Wednesday, November 26, 2008

კონიუნქტურის ტყვეობაში





ავტორი: ნინია კაკაბაძე


ჟურნალი "ცხელი შოკოლადი" ნოემბერი 2008


ვარდების რევოლუცია პირველი სიყვარულივით იყო, რომელზე წერაც ყოველთვის ძალიან რთულია. რთულია არ იყო სენტიმენტალური და პათეტიური.... 2003 წლის ნოემბრის მოგონება ყველაზე ძვირფასია, მაშინ პირველად გავაკეთე შეგნებული, გაცნობიერებული არჩევანი. 2003 წლის 2 ნოემბერს ხმა მივეცი სიბნელიდან გამოსვლას, ლიბერალური ფასეულობების გამარჯვებას, დემოკრატიული წყობის ნამდვილ დამკვიდრებას და არა ისე, როგორც ეს საბჭოთა “დემოკრატის” - ედურდ შევარდნაძის ხანაში იყო. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ადამიანს, რომელიც დღეს ქართული პოლიტიკის ამინდს ქმნის, სწორედ ეს სურს: ისეთი სახელმწიფო შექმნან, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება დამყარებული. მაგრამ საინტერესოა, რატომ არა გვაქვს დღეს ეს ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო? რატომ ვერ დავდექით ლიბერალიზმის გზაზე? ჩვენ რა შეცდომები დავუშვით? რა ვერ მოვახერხეთ და რატომ?

ვინ ვართ ჩვენ? - ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომელთაც გვაქვს საშუალება და უნარი არა მხოლოდ ქუჩის მანიფესტაციის, არამედ სხვადასხვა გზებით ხმა მივაწვდინოთ ხელისუფალთ და განვსაზღვროთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. წარმოდგენა იმაზე, რომ საზოგადოება პოლარიზებულია და მხოლოდ ორ ნაწილად დაიყო - მცდარია. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რამდენიმე სეგმეტად არის დაყოფილი. ეს სეგმენტები დაახლოებით ასეთია:

1. საბჭოთა საქართველოში დაფასებული ხელოვანები და მეცნიერები ანუ “ძველი, ინტელიგენცია” (“წითელი ინტელიგენცია” ზ.გამსახურდია). ეს ჯგუფი დაკარგულ პრივილეგიებს და ძველ სტატუსს მისტირის, არა მხოლოდ მატერიალურს, არამედ “პროფესიულს”: სამუშაო ადგილს, თანამდებობას, დაფასებას, საახალწლო ძღვენს - ერთი სიტყვით, ყველაფერ იმას, რაც საბჭოთა წყობამ უანდერძა პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებელ საქართველოს. სამწუხაროდ, ადამიანთა ამ ჯგუფის საპროტესტო რიტორიკა ვერ სცდება “ძველი დიდების” დაბრუნების წყურვილს.

2. შედარებით ახალ სეგმენტს, რომელსაც პირობითად ახალ ინტელექტუალებს დავარქმევ, შეადგენენ ინტელექტუალები და ხელოვანები, რომელნიც სიტყვითა და საქმით ახალი ქართული პოლიტიკის იდეოლოგიას განამტკიცებენ. მათი პრივილეგიები “ძველი ინტელიგენციისაგან” განსხვავებით (ძღვენი, ნობათი, აგარაკი, ავტომობილი...) უფრო მოდერნიზებულ სახეს ატარებს: შემოსავლიანი სამუშაო, საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, კარგი მივლინებები უცხოეთში... ქვეყანა, სადაც მმართველობის ვერტიკალური მოდელია, ახალ ინტელიგენტს ბევრი მოეთხოვება და დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილგანწყობაზე. ამ ახლად ჩამოყალიბებულ ჯგუფს, პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია აკისრია. ამ ჯგუფის უმრავლესობის “არჩევანი” გაცილებით უფრო გულწრფელია, ვიდრე ეს საბჭოთა ეპოქაში იყო.

3. არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც “დაკარგულებს” დავარქმევ. მისი მდგომარეობა ახალი ხელისუფლების პირობებში არ შეცვლილა. ის ისევ მყარად დგას ძველ ადგილზე და აგრძელებს უშედეგო ღაღადს. ამ ჯგუფს უსაფუძვლოდ არ უწოდებენ “უპასუხისმგებლო ჯგუფს”, რადგან მისი წევრები გაურბიან ნებისმიერ პასუხისმგებლობას და საკუთარი საქმის პარალელურად, მუდმივად აგრძელებენ კრიტიკას, რაც გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგიის თანამოაზრეობა, მისი ლეგიტიმაცია და ბრძოლა თუნდაც არაპოპულარული და, უმეტეს შემთხვევაში, მცდარი იდეებისთვის, როგორც ეს ახალი ინტელექტუალების შემთხვევაში ხდება.
საკუთარ თავს ამ უპასუხისმგებლოთა სეგმენტს მივაკუთვნებ და ვიტყვი, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი უმთავრესი შეცდომა, სწორედ “კრიტიკოსის” ყველაზე კომფორტული პოზიცია იყო. ამ პოზიციიდან გამომდინარე, თვითმიზანი სწორედ ხელისუფების კრიტიკა გახდა და არა ყველა მანკიერი ახალი ტენდენციის თუ ძველი ტრადიციისა. სწორედ ეს მიკერძოებულობა აერთიანებს ორ უკანასკნელ სეგმენტს. ერთნი, რომელთაც გადაწყვიტეს თვალი დახუჭონ ხელისუფლების შეცდომებზე და მეორენი, რომელთაც არჩიეს თვალი დაეხუჭათ ხელისუფელების გარეთ - ხალხში, საზოგადოებაში, ეკლესიაში, ოპოზიციაში არსებულ არანაკლებ მძიმე შეცდომებზე. ჩვენ ვერ შევძელით იდეებიის მხარდაჭერა, მიკერძოებულნი გავხდით.

4. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორიც. სამწუხაროდ NGO-ებმაც მხოლოდ ხელისუფლების შეცდომების კრიტიკა დაისახეს მიზნად და თითქმის არ გაუმახვილებიათ ყურადღება სხვა ჯგუფების მიერ ადამიანთა უფლებების შელახვის აშკარა შემთხვევებზე. ბუნებრივია, მხედველობაში მყავს ის არსამთავრობო ორგანიზაციები, რომელნიც ხშირად და საჯაროდ სწორედ ხელისუფლების მიერ შელახულ უფლებებზე საუბრობენ. სამწუხაროდ ის, რაც ვარდების რევოლუციამდე “თავისუფლების ინსტიტუტმა” მოახერხა, ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებისთვის, ზოგადად ადამიანის უფლებებისთვის წარმატებულად ებრძოლა, - ასე ეფექტურად ეს ვერც ერთმა ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ვერც მთლიანად არასამთავრობო სექტორმა ვერ შეძლო. სამწუხაროდ NGO-ებიც ამ საზოგადოებრივი და აპოლიტიკური კონიუნქტურის გავლენის ქვეშ მოექცნენ.

პირობითად ოთხი ჯგუფი გამოიკვეთა: “ძველი ინტელიგენცია”, “ახალი ინტელექტუალები”, “უპასუხისმგებლოები” და NGO-ები. რასაკვირველია ამ ჯგუფების წევრების ერთი ნიშნის ქვეშ გაერთიანება რთულია. მაგალითად “ახალ ინტელექტუალები” არიან ისეთებიც, ვინც ახალი ხელისუფლების რწმენა თითქმის ფანატიზმის რანგში აიყვანა და კრიტიკული აზროვნების უნარიც დაკარგა. მაგრამ მათი უმეტესობის არჩევანი, დაეხუჭა თვალი ხელისუფლების ყველა მანკიერ ტენდენციაზე, შეგნებული იყო. სწორედ ისინი ახდენენ ხელისუფლების შეცდომების ინტელექტუალურ ლეგიტიმაციას. მათი არჩევანის მიზეზი არ არის ანგარება, მიზეზი იმის რწმენაა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ახალი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა - ფილოსოფოსებმა, ფსიქოლოგებმა, სოციოლოგებმა, ფილოლოგებმა, მწერლებმა, რეჟისორებმა, პოეტებმა... – აღიარეს მაკიაველის პოსტულატი, რომ პოლიტიკაში უნდა დაეყრდნო ძალას და არა მორალს და ერთადერთ მიზნად ძლიერი სახელმწიფოს შექმნა დაისახეს, რომლის ჩამოყალიბების გზაზე მორალური კრიტერიუმები და ადამიანის უფლებების დაცვა, მეორეხარისხოვანი გახდა. მათ სჯერათ და აიღეს პასუხისმგებლობა, რომ სწორედ ამ გზით იქნება მიღწეული მიზანი!

