Monday, November 9, 2009

უსაფრთხო სკოლა











05.11.2009 გადაცემა "თავისუფალი აზრი"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტი - "უსაფრთხო სკოლა"

გადაცემის აუდიო ჩანაწერი შეგიძლიათ მოისმინოთ

http://www.gipa.ge/gipa/index.php?option=com_content&view=article&id=63&Itemid=45&lang=ka


ნ.კ.- მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან, ქალბატონი ეკა ზღულაძე - შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ნატო ზაზაშვილი - ფსიქოლოგი, კავშირი “საფარის” დირექტორი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ პროექტებზე: “უსაფრთხო სკოლა” და “პოლიცია სკოლაში”. ჩვენი დღევანდელი გადაცემის მიზანია რაც შეიძლება მეტი გავიგოთ ამ პროექტის შესახებ. ვიცოდეთ რაში მდგომარეობს “უსაფრთხო სკოლის” არსი. პირველი კითხვა რასაკვირველია იქნება ქალბატონ ეკასთან. რას გულისხმობს ეს პროექტი?

ეკა ზღულაძე - მე ძალიან მიხარია რომ თქვენ დაინტერესდით ამ თემით, რადგან ეს ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელსაც პოლიცია მარტო ვერ გააკეთებს. არასრულწლოვნებთან, განსაკუთრებით ანტი-სოციალურ მოზარდებთან მუშაობას დიდი ძალისხმევა სჭირდება, საგანმანათებლო სექტორის, პირველ რიგში მასწავლებლების, მშობლების და ჩვენ უკვე დამხმარე რგოლი ვართ ფსიქოლოგებთან და სოც-მუშაკებთან ერთად, რომელიც ბუნებრივია ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ის რაც თქვენ გაინტერესებთ არის რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით და ცალსახად წარმატებული პროექტი არის “PH International” -ის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ერთობლივად ახორციელებს განათლების სამინისტრო და შსს. ამ პროექტის ფარგლებში არასამთოვრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შედგა სპეციალური სახელმძღვანელო, რომელსაც ეწოდება სამართლებრივი კულტურა. ეს სახელმძღვანელო ჯერჯერობით ისწავლება საპილოტე სკოლებში, წელს უკვე საქართველოს მასშტაბით საპილოტე სკოლების რაოდენობამ შეადგინა 40. მე-9 კლასელი მოზარდებისთვის არის განსაზღვრული და ამ საგანს ინოვაციურად ასწავლიან მასწავლებლები და პოლიციელები ერთად, ანუ საგანს ჰყავს ორი ხელმძღვანელი სასწავლო პროცესის განმავლობაში.

ნ.კ.- რას გულისხმობს თვითონ ეს საგანი?

ე.ზ.- ამ საგანში არის რამოდენიმე პრიორიტეტული თემა, რომელიც ერთად შევიმუშავეთ. ესენია: მოსწავლის ურთიერთობა კანონთან, არასრულწლოვანი და კანონი ცალკე ანუ სანქციები, რომელიც კონკრეტულად არასრულწლოვნებს შეიძლება ეხებოდეს, ეს არის კონფლიქტების მოგვარება, კონფლიქტი ამ შემთხვევაში შეიძლება გულისხმობდეს ოჯახური კონფლიქტით დაწყებული და სკოლაში თანატოლებთან კონფლიქტებით დამთავრებული. მავნე ჩვევები, მათი შესაძლო შედეგები და ამისგან თავდაცვა, პოლიციის ისტორია, სამართალდამცავი ისნტიტუტების ისტორია და მათი ფუნქციები. ორგანიზებული დანაშაული, როგორც ცალკე თემა, რადგან ეს საქართველოსთვის აქტუალურია და ბავშვები ხშირად არიან ჩათრეულები ამა თუ იმ ფორმით ორგანიზებულ დანაშაულში. გულგრილობა და თანამშრომლობა, როგორც ორი ფენომენი და მათი ავ-კარგიანობის განსჯა, სამართლიანი არჩევანი. ამ სასწავლო საგნის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ, რომ არამარტო ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებს არამედ ვუბიძგოთ და მივეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში მათი ასაკისთვის დამახასიათებელი დილემების დროს.

ნ.კ.- როგორც თქვენ ბრძანეთ პოლიცილები და პედაგოგები ასწავლიან ამ საგანს. გაიარეს თუ არა სპეციალური მომზადება პოლიციელებმა და აგრეთვე პედაგოგებმა?

ე.ზ.- პოლიციელებმა და პედაგოგებმა ერთობლივი მოსამზადებელი კურსი გაიარეს. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც გვეხმარებოდნენ თავიანთი პროფილების მიხედვით, პოლიციელებისთვის უფრო ხანგრძლივი კურსი იყო, რადგან მათთვის პედაგოგიური უნარ ჩვევები ახალი იყო და მისი ათვისებაც უწევდათ. თუმცა პროექტის შეფასების დროს გამოჩნდა, რომ მასწავლებლებისთვის უფრო რთული აღმოჩნდა ეს პროცესი, ვინაიდან პოლიციელებისთვის ეს ახალი იყო, ენთუზიაზმიც მეტი იყო და ინტერესიც. მასწავლებლები თავიდან ოდნავ შებოჭილები იყვნენ ამ ახალი ელემენტის, თანამასწავლებლის გამოჩენით. თუმცა სასწავლო პროცესმა შემდეგ აჩვენა რომ ძალიან ეფექტურია, ორივე მასწავლებელი და პოლიციელი ერთნაირად იყო ჩართული და მათმა ერთობლიობამ კარგი შედეგი გამოიღო. მე აქ მოვიშველიებ უბრალოდ პროექტის პირველი ფაზის შედეგებს, რომელიც შარშან დამთავრდა. საწყისს ეტაპზე ამ საპილოტე სკოლებში მოსწავლეების 30%-ს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საგნის მიმართ, ბავშვების 60%-მდე ნაწილს ჰქონდა წინასწარი განწყობა პოლიციის მიმართ, როგორც დამსჯელი ორგანოს მიმართ და გარკვეული სიფრთხილე არსებობდა პირველ გაკვეთილებზე. წლის ბოლოს აბსოლუტურად შეიცვალა სურათი, ყველა ბავშვი რომელიც ჩართული იყო ამ პროექტში თვლის, რომ ძალიან ბევრი რამ მიიღეს ამ საგნიდან. მასწავლებლების და დირექტორების სრული უმრავლესობაც კმაყოფილი იყო და მართალი რო გითხრათ ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო სკოლებიდან, რომ ისინიც მომავალ წელს ჩართულიყვნენ ამ საპილოტო სკოლაში. სკოლების ბევრად უფრო დიდ რაოდენობას უნდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, მაგრამ სამწუხაროდ ამ წელს 40 სკოლას ვერ გაცდა.
ნ.კ.- ესეთ დეტალებს აქვს ხოლმე მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს, პოლიციელი ფორმით შედის კლასში და ისე ატარებს გაკვეთილს?

