Thursday, October 30, 2008

“Human Right” Is Watching You - “ადამიანის უფლება” თქვენ გაკვირდებათ!



30 ოქტომბერი 2008 წელი



ნინია კაკაბაძე



საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ანგარიშის ჩაბარებისას მედიას მეტი გახსნილობისკენ მოუწოდა და “სიტყვის გათავისუფლებას” დაგვპირდა. რასაკვირველია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ არავის შექმნია ილუზია, რომ ჩვენს წინაშე მალე მაღალ პროფესიული, ობიექტური და კვალიფიციური ტელემედია წარსდგებოდა. ამ შედეგს პრეზიდენტის კეთილ ნებაზე მეტი, სატელევიზიო მედიაში ძირეული რეფორმები სჭირდება. ამჟამინდელ “სიტყვის თავისუფლებაში” ჩვენ მივიღეთ საინფორმაციო გამოშვებების მეორე ბლოკში მიკუჭული არასაპარლამენტო ოპოზიცია და პოლიტიკური თოქ-შოუ პირველ არხზე, სადაც უმეტეს შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე ადამიანისგან ერთი ტიპის მოსაზრება ისმის. სატელევიზიო ფონი, რომელიც სამი ნაციონალური არხის მეშვეობით იქმნება, არავითარი სტანდარტის ნორმებს არ აკმაყოფილებს. თუკი ერთხელ მოგეცემათ შესაძლებლობა და, მაგალითად, ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებას შეხედავთ ერთმანეთის მიყოლებით, დაინახავთ, რომ სურათი მართლაც საგანგაშოა. საინფორმაციო გადაცემებში ზუსტად ერთნაირია წყობა, (ე.წ. “ვიორსტკა”) ერთი და იგივე რესპოდენტები და მათი შეფასებები, კომენტარები. მსგავსია ჟურნალისტთა კარდს მიღმა ტექსტები, მათი ტონი, სიუჟეტების ხანგრძლივობა და ა.შ. და ა.შ. ერთი სიტყვით ყველაფერი მსგავსია, რა ვიზუალურ თუ ტექსტუალურ მასალასაც შეიცავს “ინფორმაცია”. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: - რა საჭიროა სამი სათაური (მოამბე, კურიერი, ქრონიკა), როდესაც შეიძლება ისევე, როგორც კომუნისტურ ხანაში, ერთი მათგანი გვქონდეს, მაგალითად “მოამბე”?!
ქართველი მაყურებელი შეგუებული იყო ერთი წლის წინანდელ ტელერეალობასაც და შეეგუა დღევანდელ მედია რეალობასაც. შარშან ორი არხი (“იმედი” და “რუსთავი 2”) ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორომაციას გადასცემდა. ერთი რევოლუციას აქეზებდა, მეორე კი არსებულ ხელისუფლებას იცავდა. ორივე მათგანი გამარჯვებისთვის იბრძოდა. “იმედის” უკან პატარკაციშვილი იდგა, “რუსთავი 2”-ს უკან ხელისუფლება, ორივე მათგანი არა მხოლოდ საკუთარ პოზიციებს, არამედ საკუთარ კეთილდღეობას, სტაბილურობასაც იცავდა. ერთი წლის წინანდელ მედიას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე ქონდა - ტელევიზიების დაპირისპირების შედეგად ჩვენ უკიდურესაც პოლარიზებული საზოგადოება მივიღეთ. მაგრამ, ამავე დროს: მაყურებელს, რომელსაც სურვილი ჰქონდა მაქსიმალური ინფორმაცია მიეღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ამ ორი ტელეკომპანიის სხვადასხვაგვარი ინფორმაციის შეჯერებით ამის საშუალება მეტად იყო. მოვუსმენ ერთს, მოვისმენ მეორეს და გამოვიყვან საშუალოს. დღეს ამის საშუალება პრაქტიკულად არ არის. დღეს მაყურებლის შრომა გაცილებით გართულებულია, მას ინფორმაციის ძიება სხვადასხვა ქვეყნის ინტერნეტ გვერდებზე უწევს.
როგორც არ უნდა ვიმოძრავოთ და როგორი სვლებიც არ უნდა გავაკეთოთ და როგორც არ უნდა მოვინდომოთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს დავაბრალოთ, საბოლოოდ მაინც მედიის არაპორფესიონალიზმთან მივალთ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
პატარა ლირიკული გადახვევა. ერთი ფაქტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამივე ნაციონალური ტელეარხის “თოფნიუსად” იქცა. “საიდუმლო სერობა იტალიურ რესტორანში” - სათაური იმდენად დამაინტრიგებელია, რომ ეფექტი უკვე მიღწეულია. შარშანდელი ნოემბრისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებით შეაჩერა ამ მიმართულებით მუშაობა, ან იგი უფრო ხელმომჭირნე გახდა. აგრეთვე 2 დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა სინანულით ისაუბრა გასულ ნოემბერში დაშვებულ შეცდომებზე... ამიტომ ახლა საქმეში გამომძიებელი ჟურნალისტი ჩაერთო. სააგენტო “პირველის” ჟურნალისტმა იმ დღეს უნიკალური მასალა მოიპოვა: ის ყველა ტელეარხს უყვებოდა ლევან გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძისა და ზურაბ ნოღაიდელის საუბარს, რომელსაც ყური მოკრა და ის ამგვარ ფრაზებს შეიცავდა: “ახლა სხვა სიტუაციაა, ვიდრე შარშან იყო”, “7 ნოემბერს მიშა უნდა მორჩეს”, “რუსეთის ფაქტორი”. რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს, სულ ეს არის! ჟურნალისტმა ასევე წარმოადგინა რამდენიმე ფოტო, სადაც ლევან გაჩეჩილაძე მოჩანს. თუმცა ამ ფოტო მტკიცებულებების გარეშეც საკმარისად დამაჯერებელი იყო მონათხრობი. 