ახლა რაც შეეხება “უპასუხისმგებლოთა” ჯგუფს. მთავარი შეცდომა, მხოლოდ ხელისუფლების შეცდომებზე კონცენტრირებაა. ჩვენ ვთქვით: ახლა არ არის დრო კრიტიკულად შევხედოთ და შევაფასოთ ოპოზიციის მცდარი შეხედულებები, ნაციონალისტიური იდეოლოგია, ხშირ შემთხვევაში ქსენოფობიური რიტორიკა და ა.შ. თვალი დავხუჭეთ საზოგადოებისგან წამოსულ არასწორ მოთხოვნებსა თუ უკმაყოფილებაზე. რიგ შემთხვევებში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია მისაღები იყო ჩვენთვის, ჩვენ ამ კონიუნქტურის ტყვეობაში აღმოვჩნდით. ჩვენი მოქმედება კონფორმისტული იყო, რადგან ხელისუფლების კრიტიკა და ოპოზიციის რიგ შემთხვევაში, ბნელი, ფუნდამენტალისტური იდეების უკრიტიკოდ დატოვება, - სხვა არაფერია, თუ არა კონფორმიზმი და პოპულიზმი. ამასთანავე, “უპასუხისმგებლოთა” ჯგუფმა უკრიტიკოდ დატოვა საზოგადოება, თუნდაც განაწყენებული “ძველი ინტელიგენცია”, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ბნელ იდეებს ქადაგებს და ფუნდამენტალისტური კუთხიდან უტევს მთავრობას. ერთადერთი, რაც ამ უკანასკნელმა ჯგუფმა მოახერხა, ის გახლავთ, რომ არავის მიემხრო, მაგრამ როდესაც ერთნი გაიძახოდნენ: “ეკლესიებს გვინგრევენ”, მეორენი კი “ენას და სარწმუნოებას გვართმევენო” და ა.შ. და ა.შ. ჩვენ არ ვთქვით, რომ ეს უგუნურებაა და სხვა არაფერი. ერთი სიტყვით, ახალი ინტელექტუალების მსგავსად, ჩვენ ვერ მოვახერხეთ იდეის ერთგულება, რომელიც საერთო მიზნამდე მიგვიყვანს, მიზნამდე, რომელსაც ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო ქვია.
თუკი მთავარი იდეებისათვის თავისუფალი “ბრძოლა” იქნება და არა ნებისმიერი სახის მიკერძოებულობა, მაშინ შედგება საზოგადოება, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი წონა ექნება, ვიდრე დღეს აქვს. დღეს კი ჩვენ მაქსიმუმს ვითხოვთ ხელისუფლებისგან და გვავიწყდება, რომ ეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი ნაყოფია. ხუთი წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს ქვეყნისა და სახელმწიფოს ახალი მოდელი და ხუთი წლის შემდეგ კი დავინახეთ, რომ განვითარების ამგვარ პირობებში, ჩვენ არათუ ვუახლოვდებით ამ ახალ სახელმწიფოს, არამედ შესაძლებელია, ვშორდებით მას, რაშიც დამნაშავე ყოველი ჩვენთაგანია. თუკი დღეს პოლიტიკოსები - ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების შეცვლაზე ფიქრობს, ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს - საზოგადოებამ, პირველ რიგში, საკუთარ შეცდომებზე უნდა იფიქროს და მიხვდეს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

5 comments:

Anonymous said...

