Tuesday, December 9, 2008

ეს რა, იდიოტობაა ტო? - ორი ახალი ქართული კინოპროდუქცია




"24 საათი" დეკემბერი 2008


ნინია კაკაბაძე





რამდენიმე დღის წინ თბილისის კინოთეატრებში კიდევ ერთი ახალი ფილმი გამოვიდა. ზაზა ურუშაძის “სამ სახლს” დიტო ცინცაძის “მედიატორი” ჩაენაცვლა. ეს ორი ნამუშევარი ერთმანეთისგან, როგორც შინაარსით, ასევე სტილისტურად სრულიად განსხვავდება და ჩვენც სწორედ ამ სხვობაზე მოგახსენებთ.

დიტო ცინცაძის ფილმი დეტექტივური ჟანრის კინოს ჰგავს, ჩანს კომერციული პროდუქციის შექმნის სურვილიც.... არ მოვყვები ფილმის ფაბულას, მხოლოდ ერთს მოგახსენებთ, რომ დიტო ცინცაძისა და აკა მორჩილაძის სცენარი მკვლელობაზე და მკვლელობის გამოძიებაზეა აგებული. ეს არის კრიმინალური თამაში, რომელსაც ძალიან ბევრი გმირი ჰყავს. ამბავი ინგლისელი მამაკაცის მკვლელობით იწყება. დიტო ცინცაძე საოცრად დახვეწილი და ოსტატური მონტაჟის მეშვეობით რამდენჯერმე გვაბრუნებს მკვლელობის ადგილზე, რის შედეგადაც მაყურებელს არ შეიძლება ასოციაცია არ გაუჩნდეს ტარანტინოს “კრიმინალურ საკითხავთან”, რომელიც კრიმინალურ ისტორიებს გაშარჟებული სახით წარმოგვიდგენს: ამბავი და გმირები, რომელთა ქმედება გენიალური იდიოტიზმის რანგშია აყვანილი. ასევე გაგახსენდებათ თავად დიტო ცინცაძის შესანიშნავი ფილმი “დაკარგული მკვლელები”. მაგრამ ეს მხოლოდ ასოციაციებია. ცინცაძე-მორჩილაძის კრიმინალური ისტორია თანამედროვე კინოხელოვნებისთვის დამახასიათებელ სტილშია შესრულებული, სიუჟეტის დინამიური განვითარება, სწრაფი მონტაჟი, მხარზე დადებული მოცახცახე კამერა და ა.შ. და ა.შ. ფილმი ფერადია, მაგრამ მეხსიერებაში, როგორც შავ-თეთრი გამოსახულება ისე ჯდება. მკვლელობას ბევრი მოქმედი პირი ყავს, ამასთანავე არიან მკვლელობასთან დაკავშირებული სხვა გმირები, მოწმეები, გამომძიებელი, დამკვეთი, შემსრულებელები, პარტნიორები და სხვა. ერთ-ერთი მკვლელის ყოფილი ცოლი ახლა გამომძიებლის “ნაშაა”, მაგრამ ამის შესახებ არც გამომძიებელმა იცის და არც მკვლელმა. მერაბ ნინიძის გმირმა, ანუ მკვლელმა, არ იცის, რომ გიორგი ნაკაშიძე - გამომძიებელი, სწორედ მისი მონაწილეობით შესრულებულ მკვლელობას იძიებს და ფილმიც ისე მთავრდება, რომ ეს ინტრიგა გაუხსნელი რჩება, ანუ ისინი ბოლომდე ვერ გაიგებენ ამის შესახებ. უცნაურია, დეტექტიური ჟანრის ფილმში რა საჭიროა მსგავსი ინტრიგის შემოტანა?! ასეთი კითხვა ბევრი გაჩნდება, მაგალითად, სად დაიკარგება პირველ ეპიზოდში სკამზე მიბმული მძევალი, რომლისგანაც შეიტყობენ სასურველ ინფრომაციას მოსაკლავ ობიექტზე...
