
ავტორი: ნინია კაკაბაძე
ჟურნალი "ცხელი შოკოლადი" ნოემბერი 2008
ვარდების რევოლუცია პირველი სიყვარულივით იყო, რომელზე წერაც ყოველთვის ძალიან რთულია. რთულია არ იყო სენტიმენტალური და პათეტიური.... 2003 წლის ნოემბრის მოგონება ყველაზე ძვირფასია, მაშინ პირველად გავაკეთე შეგნებული, გაცნობიერებული არჩევანი. 2003 წლის 2 ნოემბერს ხმა მივეცი სიბნელიდან გამოსვლას, ლიბერალური ფასეულობების გამარჯვებას, დემოკრატიული წყობის ნამდვილ დამკვიდრებას და არა ისე, როგორც ეს საბჭოთა “დემოკრატის” - ედურდ შევარდნაძის ხანაში იყო. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ადამიანს, რომელიც დღეს ქართული პოლიტიკის ამინდს ქმნის, სწორედ ეს სურს: ისეთი სახელმწიფო შექმნან, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება დამყარებული. მაგრამ საინტერესოა, რატომ არა გვაქვს დღეს ეს ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო? რატომ ვერ დავდექით ლიბერალიზმის გზაზე? ჩვენ რა შეცდომები დავუშვით? რა ვერ მოვახერხეთ და რატომ?
ვინ ვართ ჩვენ? - ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომელთაც გვაქვს საშუალება და უნარი არა მხოლოდ ქუჩის მანიფესტაციის, არამედ სხვადასხვა გზებით ხმა მივაწვდინოთ ხელისუფალთ და განვსაზღვროთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. წარმოდგენა იმაზე, რომ საზოგადოება პოლარიზებულია და მხოლოდ ორ ნაწილად დაიყო - მცდარია. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რამდენიმე სეგმეტად არის დაყოფილი. ეს სეგმენტები დაახლოებით ასეთია:
1. საბჭოთა საქართველოში დაფასებული ხელოვანები და მეცნიერები ანუ “ძველი, ინტელიგენცია” (“წითელი ინტელიგენცია” ზ.გამსახურდია). ეს ჯგუფი დაკარგულ პრივილეგიებს და ძველ სტატუსს მისტირის, არა მხოლოდ მატერიალურს, არამედ “პროფესიულს”: სამუშაო ადგილს, თანამდებობას, დაფასებას, საახალწლო ძღვენს - ერთი სიტყვით, ყველაფერ იმას, რაც საბჭოთა წყობამ უანდერძა პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებელ საქართველოს. სამწუხაროდ, ადამიანთა ამ ჯგუფის საპროტესტო რიტორიკა ვერ სცდება “ძველი დიდების” დაბრუნების წყურვილს.
2. შედარებით ახალ სეგმენტს, რომელსაც პირობითად ახალ ინტელექტუალებს დავარქმევ, შეადგენენ ინტელექტუალები და ხელოვანები, რომელნიც სიტყვითა და საქმით ახალი ქართული პოლიტიკის იდეოლოგიას განამტკიცებენ. მათი პრივილეგიები “ძველი ინტელიგენციისაგან” განსხვავებით (ძღვენი, ნობათი, აგარაკი, ავტომობილი...) უფრო მოდერნიზებულ სახეს ატარებს: შემოსავლიანი სამუშაო, საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, კარგი მივლინებები უცხოეთში... ქვეყანა, სადაც მმართველობის ვერტიკალური მოდელია, ახალ ინტელიგენტს ბევრი მოეთხოვება და დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილგანწყობაზე. ამ ახლად ჩამოყალიბებულ ჯგუფს, პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია აკისრია. ამ ჯგუფის უმრავლესობის “არჩევანი” გაცილებით უფრო გულწრფელია, ვიდრე ეს საბჭოთა ეპოქაში იყო.
3. არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც “დაკარგულებს” დავარქმევ. მისი მდგომარეობა ახალი ხელისუფლების პირობებში არ შეცვლილა. ის ისევ მყარად დგას ძველ ადგილზე და აგრძელებს უშედეგო ღაღადს. ამ ჯგუფს უსაფუძვლოდ არ უწოდებენ “უპასუხისმგებლო ჯგუფს”, რადგან მისი წევრები გაურბიან ნებისმიერ პასუხისმგებლობას და საკუთარი საქმის პარალელურად, მუდმივად აგრძელებენ კრიტიკას, რაც გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგიის თანამოაზრეობა, მისი ლეგიტიმაცია და ბრძოლა თუნდაც არაპოპულარული და, უმეტეს შემთხვევაში, მცდარი იდეებისთვის, როგორც ეს ახალი ინტელექტუალების შემთხვევაში ხდება.
საკუთარ თავს ამ უპასუხისმგებლოთა სეგმენტს მივაკუთვნებ და ვიტყვი, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი უმთავრესი შეცდომა, სწორედ “კრიტიკოსის” ყველაზე კომფორტული პოზიცია იყო. ამ პოზიციიდან გამომდინარე, თვითმიზანი სწორედ ხელისუფების კრიტიკა გახდა და არა ყველა მანკიერი ახალი ტენდენციის თუ ძველი ტრადიციისა. სწორედ ეს მიკერძოებულობა აერთიანებს ორ უკანასკნელ სეგმენტს. ერთნი, რომელთაც გადაწყვიტეს თვალი დახუჭონ ხელისუფლების შეცდომებზე და მეორენი, რომელთაც არჩიეს თვალი დაეხუჭათ ხელისუფელების გარეთ - ხალხში, საზოგადოებაში, ეკლესიაში, ოპოზიციაში არსებულ არანაკლებ მძიმე შეცდომებზე. ჩვენ ვერ შევძელით იდეებიის მხარდაჭერა, მიკერძოებულნი გავხდით.
4. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორიც. სამწუხაროდ NGO-ებმაც მხოლოდ ხელისუფლების შეცდომების კრიტიკა დაისახეს მიზნად და თითქმის არ გაუმახვილებიათ ყურადღება სხვა ჯგუფების მიერ ადამიანთა უფლებების შელახვის აშკარა შემთხვევებზე. ბუნებრივია, მხედველობაში მყავს ის არსამთავრობო ორგანიზაციები, რომელნიც ხშირად და საჯაროდ სწორედ ხელისუფლების მიერ შელახულ უფლებებზე საუბრობენ. სამწუხაროდ ის, რაც ვარდების რევოლუციამდე “თავისუფლების ინსტიტუტმა” მოახერხა, ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებისთვის, ზოგადად ადამიანის უფლებებისთვის წარმატებულად ებრძოლა, - ასე ეფექტურად ეს ვერც ერთმა ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ვერც მთლიანად არასამთავრობო სექტორმა ვერ შეძლო. სამწუხაროდ NGO-ებიც ამ საზოგადოებრივი და აპოლიტიკური კონიუნქტურის გავლენის ქვეშ მოექცნენ.
პირობითად ოთხი ჯგუფი გამოიკვეთა: “ძველი ინტელიგენცია”, “ახალი ინტელექტუალები”, “უპასუხისმგებლოები” და NGO-ები. რასაკვირველია ამ ჯგუფების წევრების ერთი ნიშნის ქვეშ გაერთიანება რთულია. მაგალითად “ახალ ინტელექტუალები” არიან ისეთებიც, ვინც ახალი ხელისუფლების რწმენა თითქმის ფანატიზმის რანგში აიყვანა და კრიტიკული აზროვნების უნარიც დაკარგა. მაგრამ მათი უმეტესობის არჩევანი, დაეხუჭა თვალი ხელისუფლების ყველა მანკიერ ტენდენციაზე, შეგნებული იყო. სწორედ ისინი ახდენენ ხელისუფლების შეცდომების ინტელექტუალურ ლეგიტიმაციას. მათი არჩევანის მიზეზი არ არის ანგარება, მიზეზი იმის რწმენაა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ახალი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა - ფილოსოფოსებმა, ფსიქოლოგებმა, სოციოლოგებმა, ფილოლოგებმა, მწერლებმა, რეჟისორებმა, პოეტებმა... – აღიარეს მაკიაველის პოსტულატი, რომ პოლიტიკაში უნდა დაეყრდნო ძალას და არა მორალს და ერთადერთ მიზნად ძლიერი სახელმწიფოს შექმნა დაისახეს, რომლის ჩამოყალიბების გზაზე მორალური კრიტერიუმები და ადამიანის უფლებების დაცვა, მეორეხარისხოვანი გახდა. მათ სჯერათ და აიღეს პასუხისმგებლობა, რომ სწორედ ამ გზით იქნება მიღწეული მიზანი!
