნიშნეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თემას უშუალოდ უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევთ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ხელს შეუწყობთ სტერეოტიპის გაძლიერებას.
ყურადღება გმართებთ სიტყვებისა და გამოთქმების შერჩევისას. თქვით ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი. დაუშვებელია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა `მამათმავალი~, `პედერასტი~, `ცისფერი~. ნურც გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს მისცემთ უფლებას, ამგვარი სიტყვები გამოიყენონ.”

ალბათ, პროფესიული სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის ეს კოდექსი, რომელიც თამარ კინწურაშვილის პერიოდში იქნა მიღებული, ერთბაშად განადგურდა. საქართველოში მავნე ტრადიციების გაგრძელება უყვართ ახლებს, რომელნიც ძველის ადგილს იკავებენ, კარგი და, რაც მთავარია, პროფესიული ინიციატივები ყოველთვის იკარგება და ქრება. საზოგადოებრივ არხზეც კინწურაშვილი ისევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე, შევარდნაძის იმიტატორმა გია ჭანტურიამ ჩაანაცვლა, რომელიც სანამ სხვას ასწავლიდეს ეთიკის პრინციპებს, თავად უნდა იმეცადინოს და, პირველ რიგში, გაიგოს, რას ნიშნავს ტოლერნატობა, თანასწორობა, ადამიანის უფლებები და ა.შ.

ბოლოს ისევ უმბერტო ეკოს დავუბრუნდები, რომელიც მის სტატიას “პოლიტკორექტულობის შესახებ” ასე ასრულებს: “მემგონი არ ღირს ბერლუსკონის “ფოლიკულარული რეგრესიის სტადიაში მყოფი, ვერტიკალურად შეზღუდული სუბიექტი” ვუწოდოთ...” (მაშინ, როდესაც შეიძლება ბერლუსკონის მსგავს სუბიექტებს თავისი სახელი დავარქვათ - ნ.კ.), რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანებს, პატივი ვცეთ მათ, მაგრამ როდესაც საჭირო იქნება და ვინმე ჭანტურია ფაშისტური, ქსენოფობური, ჰომოფობური თუ გერონტოფობური გამოხდომებისათვის ამას დაიმსახურებს, მას “ფოლიკულარული რეგრესიის სტადიაში მყოფი ოსვენციმის მენეჯერი” კი არ ვუწოდოთ, არამედ თავისი სახელი დავარქვათ - “...”

24 comments:

Anonymous said...

საქართველოში უკვე არის ოფისები, სადაც დამლაგებლებს ჰიგიენის მენეჯერები ჰქვიათ...

მომწონს, რასაც წერთ, როგორც წერთ.

denkes said...
This comment has been removed by the author.
denkes said...

ეს მიდრეკილება ისევ ხალხის დაკვეთით გაჩნდა. საერთაშორისო სიტყვების გამოყენება და უცხო სიტყვების გადმოქართულება არაფერია თუ არა ენობრივი ბარიერის გადალახვის მცდელობა. ამ მოვლენას მოდის იარლიყი აქვს დადებული და ახალგაზრდობაში ასე ვთქვათ მოსული პონტია. თანამედროვეობას უსვამენ ხაზს და ჰგონიათ, რომ ამ სიტყვების გამოყენებით უფრო ჭკვიანები გამოჩნდებიან .
დალაქს სტილისტი გადაარქვეს, მეწაღეს დიზაინერი და ა.შ.
ეტყობა ასე უფრო "მოდურად" ჟღერს.


"ვაიმე ჯიზს"

Anonymous said...

ici, yvelaze metad ra mainteresebs?is adamianebi, viszec wert am statiebs ar kitxuloben?

Alexander said...

ნინია გაიხარე, არ ვიცოდი შენი ბლოგის არსებობის შესახებ და დიდი მადლობა ამ სტატიისთვის, რომელიც აქ გიწერია. თემა რა თქმა უნდა გაგრძელდა და შესაძლოა მართლაც "უბოროტოდ" წარმოთქმულმა ერთმა სიტყვამ ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია. პრინციპში, ეს ალბათ ცუდი არც არის, რადგან კამათში რამე სასარგებლო შეიძლება ვიპოვოთ კიდეც, ანუ ზოგი ჭირი მარგებელიაო, როგორც ჩვენში იტყვიან. ჯერჯერობით მხოლოდ ეს ერთი სტატია წავიკითხე და სურვილი მაქვს სხვებსაც გადავხედო. თუ წინააღმდეგი არ იქნები, როცა თანხმობას მივიღებ, სიამოვნებით დავამატებ შენს ბლოგს ჩემთან ბლოგროლში. თუმცა მესმის, რომ შეიძლება ამის წინააღმდეგიც იყო, და არა იმის გამო, რომ გეი ბლოგი მაქვს, არამედ სხვა მიზეზების გამო. მოკლედ, შენს პასუხს დაველოდები :)

Anonymous said...

