Sunday, March 15, 2009

“ქართული კინოდან” მსოფლიო კინემატოგრაფამდე



გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი დებიუტი “გაღმა ნაპირი”

გაზეთი "24 საათი" მარტი 2009

ნინია კაკაბაძე


30 წლიანი კინოსტაგნაციის შემდეგ ქართული კინო აღორძინებას იწყებს. 80-იანი წლების ბოლოდან ახალი საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლომდე ქართულმა კინომ ვერ მონახა არა მხოლოდ სახსრები და ტექნიკური საშუალებები, არამედ თემა და ფორმა, რომელსაც კინოხელოვნების მეშვეობით გამოხატავდა. გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი “გაღმა ნაპირი” სწორედ ის ნამუშევარია, რომელიც არა მხოლოდ ქართველ მაყურებელს დააინტერესებს და არა მხოლოდ ლოკალურად, ერთ რეგიონზე იმუშავებს. ფილმი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზეა, მისი მთავარი გმირი 12-13 წლის თედო სოხუმიდან დევნილია, თბილისში დედასთან ერთად 7 წლის წინ წამოვიდა, მამა ტყვარჩელში დარჩა. ახალგაზრდა დედა თავს სხეულის ვაჭრობით ირჩენს, თედო კი მუშაობით, ქურდობით და ყველა იმ შესაძლებელი გზით, რომელიც საარსებო მინიმუმს მისცემს. დედა-შვილი ცალცალკე ცხოვრობენ, სახლი არც ერთს აქვს და არც მეორეს. თედოს ქართულ-აფხაზური ომის დროს ყველაფერი დაენგრა, მან დედაც დაკარგა და მამაც, დაკარგა სახლი და ბავშვობა. ამ ოცნების და მამის საძიებლად ის ტყვარჩელში მიდის. ოვაშვილის ფილმი მოგზაურობაა - გზა ოცნებამდე. სწორედ ამ დროს შეიძლება გაგახსენდეს ბერძენი კინორეჟისორის თეო ანგელოპულოსის ფილმი “პეიზაჟი ნისლში”, სადაც ბავშვები (და-ძმა) მამის საძიებლად გერმანიაში მიემგზავრებიან. ოვაშვილის თედო და ანგელოპულოსის ვულა და ალექსანდრე, ან კი ტონინო გუერასა და ნუგზარ შატაიძის კინოგზის პატარა გმირები ოცნებას ეძებენ. თუმცა თავი დავანებოთ ანგელოპულოსს, რადგან ეს მხოლოდ ასოციაციაა, ოვაშვილის ფილმი კი სრულიად განსხვავებული კინონაწარმოებია.

რატომ არის ფილმი საინტერესო? “გაღმა ნაპირი”, როგორც უკვე ვთქვით, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზეა, მაგრამ რეჟისორი არ ეძებს დამნაშავეს, ეს მხოლოდ გამოსავლის ძიებაა და ერთადერთი დამნაშავის გამოვლენა, რომელსაც ომი ან კონფლიქტი ქვია. აქ არ არიან ცუდები და კარგები, სიკეთე თუ ბოროტება. ორივე ნაპირზე, გაღმაც და გამოღმაც ადამიანები ცხოვრობენ. როგორც თავად რეჟისრომა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, ფილმი მთლიანად დაცლილია პოლიტიკური ქვეტექსტებისგან. არც რუსეთია აქ ერთმნიშვნელოვნად ბოროტმოქმედი, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვარს იცავს. ესეც სინამდვილეა და ყველამ იცის, რომ კონფლიქტურ რეგიონში ყველაზე მძიმე და სასტიკი ზონა საზღვარია, სადაც ადამიანები არა რომელიმე ბოროტი ძალის, არამედ ხელოვნურად გაჩენილი, დადებული საზღვარის მსხვერპლნი ხდებიან. აქვე შეიძლება გაგვახსენდეს ებრაელი კინორეჟისორის დოკუმენტური ფილმი “საზღვარი”, რომელიც პალესტინა-ისრაელის გადამკვეთ პუნქტზე არის გადაღებული. ქართული ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ენგურის ხიდდთან საზღვარზე, რუსი “ცისფერჩაფხუტიანი” ახალგაზრდა კაცს კლავს, რომელიც მას ზედმეტი ე.წ. “საბაჟოს” გადახდაში ეურჩება. სავარაუდოდ, სწორედ ამ ეპიზოდის გამო, “მესამე თვალმა” ფილმი ანტირუსულ ნაწარმოებად მონათლა. მაგრამ ეს სრული აბსურდია, რადგან გიორგი ოვაშვილი მხოლოდ იმ მანკიერებაზე საუბრობს, რომელიც გუშინდელმა დღემ მოიტანა, რომელიც სამწუხაროდ ყველა მხარეს ახასიათებს და ბოროტმოქმედებისკენ უბიძგებს. მთავარი ბოროტება კი ომია, რომელსაც არ ყავს ერთი დამნაშავე.