ახლა რაც შეეხება “უპასუხისმგებლოთა” ჯგუფს. მთავარი შეცდომა, მხოლოდ ხელისუფლების შეცდომებზე კონცენტრირებაა. ჩვენ ვთქვით: ახლა არ არის დრო კრიტიკულად შევხედოთ და შევაფასოთ ოპოზიციის მცდარი შეხედულებები, ნაციონალისტიური იდეოლოგია, ხშირ შემთხვევაში ქსენოფობიური რიტორიკა და ა.შ. თვალი დავხუჭეთ საზოგადოებისგან წამოსულ არასწორ მოთხოვნებსა თუ უკმაყოფილებაზე. რიგ შემთხვევებში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია მისაღები იყო ჩვენთვის, ჩვენ ამ კონიუნქტურის ტყვეობაში აღმოვჩნდით. ჩვენი მოქმედება კონფორმისტული იყო, რადგან ხელისუფლების კრიტიკა და ოპოზიციის რიგ შემთხვევაში, ბნელი, ფუნდამენტალისტური იდეების უკრიტიკოდ დატოვება, - სხვა არაფერია, თუ არა კონფორმიზმი და პოპულიზმი. ამასთანავე, “უპასუხისმგებლოთა” ჯგუფმა უკრიტიკოდ დატოვა საზოგადოება, თუნდაც განაწყენებული “ძველი ინტელიგენცია”, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ბნელ იდეებს ქადაგებს და ფუნდამენტალისტური კუთხიდან უტევს მთავრობას. ერთადერთი, რაც ამ უკანასკნელმა ჯგუფმა მოახერხა, ის გახლავთ, რომ არავის მიემხრო, მაგრამ როდესაც ერთნი გაიძახოდნენ: “ეკლესიებს გვინგრევენ”, მეორენი კი “ენას და სარწმუნოებას გვართმევენო” და ა.შ. და ა.შ. ჩვენ არ ვთქვით, რომ ეს უგუნურებაა და სხვა არაფერი. ერთი სიტყვით, ახალი ინტელექტუალების მსგავსად, ჩვენ ვერ მოვახერხეთ იდეის ერთგულება, რომელიც საერთო მიზნამდე მიგვიყვანს, მიზნამდე, რომელსაც ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო ქვია.
თუკი მთავარი იდეებისათვის თავისუფალი “ბრძოლა” იქნება და არა ნებისმიერი სახის მიკერძოებულობა, მაშინ შედგება საზოგადოება, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი წონა ექნება, ვიდრე დღეს აქვს. დღეს კი ჩვენ მაქსიმუმს ვითხოვთ ხელისუფლებისგან და გვავიწყდება, რომ ეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი ნაყოფია. ხუთი წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს ქვეყნისა და სახელმწიფოს ახალი მოდელი და ხუთი წლის შემდეგ კი დავინახეთ, რომ განვითარების ამგვარ პირობებში, ჩვენ არათუ ვუახლოვდებით ამ ახალ სახელმწიფოს, არამედ შესაძლებელია, ვშორდებით მას, რაშიც დამნაშავე ყოველი ჩვენთაგანია. თუკი დღეს პოლიტიკოსები - ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების შეცვლაზე ფიქრობს, ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს - საზოგადოებამ, პირველ რიგში, საკუთარ შეცდომებზე უნდა იფიქროს და მიხვდეს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.