7 ნოემბერს დაწყებული აქციებით, ხელისუფლების შეცვლა რომ არის გეგმაში, ამას არც ერთი ოპოზიციონერი არ მალავს და თუ სადმე სატელევიზიო მიკროფონი ჩაუვარდათ, ყველგან ამას გაიძახიან. როგორც ჩანს, წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტები “კავკასიას” ბოიკოტს უცხადებენ, თორემ ეს ხომ მათთვის “საიდუმლო სერობის” მასალა ვერ გახდებოდა?! მივადექით საკვანძო, დანაშაულებრივ ფრაზას - “რუსეთის ფაქტორი”. მაყურებელმა უნდა ივარაუდოს, რომ პოლიტიკოსებმა რუსეთი, როგორც დამხმარე ძალა ისე მოიხსენიეს - მიზანი ეს არის! ჩვენ აღარ მოვყვებით, ვის რა მიზანი ამოძრავებს, ვინ რას გეგმავს, რა არის ამ ვითარებაში გამართლებული და რა არა, ან რომელი სახელმწიფო სტრუქტურა მოქმედების როგორ ფორმაზე გადავიდა გასული ნოემბრის შემდეგ - დღეს ჩვენ ტელემედიაზე ვსაუბრობთ. არც იმას აქვს მნიშვნელობა რაზეა დამყარებული სააგენტო “პირველის” ჟურნალისტის ქმედება, რომელმაც წყობიდან გამოსული ”ჟუჩოკის” ფუნქცია იკისრა: ასრულებს ის კონკრეტული ჩინოვნიკის თუ სამინსიტროს დავალებას, მოქმედებს საკუთარი ინიციატივით თუ უბრალოდ ეკონომიკური კრიზისის ჟამს ფინანსურ დანაზოგს ავსებს ?! სამარცხვინო ის არის, რომ წამყვანი ტელეარხები ამ არაფრის მთქმელ შეხვედრას, საიდანაც არანაირი ტიპის ახალი ინფორმაცია არ მოდის, მთელი დღის განმავლობაში აანონსებენ და საღამოს გამოშვებებში კულმინაციის სახით, ერთ-ერთ პირველ, დღის თემად თუ სიუჟეტად გვთავაზობენ. ამის შედეგად სიუჟეტის ეთერში გასვლის დღეს, დაინტრიგებული, ცნობისმოყვარე და ფარული ჩანაწერების მოყვარული ქართველი მაყურებელი ერთ კითხვას სვამდა - სად არის რესტორანი მედიტერანიანი?! (იგულისხმება იტალიური რესტორანი, სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა).
ამგვარი არაფრისმთქმელი, ყვითელი სიუჟეტების დამზადებადა, შემდეგ მისი ეთერში გაშვება, ნებისმიერი საშუალო სტანდარტების დამაკმაყოფილებელი მაუწყებლისათვისაც კი სამარცხვინო იქნებოდა. მაგრამ ცხადია, რომ ქართული ტელემედიის წარმომადგენლები ამას ვერ აცნობიერებენ. ვერ აცნობიერებენ, რადგან საკმარისი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გააჩნიათ. ასეთ დროს ძალიან მომგებიანია პასუხიმგებლობა უხარისხო “სერობაზე” მხოლოდ ხელისუფლებას, - მედიის ამ მაკონტროლებელ ორგანოს მოვთხოვოთ, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ეს სამთავრობო ორგანო ხარისხობრივი თვალსაზრისით - თვალთვალის, მოსმენისა და დაჭერის ოდნავ უფრო მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ლოგიკურად მთავარ საკითხამდე მივედით.
მსურს დავიჯერო, რომ პრეზიდენტის სურვილი - მეტად თავისუფალი მედია-გარემო შექმნას, გულწრფელია. გულწრფელია ყველა სახელისუფლო პირი, რომელიც აღიარებს, რომ სიტყვის თავისუფლების საკითხში საქართველო სავალალო მდგომარეობაშია. მჯერა, რომ სატელევიზიო მედიის ინტელექტუალურ-პროფესიონალური რესურსი ამისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს. გასაგებია, რომ ჟურნალისტები მიდრეკილნი არიან მიკერძოებულობისაკენ და მათთვის რთულია სუბიექტური კომენტარებისგან თავის შეკავება. ამასთანავე ისინი მიეჩვიენ მითითებით მუშაობას და, თუკი მედიის მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელები და წევრები მათ სწორ მითითებებს მისცემენ, მაშინ შესაძლებელია ეს კატასტროფული სურათი, ოდნვ მაინც შეიცვალოს. სწორი მითითებები კი ძალიან მარტივია.
წარმოვიდგინოთ, რომ რეკავს ნებისმიერი საინფორმაციო გადაცემის “ნიუსრუმში”, მაგალითად, თბილისის მერი გიგი უგულავა. ოთახში ყველა ჟურნალისტმა მოიყარა თავი. ქალაქის მერის ხმა, ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით მთელ ოთახში ისმის, ის ყველას მიმართავს: “ძვირფასო ჟურნალისტებო, მოგმართავთ თქვენი უფროსი ძმა! გთხოვთ, გადაეცით მაქსიმალური ინფორმაცია, იქნება ის პოზიტიური თუ ნეგატიური შინაარსის. ეცადეთ თავი შეიკავოთ სუბიექტური, მიკერძოებული, სიმპათიითა თუ ანტიპატიით განმსჭვალული კომენტარებისგან, რაოდენ ხატოვნადაც არ უნდა გამოთქვამდეთ მათ. ამ ეტაპზე მიაწოდეთ მოსახლეობას მშრალი ინფორმაცია. შეარჩიეთ განსხვავებული რესპოდენტები. ასე ძალიან ნუ დაემსგავსებით ერთმანეთს. ძვირაფასო ჟურნალისტებო, პირველ ეტაპზე ეს საკმარისია. თუკი ამ დავალებას შეასრულებთ, მისი მეშვეობით, მაგალითად, Human Rights Watch-ის ახალ კვლევაში ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით თავისუფალი მედიის სტანდარტებს. მე მჯერა თქვენი პროფესიონალიზმის. მადლობთ ყურადღებისათვის.”
იქნებ, მედიის არაფორმალური მაკონტროლებელი ორგანოების მიერ, ასე მარტივად, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მიწოდებული რჩევა-დარიგება საკმარისი აღმოჩნდეს მინიმალური ცვლილებებისთვის. ცვლილებები სატელევიზიო მედიაში - რომელიც სურს ქვეყნის პრეზიდენტს, ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, მმართველ პარტიას, მის ოპონენტებს და, რაც მთავარია, მაყურებელს. “ჭეშმარიტება არის ის, რასაც მმართველი პარტია ცნობს ჭეშმარიტებად” (ჯორჯ ორუელი) – მმართველი პარტია კი უაკანაკსნელ დროს, სწორედ სიტყვის თავისუფლების ჭეშმარიტ სურვილზე საუბრობს.