ე.ზ.- პოლიციელები, რომლებიც ამ გაკვეთილებს ატარებენ არიან უბნის ინსპექტორები და ისინი ფორმაში არიან წარმოდგენილნი.

ნ.კ.- ჟურნალ “ლიბერალში” ამ საკითხთან დაკავშირებით, პუბლიკაციაში ვანო მერბაიშვილი წერს: ბავშვები, რომელნიც იცვავენ “ძველ ბიჭურად” , მოკრიმინალო ელემენტებთან მეგობრობენ, ატარებდნენ დანას, ამ ბავშვების მშობლებს უკავშირდებიან პოლიციელები და ატყობინებენ მოსალოდნელ საფრთხეს. ამ შემთხვევაში რა არის კიდევ ის, რისი მიხედვითაც ეს პოლიციელები, ადგენენ რომ ბავშვი შესაძლებელია რაღაც არასწორი მიმართულებით წავიდეს?

ე.ა.- ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ შსს-ს მეორე ინიციატივაზე, რომელიც ამ პროექტთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ სწორედ აი ამ სხვადასხვა ინიციატივის ერთობლიობაა ჩვენს შემთხვევაში ის საერთო პრევენციული პოლიტიკა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შარშანდელიდან მოყოლებული პრიორიტეტად განსაზღვრა. შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება და უბნის ინსპექტორებს დაევალათ რომ უფრო აქტიურად ემუშავათ ბავშვებთან, რომლებიც არ არიან დამნაშავეები, მაგრამ გარკვეული მიდრეკილება აქვთ ძალადობისკენ, მავნე ჩვევისკენ და ა.შ. ამ ბავშვების გამოვლენისთვის ჩვენ პირველ რიგში დავეყრდენით სკოლებს. ეს ხდება სკოლებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს არიან ბავშვები, რომლებიც ხშირად აცდენენ გაკვეთილებს, არ ემორჩილებიან პედაგოგს და სკოლის ადმინისტრაციას, ჩხუბობენ სკოლებში და სკოლის მიღმა, ან გამოირჩევიან ძალადობით თავისი თანასწორების მიმართ და ა.შ. ჩვენ ასევე მივეცით შესაძლებლობა მშობლებს, რომ თვითონაც დაესვათ ეს პრობლემატიკა და თავისი მხრიდანაც მოეკითხათ პოლიციისთვის. Gგანსხვავება ამ ინიციატივასა და საბჭოთა კავშირის დროს რაც იყო, ბავშვის კუთხე პოლიციებში არის ის, რომ ბავშვებს არ ვიბარებთ პოლიციაში, არამედ პოლიციელი მიდის ბავშვთან მისთვის უფრო ბუნებრივ გარემოში, ესაუბრება მას და მშობლებთან ერთად ცდილობს რომ გააკონტროლოს მისი სასწავლო პროცესი, გაკვეთილებზე დასწრება და ა.შ.

ნ.კ.- მშობლების მხრიდან ეს ინიციატივა და სურვილი ჩანს?

ე.ზ.- სრული უმრავლესობა მშობლების, ძალიან კმაყოფილი დარჩა ამ ინიციატივით და თანამშრომლობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი. მთლიანობაში, ჩვენ ვლაპარაკობთ სადღაც 1400 ბავშვზე ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ამ კუთხით გამოიკვეთა. ამ 1400 ბავშვიდან, მხოლოდ 33-მა მშობელმა თქვა უარი თანამშრომლობაზე, ჩვენც ბუნებრივია მარტო ვერაფერს ვერ გავწვდებით. ჩვენ გვჭირდება მშობლის და პედაგოგის სრული მობილიზება, რომ ამ მუშაობას შედეგი ჰქონდეს. ამ 33 მშობლის შემთხვევაში, რომელსაც არ სურდა ამ ტიპის თანამშრომლობა პოლიციასთან, ბუნებრივია, ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს მათ შვილებთან მუშაობის უფლებას. Aაქ საინტერესოა, რომ ამ 1400 ბავშვიდან, 700-ზე მეტ ბავშვთთან მუშაობა შეწყდა, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა ის ორ თვიანი მუშაობა, რაც მემგონი არაჩვეულებრივი შედეგია. სადღაც 1000 ბავშვთთან ეს მუშაობა დღემდე გრძელდება და შედეგი არის, როგორც მინიმუმ გაკვეთილებს აღარ აცდენენ. ამაღლდა მათი ნიშნები სკოლაში და ა.შ. არის დაახლოებით 100-მდე ბავშვი რომელიც ჩვენი შეფასებით ჯერ ისევ მძიმეა და ჩვენ ვთვლით რომ მარტო პოლიციის, სკოლის და მშობლების ნება არ იქნება საკმარისი და შეიძლება სპეციალიზირებული დახმარება სჭირდებოდეთ ამ ბავშვებს თუნდაც ფსიქოლოგის და ა.შ. მთლიანობაში კი, ეს პროექტი მე ვთვლი რომ ძალიან ეფექტურია ,რადგან დაახლოებით 1000-ზე მეტი ბავშვი შემოტრიალდა უკეთესობისკენ.

ნ.კ.- ეს უბნის ინსპექტორები თუ გადიან ტრენინგს? რადგან ჩვენ ვიცით ხშირ შემთხვევაში რომ ბავშვთთან ურთიერთობა ზოგჯერ მშობლებსაც კი უჭირთ. ვის მიერ არიან ისინი მომზადებულები და რა ტიპის, რამდენ ხნიანი ტრენინგი გაიარეს?

ე.ზ.- უბნის ინსპექტორები გადიან საბაზისო მომზადებას შსს აკადემიაში. აი ამ საბაზისო პროგრამაში არის ცალკე საგნად ბავშვების უფლებები, საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი კანონმდებლობა. გარდა ამისა წელს მაგალითად უკვე 2-ჯერ გვქონდა სპეციალიზირებული წვრთნები, უბნის ინსპექტორებისა და პატრულისთვის, იმიტომ რომ ძირითადად ისინი მოდიან შეხებაში ბავშვებთან. ბავშვთთან ურთიერთობა, ბავშვის დაკითხვა არა მარტო სამართლებრივი კუთხით, არამედ ასევე ეთიკური კუთხით, იმიტომ რომ შეიძლება სამართლებრივად პროცედურა სწორედ ჩატარდეს, მაგრამ ბავშვზე ამან უარყოფითი გავლენა მოახდინოს და მისი მგზნობიარე ფსიქოლოგია შეილახოს, ამიტომ ამასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ის, რასაც ვერ ვწვდებით ჩვენი რესურსით ან სადაც კვალიფიკაცია სპეციალიზირებული არ გვაქვს, ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და მოწვეულ ფსიქოლოგებთან ერთად, ესენი არიან ხშირ შემთხვევაში საერთაშარისო ორგანიზაციები, სხვა და სხვა ბავშვთა პროფილით. ესენი შეიძლება ერთის მხრივ იყვნენ ბავშვთა უფლებების დამცველნი და მეორე მხრივ ჩვენი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნის პოლიციებიდან, რომლებსაც ამ თემებზე უმუშავიათ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ძალიან გვეხმარებიან. მთლიანობაში მე არ მოგატყუებთ ნამდვილად და ვერ გეტყვით რომ ჩვენ 100%-ით კმაყოფილი ვართ იმ დონით, რომელიც არის დღეს დღეობით პოლიციაში, მაგრამ მე მინდა რომ რეალისტური იყოს მოლოდინიც. პოლიციელი არ არის, ვერ იქნება და არ უნდა გახდეს არც მასწავლებლის ჩამნაცვლებელი, არც ფსიქოლოგის და არც სოციალური მუშაკის, პოლიციას აქვს თავისი ნიშა. ამ შემთხვევაში ეს არის პირველ რიგში დანაშაულის პრევენცია და მეორე რიგში დანაშაულის აღკვეთა. ჩვენ ასე დავალაგეთ ეს პრიორიტეტები და ამ თვალსაზრისით ვატარებთ ტრეინინგებს და წვრთნებს.