მიუხედავად ამისა, ფილმის მსვლელობისას მუდმივად არის კულმინაციის მოლოდინი, რაღაც ისეთი უნდა გაიხსნას, რასაც მაყურებელი ვერც კი წარმოიდგენდა. ამ შემთხვევაში ხომ ძალიან პროფესიონალურად, ძალიან ოსტატურად შესრულებული კარგი დეტექტივი გამოვიდოდა, რომელიც ასევე კარგად გაიყიდებოდა მსოფლიო კინოს ბაზარზე. მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ კინოს შემქმნელებმა ვერ გადაწყვიტეს თუ რა უნდა გაკეთდეს: კარგი კომერციული (კარგი გასაყიდი) თუ კარგი საფესტივალო ფილმი, რომელიც ფესტივალზე გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო წარმატებულად გაყიდის საკუთარ თავს? ამიტომ ფილმის ფინალში მოსალოდნელი კულმინაცია ორი სახის შეიძლება რომ ყოფილიყო: წერტილი, რომელიც კრიმინალური საკითხავის იდიოტიზმს კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებდა ან გააფერადებდა, ან კლასიკური დეტექტივის ფინალი, სადაც მოსალოდნელი კულმინაცია მოულოდნელი აკორდით შედგებოდა. მაგრამ “მედიატორში” სამწუხაროდ არც ერთი მოხდა და არც მეორე, ფილმი არაფრით დასრულდა - გაიხსნა მკვლელობა, რომელიც არაფრით იყო საინტერესო და ყველა გმირი თავის ადგილზე უვნებლად დაბრუნდა. ეს არის მანკიერი ჯაჭვი, კრიმინალური ქმედებებით გადაბმული რგოლები, ანუ გმირები, რომელნიც საკუთარი ბიოგრაფიის მძევლები არიან. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ ერთ-ერთ მორიგ “საქმეს” შეასრულებენ და სახლებში დაბრუნდებიან. თავის საქმეს მხოლოდ გამომძიებელი ვერ მიიყვანს ბოლომდე. არ შეიძლება აქვე არ აღვნიშნოთ, რომ სამსახიობო გუნდი ცინცაძის ფილმში შესანიშნავად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ საშემსურლებლო ოსტატობით ყველასგან გამორჩეული და განსხვავებულია გიორგი ნაკაშიძე - გამომძიებელი. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში დიტო ცინცაძემ თქვა: გიორგის აქვს ჩვევა, სანამ ბოლომდე არ გამოგწურავს და არ გაიგებს რა გინდა მისგან, მანამდე არ მოგეშვება. ეს გამორჩეული თვისებაა ქართველ მსახიობებში და ამიტომაც ნაკაშიძე არ არის მსახიობი რეჟისორის ხელში, ის დამოუკიდებელი მოთამაშეა გადასაღებ მოედანზე. ამ შემთხვევაში დიტო ცინცაძე იმ პროფესიონალ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც იცის მსახიობთან მუშაობა, მაგრამ მის ფილმშიც გიორგი ნაკაშიძე ყველასგან განსხვავებული, ყველაზე დამაჯერებელი და ყველაზე საინტერესო გმირია. მას არცერთხელ, არცერთ ეპიზოდში არ ეპარება არცერთი ზედმეტი, გაუთვლელი გამოხდვაც კი. ეს არის მსახიობი, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს გმირზე და ყოველთვის, კარგ თუ ცუდ რეჟისორთან (ამ შემთხვევაში რეჟისორი კარგია), მაღალ პროფესიონალიზმს გვაჩვენებს.