მიხარია, რომ ამ ქვეყანაში კიდევ დარჩნენ ადამიანები. სტატიით ავღფრთოვანდი. კარგი ინებოდა ახალგაზრდებს გ. ჭანტურიას და ლ. ყუბანეიშვილსაც გადაეკითხათ. შეიძლება ვინმესგან მოელოდე ასეთ დამოკიდებულებას და მაგრამ არ მოველოდი სწორედ ჭანტურიასგან. რეკლამის გაკეთება სხვსი უბედურების ხარჯზე სირცხვილია და უღირსი საქციელია. საერთოდ, ბევრია სასირცხვილო თანამედროვე ქართულ რეალობაში და რაღა თქმა უნდა მედია სივრცეში. მართალი გითხრათ სასტიკად გავღიზიანდი "ბებერი ქალის" მკვლელობაზე რომ დაიწყო საუბარი. პატივი მაინც ვცეთ ძველ მაგრამ ასაკიან ტელევიზიას, რომლითაც ერთ დროს ძალიანაც ამაყობდა ძველი თაობა. იმის მაგიერ რომ შევინახოთ, თუნდაც მუზეომის ექსპონატად, გაუპატიურებით არიან დაკავებულნი. ძალიან მწყინს და გული მტკივა. ასეთი ახალგაზრდების იმედით ვერ ვიქნებით "ბებერი" თაობა.

მადლობა ნინია ობიექტური სტატიებისთვის. და გარწმუნებთ ყველას რომ ჩვენც გვიყვარს ინტერნეტით სარგებლობა.

"მოხუცი ქალი", სხვათაშორის ლესბოსელი.

P.S. ჭანტურიასაგან ბოდიშს ველოდებით. ბოლოსდაბოლოს ჩვენი გადახდილი გადასახადებით მიაქვს სახლში ხელფასი.

Anonymous said...

ვფიქრობ კარგია თუ ცუდი, ტელევიზიას რომ არ ვუყურებ. ბოლო ორმა სტატიამ დამარწმუნა რომ ბევრს ვკარგავ, მაგრამ ნერვებსაც ვზოგავ.

პ.ს. ისე გია ჭანტურიას "კავეენშიკობის" პერიოდში ბოლო ფულით ვყიდულობდი ფილარმონიაში ბალკონზე შესაძვრომ ბილეთს :)

ninia said...

ძვირფასო gayguy სადაც გინდა იქ დაამატე და როგორც გინდა ისე გამოიყენე ბლოგიც და სტატიაც. პირიქით, ეს ჩემთვის პატივია და არც ვიცი, რატომ შეიძლება რომ წინაღმდეგი ვიყო...

Alexander said...

მადლობა ნინია, გამეხარდა შენგან თანხმობა. წინააღმდეგი შეიძლება იმიტომ ყოფილიყავი, რომ ცნობილი ჟურნალისტი ხარ, და შესაძლოა უბრალო მოკვდავთა ბლოგზებზე (მით იმეტეს გეი ბლოგზე) შენი ბლოგის ლინკის გამოჩენა არ მოგწონებოდა :) მაგრამ ეს უკვე გავიარეთ, მოკლედ გამატებ და კიდევ ერთხელ მადლობა :)

Anonymous said...

madloba ninia kakabadzes am statiistvis. iqneb shedzlot televiziit gamosvla da am yvelafris tqma? blogebs cota vinme kitxulobs, arada aseti saxis jansagi kritika yvelaze metad sachiroa chveni sazogadoebisaTvis.
madloba kidev ertxel!
irakli

Anonymous said...

რა იპოვნეთ "პირველი არხის" ლოგოში ფალოსური? მე მგონი, ეს იგივე ჭიაყელაა, ოღონდ ოფრო მოკლე და სხვა სიბრტყეში იკლაკნება. ასე რომ, მისი დასაბამი ახალგაზრდა მამრისკი არა, საღდაც ტელევიზიაში დაბუდებული ჰელმინტოლოგის ქვეცნობიერში უნდა ვეძიოთ.