ნ.კ.- ნატო შემდეგი კითხვით შენ მოგმართავ, მაგალითად როდესაც დღევანდელ გადაცემას ვამზადებდი, ჩემმა მეგობარმა შემახსენა ესეთი გამოცდილება, როდესაც მისი შვილი იყო პატარა, ბავშვი გერმანულ ბარში დადიოდა. თითქმის ყოველდღე საბავშვო ბაღში, მიდიოდა პოლიციელი ძაღლთან ერთად და 2-3 საათს ბავშვებთან ერთად ატარებდა. ბავშვებმა უკვე 2-3 წლის ასაკიდან იციან, რომ ეს პოლიციელი სწორედ მისი უსაფრთხოებისთვის არის იქ, ის დაიცავს მის უფლებებს და რაც მთავარია ბავშვობიდანვე არ იყოს გაუცხოვება მომავალ მოქალაქესა და პოლიციელს შორის. ვინაიდან შენ მეტნაკლებად ჩართული ხარ ამ პროგრამაში, როგორ ფიქრობ რა არის ამ პროგრამის დადებითი მხარეები და თუ არის რამე ხარვეზები ამაზეც ვისაუბროთ?


ნატო ზაზაშვილი - მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი რომელზეც ახლა ეკა საუბრობდა არის კარგი მაგალითი, როდესაც სამთავრობო და არა სამთავრობო სექტორმა საკმაოდ ნაყოფიერად ითანამშრომლა. მაგალითად, ერთ-ერთი ძირითადი განმხორციელებელი ამ სამართლებრივი განათლების პროგრამისა არის ფონდი “ ჰარმონია”, რომელიც ჩვენთანაც გამოვიდა კავშირზე, შემოგვთავაზა თანამშრომლობა და ჩვენც ჩავერთეთ სწორედ ტრეინინგების პროცესში პოლიციელებთან და მასწავლებლებთან. ეკას უნდა დავეთანხმო ნამდვილად, რომ პოლიციელების ჩართულობა და მოტივაცია საკმაოდ მაღალი იყო. მე მინდა პასუხი გავცე შენს შეკითხვას, ეს სხვათაშორის ის შეკითხვაა რომელიც მე მინდოდა ეკასთვის დამესვა, თუ რა ხარვეზები აქვს ამ პროექტს, იმიტომ რომ ასე გლობალურად, აქ როგორც ვხედავ, მთელი პროექტების ერთობლიობაა და ეს ძალიან საინტერესოა - როგორ მიდის კოორდინაცია? თუ არსებობს საერთო ხედვა რასაც კონცეფციას ვეძახით? მე რა შეხებაც მქონდა, ეს წარმატებულ პროექტად მიმაჩნია. გავეცანი შეფასებას, შედეგებს და როგორც ფსიქოლოგს შემიძლია ვთქვა, რომ ფსიქოლოგიური განათლების ძალიან დიდი შეკვეთა იყო მასწავლებლების მხრიდანაც, მაგრამ პოლიციელების მხრიდან უფრო მეტად. Fმაგრამ მხოლოდ ტრენინგი არ არის საკმარისი, ამიტომ ძალიან კარგია თუკი აკადემიაში მიდის ამის სწავლება და ალბათ ლიტერატურითაც უნდა შევეშველოთ. ის რაც “ჰარმონიამ” ამ პროექტისათვის გამოსცა, ძალიან კარგი სახელმძღვანელოა, მაგრამ ალბათ საჭიროა კიდევ ფსიქოლოგიური კუთხით რაღაც ლიტერატურის შექმნა.

ნ.კ.- თუმცა ალბათ ისიც გასათვალისწინებელია რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, ურთიერთობა ჰქონდეთ მოზარდებთან, ბავშვებთან რომელნიც ყველაზე რთულ ასაკში იმყოფებიან. Aადამიანი შეიძლება იყოს ძალიან განათლებული და ძალიან ბევრი ლიტერატურა ჰქონდეს წაკითხული და სწორედ ეს უნარი არ ჰქონდეს და ვერ ამყარებდეს ურთიერთობებს.

ნ.ზ.- რა თქმა უნდა და ის პოლიციელები ვისთანაც მე მქონია შეხება, სწორედ ამ უნარის მატარებლები არიან. კიდევ ერთს დავამატებდი, თქვენ ბრძანეთ რომ მასწავლებლებს თითქოს ცოტა უფრო გაუჭირდათ - ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა მასწავლებელსა და პოლიციას შორის - ჩვენი სკოლები გადატვირთულია და მასწავლებელიც სულ პროფესიული გადაწვის ზღვარზე მუშაობს, პოლიციელიც რა თქმა უნდა ძალიან დაკავებულია, მაგრამ მოზარდთან მისი ურთიერთობა არ არის მისი პროფესიული ფუნქცია და მიზანი, ამიტომ მე ვფიქრობ რომ კიდევ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რაც სუსტი მხარეა ჯერჯერობით, ის რომ სკოლა მაინც საჭიროებს ბევრ დახმარებას ჩვენგან. სკოლა მარტო ვერ მოერევა ასეთ პრობლემას. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვქონდეს არაძალადობრივი ატმოსფეროს შექმნის ზუსტი ხედვა და კონცეფცია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რაღაც რეფერალური ქსელის შექმნა და სწორედ ამ პროექტის მომავალი, ერთ-ერთი ძირითადი აქტივობა იქნება ის რომ, ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე სავარაუდოდ მოხდება მომავალ წელს, ამ ბავშვების გადამისამართება.