მსახიობებთან თითქმის უხარვეზო მუშაობის მაგალითი აჩვენა ზაზა ურუშაძემაც მის უკანასკნელ ფილმში “სამი სახლი”. არა მხოლოდ სამსახიობო ანსამბლი, არამედ მთლიანად კინემატოგრაფიული ნაწარმოები, ყველა მისი შემადგენელი კომპონენტით, თითქმის სრულყოფილია. ფილმი “სამი სახლი” სამ სხვადასხვა ისტორიას ასახავს, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხა ადგილზე ვითარდება. რეჟისორი ცდილობს ყველა ნოველაში მაყურებელი იმ ეპოქაში მოახვედროს, რომელსაც წარმოგვიდგენს. ამას ხელს უწყობს ოპერატორების გიორგი შველიძისა და გიორგი ბერიძის ნამუშევარი, მონტაჟი, მუსიკა (გიო ცინცაძე), მხატვარი, (თეა თელია) გრიმი (სალომე ზაქარაია, მადონა ჭანტურია) კოსტიუმების მხატვარი (თინათინ კვინიკაძე). მთლიანობაში ფილმი ნამდვილი (და არა კუსტარული) კინოს შთაბეჭდილებას ქმნის, სადაც ხელოვნების რამდენიმე მიმართულება ერთ მთლიანობაში, ბალანსის დაურღვევლად არის მოცემული. ეს საერთო სურათი კი ასე გამოიყურება: პირველი ნოველის სიუჟეტი მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება, მეორე მე-20 საუკუნის 40-იანი წლებში, მესამე კი 21-ე საუკუნის დასაწყისში. ეს სრულიად დამოუკიდებელი ისტორიებია, რომელთაც მხოლოდ ერთი ნახატი (ფერწერული ტილო) აერთიანებს, ნახატი, რომელიც ეპოქიდან ეპოქაში, ოჯახიდან ოჯახში გადადის და რომელიც პირველი ნოველის გმირმა, ანეტამ დახატა. არ შევუდგები ყველა ნოველის შინაარსის თხრობას, რადგან ფილმზე უკვე ბევრი დაიწერა და მხოლოდ მთლიანობაში წარმოვიდგინოთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთადერთი ბმული, რომელიც სამ დამოუკიდებელ ისტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, ნახატია, რომელზეც ორთავა ბუ არის გამოსახული. ფილმი სიყვარულზეც არისო, - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ზაზა ურუშაძემ და ტრადიციაზეცო; კიდევ, ადამიანურ ურთიერთობებეზე, სიკეთეზე და ა.შ. ტრადიცია სომბოლურად ამ ნახატში დევს, რომელიც თაობიდან თაობას, ეპოქიდან ეპოქაში გადაეცემა და სულ იქ ხვდება, სადაც მას მიჯნური მიჯნურს ჩუქნის. თუკი ნახატის ხაზს გავყვებით, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მეორე ნოველა, სადაც მსახიობი ნატო მურვანიძე მის საუკეთესო კინოსახეს ქმნის. მურვანიძის გმირი საკუთარ გარდაცვლილ ქმარს საყვარლის ბინაში მიაგნებს, ამავე ბინაშია ნახატიც. ამ ნოველაში ეკრანზე ძირითადად ნატო მურვანიძისა და ეკა ანდრონიკაშვილის საუბარია და მათი სახეები ხან ახლო, ხან კი საშუალო ხედით. მურვანიძის გამომეტყველება მრავლის მთქმელია: მან მოახერხა და ეკრანზე საოცრად დამაჯარებელი ქალის სახე შექმნა, რომელსაც ქმარი უყვარს, სძულს, გაბრაზებულია, ქმრის საყვარელი ეცოდება, ეჭვიანობს, უყვარს და ა.შ. ნატო მურვანიძის ახალი კინოგმირი ინგმარ ბერგმანის ქალებს გაგვახსენებს, სადაც გამომეტყველება გაცილებით მეტს მეტყველებს, ვიდრე სიტყვა.

ფილმის კულმინაცია მესამე ნოველაშია, სადაც ნახატი მიჯნურ ჰომოსექსუალებში ხვდება. ყველაზე საინტერესო აქ სწორედ ეს გახლავთ. ფილმის გამოსვლამდე და გამოსვლის შემდეგ მსახიობებს სხვადასხვა ინტერვიუებში სულ ბოდიშის მოხდა უწევდათ ქართული აუდიტორიის წინაშე, რომ გაბედეს და გეი წყვილის როლი შეასრულეს. ამიტომაც, ვასიკო ბახტაძემ მისი გმირი ზედმეტად გაშარჟებული სახით წარმოგვიდგინა, რაც თავისთავად მაყურებელში სიცილის ეფექტს იწვევს. ამიტომაც ნაკლებად დამაჯერებელია და მისი თამაშის მიღმა იკითხება: გეი არ გეგონოთ, არც არაფერი ვიცი მათ შესახებ, მაგრამ გამიგია, რომ ასეთები არიანო. სწორედ აქედან გამომდინარე, ვასილ ბახტაძის გმირი სტერეოტიპული ქართველი “პიდარასტია”, რომელიც ქართველებმა შექმნეს და როგორიც სინამდვილეში არ არსებობს. თუმცა, კულმინაციას მესამე ნოველაში, ნარკომანი ბიჭი, დავით იაშვილი ასრულებს, რომელიც საოცარი დამაჯერებლობითა და უშუალო კომიზმით ასრულებს როლს. ფინალიც მის სიტყვებშია...