Anonymous said...

ეს ბლოგი დღეს ვნახე, მას მერე, რაც ბნ. გვახარიას გადაცემას ვუსმინე რადიო თავისუფლების ეთერში. მადლობა მინდოდა გადამეხადა საინტერესო სტატიებისათვის. მაგრამ კითხვის დროს ასეთი შეკითხვა დამებადა: რა ხეირი მერე? მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ პრობლემებზე არათუ ფიქრობენ, არამედ წერენ და ეს სტატიები გაზეთშიც იბეჭდება. მაგრამ ხეირი? მეგობრებთან მქონდა კამათი თავის დროზე გვახარიას ფსიქოსთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტური იყო ის გადაცემა და ერთერთმა იკითხა: რა მოგცა კი მარა იმ გადაცემამ, იქ რაც ნახე, ისედაც იპოვიდი თუ გაინტერესებდა და თუ არა, ლანძღვის მეტს არაფერს გააკეთებდიო. ამ სტატიის წამკითხავიც ეგრე იქნება, თუ ასევე ფიქრობს, ანუ აქვს ყველა საჭირო მორალური თვისება რაც ზოგადად საშუალო ნორმალურ ადამიანს უნდა ქონდეს, დაეთანხმება ყველაფერს, რაც აქ წერია, მაგრამ მის პიროვნებას ამით არაფერი შეემატება. იმ ადამიანებს კი, ვისაც მორალურობის არაფერი ესმით, თავს მაინც "ქრისტიანებს" უწოდებენ, სხვებს ერთ გემზე ათავსებენ და ძალიან შორს უშვებენ, რა შეემატებათ ამითი მათ? თუ საერთოდ წაიკითხავენ ამ სტატიას ბოლომდე, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. პატივისცემით

Alexander said...

ბოლო ანონიმური კომენტარის ავტროს ვეტყოდი, რომ გარწმუნებთ გვახარიას „ფსიქომაც“ და სხვა გადაცემებმაც დიდი საქმე დააგკეთეს თავის დროზე, ბევრი საინტერესო ფილემი აჩვენეს, რომელთაც თავი რომ მოგეკლა ვერსად იშოვიდი და ვერ ნახავდი, ასე რომ ეს არ ყოფილა უაზროდ დახარჯული შრომა, ბერვმა ადამიანმა შეძლო ზიარებოდა იმას, რაც სხვადასხვა მიზეზების გამო ხელმიუწვდომელი იყო. ის კი არა და ახლა, ინტერნეტის ხანაშიც კი, ყველას არ აქვს ინტერნეტი და ინტერნეტი ტელევიზიას სულაც არ გამორიცხავს, ისევე როგორც თავის დროზე ტელევიზიამ კინოთეატრები ვერ შეცვალა. ყველაფერს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს. სტატიას რაც შეეხება, ცდები, რომ მის დაწერას აზრი არ ჰქონდა. იმას მაინც შეხედე რამდენი კომენტარია აქ დატოვებული და რა გამოხმაურებები აქვს. ხოლო ვინც არ წაიკითხავს ბოლომდე, ეს მისი პრობლემაა. მთავარი ისაა, რომ არიან ადამიანები ვინც წაიკითხავენ და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სტატიაში გამოთქმული აზრები. მთელი ცხოვრება თუ ნაჭუჭში გამოკეტილებმა ვიცხოვრეთ და მხოლოდ იმ წესების მიხედვით მოვიქცევით, როგორც უმეცარი ადამიანების ჯგუფები გვახვენენ თავს, არც პროტესტს გამოვთქვამთ და არც კი შევეცდებით, რომ პროტესტის გრძნობა გაგვიჩნდეს, მაშინსაერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას და მომავალზე ფიქრს? ეს ლოგიკა არანაიად არ მიზიდავს და შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ვეცდები ვიცხოვრო ისე, როგორც საკუთარი გული მკარნახობს და არა ვინმეს დაუწერელი და ყოვლად გაუმართლებელი კანონების მიხედვით. აქვე დავამატებ, რომ საზოგადოებრივი მორალი ჩემთვისაც მორალია, მაგრამ არა უმეცრების მორალი.