ე.ზ.- პირველ რიგში მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ არ გვყავს ცალკე პოლიციის დანაყოფი, რომელიც მუშაობს მხოლოდ არასრულწოვნებთან. Eის უბნის ინსპექტორები, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტში, არ არიან მოწყვეტილი თავის ყოველდღიურ საქმიანობას, მათთვის ეს არის დამატებითი საქმე, ამისთვის ისინი ხშირ შემთხვევაში დამატებით ანაზღაურებას არ იღებენ, ასე რომ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ, რადგან მათი სამუშაო გრაფიკი, ისედაც ძალიან დატვირთულია, ვიდრე ჩვეულებრივი პროფესიის მქონე ადამიანების და ეს ნიშნავს რომ ისინი თვლიან - ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მეორე, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რაც არ უნდა დადებითი ბევრი თვისების მატარებელი იყოს ადამიანი, ბავშვებთან ურთიერთობა და მითუმეტეს სწავლება საჭიროებს ცოტა უფრო მეტს, ვიდრე კარგი ზოგადი განათლებაა, აქ ეს არის ნებაყოფლობითია. როდესაც ჩვენ ამ პროექტებს ვიწყებთ, დანაყოფებს ვთხოვეთ რომ ის თანამშრომლები ვისაც სურვილი აქვს მასში მონაწილეობის წარმოგვიდგინონ. შემდეგ იმ თანამშრომლებისგან, რომლებმაც სურვილი გამოხატეს, ჩვენ უკვე შევარჩიეთ ისინი ვისაც ამისი უნარი აქვს, ანუ აქვთ კომუნიკაციის, მოთმინების უნარი, ბავშვებთან მუშაობა ბევრ მოთმინებას გულისხმობს. ამ პროექტების თვითმიზანი არ არის რაღაც მზა რეცეპტების ბავშვებისთვის თავში ჩადება, ეს არის დისკუსია, დებატები ძალიან მძიმე თემებზე... ბავშვების კითხვები თუ უპასუხოდ დარჩა, ეს ძალიან ფორმალური ურთიერთობა იქნება, რომელიც შედეგს არ მოიტანს. ერთ-ერთი დიდი პრობლემა, დილემა, რომელიც ბავშვებს აქვთ, ეს არის ისინი ერთმანეთისგან მიჯნავენ სოციალურ სამართლიანობას და კანონს. კანონიერი მათთვის აპრიორი არ ნიშნავს სამართლიან გადაწყვეტილებას. ამ ორის დაახლოება და მათთვის ამისი განმარტება - რა დროს როგორი არჩევანი უნდა გააკეთო - უნდა მოხდეს ძალიან უშუალოდ და ძალიან გულწრფელ ატმოსფეროში. სწორედ ამ ნიშნით ვარჩევთ ამ პოლიციელებს, რომლებიც ამ პროექტში იქნებიან ჩართულები.

რაც შეეხება ქალბატონი ნატოს მეორე კითხვას, არის თუ არა ეს პროექტები შეკრული ერთი დიდი ქოლგის ქვეშ. მანამდეც არსებობდა უწყებათა შორის სამუშაო ჯგუფი, მაგრამ შარშან მოხდა მათი ფორმალიზება, ეს არის სამთავრობო კომისია, რომელიც არასრულწლოვნების საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობს იუსტიციის მინისტრის თავჯდომარეობით, რომელიც სწორედ აი ამ ტიპის საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სახელმწიფო პოზიციას და პრიორიტეტებს. ეს სტრატეგია უკვე დაიდო, დამტკიცებულია და ბევრ მიმართულებას გულისხმობს, დაწყებული იქიდან თუ როგორი უნდა იყოს არასრულწოვნებთან მიმართებაში მართლმსაჯულება, სასჯელ აღსრულება, პრობაცია, უფასო იურიდიული დახმარება, ასევე როგორი უნდა იყოს პრევენცია დანაშაულის არასრუწლოვნებთან მიმართებაში, ეს არის კომპონენტი სადაც პოლიცია შემოდის ძალიან აქტიურად განათლების სამინისტროსთან ერთად. ამ ერთობლივი ჯგუფის ფარგლებში, სადაც ბევრი სპეციალისტიც მონაწილეობს, ჩამოვყალიბდით ძირითად მიმართულებებზე, ფორმატზე, რომლითაც სკოლაში უნდა შევიდეთ. მე არ მინდა ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტებს ჩვენ ჰაერიდან ვიგონებთ და რაღაც ცდებს ვატარებთ ბავშვებზე, მასწავლებლებზე და სკოლებზე, ეს ასე არ არის. თითოეულ ამ პროექტს წინ უძღვის ძალიან დიდი კვლევითი სამუშაოები, ანალიტიკური სამუშაოც, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ მომენტისთვის არასრუწლოვანებთან მიმართებაში დანაშაულის სტატისტიკასაც და ა.შ სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე შემდეგ ყალიბდება პროექტი. მე ვთვლი რომ ის, რომ მოსამზადებელი პერიოდიც აქვს ამ პროექტებს განაპირობებს ამ პროექტების საბოლოო წარმატებასაც ანუ ეს არ არის მე მომინდა და ამიტომ გავაკეთე პროექტი.