და ბოლოს, კულმინაცია, ფინალი, რომელიც აკავშირებს და ასევე განასხვავებს ამ ორი რეჟისორის ფილმებს. ზაზა ურუშაძესთან ჩვენ ნოველიდან ნოველაში ნახატის ხაზს მივყვებით და ფილმის მსვლელობის დროს რთული წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს ფინალში. ფილმის მსვლელობის დროს უკვე ჩვნდება დამოკიდებულება მის მიმართ: მაყურებელი ფიქრობს, რომ სამივე ნოველა ცალცალკე და მთლიანობაში არაფრით არის საინტერესო, ჩვეულებრივი ისტორიებია, რომელიც რეჟისორმა კარგად შეასრულა. დიტო ცინცაძესთან კი, სადაც მოქმედება დინამიურად ვითარდება და რომელიც ასევე რეჟისორული ოსტატობის მაგალითს წარმოგვიდგენს, მუდმივად ბოლო აკორდს ელი და გიჭირს ნაადრევი შეფასების გაკეთება. მაგრამ სამწუხაროდ ფილმი ისე სრულდება, რომ ერთადერთი კითხვა, რომელსაც ის გვიტოვებს ამ შინაარსის არის: რატომ გადაიღო ეს ფილმი დიტო ცინცაძემ?! ზაზა ურუშაძემ კი მოახერხა და ზუსტად ერთი წინადადებით შექმნა კულმინაცია. ნახატი, რომელიც ლაიტმოტივად მისდევს ფილმს, რომელიც ეპოქიდან ეპოქას გადაეცემა, რომელიც ყველასათვის ძვირფასია, რომელსაც ყველა უფრთხილდება არის... ვიდრე, მაყურებელი გააკეთებდა ამ დასკვნას, ვიდრე გამოვიდოდით დარბაზიდან და ვიტყოდით ან კი კითხვას დავსვამდით – “რატომ იყო ეს ნახატი ფასეული?” - ზაზა ურუშაძემ დავით იაშვილის გმირის საშუალებით თავად გვითხრა: - აუ, ეს რას გავს ტო?! ამის გამო იკლავდით თავს?! ზუსტად ერთი წინადადებით შეძლო ურუშაძემ ფილმი თავდაყირა დაეყენებინა და ის, რაც 90 წუთის განმავლობაში ხელშეუხებელი, სათუთი ფასეულობა იყო, უკანასკნელ ეპიზოდში მთლიანად დაამიწა და გააადამიანურა.

ასე, რომ უკანასკნელი ხნის განმავლობაში გადაღებული ორივე ახალი ქართული ფილმი, შესაძლებელია, ნამდვილ, კარგი კინემატოგრაფიული ნაწარმოების ჯგუფს მივაკუთვნოთ, რაც დღევანდელ დღემდე საქართევლოში დამზადებული პროდუქციისგან განსხვავებდა. თუკი აქამდე დიტო ცინცაძის პროფესიონალიზმი ეჭვს არ იწვევდა, დღეს თამამად შეიძლება ითქვას რომ ზაზა ურუშაძე კიდევ ერთი კარგი კინორეჟისორია და ამ უკანასკნელ შემთხვევაში მან საუკეთესო გამოსავალი მონახა, როდესაც იუმორის მეშვებით დრამატურგიულად და აზრობრივად შეკრა “სამი სახლის” ისტორია. იუმორით, რომელიც დიტო ცინცაძესთან ყოველთვის ჭარბად იყო და რომლის დანაკლისიც ამ უკანასკნელ ნამუშევარში აშკარად იგრძნობა. და მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, კინოსტუდია “სანგუკოს” და “დამოუკიდებელი კინოპროექტის” პროდუქცია უკვე ნამდვილი კინოა, რომელიც უკანასკნელი ორი ათწლეულის მსგავსად აღარ გვათქმევინებს - ეს რა იდიოტობაა ტო!