Anonymous said...

am blogis arsebobis Sesaxeb wuxel radio tavisuflebaSi movismine.davinteresdi da dRes cotaodeni Zebnis semdeg vipove kidec. udaod Zalian sainteresoa Tqveni statia. vkiTxulobdi da pirvel arxisadmi Cemi STabeWdilebebis da damokidebulebebis gamoxmayureba vipove maTSi. Cvens sazogadoebas, samwuxarod, cnobierebis Zalian bevri da seriozuli problemebi aqvs. mentalobis ganviTarebas, cnobierebis diapazonis gafarTovebas dro da Zalisxmeva sWirdeba am mimarTulebiT. simarTlis amsaxveli, opbieqturi, analitikuri statiebi da gadacemebi Tavis wvlils Seitans. visurvebdi rom qarTul mediashi sityvis, azris tavisufleba damkvidrebuliyos.

Anonymous said...

გამჭირვალეიობა, პასიხისმგებლობა, ჩართულობა, მონაწილეობა, ეს ის პრინციპებია რომლებსაც ყველა ერთად არ ვაკეთებთ, არ გვესმის ჩვენ და ხელისუფლებას, ოპოზიციას, ჯურნალისტებს და საზიგადოებრივ ორგანიზაციებს, მოკლედ ყველა ერთად რაგაცა გაურკვეველი მასა ვართ, და ამ მასაზე გვინდა ლამაზად კრემით, ტკბილი კრემით მოვაწეროთ : "georgia" ჩვენ პრობლემა ჯერ არ ვიცით რა არის იმიტომ რომ არც ვფიქრობთ ამაზე არ ვაყენებთ დღის წესრიგში, რომ გადავწყვიტოთ. ღია საზოგადოება ვერ შედგა და ვერც შედგება მანამდე სანამ ჩვენ ყველა ერთდა ატ ვიტყვით რომ : თავი დაგვანებეთ და თავს სანამ არ დავანებებთ კონფორმიზმს.

Anonymous said...

მელოტი ფაშისტი

Anonymous said...

პირადად მე იმედები ძალიან გამიცრუვდა. პირველ დღეებში რომ ვუყურე პირველ არხს გამიხარდა, მეგონა წინ წვიდოდით, ურმე სად ხარ! რა თქმა უნდა გაკეთდა გადაცემები, რომელთაც შეგიძლია უყურო, მაგრამ მე ყველას ერთად აღებულს წითელი ზონა მერჩივნა.
რაც შეეხება "ჭანტურიას": დარწმუნებული ვარ მისი ეს გამოხდომები საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მოსწონს და ტაშსაც კი უკრავს, "ნახე, ეგ რა მაგრად თქვაო, პიდარასტებს ხომ არ გამოაჭენებს ეკრანზეო, ყოჩაღ მაგასო". პრიკოლი იცი რა არის? ამის მერე კიდევ რომ უნდათ ევროპა და ცივილიზაცია. არადა, ჰომეინის ირანზე უკეთესი ქვეყნის ღირსები არ ვართ. ეგეც მალე გვექნება, "ივერია გაბრწყინდება".

Anonymous said...

ერთი ჯგუფი, ერთი პარტია, ერთი ლიდერი, ერთი მინისტრი, ერთი კაცი, ერთის გადაწყვეტილება, ერთი ქვეყანაში შეიძლება ამდენი ერთი იყოს???? ყველა ერთია!!! ტელევიზიაც და მედიაც ერთისია, არავის არ ესმის რომ არსებობს კიდევ სხვა ერთის მცნება: ერთი ხმა!!ერთი სიტყვა, ერთი გაჭირვება,ერთი მსხვერპლი, ერთი დევნილი, ერთი გაჭირვებული, ერთი ემიგრანტი....
სამწუხაროა როდესაც საზოგადოებრივი ქვია და ერთისია, როცა პრეზიდენტია და ერთი ჯგუფისია, როცა ერთი ხმააა, და არვისია, როცა ერთი მინისტრია და და მხოლოდ პარტისაა!! ერთი კაცების ქვეყანაა და ილია ბევრმა არ იცის რამდენი კაცი იყო ერთად!

Alexander said...