თუკი გნებავთ იხილოთ, როგორ შეიძლება ჭუჭყიანი პეიზაჟით ლამაზი კადრი შექმნათ, ირანელი ოპერატორის ამირ ასსადის ნამუშევარი უნდა ნახოთ. მძიმე სოციალური ფონი, ჭუჭყი, მიტოვებული და მოუვლელი გარემო ამირ ასსადის იმდენად მაღალპროფესიონალურად აქვს გადაღებული, რომ საბოლოო ჯამში ულამაზეს გამოსახულებას ვიღებთ. ირანელი ოპერატორის ყოველი კადრი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ სილამაზე არ არის მხოლოდ მოწესრიგებული, ესთეტიკურად დახვეწილი, აკურატულად დალაგებული ბუნება, ადამიანი თუ ნივთი. სწორად დანახული და მოწოდებული “სიმახინჯეც” კი შესაძლებელია ლამაზი იყოს.

მძიმე სოციალური ფონი და ამ ფონზე _ ერთი ადამიანის ისტორია. როდესაც საერთაშორისო კინოფესტივალებს ესწრებით, არ შეიძლება არ გაგიჩნდეთ კითხვა: რატომ აინტერესებთ ფრანგ, იტალიელ, გერმანელ და სხვა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელ კინორეჟისორებს სოციალური თემა, სოციალურად დაუცველი ადმიანის ბედი?! და ამდენი ხნის მანძილზე საქართველოში რატომ არ გაჩნდა რეჟისორი, რომელიც საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, გარემოს ადეკვატური იქნებოდა? მიუსაფრობის, მარტოობის, დაუცველობის, უმუშევრობის, უსახლკარობის პრობლემა თანამედროვე სამყაროს (ამასთანავე ხელოვნების) აქტუალურ საკითხად იქცა. სოციალურად დაუცველ ადამიანებთან მიახლოვებას, თანაგრძნობას, იდენტიფიცირებას ცდილობს თანამედროვე კინემატოგრაფი. საქმე ისაა, რომ საკუთარ გარემოსთან ადეკვატურობას, ამ გარემოს სწორად აღქმასა და განზოგადებას ოვაშვილის ფილმი მსოფლიო კინემატოგრაფთან მოყავს შესაბამისობაში. მაშინ, როდესაც ბელგიელი ძმები დარდენების ფილმებს უყურებ, მათი ფილმები ქართველ მაყურებელსაც კი გაცილებით უფრო ნაცნობ, ორგანულ პრობლემასთან აახლოვებს, ვიდრე ნებისმიერი უკანასკნელი წლების განმავლობაში შექმნილი ქართული კინოპროდუქცია. უნდა აღვნიშნოდ, რომ ლევან ზაქარეიშვილი პირველი იყო, ქართული კინოსტაგნაციის შემდეგ, ვინც საკუთარ ფილმში “თბილისი-თბილისი”, პატარა ჩადგმული, შავთეთრი ნოველების სახით ქვეყნის სოციალური მდგომარეობის, ადმიანის ბედის კინორეალობა დამაჯერებლად შექმნა. ზაქარეიშვილის ფილმი ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, ხოლო გიორგი ოვაშვილმა ეს კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით და კინემატოგრაფიული სიზუსტით მოახერხა.

იმ მიზეზით, რომ ფილმი ქართული კინოპროგრესის ნიშანია, აღარ მოვყვებით რამდენიმე წვრილმანი შენიშვნის განსჯას, რომელსაც ძირითადად გახმოვანების, მსახიობებთან მუშაობის პრობლემასთან მივყავართ. ეს პატარა ხარვეზები დეტალებია, რადგან თავად ფილმი ახერხებს, რომ მაყურებელი მისთვის ძალიან ნაცნობ, საინტერესო სამყაროში - ქართული კინოსთვის უკვე ძალიან უცნობი დამაჯერებლობით მოახვედროს, დააფიქროს და ააღელვოს.


პატარა თედო, მაშინ როდესაც განსაკუთრებულად უჭირს, როდესაც ის განსაკუთრებული ძალადობის თუ სისასტიკის მსხვერპლი ან მაყურებელი ხდება, თვალებს მაგრად ხუჭავს. ამ გზით ის რეალობისგან თავის დახწევას და მის საოცნებო სამყაროში მოხვედრას ცდილობს. საკუთარი მამის, სახლის, მისი საწყისის თუ ოცნების საძებნელად წასულ თედოს დანგრეული სახლი ხვდება, მამას ახალი ცოლი ჰყავს მოყვანილი და შვილებთან ერთად აფხაზეთიდან არის წასული... თედოს გზა დასრულებულია და ახლა აღარც წინ წასვლას აქვს აზრი და აღარც უკან დაბრუნებას, ის სასოწარკვეთილია. ფილმის უკანასკნელ ეპიზოდში თედო თვალს ხუჭავს და ახლა ეკრანზე უკვე მისი საოცნებო სამყარო მოჩანს - ულამაზესი პეიზაჟი, სადაც ჟირაფები დასეირნობენ. ყველაზე მძიმე დროს, მაშინ როდესაც ყველანაირი მოლოდინი გაუქმდა, იმედი და ოცნება ისევ რჩება, ეს კი იმას ნიშნავს რომ ცხოვრება გრძელდება. ასეთია ყველაზე პესიმისტური შედეგიდან ყველაზე ოპტიმისტური გამოსავალი. ამიტომაც ატარებს გიორგი ოვაშვილის ფილმი კინემატოგრაფიის მაღალპროფესიონალურ ნიშნებს - არაფერია მის ფილმში ცალსახა და ერთგვაროვანი არც გამოსახულება, არც ისტორია, არც ადამიანი, ხასიათი და არც გარემო. ამიტომ არის ის მსოფლიო კინემატოგრაფის ნაპირთან მიახლოვების შანსი.