რაც შეეხება მსმენელის შეკითხვას. მე ვთვლი რომ ნარკომანია ქართული საზოგადოებისთვის ერთ ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ხშირად უჭირს საზოგადოებას ამის აღიარება მაგრამ ეს ასეა, სტატისტიკა ამას უჩვენებს, ეს პრობლემა არის მოზარდებშიც. შარშან 2008 წელს იყო მხოლოდ 26 შემთხვევა, როდესაც არასრულწოვანი გასამართლდა ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაულის გამო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მოხმარება მხოლოდ 26 ფაქტით შემოიფარგლება, მოხმარების რაოდენობა არასრულწოვნებში არის ბევრად უფრო მაღალი. ჩვენ ვთვლით რომ საინფრომაციო კამპანიის განმარტებით საუბრებს და მუშაობას უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე დასჯას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უბრალოდ ვერ აუვალთ, მაშინ ჩვენი შვილების ნახევარი რაღაცა ფორმით უნდა დავსაჯოთ ამისთვის. იქნება თუ არა წარმატებული ჩვენი ეს მოქმედებები ძალიან არის დამოკიდებული, რამდენად მოგვეხმარება პირველ რიგში მშობელი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა სკოლა. მე ხაზს ვუსვამ მშობლის მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ძალიან ხშირად ისინი სკოლებთან და პოლიციასთან თანამშრომლობაშიც პასიურობენ. Yყველას აქვს თავისი არგუმენტი რომ დაკავებული ვარ, ცხოვრება მძიმეა, ამდენი სამუშაო მაქ და ა.შ. მაგრამ შეიძლება ჩემი მხრიდან ახლა გულცივი განაცხადია, რადგან მე შვილი არ მყავს და არვიცი მე თვითონ როგორ მოვიქცეოდი, მაგრამ გვერდითა გადასახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ მარტო პოლიციელი და მარტო მასწავლებელი ვერაფერს ვერ იზამს. ანტინარკოტიკული პროგრამები, გარდა იმისა რომ ნარკოტიკი როგორც თემა ამ სახელმძღვანელოშიც, ამ საპილოტო პროგრამის დიდი ნაწილიც არის, ჩვენ გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი ღონისძიება, რომლებსაც კონკრეტულად ამ მიმართულებით ვახორციელებთ. სულ რამდენიმეს ჩამოვთვლი, ერთი იყო 2007 წელს განვახორციელეთ საქართველოს ყველა ქალაქში და ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში, ყველა საჯარო სკოლაში სპეციალურად მომზადებულმა პოლიციელებმა, საპატრულო პოლიციელებმა და უბნის ინსპექტორებმა ჩაატარეს ინტერაქტიული გაკვეთილი ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ინტერესი ძალიან დიდი იყო და მინდა გითხრათ, რომ ინტერესი ბავშვებისგან უფრო დიდი იყო, ვიდრე მასწავლებლებისგან და მათი მშობლებისგან, სამწუხაროდ. ბავშვებმა ამ თემაზე კომუნიკაცია იმ პოლიციელებთან გააგრძელეს, რაც ჩემი აზრით არის არაჩვეულებრივი. ძალიან ბევრი ადგილობრივი ინიციატივა დაიბადა ამ ლექციის შემდეგ, გარდა ამისა ჩვენ ეხლა, ამ წუთას ვანხორციელებთ, შეიძლება ტელევიზორშიც მოკარით თვალი, პოლიციის შენობებში ღია კარის დღეს. ყოველდღე ერთი საათი არის ამისთვის გამოყოფილი და ყველა საჯარო სკოლას, თუ სურვილს გამოთქვამს კერძოსაც აქვს მონაწილოების საშუალება. ამ შემთხვევაში აქცენტი გავაკეთეთ, მე-6, მე-7 კლასელებზე, მოდიან, ეცნობიან პოლიციელის მუშაობიდან ერთ მთლიან დღეს. ასევე ამ პროექტის ფარგლებში ბავშვებს ვაჩვენებთ ვიდეო ფილმს ნარკოტიკების გავლენის შესახებ, ტარდება პატარა პრეზენტაცია, ასევე იმართება პატარა დისკუსია ბავშვებთან მიზეზებზე და შედეგებზე. ვიყენებთ ამ შესაძლებლობასაც და მათ ელემენტარულ საგზაო წესებსაც ვაცნობთ. როგორც აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ინიციატივაა, იმიტომ რომ ჩვენ ამას თბილისის მასშტაბით ვაკეთებთ ჯერეჯერობით, რაიონის ძალიან ბევრი სკოლა დაგვიკავშირდა და გვთხოვა რომ ჩავრთოთ ამ ღონისძიებაში. აგრეთვე გუშინ დაიწყო დიდი სპორტული ღონისძიება, თბილისის ყველა საშუალო სკოლისთვის, მე-9 კლასელები მონაწილეობენ მხოლოდ, 209 სკოლაა სულ ჩართული თუ არ ვცდები, შეჯიბრი ფეხბურთში. რომელსაც ასევე აფინანსებს და ორგანიზებას უკეთებს შსს, განათლების სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაცია. ვინმემ შეიძლება თქვას რომ შსს ამას აკეთებს საკუთარი პიარისთვის, მე არ ვიტყვი რომ ეს ასე არ არის, ნაწილობრივ არის, ჩვენ გვინდა რომ ბავშვები იცნობდნენ პოლიციას და არ ეშინოდეთ მისი, იცოდნენ მისი ფუნქციები და როგორი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთ პოლიციასთან, მაგრამ ამ პროექტის ძირითადი მიზანი არის, არა მარტო სალექციო კურსების და გაკვეთილების მეშვეობით, არამედ კლას გარეშე ღონისძიებებითაც ბავშვებს ვაჩვენოთ და დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების სტანდარტი. ამ სპორტული შეჯიბრის მოტივიც არის “ცხოვრება ნარკოტიკების გარეშე”, სლოგანი არის: “მე არ ვკაიფობ” ბავშვებისთვის ეს სიტყვა გასაგებ ენაზეა და ინტერესი არის ძალიან მაღალი. ბავშვები არიან ძალიან მოტივირებული და ძალიან ინდომებენ. ჩვენც შევეცადეთ რომ საპრიზო ფონდი ყოფილიყო ადეკვატური და შესაბამისი. ეს ღონისძიებები არ არის ერთჯერადი, ჩვენ ვცდილობთ რომ ეს კავშირი იმ კონკრეტულ უბნის ინსპექტორთან, რომლის სამუშაო არეალშიც ის კონკრეტული სკოლა შედის არ გაწყდეს. ეს ხშირ შემთხვევაში არ არის ფულთან დაკავშირებული, ეს არის დროსთან დაკავშირებული, ანუ ჩვენ მოზრდილმა ადამიანებმა უბრალოდ უნდა გამოვნახოთ დრო, პოლიციელი იქნება ეს, ფსიქოლოგი, მასწავლებელი თუ მშობელი - რომ ბავშვებთან მეტი დრო დავყოთ.

ნ.ზ.- ამ ჩვენი დღევანდელი თემის კონტექსტში ერთ-ერთი საჭირბოროტო და ძალიან აქტუალური საკითხია, დროული იდენტიფიცირება ზოგიერთ რთულ ბავშვთთან და რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან. ამასთან დაკავშირებით ალტერნატიული სასჯელის თემა მინდოდა შემომეთავაზებინა. რამდენადაც მე ვიცი, ჩვენი საკანონმდებლო ბაზა ხელს არ უწყობს იმას, რომ დაინერგოს ალტერნატიული სასჯელის ფორმა. ახლა ცოტა მწვავე მაგალითს მოვიყვან, მაგრამ აი ბავშვი რომელიც მოიპარავს პურს, მოიპარავს კანფეტებს, მერე გაარკვევ რომ ამ ბავშვს თურმე შია, რომ ოჯახში ძალადობაა, ალკოჰოლიკი ჰყავს დედაც და მამაც. მე მაგალითად ასეთ დროს, როგორც დედას, როგორც მოქალაქეს, ჩემ თავს ვუსვამ შეკითხვას - რა გავაკეთე მე, რომ ამ ბავშვს არ მოეპარა? მშიერი რომ არ ყოფილიყო? არა და მისი დასჯისას ფაქტი ფაქტად რჩება, კანონი დაირღვა. მაგრამ რამდენად ვრეაგირებთ ამაზე?