1 2 3

Anonymous said...

Ля, ля, ля - три рубля...

Anonymous said...

ეროვნული უმცირესობები და დამოუკიდებლობის რეფერენდუმი
ავტ.: ბაჩო ალვანელი : 9/26/2008

როგორც მოგეხსენებათ 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. მის მონაწილეთა 90,8 პროცენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებულია დასკვნა, რომელიც ავლენს განსაცვიფრებელ შედეგებს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგიერთი დეტალი, რომელიც დაკავშირებულია არაქართული მოსახლეობის მონაწილეობასთან რეფერენდუმში.

დემოგრაფიული მონაცემები აღებულია მოსახლეობის აღწერის 1989 წლის მონაცემების მიხედვით.

ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები:

ახალქალაქის რაიონი - ქართველები 4,3%, სომეხი - 91,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90%. კითხვას უპასუხა დიახ 97,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 87,31%.

ნინოწმინდის რაიონი, ყოფილი ბოგდანოვკის რაიონი: ქართველები 1,1%, სომხები 89,4%, რუსები 8,3%. კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა 88,5%, კითხვას უპასუხა - დიახ 91,58%, ანუ ყველა ამომრჩევლის 81,04%;

წალკის რაიონი: ქართველები 3,3% , ბერძნები 61%, სომხები 28,5%, აზერბაიჯნელები 5,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,19%, კითხვას უპასუხა დიახ 96,56%, ანუ ყველა ამომრჩევლის 85,16%.

დმანისის რაიონი: ქართველები 28%, აზერბაიჯნელები 63,7%, ბერძნები 6,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,19%. კითხვას უპასუხა დიახ 99,17%, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,42%.

ბოლნისის რაიონი: ქართველები 21%, აზერბაიჯნელები 65%, სომხები 6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 90,86%, კითხვას უპასუხა დიახ 99,54%, ანუ ყველა ამომრჩევლის 90,44%.

მარნეულის რაიონი: ქართველები 6,6%, აზერბაიჯნელები 80%, სომეხი 6,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,7%. კითხვას უპასუხა დიახ 98,94%, ანუ ყველა ამომრჩევლის 96,74%.


სამაჩაბლო

ახალგორის რაიონი: ქართველები 53,8%, ოსები 44%, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,15%, კითხვას უპასუხა დიახ 99,44, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,63%.

ცხინვალის რაიონი: ქართველები 46%, ოსები 52,4%. რეფერენდუმი ჩატარდა 12-დან 7 საკრებულოს ტერიტორიაზე, საომარი მდგომარეობის გამო. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რაიონის ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64,55%... საკრებულოს ტერიტორიებზე, რომლებიც მთლიანად ოსებითაა დასახლებული, კენჭისყრა ჩატარდა რომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეული კომისიის საკუთარი ინიციატივით. 612 ამომრჩევლიდან კითხვას უპასუხა დიახ 607 ამომრჩეველმა (წმინდად ოსური სოფელი).

რეფერენდუმი არ ჩატარებულა ქ. ცხინვალში, ჯავისა და ყორნისის რაიონში. ჯავის რაიონში 5,8% ქართველი ცხოვრობს, ყორნისისაში 35,4%. ჯავის რაიონის 474 ამომორჩეველმა, ამათგან 149 ოსმა ხმა მისცა საჩხერის რაიონის სოფელ პერევისაში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას.


აფხაზეთი

სოხუმი: ქართველები 41,8%, სომხები 10,3%, რუსები 21,1%, ბერძნები 6,3%, აფხაზები 12,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,1%. კითხვას უპასუხა დიახ 96,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 64,02%.

გაგრა: ქართველები 28%, სომხები 30,05%, რუსები 23,4%, აფხაზები 9,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 52,1%. კითხვას უპასუხა დიახ 94,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 48,98%.