Friday, October 24, 2008

ტკბილი ნოემბერი


საქართველო ახალი “ნოემბრის” მოლოდინში - ვინ იქნება შემდეგი?


ნინია კაკაბაძე


24 ოქტომბერი 2008 წელი



გასულ წელს თითქმის 6-თვიანი მოლოდინის შემდეგ ქართულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ნაყოფი გამოიღო და კიდევ ერთხელ შვა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სხვაგვარი სახით მოგვევლინა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის მეორედ მოსვლა და მისი განცხადებები გახდა საპროტესტო მანიფესტაციების მთავარი მიზეზი. ფართო მასშტაბიანი აქცია უკანაკსნელი 5 წლის განმავლობაში სულ ორჯერ გაიმართა. პირველი ერთ დღეს გაგრძელდა, მეორე კი გაცილებით დიდხანს. პირველად ურიცხვი ხალხი შეიკრიბა იპოდრომზე, როდესაც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა, ხალხს იქ უხმო. მეორედ ეს ხალხი და კიდევ უფრო მეტი ირაკლი ოქრუაშვილის ირგვლივ გაერთიანდა. ასე რომ, უკვე ყველასათვის ნათელია - თუკი ვინმეს ბევრი ადამიანის ქუჩაში გაყვანა სურს, მიტინგს ყოფილი ჩინოვნიკი უნდა ჩაუდგეს სათავეში. ასე იყო ვარდების რევოლუციამდეც, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში. მთავრობიდან გამოსული პირი უკანაკსნელი წლების მანძილზე მასშტაბური მანიფესტაციების ინსპირატორი ხდება. მოულოდნელი გამოცხადებები მხოლოდ 1 დღე გრძელდება (სალომე ზურაბიშვილის შემთხვევა), მოსალოდნელი გამოცხადება (რამდენიმე თვიანი მოლოდინის შედეგი) კი გაცილებით დიდხანს და სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვაგვარად სრულდება (მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი).
დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას - ნოემბერს. გასულ წელს 6-თვიანი მოლოდინი, როგორც უკვე ვთქვით, ოქრუშვილის გამოცხადებით დასრულდა. 6 თვის განმავლობაში პრესის, მაშინ მედიასა (ტელევიზია, პრესა, რადიო) თუ პირდაპირ მოსახლეობაში მოარული ჭორების სახით ახალი პოლიტიკური “ორსულობის” თუ “მშობიარობის” სხვადასხვა ვერსიები დადიოდა. აი, დაახლოებით ისე, წლების წინ თეთრ ცხენზე ამხედრებულ ზვიად გამსახურდიას “მეორედ მოსვლას” რომ ელოდნენ პრეზიდენტის მხარდამჭერები. ოქრუაშვილს ოდნავ მოდერნიზებული ფორმებით ველოდით: “ამას იტყვის”, “ამას დაასახელებს” “იმასთან ერთად ჩამოვა” და ა.შ. ახალი 7 ნოემბრისთვისაც ასე ვემზადებით. ისევ გასაიდუმლოებულია პოლიტიკური ფიგურების გაერთიანებები, მოსალოდნელი განცხადებები, გამოცხადება შორეული ქვეყნიდან და ა.შ. და ა.შ. პოლიტიკური მესიანიზმი და მისტიციზმი უკვე ქართული საზოგადოების სენად იქცა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი სტაგნაციის კიდევ ერთი და შესაძლებელია უმთავრესი მიზეზია. თუმცა, მიუხედავად ამ მისტიკური პროგნოზებისა, მაინც შესაძლებელია მომავლის განსჯა.
უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ 7 ნოემბერს 2 საათზე მიტინგი იგეგმება, რომელიც მთავარ მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნებს დააყენებს. ის, თუ რა მოყვება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, ბევრი განსჯა საჭირო არ არის, საკმარისია ერთი წლით უკან გავიხედოთ. მანიფესტანტები პირდაპირ გადადგომას მოითხოვენ, ხელისუფალნი კი მათ ძალისმიერი მეთოდით დაშლიან. თუმცა შესაძლებელია ეს საჭირო არც გახდეს, რადგან...
როგორც 2003, ასევე 2007 წელს “ნოემბერს” ზურგს წამყვანი ტელეკომპანიები უმაგრებდნენ. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს შემთხვევებში მედია საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირებისათვის და განწყობის შესაქმნელად, ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ კიდევ ერთი გამოცხადება შედგა და კიდევ ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი განუდგა ნაციონალურ მოძრაობას - სად გაახმოვანებს ის საკუთარ ბრალდებებს თუ უკმაყოფილებას?! დავით აქუბარდიასთან? აქუბარდიას სტუდიაში, ყველაზე სერიოზული განცხადებაც კი არასერიოზულად ისმის და იქ ნაამბობი მხოლოდ ტელეკომპანია “კავკასიის” მომხმარებელზე მუშაობს, რომელიც არცთუ ისე დიდია. ეს კონკრეტული სეგმენტია, რომელიც პოლიტიკურ ამინდს, სავარუდოდ, ვერ შეცვლის. არის კიდევ ერთი მხარე, რომელიც შესაძლებელია უფრო დიდ მოტივს ქმნის ხალხის ქუჩაში გამოსასვლელად - წაგებული ომი, რომლის გამოყენებას ბევრი შეეცდება. აქ არ იქნებიან ომის მოწინააღმდეგენი, აქ იქნებიან წაგებული ომით უკმაყოფილონი, რაც ასეევ ბუნებრივია. საბაბი არსებობს და გაცილებით დიდი, ვიდრე ეს შარშან იყო - ომში დამარცხებულები, ახალი დაკარგული ტერიტორიები, ოკუპანტები საქართველოში, ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც უმუშევართა რაოდენობა გაზარდა და მოახლოვებული ზამთარი, რომელიც ყველას წარღვნასავით აშინებს. ერთი სიტყვით, საბაბი მართლაც ბევრია და მიზეზად, უმეტესწილად, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა და მისი უგუნური პოლიტიკა სახელდება. ამ არგუმენტს, კიდევ ერთი არგუმენტი მოსდევს, რომელიც უკვე არსებობს და რომელსაც ხელისუფალნი, მათ კონტროლს ქვეშ არსებული ტელემედიის საშუალებით კიდევ უფრო მეტად გააქტიურებენ - დღეს საქართველოს პრეზიდენტის და მისი გუნდის გადადგომა ყველაზე მეტად რუსეთს, კერძოდ კი პუტინ-მედვედევს სურს. ეს ნამდვილად ასეა! მაგრამ ვინც ამ მოთხოვნას გაახმოვანებს, მას უმალ რუსული პოლიტიკის გამტარებლად, აგენტად, ჯაშუშად გამოაცხადებენ და ამით გარკვეულ შედეგსაც მიიღებენ.
კიდევ აუცილებლად იქნება ახალი სიმბოლიკა და ძველი ხერხები. სიმბოლოები: დროშა, შავი “ლენტები” (1989წ), ვარდები (20003წ), თეთრი ყელსახვევები (2007წ) - რაღაცით შეიცვლება და ვნახოთ რა იქნება 2008-ში? რასაკვირველია, თუკი აქამდე მივიდა საქმე. მაგრამ ერთი ცხადია - თუ საჭირო გახდა, მმართველი პარტიის შემოქმედებითი ნაღები კვლავ შეკრებს ქართულ ბომონდსა და ახალ ინტელიგენციას და ათას დეკლარაციაზე მოაწერინებს ხელს, შემდეგ ესტრადის ვარსკვლავებს წარმოგვიდგეგენ, ცოტას ამღერებენ, მერე დაგვმოძღვრავენ (და არა მხოლოდ ჩვენ, თვით პრეზიდენტსაც მიცემენ საჭირო რჩევებს, როგორც შარშან), შემდეგ ერთ-ერთი მწერალი ახალ სლოგანსაც შემოგვთავაზებს და ა.შ. აქეთა მხრიდან, უმცირესობაში მყოფი ხელოვანებიც იტყვიან ლექსებს, იმღერებენ, შეუძახებენ ხელისუფლებას და ასე უსასრულოდ. ერთი ისტყვით 2008 წლის სანოემბრო მასკარადი, ერთი თუ რამდენიმე დღის განმავლობაში, ალბათ, გარდაუვალია.
ისევ მთავარ თემას დავუბრუნდეთ. როგორც ვთქვით, ხელისუფლებისა და მათი ოპონენტების სასარგებლოდ არგუმენტები შუაზეა გაყოფილი. ხელისუფლება აკონტროლებს მედიას და რუსეთის აგენტის იარლიყი ხმალივით უჭირავს ხელში. ოპოზიციას კი - უკმაყოფილო მოსახლეობა (წაგებული ომი, სოციალური პრობლემები, მოსალოდნელი ზამთარი) და რასაკვირველია მოსალოდნელი “გამოცხადება” აქვს ხელთ. რამდენად ლოგიკური და ადექვატური იქნება მოთხოვნა - პრეზიდენტისა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები?! მიუხედავად იმისა, რომ ამა წლის ნოემბერში ამ მოთხოვნის წამოყენება მეტად ლოგიკურია, ვიდრე ეს შარშან იყო, მაინც ჩნდება კითხვის ნიშნები - რა აზრი აქვს დღეს ამის მოთხოვნას? თუკი არჩევნებს ისევ ის საარჩევნო კომისია ჩაატარებს, რომელიც აქამდე იყო, ადმინისტრაციული რესურსი და ტელემედია ისევ მთლიანად ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის, ბიზნესმენები ისევ ნაციონალური მოძრაობის დაქვემდებარებაში იმყოფებიან... რას ელის ოპოზიცია კიდევ ერთხელ დანიშნული არჩევნების შედეგად და რატომ ფიქრობს რომ საბოლოო სურათი განსხვავებული იქნება?!
და ბოლოს, თუკი დღევანდელ პოლიტიკურ სურათს შევაფასებთ, განსხვავებული და საიმედო არაფერი მოჩანს. პოლიტიკურ მესიანიზმსა და მისტიციზმში გადავარდნილი ქართველი ხალხი, დესტრუქციული თუ კომფრომტაციული ოპოზიცია და შეუგნებელი თუ უგუნური ხელისუფლება – ეს ყოველივე სავარაუდოდ ახალ, 2008 წლით დათარიღებულ “ტკბილ ნოემბერს” შობს.

Thursday, October 16, 2008

რა სურს დავით აქუბარდიას?!