8 comments:

De Silentio said...

კარგი იქნება თუ უფრო მეტ ყურადღებას ხელოვნებას დაუთმობთ და არა ქვეყანაში დაბუდებული მარაზმის უსარგებლო ანალიზს..
სტატია წავიკითხე, მაგრამ რამდენიმე კითხვა გამიჩნდა - ნუთუ აუცილებელია ხელოვნების ნიმუშს (ამ შემთხვევაში ფილმს) "დასრულებული" სახე ჰქონდეს?! რა საჭიროა ეგრეთ წოდებული უკანასკნელი აკორდი?! ან რატომ უნდა იფიქროს რეჟისორმა აკეთებს ის კომერციულ კინოს თუ საფესტივალოს?!! თუ რაღაც იდეალზეა საუბარი, მაშინ ორივე შემთხვევაში "იყიდება".. ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე საინტერესო ფილმი გადაიღეს, სადაც ავტორები სწორედ ჟანრის ჩარჩოების დამტვრევას ცდილობენ.. ეს მცდელობა კინემატოგრაფში მეტ-ნაკლები სიხშირითა და ხარისხით ყოველთვის იყო, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა დევიდ ფინჩერის "ზოდიაქო" და ენდრიუ დომინიკის "ჯესი ჯეიმსის მკვლელობა...".. ამ მცდელობების შედეგად ვითარდება სწორედ დრამატურგია და ფართოვდება ჟანრის საზღვრები.. მიუხედავად იმისა, რომ არც ცინცაძის და მითუმეტეს არც მორჩილაძის დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ, მაინც რატომღაც მგონია, რომ ისინიც ეპოქის ფეხის ხმას აყვნენ, რაც მე მგონი ცუდი არ არის..
კიდევ ერთი - დროა მორჩეს ტარანტინოს ავტორიტეტის ბატონობა ზოგიერთ დრამატურგიულ სვლაზე; ბოლოს და ბოლოს პატენტი ხო არა აქვს ამ კაცს?!! ოდნავი გადახვევა სცენარში და ეგრევე იწყებენ საუბარს ტარანტინოზე.. ამ თითქმის უკინემატოგრაფო ქვეყანაში სადაც ამდენი კინომცოდნე ხართ, იქნებ ხან მოიცალოთ და აუხსნათ ამ ხალხს, რომ ის სვლები რაც ბატონმა კვენტინმა საკმაოდ კარგად გამოიყენა თავის ადრეულ ფილმებში, სინამდვილეში მისი "გამოგონება" არ ყოფილა და მან უბრალოდ მოიპარა.. იქნებ ვინმემ ნახოთ ჯარმუშის "Mystery Train" და "Night on Earth"; ან თუ ჯარმუში არ გაკმაყოფილებთ მაშინ ბერგმანის "მარიონეტების ცხოვრებიდან"; ან კუბრიკის "The Killing" და ასე შემდეგ...

ninia said...

სრულიად გეთანხმებით, ბატონო ჩემო, რომ არ არის აუცილებელი "ბოლო აკორდი", "კულმინაცია" და ა.შ. მაგრამ, თუ დეტექტივზე ვსაუბრობთ და თუ ეს კულმინაცია არ არის, მგონი ამას გამართლება უნდა ქონდეს. მე მაყურებელმა უნდა ავხსნა და გავიგო, რა მაჩვენა, რა მითხრა, რა დამიტოვა ამ ფილმმა... ჯარმუშს რაც შეეხება, დიტოს ფილმი "დაკარგული მკვლელები" ჯარმუშს მაგონებდა და ის ფილმი ძალიან მომწონს და მიყვარს... (ჯარმუშზე რომ არაფერი ვთქვა) ერთი სიტყვით, ბატონო ჩემო ჯარმუშიც ნანახი გვაქვს, ბერგმანიც და კუბრიკიც, მაგრამ ნება მოგვეცით ასოციაცია საითაც წაგვივა ის დავწეროთ:)))
ნ.კ.

