Wednesday, July 29, 2009
მიეცით საზოგადოებას შანსი
ჟურნალი "ლიბერალი" N6/ 29 ივლისი - 11 აგვისტო/ 2009
საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის პროცესი მომავლისთვის არ უნდა გადაიდოს.
ნინია კაკაბაძე
მიხეილ სააკაშვილმა 20 ივლისს საქართველოს პარლამენტში მედიას-თან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა: «შეიცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წესი. კერძოდ, ცხრაწევრიან საბჭოში ოთხი დანიშნოს ხელისუფლებამ, ოთხი - ოპოზიციამ, ხოლო ერთი «გადამწყვეტი ხმა» სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ წევრს მიენიჭოს. თანდათან კი უნდა წავიდეთ ამ ორგანიზაციის დეპოლიტიზაციისკენ, ჩავრთოთ სამოქალაქო სექტორი გადამწყვეტი ხმით და გავაფართოვოთ ამ საბჭოს ფუნქციები. ეს ცვლილებები ჩვენ უნდა მივიღოთ უახლოეს 90 დღეში».
მესმის სკეპტიკოსების საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვები არაფერია, ცარიელი სიტყვების გარდა. საზოგადოებრივი ტელევიზიის დეპოლიტიზაციის ნება იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუკი ჩვენ, საზოგადოება, რომელიც ამ ტელეარხის მფლობელია, ამას მოითხოვს. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები ჩვენთვის უნდა გახდეს ბრძოლის სტიმული; ვიმსჯელოთ და ვილაპარაკოთ, როგორ უნდა იქცეს «პირველი არხი» საზოგადოებრივ არხად. ყოველთვის, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემა, ვცადოთ და გამოვიყენოთ შანსი შედეგისთვის და არ მხოლოდ ბრძოლისთვის, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
საზოგადოებრივი არხის მართვის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სქემა ასეთია: სამეთვალყურეო საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტება, დაცული პარიტეტი ოთხი-ოთხზე და ერთი საზოგადოების ნდობით აღჭურვილი წევრი. მხოლოდ ამას მოჰყვება «ფიქრი» არხის დეპოლიტიზაციაზე.
საუბარი პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკომპლექტებაზე ნიშნავს, რომ მაუწყებლის საბჭოში ხელისუფლებისა და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ინტერესების დამცველი წევრები უნდა შევიდნენ. რატომ? რა კავშირი აქვს საზოგადოების კუთვნილ ტელევიზიას პარტიებთან?!
დღევანდელ სატალევიზიო მედიაში მეტ-ნაკლებად გაჩნდა ძალთა, ანუ ინტერესთა ბალანსირების საშუალება. 2 სახელისუფლებო არხი («რუსთავი 2», «იმედი») და 2 ოპოზიციური არხი («კავკასია» «მაესტრო») ერთმანეთის წინააღმდეგ და საკუთარი ფავორიტების დასაცავად. კიდევ უფრო ეფექტური იქნებოდა მათი ტექნიკური და სამაუწყებლო შესაძლებლობების გათანაბრებაც. ამაში საგანგაშო არაფერია. მაგრამ რატომ ვუკარგავთ შანსს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არა პარტიული ინტერესები, არამედ ერთადერთი რამ ამოძრავებს - საზოგადოებრივმა ტელევიზიამ შეასრულოს ობიექტურად ინფორმირების, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, განათლების და შემეცნების ფუნქცია? რა საჭიროა სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადად პარტიული ნიშნით დაკომპლექტება და მისი დეპოლიტიზირების პროცესის მომავლისთვის გადადება, თუკი ახლავე შეგვიძლია ამის გაკეთება? თუკი საბჭოს წევრები პოლიტიკოსთა ინტერესების ლობირებას დაიწყებენ, ვინ დაიცავს საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესს, რომელსაც საზოგადოებრივი ტელევიზიისგან არ სურს პოლიტიკური ბრძოლის იარაღის შექმნა? სხვა, კერძო ნაციონალური მაუწყებლებისგან განსხვავებით, ამ ტელევიზიას ყოველთვის ერთი რამ ახასიათებს - ხელისუფლების ცვლასთან ერთად ის ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდის დაქვემდებარებაში გადადის.