ნინია კაკაბაძე


გაზეთი "24 საათი" ოქტომბერი 2008


მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დღემდე წარბშეუხრელი ამტკიცებდა, რომ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში საკმარისად არის დაცული, დემოკრატიის ახალ ტალღაში მედიის გათავისუფლების პუნქტი მაინც მოხვდა. მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მოსახლეობას დემოკრატიის ახალი ტალღის დაწყება აუწყა, ტელეარხებზე ლანდებივით გამოჩდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენლები და მათთან ერთად უბრალო უკმაყოფილონიც. აქამდე, ვთქვათ, სახალხო დამცველს ყირა რომ გაეჭიმა პარლამენტის შენობის წინ და ასე გამოეხატა პროტესტი, ნებსიმიერი საკითხის წინააღმდეგ, არც ერთი ტელევიზია ამ ფაქტს არ გააშუქებდა. ახლა ეს ტელევიზიები სადღაც მეორე ან მესამე ბლოკში განსხვავებულ მოსაზრებებს მინიმალურად მაინც წარმოგვიდგენენ და ამით ქმნიან ილუზიას, რომ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ მათ ოპონენტებსაც ემსახურებიან. თუმცა მხოლოდ ილუზიას ქმნიან ...
სადღაც გადაწყვიტეს, რომ საქართველოში დემოკრატია ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ მუშაობს და ჟურნალისტებისთვის მიცემული თავისუფლება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემაფერხებელი იქნება. ამ მოსაზრებას ორი მხარე აქვს და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, მისი სრული უარყოფა შეუძლებელია. ჩვენ კარგად ვნახეთ და დღემდე ვხედავთ, რომ ჟურნალისტები არა თუ ხელისუფლებლების, არამედ შეძლებული დამფინანსებლის მორჩილნი არიან და მათ შესწევთ უნარი, არნახული სისწრაფით, “დირექტორთან” ერთად იცვალონ პოზიცია. ამიტომ, ბუნებრივია არავინ იცის, რას იზამდნენ ისინი სრული თავისუფლების პირობებში, რადგან “დამფინანსებელს” ამ ქვეყანაში რა გამოლევს?! დღეს ცხადი ერთია - მათი კეთილდღეობა და გარანტირებული სამუშაო ადგილი ამ ხელისუფლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული და ამიტომაც ჟურნალისტები მათ ემსახურებიან. მაგრამ არსებობს გამონაკლისი და ეს გამონაკლისი თანამდროვე საქართველოს გმირი, ქართული ჟურნალისტიკი სინდისი - დავით აქუბარდიაა.
რა განასხვავებს “კავკასიას” დანარჩენებისაგან?
1. მაშინ, როდესაც ქვეყანაში მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა მედიის თავისფლების საკითხში, ტელეკომპანია “კავკასია” ერთადერთია, რომელსაც აქვს საშუალება მოსახლეობას მიაწოდოს განსხვავებული აზრი. წარმოუდგინოს სხვადასხვაგვარი მოსაზრებები, პოზიციები, გამართოს პირდაპირ ეთერში დისკუსიები და მისცეს მაყურებელს შანსი, თავად განსაზღვროს რომელი პოლიტიკური, საზოგადოებრივი ჯგუფის მსოფმხედველობაა მისთვის მეტად ან ნაკლებად მისაღები. აგრეთვე, ბუნებრივია, ერთ კონკრეტულ მოვლენასთან თუ ფაქტთან დაკავშირებით მოისმინოს ან ნახოს განსხვავებული შეფასება, ასახვა. ამ შანსის გამოყენება შეიძლება, მაგრამ ნაცვლად ამისა...
2. დავით აქუბარდიას შოუ, რომელიც თავის ქრონომეტრაჟი უმეტეს წილად 3 საათს აჭარბებს, Oნე Mან შჰოწ-ს გავს. ბატონი დავითის კითხვები, როგორც წესი პასუხზე უფრო გრძელია, მისი შეხედულებები და მოსაზრებები არა წინადადების ლოგიკური წყობით, არამედ ემოციური შეფასებებით ხასიათდება. “კარგით, რას ლაპარაკობთ?!”, “არ გამაგიჟოთ?! “დედა, ეს რა მითხარით” და ა.შ. და ა.შ. რთულია მისი რეპლიკებიდან რომელიმე გამოყო, ისევე როგორც რთულია მოახდინო დავით აქუბარდიას ჟურნალისტური მოდერაციის კრიტიკული ანალიზი...
3. სტუმრები მუდამ მისი თანამოაზრეები არიან, რაც გნებათ ის თქვით “კავკასიის” ეთერში, მთავარია იყოს ძალიან კრიტიკული და დავით აქუბარდია არაფერზე შეგეწინააღმდეგებათ. მას არ უყვარს გაწონასწორებული არგუმენტირებული კრიტიკაც კი. იყოს მკაცრი ბრალდებები, ცილისწამება, არც აქ გადაამოწმებს ვინმე თქვენს მიერ მოწოდებულ ფაქტებს. წამყვანი განსაკუთრებულ სიამოვნებას მაშინ განცდის, როდესაც ინტერაქტიური ზარი შემოდის: - ბატონო დავით, თქვენ ხართ ჩვენი დროის გმირი. და ახლა აი რა მინდა გკითხოთ, ეს დამპალი ხელისუფლება... ასეთია, პათოსი. როდესაც სამზარეულო ვახსენეთ, ეს შემხვევით არ ყოფილა. სტუმრად მიბრძანებული, პატივცემული სტუმრები ხშირად ჰყვებიან ცდუნებას და პირდაპირ ეთერში მათი ოპონენტების, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრების პირადი ცხოვრების დეტალებსაც აღწერენ. ვინ სად ივარცხნის თმას, ვის ვინ უყვარს, ვინ რომელ პარფიუმერიას ხმარობს და ა.შ. და ა.შ.
4. ტელეკომპანია “კავკასიას” თავისი მაყურებელი ჰყავს და ეს არ არის დღევანდელი ქართული პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სეგმენტი, ეს გაცილებით უფრო ვიწრო, შეკრული ჯგუფია, რომელსაც დღეს მხოლოდ და მხოლოდ ეს სჭირდება - მოისმინოს რაც შეიძლება დიდი დოზით და კატეგორიული ტონით ამ ხელისუფლების ლანძღვა.
არ შეიძლება ერთი პატარა დეტალი არ გავიხსენოთ, განსაკუთრებით იმ მიზნით, რომ წერილის სათაურში დასმულ კითხვას გავცეთ პასუხი. დავით აქუბარდიას სტუმრად ყავდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც საუბრობდა იმის შესახებ, თუ რამდენად აუცილებელია ქვეყანაში თავისუფალი მედია სივრცე, დებატები, ცხარე დისკუსია და ა.შ. სუბარი განმარტავდა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი სარგებელს მოუტანს, როგორც საზოგადოებას, ასევე ხელისუფლებას, მის ოპონენტებს და რაც მთავარია დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ომბუცმენმა მის სიტყვაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიაც ახსენა, რომელმაც სიტყვის თავისუფლების პოზიტიური მხარეების შესახებ ბევრი იცის. უსმინა ბატონმა დავით აქუბარდიამ სუბარს და რამდენიმე ხანში ბრძანა: - “არ გინდათ ბატონო სოზარ, მოგისმენთ ახლა ბოკერია და მერე მართლა არ გააკეთოს რასაც ეუბნებით!” პროფესიული, საინტერესო დებატები აქუბარდიას სხვა ტელეარხზე ორი მიზეზით არ სურს - ეს ხელს შეუშლის ასე ნანატრ რევოლუციას, რომელსაც დავით აქუბარდია უკვე 5 წელია ელის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შესაძლებელია მისმა “ტრაგი-კომიკურმა” შოუმ მაყურებელი ანუ კლიენტი დაკარგოს. ასე, რომ ტელეკომპანია “კავკასიის” მფლობელსა და წამყვანს, სწორედ ასეთი მედია სურს! რაც საბოლოო ჯამში, მთელ ქართულ ტელემედიაში ამგვარ სურათს ქმნის - 5 ერთნაირი და ერთი “განსხვავებული” აზრი, სადაც საბოლოო ჯამში ყველა ერთ დიდ საქმეს აკეთებს - დემოკრატიული პროცესების სტაგნაცია!
და ბოლოს - შედეგი
დღევანდელმა ხელისუფლებამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მოახერხა და ხელი მიაწვდინა თითქმის ყველა ტელემაუწყებელს, რომელიც მეტად თუ ნაკლებად, მას საქმეში ხელს უშლიდა. ესენია: “იბერია”, “202”, “იმედი”, (დროებით) - “მაესტრო”... ყოველი მათგანი დახურეს ან არ მისცეს საშულება მაუწყებლობაში ცვლილებები შეეტანა, ახლა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ არხების პროფესიულ, შინაარსობრივ თუ გამომსახველობით მხარეზე – ფაქტი ერთია, სხვადასხვა მიზეზებით ისინი, სხვადასხვაგვარად აღარ მაუწყებლობენ. დარჩა მხოლოდ “კავკასია”, რომელსაც სიტყვის თავისუფლების ირგვლივ ატეხილ დებატებში, კერძო თუ საჯარო დისკუსიებში, სიამოვნებითა და სიამაყით ამგვარად წარმოგვიდგენს ხელისუფლება: “ხომ არის “კავკასია”, მეტი რა გინდათ?!” “კავკასია” მართლაც შესანიშნავი იარაღია მათ წინააღმდეგ, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში მედია განიცდის ცენზურას. ამ ტელეარხზე არა თუ კრიტიკაა შესაძლებელი, არამედ ჭორაობა, ლანძღვა, გინება... კავკასიის მსგავსი ტელეკომპანია ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ იარსებებდა და შესაძლებელია მისი წამყვანისათვის ჟურნალისტობის უფლებაც კი ჩამოერთვათ და ეს, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი ასე იქნებოდა. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დავით აქუბარდია დღეს განსხვავებული აზრის დევალვაციას ახდენს. თბილისის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია, ეს არის განსხვავებული აზრი და ასე უნდა კრიტიკა. ისედაც არ არსებულ პოლიტიკურ კულტურას, კიდევ უფრო უღრმავებს ფესვებს აქუბარდიას ე.წ. თოქ-შოუ. ამგვარი გზით ხდება არგუმენტირებული კრიტიკის, განსხვავებული აზრის ნიველირება. მაგალითად, მაყურებელი ნათლად ხედავს, რომ “კურიერი”, “ქრონიკა” ან გნებავთ “მოამბე” პროფესიონალიზმისა და თავისუფლების დეფიციტს განიცდის, ამიტომ ის ყოველთვის მოითხოვს მის დახვეწას თუ გამოსწორებას. როდესაც არაეთიკური, არაპროფესიონალური “ჟურნალისტიკა” თავისუფალი სიტყვის ეგიდით მაუწყებლობს - ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. დღევანდელ დღეს დავით აქუბარდია გაცილებით უფრო დიდ სამსახურს უწევს საქართველოს მთავრობას, ვიდრე ნებისმიერი სამთავრობო არხი. ვფიქრობ ბატონი დავითი ყოველი ზემოთქმულს ვერ აცნობიერებს და მას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს – ყოველ საღამოს 3-4 საათის განმავლობაში იჯდეს პირდაპირ ეთერში და “ილაზღანდარაოს”.
P.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ “კავკასიის” საინფორმაციო გამოშვება, საუკეთესოა არსებულ საინფორმაციო გადაცემებს შორის, რასაკვირველია არა ტექნიკურ-ვიზუალური ეფექტებით. საინფორმაციო გადაცემა ქვეყნის შიგნით არსებულ სიახლეებს მთლიანად მოიცავს და რაც ყველაზე სასიამოვნოა, სრულიად უემოციოდ, მიუკერძოებლად, ინტერპრეტაციის გარეშე წარმოგვიდგენს მათ - მოკლედ, კონკრეტულად და მშრალად. ამის შედეგად მაყურებელი არა მხოლოდ პრეზიდენტისა თუ ხელისუფლების მისამართით წარმოთქულ მადლობებს ისმენს, არამედ რეალურ ინფორმაციასაც იღებს. ერთი სიტყვით ცნობილი ტელევიზიების რეიტინგული საინფორმაციო გადაცემებისგან განსხვავებით, ტელეკომპანია “კავკასიის” საინფრომაციო გამოშვება პროფესიონალურად მუშაობს.

“ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა”...




ნინია კაკაბაძე



ჟურნალი "ანაბეჭდი" ოქტომბრის ნომერი 2008


საქართველო ჯერ ისევ რუსულ არმიას ყავს ოკუპირებული, დიდი თუ ცოტა ხნით დავკარგეთ კიდევ ახალი ტერიტორიები, სამუდამოდ დავშორდით აფხაზებთან თუ ოსებთან შერიგების პერსპექტივას, გვყავს 100 ათასზე მეტი უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი, გვყავს 500-მდე დაღუპული, მათ შორის მართლაც სამშობლოსათვის თავგანწირული ჯარისკაცი. მაშინ, როდესაც დიდი და ბოროტი სახელწიფო გკლავს, გაფეთქებს და სახლებს გიწვავს განსაკუთრებულად რთულია იყო კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. ასეთ დროს ძალიან დიდია თვითცენზურაც. არის მოღალატის იარლიყის გაუცნობიერებელი შიში, საყოველთაოდ გამეფებულ საზოგადოებრივ აზრთან დაპირისპირების შიში... მიუხედავად ამისა, ვცადოთ და ვიყოთ თვითკრიტიკულებიც.

საზოგადებრივი პროტესტი თუ სისხლთაყვანისმცემლობა?

დღეს, შესაძლებელია ასე მალე ვერ გავარკვიოთ ვინ დაიწყო ომი, ვინ გაისროლა პირველმა?! დროთა განმავლობაში გაირკვევა იყო თუ არა სხვა გამოსავალი, გვქონდა თუ არა შანსი, რომ ეს ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა? ერთი ფაქტია, ბრძოლა 3 დღის განმავლობაში კონფლიქტურ ზონებში მიდიოდა, შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა რუსული არმიის მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებული სტრატეგიული ობიექტების და არა მხოლოდ მათი დაბომბვა. Oმის დაწყებისთანავე ქართული საზოგადოება ყოველ საღამოს სხვადასხვა ადგილებში (ძირითადად რუსეთის საელჩოსთან) იკრიბებოდა და გამარჯვებას ითხოვდა. ახლა მკითხავენ - სად იყო იქ მსგავსი მოწოდებებიო? მაგრამ გაცხარებულ ადამიანთა თავშეყრა მტრის “ბინასთან” (საელჩოსთან), დროშების ფრიალი, სანთლები, “შავლეგო”, შეურაწმყოფები და სიტყვიერი მუქარა... სხვა არაფერია, თუ არა - გამარჯვების მოთხოვნა! თანაც თუკი ტრიბუნაზე გამომსვლელები არა, სატელევიზიო რესპოდენტები კი აცხადებდნენ: “ჩვენ ეს ომი უნდა მოვიგოთ”, “ჩვენ გავიმარჯვებთ” და ა.შ. იმ დღეებში არავინ, მათ შორის ვერც მე გავბედე ქუჩაში გასვლა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა ორივე მხარისთვის, მეც შემეშინდა, თუმცა კი ამის სურვილი დიდი მქონდა. და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის ძალოვანი სტურქტურების, თუ ზოგადად ხელისუფლების კი არა, ამ პატრიოტი მანიფესტანტების შემეშინდა. როდესაც ამ საპროტესტო აქციებს თვალს ვადევნებდი მიჩნდებოდა შიში - ქართული ჯარის კონფლიქტის ზონიდან გამოყვანა, შესაძლებელია ხელისუფლების ამ მანიფესტანტებისადმი მოწიწებამ შეაფერხოს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ თითქოს ადამიანებმა თავიდან დაიწყეს ცხოვრება და ყველაფერი რაც შევარდნაძის მმართველობის ეპოქაში მიჩქმალული და მიგდებული იყო, ამოვატივტივეთ. ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტული, ფერმკრთალი ბილბორდები “გახსოვდეს აფხაზეთი”, რომელიც უკვე კარიკატურად იყო ქცეული, ცენტრალურ ხაზად ვაქციეთ. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ქართული ღირსების საგანი, ხელისუფლების და ხალხის მთავარი მიზანი გახდა. ერთს დავით აღმაშენებლობა სურდა და მისი პრეზიდენტობის ხანაში ეჩქარებოდა, მეორე კი ომში დამარცხებულის კომპლექსებისგან გათავისუფლებას ამ გზით ცდილობდა. ამიტომ აქცენტი სწრაფ და “ეფექტურ” ნაბიჯებზე, ტერიტორების დაბრუნებაზე გავაკეთეთ და ამით იმ ხალხს კიდევ უფრო დავშორდით, რომელიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდა. მშვიდობიანი გზა, პოლიტიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას გაცილებით უფრო გრძელვადიანი პროცესია. მოვლენები არ ვითარდება დინამიურად, რაც საბოლოო ჯამში ნაკლებ პოპულარულია. ამიტომ 5 წლის განმავლობაში გაძლიერებული ტემპებით ვაშენებდით ჯარს: მაგალითად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი 1 494 524 800 ლარს შეადგენდა, კონფლიქტების დარეგულისრების დარგში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი კი მხოლოდ 610 ათასი ლარი იყო. ამასთანავე შემოვიღეთ რეზერვში სამსახურის იძულებითი ფორმები, ვამზადებდით სამხედრო კლიპებს, შევქმენით დამოუკიდებელი სატელევიზიო სამხედრო არხი. არ გადიოდა არც ერთი საინფორმაციო გამოშვება, სადაც არ იყო რეპორტაჟი ძლიერი ქართული ჯარის შესახებ. ვიღებდით მუსიკალურ რგოლებს, სადაც სიყვარულზე იარაღით ხელში ვესაუბრებოდით აფხაზებს და ოსებს, ხალხს და არა მხოლოდ დეფაქტო მთავრობებს აბორიგენებს და სეპარატისტებს ვეძახდით. საჯარო გამოსვლების დროს მკერდზე მუშტებს ვიცემდით და ტერიტორიალური მთლინობის აღდგენის ფიცს ვდებდით. ვაკეთებდით გადაცემებს, რომლებაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, კიდევ უფრო გავამძაფროთ მტრის ხატი და ძლევმოსილების მაქსიმალური დემონსტრირება მოეხდინათ. ვქმნიდით წარმოსახვით რეალობას მუსიკალური კლიპებით, რომლებშიც აფხაზეთში მივემგზავრებით, “ვბრუნდებით”. ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ სურვილი კიდევ უფრო მძაფრი გაგვეხადა. ამისთვის შეიქმნა პატრიოტული ბანაკები, ამისათვის ცხადდებოდა პატრიოტულ თემაზე მუსიკალური და ლიტერატურული კონკურსები... არ გვესმოდა და დღემდე არ გვესმის, რომ პატრიოტული ხელოვნება არ არსებობს და თუკი პატრიოტიზმზე იქმნება სხვადასხვა ნაწარმოებები, ეს მხოლოდ ლოკალური, ადგილობრივი მოხმარების საგანია. აი, დღეს რომ ვხმარობთ მედიაში პოეტური თუ მუსიკალური ჩადგმებისთვის. ფანატიკური პატრიოტიზმი, რომლის აშკარა საწყისები ჩვენს ქვეყანაში იყო და რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით, მხოლოდ “ბოროტების მატარებელია თავისი არსით. პატრიოტი კი როგორც წესი ბოროტი” - ეს ოსკარ უაილდის სიტყვებია. ვირტუალური სამყარო, რომელიც ჩვენ ამ “გმირული სულის”, თანამედროვე პატრიოტის სახით შევქმენით, ქართველი ხალხის თავშესაფარი აღმოჩნდა. ვინ მოსთვლის იმ უმსგავსო და ომზე გათვლილ “შემოქმედებით”, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ აქციებს, რომლის მონაწილეებიც ყოველი ჩევნთაგანი ვართ. ამ ქმედებების წინააღმდეგ ვინც ხმას იღებდა, სასწრაფო წესით რუსეთის აგენტად ვაცხადებდით, ხოლო ვინც ხმამაღლა განაცხადებდა, რომ ომი არ უნდა - მას ღალატში ვდებდით ბრალს. ეს ქვეყანა უკანასკნელი 5 წელიწადია ომისთვის ემზადებოდა და ძალიან ცოტამ თუ გააკრიტიკა ეს მილიტარისტული პროპაგანდა და ომის რიტორიკა საჯაროდ. 5 ლის განმავლობაში ხან მუშტებს ვუქნევდით ოსებსა და აფხაზებს, ხან კი ვამბობდით, რომ მათთან არაფერი გვაქვს გასაყოფი და ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია. თავს ვიტყუებდით და არ გვსურდა იმის დაჯერება, რომ უკანაკსნელი 15 წლის განმავლობაში ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობას თავი არა თუ ვერ შევაყვარეთ, სიმპატიითაც კი ვერ განვაწყვეთ ჩვენს მიმართ. მათ მუდმივად ვაკნინებდით და ვახსენებდით, რომ რუსეთის მონები არიან. დღესაც არ გვუსრ დაფიქრება, უნდათ თუ არა მათ ჩვენთან ერთად ცხოვრება. დღესაც ყველაზე მარტივ გამოსავალს ვირჩევთ, ერთნი მხოლოდ რუსეთს ვადანაშაულებთ, მეორენი კი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას - არავინ ცდილობს საკუთარი შეცდომები დაინახოს და მიზეზებიც საკუთარ თავში ეძებოს. არც ომამდე ვხედავდით საკუთარ სიმახინჯეებს, მაშინ როდესაც სრულიად უმსგავსო მილიტრიზმის ტყვეობაში ვცხოვრობდით და მაშინ, როდესაც სიტყვა მშვიდობა ყველაზე არაპოპულარული სიტყვა იყო, პაციფისტი კი უკანასკნელი კრეტინი, (“კრეტინი პაციფისტები” - ციტატა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან). პირიქით აქ იღვიძებდა ქართველი ხალხი, აქ ერთიანდებოდნენ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში მყოფი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი “გუნდები” და აქ იღერებდა ყველა ერთად მუქარის მუშტს. სიბნელე და არასრულფასოვნების კომპლექსი არის ჩვენი მთავარი მტერი, რომელიც გვაფიქრებინებს რომ რუსეთის მსგავს, უზარმაზარი მასშტაბის ბოროტებას, ასევე ბოროტებით დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენი პატარ ქვეყნისთვის ტრაგიკული ის არის, რომ გასული საუკუნეების მსგავსად, 21-ე საუკუნეშიც ვფიქრობთ, რომ სამშობლოს სისხლი სჭირდება და რაც შეიძლება ბევრი სისხლი. ამიტომაც აღეგზნო ქართული საზოგადოება ომის დღეებში და ასე აღზნებული დაქროდა ქუჩაში დროშებით ხელში. ომის შემდეგ სატელევიზიო გამოსვლებში მწერლები, პოეტები, მსახიობები თუ სხვები ერთხმად ამართლებდნენ და აღმერთებდნენ გაღებულ სისხლს და თანაც გვაფრთხილებდნენ - ვისაც კითხვა გაგიჩნდებათ იყო თუ არა სხვა გამოსავალი, ღირდა თუ არა ამდენი სისხლის დაღვრა - ყველას დაგსჯითო.
ჩვენს ქვეყანაში სისხლია გაფეტიშებული, სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლი კი კერპად ქცეული.