გიორგი გამყრელიძეს – უკაცრავად, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ პოსტთან, ამ სტატიასთან, რომელზეც კომენტარს აკეთებთ, ვერაფრით ვერ გავიგე, რა შუაშია და რა კავშირშია ეს კომენტარი...
ერთი კაცის ბრალია, რომ ჭანტურიამ ასეთი სიტყვები თქვა? და ერთი კაცის ბრალია, რომ საზოგადოებაშია საერთოდ ასეთი განწყობა? თუ რაღაც ვერ გავიგე, იქნებ ახსნათ?... კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენს კომენტარში მოყვანილ ფაქტებს შეიძლება არ ვეკამათები, უბრალოდ მაინტერესებს რა შუაშია ამ ადგილზე ასეთი კომენტარი?

Anonymous said...

პირველი არხის ლოგო ანათალია

Anonymous said...

alexsandres: ჩემი კომენტარი ეხება სამოქალაქო შეგნების, სამოქალაქო კულტურის შესახებ, ,მე არ მინდა ვილაპარაკო ჭანტურიებზე, თარგამაძეებზე, ნათელაშვილებზე, მე კომენტარი გავაკეთე იმაზე თუ რა არის გლობალურად პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში. მიმაჩნია რომ საზოგადოება არ არის ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არ არის ჩართული საზოგადოებრივი ტელევიზიის საქმიანობაში, ეს მხოლოდ ჭანტურიას პრობლემა არ არის ეს ჩემი პრობლემაცაა და შენიც, ნინიასიც და ყველასი ერთად, ეს ბლოგი–elდემოკრატიის ნაწილია რომელიც ძალიან სუსტია, ჩვენ ვართ მხლოდ მაყურებლები ყველა პროცესისა რომელსაც მხლოლოდ ტელევიზიიდან ვადევნებთ თვალს.
ყველა თანასწორი–ყველა განსახავვებული– ეს არის ჭეშმარიტი მცნება ნამდვილი საზოგადოებრივი თვითშეგნების და სამოქალაქო აზროვნების.

Alexander said...

გიორგი გამყრელიძეს – ბატონო გიორგი გასაგებია თქვენი აზრი. და მიმაჩნია, რომ სწორედაც იმის გამო, რომ საზოგადოებამ გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებების მიღებაზე, და რაც, მთავარია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც ქვეყანას და ხალხს წაადგება, საუბარი ასეთ თემებზე და ამ სახით, როგორც სტატიაშია მოცემული, გადასარევ საშუალებად მიმაჩნია, თუმცა დაგეთანხმებით, რომ სუსტი საშუალებაა, თუმცა საჭირო.
მთლად მაყურებლების როლში რომ არ ვიყოთ (შეგიძლია ჩემი ბლოგი ნახო და მიხვდები რასაც ვგულისხმობ), და ვხედავ, რომ გარკვეული პრობლემები გაწუხებთ, შექმენით თქვენი ბლოგი, დაწერეთ რაც გაცუხებთ, გაუზიარეთ მეგობრებს, სხვაც ბევრი წაიკითხავს და თქვენ თქვენს წვლილს შეიტანთ როგორც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ისე გადაწყვეტილებების მიღებაშიც. თუ რა თქმა უნდა თქვენს აზრებს დაეთანხმა ხალხის გარკვეული რაოდენობა.

alex said...

ძალიან მომწონს ყველა სტატია და სტილი რომლითაც წერთ, თქვენნაერი ჟურნალისტები ქართულ მედია სივრცეში დიდი მიღწევაა მაგრამ ერთი დიდი ნაკლი გაქვთ,... ცოტანი ხართ :):):)

beda said...

ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ დაუშვებელია ნორმალურ საზოგადოებაში ადამიანის შეურაცხყოფა ასაკის, სექსუალური ორიენტაციისა და სპეციალური საჭიროების ნიშნის გამო. ჭანტურიას გამონათქვამი, სიძულვილის ენაა. ჩვეულებრივ ევროპულ სახელმწიფოში ამ გამონათქვამის ავტორს, არა მხოლოდ სამსახურის დატოვება, არამედ კანონით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მოუწევდა.

ერთადერთი რაშიც ვერ დავეთანხმები სტატიის ავტორს, არის ის, რომ არ იყო საჭირო თამარ კინწურაშვილის ყველაზე დიდ ლიბერალად ან საზოგადოების გარდამქნელად წარმოჩენა. კარგად გავიხსენოთ, რომ სწორედ ქალბატონი კინწურაშვილის დროს გავიდა ეთერში ფილმი ,,ნოემბრიდან-ნოემბრამდე." ეს უკანასკნელი, მათ შორის ნინია კაკაბაძის მიერ შეფასდა საბჭოთა ესთეტიკის ნიმუშად.