საინფორმაციო პოლიტიკას იცვლიან «რუსთავი 2», «იმედი»... საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ყოველთვის «პირველ (სახელისუფლებო) არხად» რჩება. ნუგზარ ფოფხაძისა და ზაზა შენგელიას გავლენა ისევ იგრძნობა ამ არხის დერეფნებსა თუ ეთერში. მიუხედავად უამრავი ხარვეზისა, თამარ კინწურაშვილის დროინდელი ტელევიზია საზოგადოებრივ ტელევიზიად ჩამოყალიბების არა, მაგრამ ამ გავლენებთან ბრძოლის მცდელობა ნამდვილად იყო.
რა მივიღეთ 2 წლის წინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო პარტიული ნიშნით დაკომპლექტდა და, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების საფუძველზე, ლევან ყუბანეიშვილს და გია ჭანტურიას ჩააბარეს არხის რეორგანიზაცია, რეპრეზენტაცია? არხის დღევანდელი სოცრეალისტური ვარდისფერი ეკრანით არც ხელისუფლებაა კმაყოფილი და არც ოპოზიცია. მთავარია, რომ უკამაყოფილოა საზოგადოება. სწორედ ამიტომ არ უნდა გადავდოთ საზოგადოებრივი არხის დეპოლიტიზაციის პროცესი.
ხელისუფლება აჩქარებს დირექტორის არჩევას, რაც დღევანდელ მოცემულობაში დანიშვნის ტოლფასი იქნება. ლოგიკური იქნებოდა, ავირჩიოთ ახალი საბჭო, რომელსაც საზოგადოება წარმოადგენს. საბჭო, სადაც ყველა სამოქალაქო სეგმენტის ინტერესი იქნება გათვალისწინებული. დავაკომპლექტოთ საბჭო არა «ორპარტიული» პარიტეტის მიხედვით, არამედ პლურალისტური პრინციპით. გასაგებია, რომ პრეზიდენტის წინადადება და პრინციპი, რომელიც არსებულ და მომავალ საბჭოს უდევს საფუძვლად, პოლიტიკური უმრავლესობის ინტერესებს ითვალისწინებს (ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მომხრეები), მაგრამ დემოკრატიის პრინციპი არ არის მხოლოდ უმრავლესობის ინტერესების დაცვა. საზოგადოების ყველა სეგმენტი უნდა შეთანხმდეს და თითოეულმა მათგანმა უნდა წარმოადგინოს თავისი კანდიდატი: პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლების გარდა, საბჭოში უნდა შევიდნენ რელიგიური, სექსუალური, ეთნიკური უმცირესობების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
თუკი დემოკრატიის არსიდან გამოვალთ, ადეკვატური იქნება, თითოეული ამ ჯგუფის წარმომადგენელს ერთი ხმა მივცეთ: დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება, რაც გვინდა, რომ ვიყოთ, ღირებულებებზე და არა ამ ღირებულებების მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების რაოდენობებზე დაყრდნობით მუშაობს.
და თუკი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ჯერ დირექტორის არჩევის საკითხი დგას დღის წესრიგში, მაშინ საზოგადოება უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.
გაიმართოს დებატები დირექტორობის კანდიდატებს შორის. საბჭოს წევრებთან მათი გასაუბრება გადაიცეს პირდაპირ ეთერში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ როგორ «ჩააბარა გამოცდა». ამ გასაუბრების პირდაპირ ეთერში გადაცემა პროცესს გამჭვირვალეს გახდის, საზოგადოებას კი ეჭვებს გაუქარწყლებს.
საზოგადოების ჩართულობა პასუხისმგებლობის ამაღლების შანსსაც გააჩენს. საზოგადოებას ეცოდინება, რომ ამა თუ იმ კანდიდატის თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მხარდაჭერით, ის მის მუშაობაზეცაა პასუხისმგებელი.
ჩვენ აღარ ვიქნებით აპათიურები, რადგან ვიცით, რომ ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას პოლიტიკური ძალები იღებენ. პოლიტიკოსებმა - ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც - საზოგადოებას საშუალება უნდა მისცენ, თავად ჩაერთოს არხის მშენებლობაში და ამით იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის პროცესი არ უნდა გადავდოთ და გამოვიყენოთ ეს შანსი დღეს!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
შენსკენ ვარ ნინია!!!
სწორს ლაპარაკობ!
ერთუ აქციაარ აწყენდა ტელევიზიის წინ მაგ არჩევნებთან დაკავშირებით!!!
მთელი გულიტა და სულით თქვენთანა ვარ გეებთან დაკავშირებით.
ვახტანგ ოქროპირიძე
Post a Comment