ელექტრონული მედია - ინფორმაცია თუ პორპაგანდა?

დევნილის ნაამბობი მძიმე მოსასმენია. დევნილი დაჩაგრულია, მაგრამ მოტყუებული დევნილი კიდევ უფრო დაჩაგრული. ერთმა ქალმა მიამბო: “ტელევიზიით ვუყურებდი, როდესაც აცხადებდნენ ცხინვალს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ, მოწინააღმდეგის ჯარი უკან დავწიეთ და ხვალ როკის გვირაბთან მივალთო, როდესაც კარზე მეზობელმა დამიბრახუნა ყვირილით: - ჩვენთან შემოვიდნენ და გაიქეცით ვისაც შეგიძლიათო. სახლის ტანსაცმლით გამოვვარდი, გამოსვლისას შორს სად გავიქცეოდი, ჯერ ბუჩქებში ვიმალებოდით მე და ჩემი თანასოფლელები და იქიდან ვუყურებდი, როგორ იწვოდა ჩემი სახლი. აბა, მე რომ მცოდნოდა სიმართლე, ხომ უფრო ადრე დავტოვებდი სახლს და ჩემი მკვდრების სურათებს მაინც წამოვიღებდი”. ეს ქალბატონი არა მხოლოდ ომის მსხვერპლია, ის ამ ომისთვის დამახასიათებელი ტყუილის მსხვერპლიც გახდა. ორი დღის დაკარგულ ქალაქსა და სოფლებზე ჯერ ისევ გვიცხადებდნენ, რომ “ჩვენია”. ასეთ დროს ტყუილი კიდევ უფრო მეტად ამახინჯებს იმ ბოროტებას, რომელსაც ომი ქვია. ამ ტყუილებს დროთა განმავლობაში სხვადასხვა მოტივებით გაამართლებენ, მაგრამ ერთი ცხადია - ქართულმა საზოგადოებამ თავად მოსთხოვა გამარჯვება ან კი უბრალოდ ამ გამარჯვების სიმულაცია ქვეყნის ხელისუფლებას. მაგრამ ასე მარტივად, უფრო სწორედ კი ცალსახად, არ არის საქმე.

თანამედროვე ჟურნალისტიკაში უკვე ცალკეულად არსებობს ტერმინები “ომის ჟურნალისტიკა” და “მშვიდობის ჟურნალისტიკა”. ომის ჟურნალისტიკა, სახელწიფო ინტერესების დაცვას და მაყურებლის სრულად ინფორმირებას გულისხმობს, “მშვიდობის ჟურნალისტიკა” კი ომის მიზეზების კვლევას და მისი შეჩერებისთვის მუშაობას. მაგრამ ეს ის მაღალი სტნდარტებია, რომელთან მიახლოვებამდეც მინიმალური სტანდარტი უნდა დავაკმაყოფილოდ.
ომის დღეებში მედია “სანიმუშო” იყო, ერთი და იგივე ფილმები - ჰეროიკულ თემატიკაზე, ომზე, ძალადობაზე ყველა არხზე გადიოდა. ვინ მოთვლის რამდენჯერ ნახა ქართველმა მაყურებელმა “მამაცი გული” და საკუთარ სიმამაცეზე რამდენჯერ იტირა?! მთლიანობა, ერთიანობა იმდენად სამაგალითო იყო, რომ ამ საომარ ფერხულში საპატრიარქოს ტელეარხიც ჩაერთო და ერთი კვირის მანძილზე მხოლოდ საომარ ფილმებს წარმოგვიდგენდა. მაშინ მედია ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობდა და ამიტომ უნებლიე შეცდომებიც გაეპარა. სადაც “ბახა-ბუხი” დაინახეს, ყველაფერი “საჭირო მასალად” მიიჩნიეს და სატელევიზიო პროგრამების ბადეში ჩასვეს. ასე აღმოჩნდა ომისა და ძალადობის ერთერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსის, ბრიტანელი კენ ლოუჩის ყველაზე ანტისაომარი ფილმი “ქარი წაგვიღებს” ომისა და სისხლის პროპაგანდის ყუთში. ფილმი, რომელიც ირლანდიის გამანთავისუფლებელ ბრძოლებს და ომს აღწერს, სადაც არ არის დიდი და პატარა, არ არის ბოროტი და კეთილი, ფილმი ომის ბოროტებას ეხება.

საომარ ვითარებაში და მითუმეტეს მაშინ, როდესაც თავს გვესხმის უზარმაზარი ბოროტების იმპერია, ბუნებრივია არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს უჩნდება სახელმწიფოსთან ერთიანობის და იდენტიფიკაციის სურვილი. საომარ მდგომარეობაში მედიის თავისუფლების ხარისხიც (იგულისხმება განსხვავებული მოსაზრებების დეკლარირება, კრიტიკა და ა.შ.) ბუნებრივია გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა. მედია, უპირველ ყოვლისა, სახელწიფო პოლიტიკის გამტარებელი ხდება. ასე ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ხშირ შემთხვევაში, დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. ასეთ დროს, მედია ერთადერთ ფუნქციას კისრულობს: ქვეყნის მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიაწოდოს მოსალოდნელი საფრთხეების თუ საერთო მდგომარეობის შესახებ. მაგრამ ჩვენმა ელექტრონულმა მედიამ ეს ერთადერთი ფუნქციაც კი ვერ შეასრულა და აქაც ადამიანთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების ფასად მხოლოდ ოფიცილური უწყებების ენაზე მაუწყებლობდა: “რეგიონში სიწყნარეა, ქართული შენაერთები გადაადგილდებიან, არ არის პანიკა, ცხინვალი სრულად კონტორლდება ქართული ჯარის მიერ და ა.შ.” ქართველი მაყურებელი რეალური ინფორმაციის ნაცვლად სახელმწიფო პროპაგანდის მაუწყებელი იყო. განსხვავებული და დასამახსოვრებელი მხოლოდ ზოგიერთი ეგზოტიკური, კომიკოსი ჟურნალისტის იგავ-არაკები თუ ტრაგი-კომიკური სატელევიზიო ჩანახატები აღმოჩნდა.
ომის შემდეგ კი გადიოდა დღეები და ეკრანიდან ნელნელა ქრებოდნენ დევნილები და მათი პრობლემები. ესეც სახელმწიფო პოლიტიკაა: ახლა დადგა ჟამი შევქმნათ კიდევ ერთი გამარჯვების ილუზია, დავივიწყოთ ჩვენს ქალაქებში გაჩენილი ასი ათასობით ახალი დევნილი და ბუნებრივია მათი პრობლემები. სატელევიზიო მედია კი ამ “სახელწიფო პოლიტიკის” ვიზუალური და ვირტუალური სურათის შემქმნელია. ამიტომ მისი მიზანი არა დევნილების უფლებების დაცვა, მათი პრობლემების არდავიწყება, არამედ “გაბრწყინებული საქართველოს” წარმოდგენაა. ერთადერთ გამონაკლისს, რომელიც არც სახელწიფოებრივ ინტერესებს არღვევდა და არც ინფორმაციის ვაკუუმში ტოვებდა მოსახლეობას “რადიო თავისუფლება” გახლდათ, რომლისთვისაც მთავარი პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმის ერთგულება იყო. ელექტრონული მედია კი ამ “საქართველოს” ტიპიური შვილია რომელსაც სიმართლეზე მეტად, გამარჯვების დაჯერება სურს. ამიტომაც...

