ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი
ნინია კაკაბაძე
ნოემბერი 2008 წელი გაზეთი "24 საათი"
არსებობს ძალადობა, აგრესია, დიქტატი, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებს უკავშირდება. ამ ტიპის ძალადობასა თუ დიქტატზე დღეს ყველგან და, მათ შორის, მედიაშიც საუბრობენ. არის თემა, რომელიც ყველასათვის ერთნაირად დახურულია - ეს არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც მან ერთი არაკანონიერად წამოწყებული ეკლესიის მშენებლობა შეაჩერა აჭარის ტერიტორიაზე და ამით ქართული ეკლესიის რისხვა დაიმსახურა, ე.წ. მართლმადიდებლური გავლენის ქვეშ მოექცა. ამის მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ეს და სხვა რამდენიმე ფაქტი ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ კომპრომატად გამოიყენეს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი წინასაარჩევნო კამპანია იყო, სადაც ყველა მონაწილე პარტია ჯვრით, ეკლესიით, პირჯვრის გადაწერით, სანთლით, ხატებით და სხვადასხვა მართლმადიდებლური, საეკლესიო ატრიბუტიკით სპეკულირებდა. მათ შორის მოხვდა ნაციონალური მოძრაობაც, რომლის წარმომადგენლებიც დაჟინებით ამტკიცებდნენ - ჩვენ ჭეშმარიტად მართლმდიდებელი ქართველები ვართო. მართლმადიდებლობის დემონსტრირება ყველაზე მყარ, ხელშეუხებლობის და წარმატების გარანტიად იქცა. ამიტომაც...
31 ოქტომბერს ერეკლეს ქუჩაზე ახალგაზრდებმა ჰელოუინის კოსტიუმირებული წვეულება გამართეს. დაახლოებით ღამის პირველ საათზე მათთან სასულიერო პირები და მრევლის წევრები საქადაგებლად მივიდნენ - ჰელოუინი სატანისტური რიტუალია, ახლავე განდევნეთ სატანა და დაიშალეთო! ახალგაზრდებმა ყურად არ იღეს მათი მოწოდება. მათ გართობის გაგრძელება მოინდომეს. ყველაფერი ისე დასრულდა, რომ ახალგაზრდები მღვდლების მორჩილებმა დაარბიეს. მღვდლების თანმხლებმა პირებმა ურჩ მუსიკოსებს ხმის გამაძლიერებელი აპარატურაც დაუნგრიეს - ამას წვეულებაზე დამსწრე ახაგაზრდები აცხადებენ. აქედან გამომდინარე რა შედეგი მიიღეს ღვთისმსახურმა პირებმა? ახალგზრდებს სადამსჯელო მრევლის წევრები მიუქსიეს, აპარატურა დაანგრევინეს და, რაც მთავარია, სატანისტური რიტუალი ჩაშალეს - ერეკლეს ქუჩიდან “სატანა განდევნეს”. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ძალადობრივ დაპირისპირებაში, რომელიც სასულიერო პირების მიერ იყო პროვოცირებული, ახალგაზრდები ფიზიკურად დაშავდნენ და ზოგიერთი მათგანი დღესაც ტრავმებს მკურნალობს.
ძალიან რთულია, ამ ერთ კონკრეტულ ფაქტს ერთი სახელი დავარქვათ - ეს არის ძალადობა, დიქტატი, შუღლის გაღვივება, ფუნდამენტალიზმი, სიბნელე და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ. ერთი ცხადია, ამ მოვლენას კავშირი არ უნდა ჰქონდეს ღვთის რწმენასთან, სიყვარულთან, ჰუმანიზმთან. ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ძალადობრივი აქტი, რომელიც 31 ოქტომბერს ერეკლეს ქუჩაზე მოხდა, არც ერთმა მედია საშუალებამ არ გააშუქა. “ინტერნიუსის” სტუდიამ ახალგაზრდული გადაცემა “ჩვენი ექსპრესისთვის” სიუჟეტი მოამზადა, მაგრამ ტელეკომპანია “იმედმა” ის ეთერში არ გაუშვა. მასალა, ასე ვთქვათ, დაიბლოკა. მაგრამ აქვე უნდა დავაზუსტოდ, რომ ამ ტიპის ცენზურა არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ეს ტიპური თვითცენზურაა, რომელიც უხილავი დიქტატორისგან მოდის და რომელსაც ეკლესია ჰქვია. თემა ტაბუირებულია და ვინ გაბედავს სასულიერო პირების მიერ პროვოცირებული ძალადობრივი ფაქტის კონსტატირებას?! თუმცა გააჩნია რა რაკურსით გააშუქებთ მომხდარს. ერთ-ერთი ყვითელი გაზეთი მთელ გვერდს უთმობს თემას და გვთავაზობს ტექსტს ამგვარი სახელწოდებით: “სიონთან სატანისტური რიტუალი ჩატარდა?” სათაურში დასმული კითხვის ნიშანი მხოლოდ იმისთვის არის, რომ ინტერვიუების მეშვეობით ამგვარი პასუხი გაეცეს – დიახ, ჩატარდა და ჩვენ ამას წინ აღვუდექით! იმისათვის, რომ ძალადობა უფრო ლეგიტიმური გახდეს დანარჩენი ღვთისმოსავებისათვის, დარბევის მონაწილე და თვითმხილველი ნაამბობის დრამატიზაციას ახდენს: “ქუჩა იყო მთლიანად გადატენილი. ქალები იყვნენ ფაქტობრივად შიშვლები, რომლებსაც თეთრი, გამჭვირვალე მოსასხამი ემოსათ, თორემ იყვნენ თავიდან ბოლომდე შიშვლები. ერთი ქალი მახსოვს, რომელიც სცენაზე ცეკვავდა და არაფერი არ ეცვა. მოცეკვავეები იყვნენ ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და გვეუბნებოდნენ კიდეც, თქვენ ხომ ღვინოს სვამთ და ჩვენ ექსტაზით ვერთობითო”. თვითმხილველის ნაამბობი არ იკმარა ინტერვიუერმა და კომენტარი მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” თანათავმჯდომარესაც სთხოვა, რომელმაც ამბავი კიდევ უფრო მეტად გააფერადა: “აბსოლუტურად შიშველი ქალები სცენაზე ცეკვავდნენ, ხოლო პირდაპირ მიწაზე მიდიოდა სექსუალური აქტი და ეს ხდებოდა ხალხის თვალწინ”... ამგვარ მტკნარ სიცრუესა და ეროტიკული წარმოსახვის პროდუქტს ერთი მოტივი აქვს - კიდევ ახალი აგრესიისა და ძალადობის პროვოცირება მოახდინოს.
სიტყვა ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, დასასრულს ვთქვათ - ამგვარი ფუნდამენტალისტური, ბნელი რელიგიური ჯგუფები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. მაშინ, როდესაც 2006 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალზე კინოფილმი “და ვინჩის კოდი” გამოვიდა, საპრემიერო დღეს ზედ წითელ ხალიჩასთანაც მოვიდნენ ხის ჯვრებით შეიარაღებული, ანაფორის მსგავს კაბებში ჩაცმული მორწმუნეები და მდუმარედ გააპროტესტეს სატანისტურ ფილმად შერაცხული “და ვინჩის კოდი”. შესაძლებელია მათთაც აქვთ სურვილი, რომ ხის ჯვრები თავში ურტყან მაყურებელს, მაგრამ მათ ქმედებას კანონი არეგულირებს. და თუკი სადმე რომელიმე ფანატიკოსი ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ოპონენტს, ის კანონის წინაშე აგებს პასუხს და, რაც მთავარია, მედიის საშუალებით ამგვარი ფაქტი შუქდება, როგორც კრიმინალი - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიური კონფესიის თუ სარწმუნეობის მიმდევარია. საქართველოში კი რელიგიური ექსტრემისტები ხელშეუხებელნი არიან და მათი ქმედება ან ისეთი სახით შუქდება, როგორც ეს გაზეთმა “ალიამ” წარმოგვიდგინა, ან ისე იბლოკება, როგორც ეს ტელეკომპანია “იმედზე” მოხდა. ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით, შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ საქართველოში დღეს ყველაზე აქტიური - ჭეშმარტად მართლმადიდებლური, ეკლესიური დიქტატია, რომელსაც ყველა ერთად ექვემდებარება - პოლიცია, ხელისუფლება, მედია, საზოგადოება...
სწორედ ამიტომ კიდევ ერთი ინტრიგა გაათამაშა ტელეკომპანია “ივერიის” ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ანდრიაძემ. ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს ტელეარხი მაუწყებლობისათვის საზოგადოებრივი ტელევიზიის “მეორე არხს” ითხოვდა. ახლახან გამოცხადდა, რომ “მეორე არხი” პოლიტიკურ ტელევიზიად იქცა. ამის შემდეგ “ივერიის” ხელმძღვანელობამ უკმაყოფილების წერილი თითქმის ყველა გაზეთის მეშვეობით გაავრცელა, შემდეგ “ივერიის” მაუწყებლობა შეაჩერა და ახლა ამგვარად აშანტაჟებს სახელმწიფოს - საეკლესიო არხი უსასხსრობის გამო წყვეტს მაუწყებლობას, რადგან უჭირს კერძო არხისათვის განკუთვნილი გადასახადების დაფარვა... ახლა შეგროვდება ხელმოწერები სახელწოდებით: “დაგვიბრუნეთ საპატრიარქოს არხი” და “პოლიტიკური არხი” გარდაიქმნება “საეკლესიო არხად”. ყველაზე რთული ხომ ეს არის - წინ აღუდგე მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის ნება-სურვილს?!
P.S. აგრეთვე აუცილებლად იხილეთ
გაზეთი "ალიას" პუბლიკაცია: http://i35.tinypic.com/eu0chk.jpg
სტუდია "ინტერნიუსის", გადაცემა "ჩვენი ექსპრესის" სიუჟეტი, რომელიც არ გავიდა ეთერში:
http://www.youtube.com/user/internewsgeorgia