გალის რაიონი: ქართველები 93%, რუსები 3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,67%. კითხვას უპასუხა დიახ 99,71%, ანუ ყველა ამომრჩევლის 97,39%.

გულრიფშის რაიონი: ქართველები 52,7%, სომხები 25,3%, რუსები 13,8%, აფხაზები 2,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 85,35%, კითხვას უპასუხა დიახ 97,85%, ანუ ყველა ამომრჩევლის 83,52%.

ოჩამჩირის რაიონი: ქართველები 49,2%, სომხები 8,2%, რუსები 5,8%, აფხაზები 33,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 54,76%, კითხვას უპასუხა დიახ 99,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 54,27%.

სოხუმის რაიონი: ქართველები 44,2%, სომხები 29,4, რუსები 7,2%, ბერძნები 10,5%, აფხაზები 5%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 69,83%, კითხვას უპასუხა დიახ 99,44%, ანუ ყველა ამომრჩევლის 60,61%.

გუდაუთის რაიონი: ქართველები 13%, სომხები 15,5%, რუსები 13,1%, აფხაზები 53,3%. რეფერენდუმი ჩატარდა მხოლოდ ერთ უბანში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 8,13%, კითხვას უპასუხა დიახ 99,9%, ანუ ყველა ამომრჩევლის 8,12%.

ტყვარჩელი: ქართველები 23%, რუსები 24%, აფხაზები 42%. რეფერენდუმი არ ჩატარებულა. 7,84% ამომრჩეველმა ხმა მისცა ქ. ოჩამჩირეში. კითხვას უპასუხა დიახ 99,9%, ანუ ყველა ამომრჩევლის 7,83%.

მთლიანად აფხაზეთში 347 175 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 61,23%, კითხვას უპასუხა დიახ 97,73%, ანუ ყველა ამომრჩევლის 59,84%.


დასკვნა: ამრიგად, ნათელია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთელმა მოსახლეობამ, როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამ მონაცემებით ბათილდება აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ავრცელებდნენ საქართველოში არაქართველი ეროვნული უმცირესობის ვითომდა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის შესახებ.

Anonymous said...

ღია წერილი - მოწოდება
საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ახალარჩეულ პარლამენტის წევრებს

ქალბატონო და ბატონო დეპუტატებო

ნიშანდობლივია, რომ წინასარჩევნო კამპანიისას პრაქტიკულად ყველა პარტიის მხრიდან გაისმოდა თბილი სიტყვები და ობიექტური შეფასებები ეროვნული მოძრაობის, მისი ლიდერის ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული, ლეგეტიმური ხელისუფლების მიმართ. პრაქტიკულად ყველა პარტიის წამომადგენლები ძრახავდნენ და მკაცრად აკრიტიკებდნენ 1991-1993 წლებში ანტიეროვნული ძალების მიერ განხორციელებულ პუტჩს, სახელმწიფო გადატრიალებასა და ამ გადატრიალების შემდგომ ქართველი ერისადმი თავსმოხვეულ ანტიეროვნულ სისხლიან, მოძალადე რეჟიმს.

შეგახსენებთ, რომ:
საქართველოს ეროვნული მოძრაობის, ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლებისა და მისი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმარ საქართველოს ახლანდელი ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ არაერხელ იყო გამოთქმული მართებული შეფასებები და აღინიშნა, რომ საბჭოთა იმპერია სწორედ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ დაამსხვრია. «საბჭოთა კავშირის დაშლის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო. ამას აღიარებს ყველა. მაშინ ჩვენ შემოგვნატროდნენ ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები, უკრაინელები, პოლონელები, ჩეხები... საბჭოთა იმპერიასთან შერკინება პირველებმა ჩვენ წამოვიწყეთ...» (მ.სააკაშვილი, 26.01.2004). «ხალხი, რომელმაც ამდენი გაჭირვება გადაიტანა, საბჭოთა კავშირი დაანგრია და ქართული ეროვნული მოძრაობა წამოიწყო. ეს ამერიკის პრეზიდენტმაც აღნიშნა» (მ.სააკაშვილი, 25.05.2005).