საზოგადოება - “თანამედროვე საქართველო”

ოპტიმიზმი და პერმანენტული ზარ-ზეიმი იქცა ჩვენი არსებობის ფორმად, გლოვაც რაღაც თავისებული გვაქვს. ეს მოსწონს თანამედროვე ქართველსაც ყველაზე მეტად. ყველაზე კრიტიკულ დღეს რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიოსათვის ჩვენი გლოვა და ზარი, ჩვენი სიძლიერე გვეჩვენებინა, საყოველთაო მასკარადი გავმართეთ. აკადემიური ხელოვნების და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები გვიმღეროდნენ, ლექსებს გვიკითხავდენ, ყვიროდნ და საზეიმო განწყობას ქმნიდნენ. ეს იყო დღე, როდესაც სამაგლითოდ ვაჩვენეთ მსოფლიოს, როგორ უნდა აქციო ტრაგედია ფარსად და შემდეგ თქვა: - ქართველი ბუნებით არტისტულია, ამით განსხვავდება სხვა ერებისგან და სწორედ ამ არტისტულობამ გადაგვარჩინაო. ამიტომ ჩვენს ერთადერთ გამოსავლად, მძიმე და კრიზისულ პერიოდში, არაადექვატურობა იქცა! მაშინ, როდესაც უნდა ვიტიროთ - ვიცინით, ვმღერით, ვცეკვავთ და ვფიქრობთ, რომ გლოვა მხოლოდ სისუსტის მაჩვენებელია, გლოვის დროს სიმღერა და ღრეობა კი - სიძლიერის. ასე ხდება ხოლმე ქართულ ქელეხებში, სადაც სიკვდილს, როგორც წესი ღრეობით და საზეიმო განწყობით აღვნიშნავთ.

ინსტიქტები ომის შემდეგ

დამთავრდა ომი და ქართველმა ხალხმა მიზნად დაისახა - ჩვენ არ უნდა გავიგოთ რომ დავმარცხდით, ჩვენ არ უნდა გავაანალიზოთ მომხდარი, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ კრიზისის ანალიზი, ჩვენ მხოლოდ ერთი გამოსავალი გვაქვს - დავიჯეროთ და ყველა დავაჯეროთ, რომ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, ყველაზე მაგრები ვართ, შეუმცდარნი ვართ, ცამდე მართლები ვართ, ჩვენ მსხვერპლიც კი არ ვართ, რაგდან მუდმივად გამარჯვებულნი ვართ. ამიტომ, ამ პათოსით, ამ შემართებით კიდევ ერთხელ გადავაგორებთ ამ ტრაგედიას, ისევე შეუფასებლად, ისევე გამოუკვლევად, როგორც ოსეთის და აფხაზეთის სამოქალაქო ომებს. დამნაშავეებს გადავმალავთ ან კი გმირებად გამოვაცხადებთ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ იმის გარანტიაა, რომ მომავალშიც მსგავს შეცდომებს გავიმეორებთ, ყოველთვის დავიჯერებთ რომ რუსულ არმიას მხოლოდ ქართული ჯარი დაამარცხებს, კვლავაც დავღვრით ბევრ სისხლს, კვლავაც შეგვიყვანს დაღვრილი სისხლი ექსტაზში. დღეს ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რაში მდგომარეობდა ჩვენი შეცდომა უზარმაზარი ბოროტების მიმართ, რომელსაც რუსული იმპერია ქვია, მაგრამ დრო გვაძლევს შანსს გავიაზროთ არა მხოლოდ რუსეთის აგრესია, როემლიც ცხადზე ცხადია, არამედ საკუთარი შეცდომებიც, რომელიც შესაძლებელია ამ აგრესიის მაპროვოცირებელი გახდა. თუკი არ მოხდა საკუთარი შეცდომების, ან კი უბრალოდ დღევანდელი შედეგის, უაკანაკსნელი მოვლენების კრიტიკული ანალიზი ჩვენ ვერ განვვითარდებით. ლადო ასათიანის ჰეროიკული პოეზია, არსებული ტკივილებისა და შიშების მხოლოდ მოკლევადიანი თერაპიაა, რაოდენ პათეტიურადაც არ უნდა წავიკითხოდ ის. ჰიმნები თუ სიმღერები ქართულ უძლეველ სულზე მხოლოდ იმ ილუზიას ქმნის, რომ ჩვენ არ დავმარცხებულვართ, ჩვენ არ მოგვიკლეს ადამიანები, არ წაგვართვეს ახალი ტერიტორიები, არ გამოაგდეს სახლებიდან ათასობით ადამიანი და რამდენიმე დღის განმავლობაში არ გავცხოვრეს სიკვდილის და სრული განადგურების მოლოდინში. ამ რეალობისგან, ტკივილისგან სამუდამო გათავისუფლება მხოლოდ ხანგრძლივ, რაციონალურ, სიღრმისეულ ანალიზშია, რომელსაც ქართველები ყოველთვის ვემალებით და ამით საკუთარ თავს ვწირავთ მუდმივი სტაგნაციისათვის.
P.შ. არ მინდა ჩემი წერილიც იმ ერთადერთი უკიდურესობით გამოირჩეოდეს, რასაც საქართველო ომის დღეებში ტელევიზიით ადევნებდა თვალს. მაშინ ჯერ არ ჩანდა, რომ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, დამოუკიდებელი მოქალაქეები, ომბუცმენის ოფისი, მათ შორის მეტნაკლებად სახელმწიფო სტურქტურებიც, უმოკლეს ვადებში მობილიზდნენ და დაიწყეს დევნილთა დახმარება საკვებით, ტანსაცმლით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საგნებით. ბუნებრივია რთული იყო ათასობით ადამიანის ერთნაირად და ერთდროულად დაკმაყოფილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამგვარმა მობილიზებამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

და ბოლოს... შენიშვნა

ეს ტექსტი, ჩემი არც თუ ისე ხანგრძლივი გამოცდილების ისტორიაში, ყველაზე დიდხანს იწერებოდა. ეს წერილი არ არის ერთი ადამიანის მიერ დაწერილი, ერთი განსხვავებული მოსაზრებაა. ადამიანის, რომელიც საკუთარ დანაშაულსაც ხედავს, რომ ვერაფრით შეაჩერა ეს ომი და ვერაფრით აქცია მშვიდობა პოპულარული. ეს ტექსტი არის მცდელობა გამოიწვიოს პოლემიკა, ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ, იქნებ მე ვცდები?!