ე.ზ.- ალტერნატიული სასჯელი არის არა პატიმრობა, ეს რომ ვთქვათ გასაგებ ენაზე, ანუ სასჯელი რომელიც არ გულისხმობს პატიმრობას. აქ არის ერთი მთავარი კითხვა, როდესაც დანაშაული ჩადენილია, ეს უკვე შემდგარი ფაქტია, ამაზე თვალის დახუჭვა თითქოს არ მომხდარა, ვნებს ბავშვსაც და საზოგადოებასაც, სასჯელი უნდა არსებობდეს უკანონობისთვის. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ პატიმრობა არ არის ადეკვატური ყველა შემთხვევაში. თუ ვინმეს გონია რომ ან პოლიციას, პროკურატურას ან რომელიმე მოსამართლეს დედამიწის ზურგზე სიამოვნებას ანიჭებს არასრულწლოვანი ბავშვის ციხეში გაშვება, ძალიან ცდება,თუ ესეთი ადამიანი არსებობს ის ავადაა და არის სამკურნალო ანუ ეს არ არის მიდგომა და პრიორიტეტი. მაგრამ თქვენ სწორედ ბრძანეთ, საკანონმდებლო ბაზა შეზღუდულია და არ არის საკმარისად მოქნილი ამისთვის, კომისიამ იმსჯელა და განსაზღვრა გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც თუნდაც არსებულ საკანონმდებლო ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს, ეს კიდევ დაზუსტდება. თუმცა ეს საკითხი სცდება შსს-ს კომპეტენციას და უკვე სასამართლოს და პროკურატურის თემებია. მაგრამ პრიორიტეტული იქნება ყველგან, სადაც შესაძლებელია რომ ბავშვებისთვის გამოინახოს ალტერნატიული სასჯელის ფორმები, ეს შეიძლება იყოს რეაბილიტაციის პროექტები, ჯარიმა და არა პატიმრობა, ეს შეიძლება იყოს სკოლაში რაღაც დამატებითი საათების გატარების ვალდებულა და ა.შ. ანუ სხვადასხვა შეიძლება იყოს დანაშაულის ტიპიდან გამომდინარე, თუ დანაშაული აგრესიულია, სხვანაირი შემაკავებელი ზომებიც გჭირდება და ა.შ. ასაკობრივ ზღვარს, კანონი შეიცვალა 2 წლის წინ და 14 წლიდან 12 წლამდე ჩამოიწია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი, მაგრამ ეს მუხლი არასოდეს არ ამოქმედებულა, ამ კანონის ცვლილების მერე არც ერთი 12 წლის ბავშვი არ დაპატიმრებულა, არ განსჯილა და არ გასმართლებულა. ამ მუხლს ჰქონდა დათქმა, რომ ეს შეიძლება ამოქმედდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც საქართველოში აშენდება შესაბამისი პენიტენციალური დაწესებულება და შევა ექსპლუატაციაში, აქ არის ლაპარაკი ციხეზე, სადაც უფრო მეტი საგანმანათებლო აქცენტი და ა.შ. მაგრამ ეს თემაც უკვე შეგვიძლია დავხუროთ, იმიტომ რომ იმ დისკუსიის ფარგლებში, რომელიც სამთავრობო კომისიის ფარგლებში შედგა. რომელიც უკვე რამდენჯერმე ვახსენე და იმ სტატისტიკამ რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, ჩვენ მივედით დასკვნამდე რომ ამ მუხლის საჭიროება საქართველოში აღარ არის რადგან ამ პრევენციულმა პოლიტიკამ, რომელიც ამ 2 წლის განმავლობაში დავიწყეთ და გავატარეთ, შეამცირა საფრთხე რომელიც იყო ამოსავალი წერტილი ამ მუხლის მოქმედებისა. მომავალი წლიდან უკვე იუსტიციის სამინისტრო ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტში წარსადგენად, ეს ასაკი ისევ ავა 14 წლამდე, ეს უკვე მიღებული გადაწყვეტილებაა, ამიტომ შემიძლია საჯაროდაც განვაცხადო.

ნ.კ.- დაახლოებით ერთი წლის წინ იყო საუბარი “უსაფრთხო სკოლაზე”, ცალკე სკოლა, რომელიც უნდა აშნებულიყო და სადაც ეს ე.წ. ძნელად აღსაზრდელი ბავშვები ისწავლიდნენ. მე ვიცი, რომ საბდნიეროდ ეს იდეა ძალაში აღარ არის და არ უწერია განხორციელება, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რაღაც ამის ალტერნატივაზე იყო ლაპარაკი.

ე.ზ.- რაიმე განსაკუთრებულზე თუ მუშაობს განათლების სამინისტრო არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ეს ცნობილი არ არის. ვფიქრობთ ჩვენც ვიქნებოდით საქმის კურსში, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კომპონენტი ამ რისკის ჯგუფის ბავშვებთან მიმართებაში არსებობს. უსაფრთხო სკოლის კონცეფცია რომელიც განათლების სამინისტროს გააჩნია არ არის ერთ კონკრეტულ სკოლაზე აგებული, ეს არის ხედვა თუ როგორ შეიძლება მოწესრიგდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჩვეულებრივ საშუალო და არა საშუალო სკოლებში. ერთ-ერთი ამისი საშუალება არის ეს დამატებითი პროგრამები და პროექტები, რომლებსაც სკოლები პოლიციასთან, ჯანდაცვის სამინისიტროსთან და არა სამთავრობოებთან ერთად განახორციელებენ. ეს ერთი პროფილია და მეორე ის, რაზედაც ჯერჯერობით ყველა ერთად ვფიქრობთ, ეს არ არის მიღებული გადაწყეტილება, მომზადდეს დამატებითი ინფრასტრუქტურული ხელშეწყობა სკოლებისთვის. ეს შეიძლება იყოს სკოლის პერიმეტრის უკეთ დაცვა, გარე პირებს არ შეეძლოთ სკოლაში შესვლა და ა.შ. ზოგიერთ სკოლას აქვს ეს პრობლემა, როდესაც უფროსი, სკოლა დამთავრებული ბიჭები მაინც სკოლის ტერიტორიაზე დადიან, სვამენ... მათ პატარა ბავშვებზე გავლენა აქვთ. აგრეთვე ეს შეიძლება იყოს იგივე ვიდეო მეთვალყურეობის, ვიდეო თვალების დამონტაჟება სკოლის დერეფნებში და სასწავლო კაბინეტებში, რომელიც დაიცავს ამ შედარებით სუსტ ბავშვებს, რისკის ჯგუფის ან ძალადობისკენ მიდრეკილი ბავშვებისგან. მოკლედ რომ ვთქვათ არსებობს ინფრასტრუქტურული გამოსავლებიც, თუმცა ამგვარ მიდგომას ყოველთვის აქვს როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი მხარე, სწორედ ამისი აწონვა მიმდინარეობს. თავი რომ დავანებოთ იმას რომ ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია ძალიან ხარჯიანი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში და ამიტომ 100%-ით უნდა იყოს ხელისუფლება დარწმუნებული ამის წარმატებაში.