De Silentio said...

მე არ მითქვამს არ უნდა ჰქონდეს "ბოლო აკორდი" ან კულმინაცია-თქო; ვთქვი რომ არ არის აუცილებელი ზუსტად ჟანრის ჩარჩოებში იჯდეს ფილმის ავტორი და ხან უფლება აქვს დაარღვიოს-მეთქი.. ზოგს გამოსდის ეს, ზოგს არა; ზოგიერთს მოსწონს, ზოგიერთს არა.. და ისე ნუ გამომიყვანე ეხლა თითქოს ამ ფილმის დამცველი ვიყო.. არც ის მითქვამს შენ არ გაქვს ნანახი-თქო; უფრო მეტი წერეთ ამ თემაზე რათა სხვებს აუხსნათ-მეთქი, ხოლო ეს "სხვები" კარგი იქნება თუ კინოში უფრო ღრმად ჩაიხედავენ, ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ-თქო.. სულ ეს ვთქვი, ასე რომ ნამეტანი ნუ შემომიტევთ, ჩვილი გული მაქვს.. :)))

De Silentio said...

პოლიტიკაზე, რელიგიაზე, მედიაზე, არჩევნებზე, რევოლუციაზე და ამდაგვარ "ფრიად მნიშვნელოვან" თემებზე ყველა აკეთებს კომენტარს, ხოლო ისეთი უმნიშვნელო სფერო როგორიცაა ზოგადად ხელოვნება და კონკრეტულად კინო არავის აინტერესებს..
...
ყოველდღიურად ვრწმუნდები რომ ამ ქვეყანას და განსაკუთრებით მის კულტურას მართლაც დიიიდი და დიიადი მომავალი აქვს..

Katiée.Ge said...

როცა ვნახავ ამ ფილმებს აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს, რამდენად კომპეტენტური იქნება ეს სხვა საკითხია :)))

Anonymous said...

vabsheta magari krizisul dgeshia qartuli kino da aseve ki sasiaxaruloa ro ragac modzraoba ase tu ise xdeba chvens kinoshi magram naucbadevad ro saswaulis da shokis momgvreli :D yopiliyo es filmi aqcenti sam saxlze maqvs arc iqnba martali da arc egrea martlac :D principshi am filmis (sami saxli) yurebis mere me veraperi azri da satqmeli tu risi tqma undoda rejisors ver davinaxe, tu ar gamovyopt im jachvur reaqcias rac xdeba epoqebis mxriv,pilmi romelic sami novelisgan shhedgeba da igive es sami novelaa jachvuri reaqcia nu pirvelad umanqano periodi :D mere sabchota wyobileba da iq turme adamianebs shoris arsebuli sherchenili damokidebulebebi da ar gayidvebi qmris da qmris bozis :D da am qmris colis momenti, da mere ukve tanamedrove xana : )) isev daxavsebul-dajangebuli dzvelbichoba, da ragac arc maincdamainc sasiamovno iyo bolo novela,da xo is naxati romelic aertianebs am sam novelas da am sam epoqas da am naxatis mogzaurobit epoqebshi undoda echvenebina albat rejisors tavis shexeduleba tu tvaltaxedva im periodis damaxasiatebel cxovrebiseul mdgomareobaze. saerto jamshi pilmi romelshic qartuli kinos da teatris sheudarebeli da dzalian dzlieri msaxiobebi monawileoben, mgonia rom mat karierashi es pilmi ar iqneba puroris momxdeni magram rac dasakargic ar aqvs am pilms es aris gadageba, musika, saboloo jamshi filmi sami saxli ar aris mnishvnelovani movlena qartul kinoshi.

rac shexeba dito cincadzis mediators ar miyurebia da ar vici naxvis mere rogori emocia meqneba :D