პროფესიული სტანდარტები ქართულად





ნინია კაკაბაძე


გაზეთი "24 საათი" ოქტომბერი 2008


რამდენიმე ხნის წინ ვანო ჯავახიშვილის შოუში გივი სიხარულიძე იყო. ბატონმა გივიამ ბრძანა: “ადრე ჰომოსექსუალები იყვნენ უმცირესობაში, ახლა უმრავლესობაში არიან და ამიტომ ვაპირებ სტრასბურგში გავგზავნო საჩივარი, რომ ჩვენი, ანუ ნამდვილი კაცების უფლებები დაიცვანო”. ვანო ჯავახიშვილი უღიმის და ამბობს: “მართალია, მეც შემოიგიერთდებით. ჩვენ მართლა უმცირესობაში ვართ, კაცები”. სულ რამდენიმე დღის წინ იმავე ვანო ჯავახიშვილმა ჰედლაინში ამბავი მოყვა, სადაც ისმოდა: “კონდოლიზა რაისმა იმდენი ილაპარაკა, რომ სულ გათეთრდა”... ჩვენ, ქართველი მაყურებლები, ამ “ღადაობებს” სერიოზულად არ აღვიქვამთ, მერე რა თუკი “ღადაობები” რასისტული ხასიათისაა, მერე რა რომ ქსენოფობიურია, მერე რა რომ ჰომოფობიურია - ჩვენ ვხუმრობთ! ვშიშობ და ეჭვი მაქვს, კონდოლიზა რაისმა, ჩვენმა გულშემატკივარმა და მხარდამჭერმა არ იცის ქართული თვითმყოფადი იუმორის შესახებ და არც ის იცის, რომ რასისტული განწყობები არა მხოლოდ იუმორისტული ჟანრის ტელეგადაცემებში მძლავრობს.
გადაცემა “პროფილში” 18 სექტემბერს გამორჩეულად ხუმარა ჟურნალისტმა, პამფლეტების დიდოსტატმა, ომის შემდგომ, სპეცრაზმელის ბრმა ტყვიის შედეგად დაღუპული გოჩა რამიშვილი, მისთვის ჩვეული მხიარულებით გაიხსენა: “პარიზში ვიყავით, მიტინგს ვიღებდით. მიტინგზე ეთნიკურად ფრანგი სულ 5 პროცენტი იყო, დანარჩენები ვიღაც მაროკოელები, შავკანიანები და ათასი ჯურის ადამიანი იყოო”. მოკლედ, გოჩას უსიამოვნება მოუვიდა ერთ-ერთ შავკანიან მანიფესტანტთან და მიტინგის შუა გულში, ჩოჩქოლში აღმოჩნდა. იქიდან გამოსულს თენგო გოგოტიშვილი დახვდა და კითხა: “ბიჭო, შენ გიჟი ხომ არ ხარ, რამ შეგიყვანა იმ მაიმუნების ხროვაში?” და მერე დარბაზისთვის განმარტა, რომ “მართლა საშინელი ხალხი იყო”. დარბაზი ამ შესანიშნავ ისტორიას მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა. ტაშს ჩვენი ომის გმირი ჟურნალისტები უკრავდნენ. წამყვანი ვერც კი ხვდება, რომ მსგავსი ისტორიების ღია ეთერში მოყოლა მისი გადაცემისთვის და მისთვის, რბილად რომ ვთქვათ, რეპუტაციის შემლახველია. ვერ ხვდება ვერავინ “რუსთავი 2”-ში, რომ ეს “უნიკალური” ისტორია გადაცემიდან უნდა ამოჭრან (მადლობა ღმერთს, გადაცემა ჩანაწერის სახით გადის ეთერში). ამის შემდეგ, გაზეთი “ბათუმელების” გარდა, ვერც ერთი მედია საშუალება ვერ ბედავს და ალბათ ვერც ხვდება, რომ მსგავსი (რასისტული, შოვინისტური, ქსენოფობური) რიტორიკა უნდა გააკრიტიკოს და გააპროტესტოს. თუმცა, ცივილიზებული სამყაროს მაყურებელი, , ანუ სწორედ ის დასავლეთი, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფის, ასეთი ტიპის განცხადებებისათვის, გადაცემის დახურვას და წამყვანისა და მოუბარი ჟურნალისტის სამსახარუდან გაძევებას მოითხოვდა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით...
რადგან გადაცემა “პროფილი” ვახსენეთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ 11 სექტემბრის გადაცემა, რომელიც ომის შვილებს ეძღვნებოდა. ჯერ მხოლოდ 3 გადაცემა გავიდა ეთერში და ორი მათგანი დანაშაულებრივი ხასიათისაა. პირველი გადაცემა “ომის შვილების” შესახებ, დეტალურ ანალიზს მოითხოვს; როგორ აპოვნინა დევნილ დედას დაკარგული შვილი “პროფილის” კორესპონდენტმა, როგორ იკვლევდა კორესპონდენტი და გადაცემის წამყვანი, აღუდგება თუ არა გივიკოს ფეხები, იცის თუ არა დედამისის დაღუპვის შესახებ და ა. შ. დღეს მხოლოდ ერთ ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაია ასათიანს სტუდიაში ომის შედეგად დაზარალებული, გორის 4 წლის მკვიდრი ლიკა შემოყავს და მოგვახსენებს, რომ ის, რაც ლიკამ ნახა, უფროსი ადამიანისთვისაც ძალიან რთული გასახსენებელია. “არ მინდა ლიკა დავღალო ამ ისტორიის მოყოლით და ამიტომ ჩვენ თავად მოგიყვებით ომის პატარა მონაწილის ისტორიას”. ეს ბლეფია, რადგან წამყვანმა კარგად იცის, რომ ლიკამ მიღებული ტრამვის შედეგად ლაპარაკი შეწყვიტა და ვეღარ მეტყველებს. ეს შოკის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გამოხატულებაა. ლიკასთვის, ნანახის და გადატანილის გახსნება კი, ამ ეტაპზე ისევე მატრმავირებელია, როგორც პირველად. მაგრამ შოუ უნდა შედგეს და ამიტომ ომში დაზარალებულ 4 წლის ლიკას დიდ ეკრანზე აჩვენებენ და ასმენინებენ საკუთარ ტრაგიკულ ისტორიას: დიდი ხანი საკუთარი სახლის ნანგრევებში იწვა, მეზობლებმა ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ერთი ძმა მის თავლწინ დაიღუპა, მეორე დაკარგა, ლიკას თვალები დაეწვა, ციხიდან გამოსული დედა ლიკამ ვერ იცნო, ლიკას მამა დღემდე საკუთარი შვილის ნაწილებს (ლიკას ძმას) ნანგრევებში ეძებს... სიუჟეტის შემდეგ დარბაზში ლიკას დედა და “პროფილის” მიერ ნაპოვნი ერთ-ერთი ძმა შემოდის, მაგრამ ამ დროს ლიკა დარბაზში უკვე ისტერიულად ტირის. მასთან მაია ასათიანი მიდის და აკანკალებული ხმით ეუბნება: “გეხვეწებით, მართლა გვიგულეთ თქვენს გვერდით რაა. ნუ ტირიხარ ლიკა, ყველაფერი კარგად იქნება!”
ეს ის შემთხვევაა, როდესაც უადგილო იქნება ჟურნალისტს ეთიკის ნორმების თუ პროფესიონალური სტანდარტების დაცვა მოვთხოვოთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც წამყვანს მხოლოდ ადამიანობა მართებს და იმის ცოდნა, რომ ტრამვირებულ, ჯერ კიდევ შოკში მყოფ ბავშვს განცდილის და გადატანილის გახსენება ფსიქიკას უზიანებს - მაგრამ ეს შოუსთვის მოწყობილი სადისტური აქტია!
ზედმეტი ფუფუნება იქნება ვიფიქროთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითი, მხოლოდ მაია ასათიანის ან თენგო გოგოტიშვილის პრობლემაა. ამ ისტორიებს ტაშს უკრავენ, ამ ისტორიებს სიამოვნებით ისმენენ, მათი მოსმენისას არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა. ამ და სხვა მსგავს ისტორიებზე არ რეაგირებს საზოგადოება, არ რეაგირებენ ადამიანების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, არ რეაგირებს ხელისუფლება (რომლის ეგიდითაც მაუწყებლობენ ეს ტელევიზიები), არ რეაგირებს ოპოზიცია, რომელიც მუდმივად საბაბს ეძებს კრიტიკისათვის... ჩვენთვის რასისტული, ქსენოფობიური, შოვინისტური და მათ შორის არც სადისტური გამოვლინებები პრობლემას არ წარმოადგენს. ცივილიზებული სტანდარტების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება ქართულ საზოგადოებაში არ მომწიფებულა. რამ შეიძლება დაარეგულიროს და აღკვეთოს ეთიკის ნორმების ამგვარი დარღვევა? თუკი ჟურნალისტები და მთლიანად მედია რეკლამირებას უწევს რასიზმს, შოვინიზმს, ქსენოფობიას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მანკიერი ტენდენცია კიდევ უფრო გაიღრმავებს ფესვებს. ტელეჟურნალისტები სიამოვნებით ირგებენ პოლიტიკურ ცენზურას, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ყველა ერთხმად წინ აღუდგა მედია საბჭოს მიერ შემოთავაზებულ თვითრეგულირების მექანიზმებს, რომლებიც ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებებს წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტების პრობლემა, ეს მთლიანად ქართული საზოგადოების პრობლემაა, რომლის ნაყოფიც არის ქვეყნის მედია. ამ ფონზე კი ჩვენ ასე ვჩქარობთ ევროინტეგრაციისკენ, ასე ძალიან გვსურს დასავლეთთან შეერთება, თუმცა არც კი ვსვამთ კითხვას - რა ვიცით ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის ან თუნდაც უბრალოდ ცივილური ცხოვრების შესახებ?!