ნ.ზ.- საერთოდ ჩვენი ბავშვები მეტად რომ იყვნენ ჩართულნი, მემგონი მხოლოდ წაგვადგება. მე მაგალითად ვისაც ვეკითხებოდი, ბავშვებს, მათი აზრი მაინეტერესებდა სათვალთვალო კამერებზე, სხვადასხვაირად გამოხატავდნენ, ზოგი აგრესიულად... მაგრამ არსი იყო ერთი, ისინი ამას იღებენ შეურაწყოფად, ნდობის არ ქონად და აი ეს მემგონი შეიძლება ბავშვებთან ერთად იქნეს განხილული. მე ხშირად დავდივარ სკოლებში და მაქვს ურთიერთობა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, არაჩვეულებრივად ბევრი რამ იციან, უფრო მეტი ვიდრე ჩვენ შეიძლება გვეგონოს, თვითონაც ვერ აცნობიერბენ რომ ამ ცოდნის მატარებლები არიან. მაგრამ ისინი არ არიან მიჩვეულები, რომ შეიძლება უფროსმა კითხოს - რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, თუ ვიდეო თვალი არ მოგწონს? მე დარწმუნებული ვარ რომ ეს დაგვეხმარება უფრო სწორი და მათთვის შესაბამისი გამოსავალი ვიპოვოთ.

ნ.კ.- რამდენად დიდია თვითონ ბავშვების ჩართულობა ამ პროცესებში?

ე.ზ.- ყველა პროექტი რასაც ჩვენ ვახორციელებთ არის ინტერაქტიული, ანუ არცერთი არ არის ლექციური სახის, არის პატარა შესავალი კურსი და დანარჩენი ინფორმაციის გაცემა და გაცვლა ხდება ორ მხრივ რეჟიმში. ბავშვებს აქვთ საშუალება და გარემოც რომ საკუთარი აზრიც გამოთქვან, გააკრიტიკონ ის აზრი, რომელიც პოლიციელისგან ან პედაგოგისგან იყოს შემოთავაზებული, ჩვენ გვესმის რომ ზოგიერთი ბავშვისთვის უფრო მარტივია კამათი, ზოგიერთი კი ან ზარმაცი ან მორიდებულია. ამის ხერხებიც არის თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ბავშვების მოტივირება. მე ვეთანხმები ნატოს, ბავშვების აზრი მნიშვნელოვანია, ხშირ შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული და უნდა ვიცოდეთ, მაინც როგორია ბავშვების დამოკიდებულებ. თუმცა არის მეორე გამოცდილი სიმართლე - ბავშვები ხშირად, თითქმის ყოველთვის ეწინააღმდეგებიან თავისი თავისუფლების შეზღუდვას ნებისმიერ ფორმით. არის შემთხვევები, როდესაც მათი შეზღუდვა შეიძლება გამართლებულია, მათივე მომავლისთვის, თუმცა ბავშვი ამ ეტაპზე ამას ვერ აცნობიერებდეს, ამიტომ ყოველთვის ბავშვის აზრის მიღება როგორც აპრიორი სწორის ალბათ არ იქნება გამართლებული. მაგალითად ამერიკა და ინგლისი აქტიურად იყენებს ლითონის დეტექტორებს, ვიდეო თვალსაც და ბევრ კიდევ უფრო მკაცრ შეზღუდვებს, ტექნიკურსაც და ინფრასტრუქტურულსაც, ამ დიდი ქვეყნების ზოგიერთ ნაწილში ეს ამართლებს, ზოგიერთში კი არ ამართლებს. ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტული ქალაქის ან სოფლის საზოგადოებაზე, თუ როგორ მონაწილეობს, რა წვლილი შეაქვს. ეს ბავშვები ოჯახებიდან მოდიან და იმ საზოგადოების დიდი გავლენა აქვთ რომელშიც ისინი ტრიალებენ. შეიძლება ხანდახან ეს გავლენა არ იყოს ჯანსაღი და შეიძლება იგივე პედაგოგის საშუალებით უნდა მოხდეს ამისი ინიცირება, ხშირად ბავშვებსაც უნდა ავუხსნათ რომ შენ გაქვს ესა და ეს უფლებები და ასევე ვალდებულებები. მაგალითად, ძალიან სერიოზული კამათის საგანია სკოლაში, ბავშვებისთვის იმის განმარტება, რომ როდესაც შენ თანაკლასელს ჩაგრავ რამე ფორმით, არ არის აუცილებელი ართმევდე ფულს და ცემდე, ჩაგვრა შეიძლება სხვადასხვა ფორმითაც, ეს არის ცუდი და არ გმატებს არაფერს, ამ საქციელით შენ ვერ ყალიბდები კლასის ლიდერად. ეს არ არის იმ კონკრეტული ბავშვის პრობლემა, ეს არის მისი მიმდევრების პრობლემა, ხშირად გოგონების პრობლემაც, რომლებიც აქეზებენ და მიასალმებიან ამ მოქმედებებს. როცა მე ვიყავი სკოლაში მაშინაც იყო, მანამდეც და ახლაც არის, ეს არა მარტო საქართველოს პრობლემაა, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ამა თუ იმ ფორმით ასეთი პრობლემა აქვთ. ბევრ ქვეყანაში ეს არის შეფასებული როგორც ცუდი. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ეს არ არის ხშირად შეფასებული ნეგატიურად. ხშირად ბევრი უფროსი მეგობარი ამ ბავშვების, მოუწონებს ამ ტიპის საქციელს. მასში ლიდერის თვისებებს ან ძლიერ ხასიათს ხედავენ. როგორც წესი ამ ტიპის ქცევით დამკვიდრებული ბავშვები არიან ყველაზე დიდი კომპლექსების მატარებლები და უკვე ზრდასრულ ასაკში ექმნებათ თვითშეფასების სერიოზული პრობლემები, რაც მერე აისახება მთლიანად მათ ცხოვრებაზეც და კარიერაზეც. ანუ არ არსებობს მარტივი თემა ბავშვებთან მიმართებაში, აბსოლუტურად ყველა თემა არის მრავალ წახნაგოვანი.

ნ.კ.- ძალიან რთულია ნამდვილად და მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში, როდესაც მოზარდებში ძალადობაზე გვაქვს ლაპარაკი, არსებული აგრესია ხშირ შემთხვევაში ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ მისი სხვა მიმართულებით გაცემა, დახარჯვა უნდა მოხდეს.

ნ.ზ.- ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა განვიხილოთ ფართო კონტექსტში ანუ ზოგადად არა ძალადობრივი და ძალადობის პრობლემა სახელმწიფო დონეზე, ოჯახების დონეზე, თემის დონეზე - რადგან ეს ხომ აირეკლება?! მითუმეტეს გასათვალისწინებელია რომ ეს დღევანდელი მოზარდები არიან დაბადებულები 90-იანი წლების დასაწყისში. მე სულ ვწუხვარ ხოლმე, როდესაც ვუყურებ რა ხდება ქუჩაში, სოციალური, პოლიტიკური პროცესები რომელიც მიმდინარეობს - ნეტავ რას ფიქრობენ ბავშვები?! ვინმე ეხმარება ან ინტერესტება?! ეს მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე და სწორედ ძალადობრივი ქცევის გამყარებაზე დიდ გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა.