Anonymous said...

vabsheta magari krizisul dgeshia qartuli kino da aseve ki sasiaxaruloa ro ragac modzraoba ase tu ise xdeba chvens kinoshi magram naucbadevad ro saswaulis da shokis momgvreli :D yopiliyo es filmi aqcenti sam saxlze maqvs arc iqnba martali da arc egrea martlac :D principshi am filmis (sami saxli) yurebis mere me veraperi azri da satqmeli tu risi tqma undoda rejisors ver davinaxe, tu ar gamovyopt im jachvur reaqcias rac xdeba epoqebis mxriv,pilmi romelic sami novelisgan shhedgeba da igive es sami novelaa jachvuri reaqcia nu pirvelad umanqano periodi :D mere sabchota wyobileba da iq turme adamianebs shoris arsebuli sherchenili damokidebulebebi da ar gayidvebi qmris da qmris bozis :D da am qmris colis momenti, da mere ukve tanamedrove xana : )) isev daxavsebul-dajangebuli dzvelbichoba, da ragac arc maincdamainc sasiamovno iyo bolo novela,da xo is naxati romelic aertianebs am sam novelas da am sam epoqas da am naxatis mogzaurobit epoqebshi undoda echvenebina albat rejisors tavis shexeduleba tu tvaltaxedva im periodis damaxasiatebel cxovrebiseul mdgomareobaze. saerto jamshi pilmi romelshic qartuli kinos da teatris sheudarebeli da dzalian dzlieri msaxiobebi monawileoben, mgonia rom mat karierashi es pilmi ar iqneba puroris momxdeni magram rac dasakargic ar aqvs am pilms es aris gadageba, musika, saboloo jamshi filmi sami saxli ar aris mnishvnelovani movlena qartul kinoshi.

rac shexeba dito cincadzis mediators ar miyurebia da ar vici naxvis mere rogori emocia meqneba :D

p.s. zeda anonnimis saxelit dawerili komentari washalet vegar vshli :D tu esec wasashleli gaxda esec miayolet :)

Janri Gogeshvili said...

საინტერესო ინფორმაცია;
სასურველია გაგრძელდეს ამგვარი მიმოხილვითი წერილები…
მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ”ყოფითმა იზმებმა” გადაძოვა ასპარეზი…
ერთხელ ყმაწვილკაცობაში, კინორეჟისორებთან და კინომცოდნეებთან გასაუბრება მომიწია და ”ცხელ გულზე” ბევრისთვის ცნობილი ფრაზა წამომცდა: შეიძლება მომავალმა დედამ ბიოლოგია არ იცოდეს, მაგრამ მშვენიერი მშობიარობა ჰქონდეს მეთქი…
მოგვიმრავლდა წინასწარ, ”იზმებით” გათვლილი ”სცენარები…”
ხალასი, ჯანმრთელი ფანტაზია არ ჩანს… არც ფილმები სახელწოდებით: ”ფანტაზია / ფენტეზი”…
არადა, ქართულ კინომეტოგრაფიაში მართლაც ნიჭიერი თაობა ტრიალებს…
ვინ სად და როგორ იჩხირავს, ვინ სად და როგორ… _ მთელი თაობებია ამ ნიშნით ზომბირებული…
გამიგია, ფილმის გადაღება დღევანდელ პირობებში ძალზე საძნელოა, მაგრამ, იქნებ იმაზეც წამოიწყოთ საუბარი, ქართულ კინომეტოგრაფიულ სივრცეში რა ფილმების ნახვას ისურვებდა მაყურებელი… (რა თქმა უნდა, ინტერესთა სხვაობის გათვალისწინებით)…
სასურველია შეიქმნას შესაბამისი ”ფონდი”, რომელიც სიმბოლურ ფასად შეძლებდა სცენარების შეძენას, ”სამომავლო პერსპექტივების” (პრეზენტაციები, თარგმნა, ”გატანა” და ა.შ.) გათვალისწინებით…
ჩემეულმა ”ფენტეზმა” არ შეგაკრთოთ…
კეთილი სურვილებით…