შეგახსენებთ, რომ:
„ეროვნული თანხმობის დეკლარაციათან“ დაკავშირებით (30.01.2004) საქართველოს ფაქტობრივი ძალაუფლების პრეზიდენტის მიერ ნათქვამი იყო: «მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში.»

შეგახსენებთ, რომ:
საქართველოს ფაქტობრივი ძალაუფლების პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა შეიქმნილიყო „საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია“.

ქალბატონო და ბატონო დეპუტატებო

რათა:
საქართველოში ბოლო მოეღის განუკითხაობას, უკანონობასა და არელგიტიმურობას -- საქართველოს ფაქტობრივი რეჟიმის ახალარჩეული პარლამენტის ეროვნულად განწყობილ დეპუტატებს მოგიწოდებთ ერთობლივად, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, განუწყვეტლივ და შემართებით იბრძოლოთ იმისათვის რომ:

* აღსრულდეს საქართველოს ფაქტობრივი ძალაუფლების პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულების ზემოთმითითებული ღონისძიება -- უმოკლეს ვადებში დასრულდეს ამ დოკუმენტში მითითებული კომისიის მუშაობა;

* წამოწყებული იქნას სასამართლო დევნა იმ კერძო პირთა და ორგანიზაციათა მიმართ და განსაკუთრებით სისხლიანი, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ როგორიცაა ე.წ. „სამხედრო საბჭო“, „სახელმწიფო საბჭო“, „მხედრიონი“ და სხვ. -- რომლებმაც იდეოლოგიური საფუძველი ჩაუყარეს, მოამზადეს და განახორციელეს საქართველოს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების ძალისმიერი განდევნა;

* გამოძიებული იქნას საქარეთველოში 1993 წელს აღდგენილი ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ადმირალ ბალტინის მეთაურობით რუსეთ-უკრაინის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების გამოყენების ფაქტი -- რამაც განაპირობა ეროვნული ხელისუფლების მეორეჯერ განდევნა საქართველოდან, პრეზიდენტ გამსახურდიას დაღუპვა და საქართველოში შევარდნაძის კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის ათწლეულის განმავლობაში განმტკიცება;

* გამოძიებული იქნას ცხინვალის რეგიონში საქართველოს წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის მიერ ომის პროვოცირების დეტალები, შემდგომი რუსეთ-საქართველოს ომის მოღალატებრივი წარმართვა საქართველოს არალეგიტიმური, კრიმინალური რეჟიმის მიერ -- რასაც მოჰყვა ამ რეგიონის ნაწილის ფაქტობრივი დაკარგვა და რუსეთის მიერ ოკუპაცია;

* გამოძიებული იქნას აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება და ომის მოღალატებრივი წარმართვა საქართველოს არალეგიტიმური, კრიმინალური რეჟიმის მიერ -- რასაც მოჰყვა მრავალრიცხვოვანი მსხვერპლი საქართველოს აფხაზი, ქართველი და სხვა ეროვნების მოქალაქეებში, ასობით ათასი მოქალაქის განდევნა მათი საცხოვრებელი ადგილებიდან, ამ რეგიონის ფაქტობრივი დაკარგვა და რუსეთის მიერ ოკუპაცია;

* ბათილად იქნას ცნობილი შევარდნაძის კრიმინალური, არალეგიტიმური ძალაუფლების მიერ ხელმოწერილი ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და განსაკუთრებით ის კაბალური დოკუმენტები რომლებიც განაპირობებენ საქართველოს ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგრობაში“ წევრობას, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ეგრეთწოდებული „სამშვიდობოების“ ყოფნას ანუ საქართველოს ამ ტერიტორიების ფაქტობრივ ოკუპაციას;

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი
ბესარიონ გუგუშვილი

/დ said...

ამ 4 ჯგუფის გარდა არის კიდევ დიტო გელოვანი :)