7 comments:

Dv0rsky said...

ნინია, შენც შეგიძლია აუდიოფაილები დადო ისე, რომ ხალხმა აქვე მოუსმინოს - დააკოპირებ ფაილის მისამართს (ამ შემთხვევაში http://www.gipa.ge/radio/data/Tavisufali-azri6.mp3), მერე შეხვალ საიტზე http://muzicons.com/ და იქვე შექმნი embeddable აუდიოფლეიერს, რასაც მერე ბლოგზე ჩასვამ.

Anonymous said...

ესე ჯობია როგორც არის, ჩამოსატვირთი ვერსია რომ იყო ბლოგშივე მოსმენას. მე ვიწერ ხოლმე ამ უზარმაზარ აუდიო ფაილებს, ვაპატარავებ მოცულობაში და მერე ვუსმენ. 90 მეგაბაიტამდეა ხან ფაილი, დაპატარავების მერე მოცულობა 15 მეგაბაიტამდე იყოს მაქსიმუმ(ხარისხი გზაში არ იკარგება).

ამ გადაცემის ფაილი 11 მეგაბაიტი გამოვიდა მაგალითად:

http://files.ge/file/445872/Tavisufali-azri6-mp3.html

.

Dv0rsky said...

გადმოწერა სწორი იდეაა, სწორედ ამისთვის არსებობს პოდკასტი - ან საიტზე მოუსმენ, ან ტელეფონში/ფლეიერში გადმოიწერ...

მე მირჩევნია საიტზე მოსმენა :)

ninia said...

დედა, რა რთული დავალება მომეცით:(( :))
ვეცდები რამე გავუგო, იმიტომ რომ მეც მინდა ამ აუდიო ფაილების აქ დადება. ისე, უფრო მარტივი ხომ არ იქნება, პირდაპირ ჩემს კომპში რომ მაქვს აუდიო ფაილი, ის ავტვირთო სადმე და ისე დავდო?

Dv0rsky said...

პატარა ვიდეო ტუტორიალი ჩავწერე - როგორ უნდა ამის გაკეთება

უმარტივესია! :)

Anonymous said...

ამ თემასთან დაკავშირებით ბევრ გამოხმაურებას ველოდი...
როგორც ჩანს ბევრს არ აღელვებს რა ელით ჩვენს შვილებს.

"ერთ-ერთი დიდი პრობლემა, დილემა, რომელიც ბავშვებს აქვთ, ეს არის ისინი ერთმანეთისგან მიჯნავენ სოციალურ სამართლიანობას და კანონს. კანონიერი მათთვის აპრიორი არ ნიშნავს სამართლიან გადაწყვეტილებას. ამ ორის დაახლოება და მათთვის ამისი განმარტება - რა დროს როგორი არჩევანი უნდა გააკეთო - უნდა მოხდეს ძალიან უშუალოდ და ძალიან გულწრფელ ატმოსფეროში. "
ხელოვნურად რა უნდა დააახლოვონ?

საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი იყო და მოზარდების უფლებებს მხოლოდ გაკვრით შეეხნენ.ყველა ღონისძიება, მათ მიერ ჩამოთვლილი, ემსახურება არა მოზარდის დავისუფალ, პასუხისმგებელ, პიროვნებად ჩამოყალიბებას, რომელსაც გააჩნია გაცნობიერებული უფლება-მოვალეობები საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე, არამედ მოაქციონ მომავალი თაობა კონტროლის ქვეშ, ჩაუნერგონ კანონის წინაშე შიში და არა პატივისცემა. რაღაც აბსურდის სფეროდანაა მათი მოსაზრება -სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკობრივი ზღვარის 12 წლამდე შემცირების მუხლი აქამდე არც ერთხელ არ განხორციელებულაო. თუ მუხლი არსებობს, ის აუცილებლად განხორციელდება საჭიროების შემთხვევაში. ეს ჩახმახ გამოწეულ იარაღს ჰგავს, რომელიც ერთხელაც აუცილებლად გავარდება.ეს ახალი ექსპერიმენტი იყო, რომელსაც ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ დაუჭირეს მხარი და მალე ისევ ამ ზღვარის 14 წლამდე აწევას გეგმავენ. და მიზეზი მათ მიერ განხორციელებული სკოლებში დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები როდია.ამ მუხლის შეცვლა მოზარდებზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელების მცდელობა იყო და არის.12 წლის ბავშვის დაშინება უფრო ადვილია. 14 წლის მოზარდში წინააღმდეგობა, სიურჩე და პროტესტი უფრო მძლავრად არის.
"გარდა ამისა ჩვენ ეხლა, ამ წუთას ვანხორციელებთ, შეიძლება ტელევიზორშიც მოკარით თვალი, პოლიციის შენობებში ღია კარის დღეს. ყოველდღე ერთი საათი არის ამისთვის გამოყოფილი და ყველა საჯარო სკოლას, თუ სურვილს გამოთქვამს კერძოსაც აქვს მონაწილოების საშუალება. ამ შემთხვევაში აქცენტი გავაკეთეთ, მე-6, მე-7 კლასელებზე,"---- ვერ ვხვდები რა სახის დიფერენციას უსვამენ ხაზს საჯარო და კერძო სკოლებს შორის. ამის შემდეგ უკვირთ, რომ ბავშვებს არ აქვთ სოციალურ და კანონიერ სამართლიანობის იდენტურობის გრძნობა? სურათი სახეზეა და ამის ხელოვნური დაახლოვება წარმოუდგენელია. ერთი სიტყვით, ეს ახალი პროგრამაც მოზარდების და სკოლის მილიტარიზაციის გეგმის შენიღბული შემადგენელი ნაწილია, რაც თავისმხრივ, ახალგაზრდების თავისუფალი არჩევანის უფლების შელახვაა. გაკვეთილების გაცდენა, სკოლაზე გულის აცუება თვიტ სასწავლო პროცესისა და პროგრამების უსახურობაა, რასაც ზედ ერთვის სოციალური პრობლემებ., პრობლემები, საიდანაც მოდიან ეს ბავშვები.ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ამ პროგრამაში ნაკლებად არიან ჩართული კერძო სკოლები, სადაც ხშირ შემთხვევაში ეკონომიურად ძლიერი ოჯახებიდან მომავალი ბავშვები სწავლობენ, რომლებსაც ნაკლებად ეხებათ სოციალური პრობლემები.

Unknown said...

კარგი რამეები გვასწავლე დოვსკი, მადლობა! მეც მიყვარს ბარემ პირდაპირ საიტზევე შეიძლებოდეს მოსმენა და ცხრაგან არ გადამაგზავნონ :) ნინიას საინტერესო რაღაცეები აქვს და მოსმენა ღირს :)