
30 ოქტომბერი 2008 წელი
ნინია კაკაბაძე
საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ანგარიშის ჩაბარებისას მედიას მეტი გახსნილობისკენ მოუწოდა და “სიტყვის გათავისუფლებას” დაგვპირდა. რასაკვირველია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ არავის შექმნია ილუზია, რომ ჩვენს წინაშე მალე მაღალ პროფესიული, ობიექტური და კვალიფიციური ტელემედია წარსდგებოდა. ამ შედეგს პრეზიდენტის კეთილ ნებაზე მეტი, სატელევიზიო მედიაში ძირეული რეფორმები სჭირდება. ამჟამინდელ “სიტყვის თავისუფლებაში” ჩვენ მივიღეთ საინფორმაციო გამოშვებების მეორე ბლოკში მიკუჭული არასაპარლამენტო ოპოზიცია და პოლიტიკური თოქ-შოუ პირველ არხზე, სადაც უმეტეს შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე ადამიანისგან ერთი ტიპის მოსაზრება ისმის. სატელევიზიო ფონი, რომელიც სამი ნაციონალური არხის მეშვეობით იქმნება, არავითარი სტანდარტის ნორმებს არ აკმაყოფილებს. თუკი ერთხელ მოგეცემათ შესაძლებლობა და, მაგალითად, ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებას შეხედავთ ერთმანეთის მიყოლებით, დაინახავთ, რომ სურათი მართლაც საგანგაშოა. საინფორმაციო გადაცემებში ზუსტად ერთნაირია წყობა, (ე.წ. “ვიორსტკა”) ერთი და იგივე რესპოდენტები და მათი შეფასებები, კომენტარები. მსგავსია ჟურნალისტთა კარდს მიღმა ტექსტები, მათი ტონი, სიუჟეტების ხანგრძლივობა და ა.შ. და ა.შ. ერთი სიტყვით ყველაფერი მსგავსია, რა ვიზუალურ თუ ტექსტუალურ მასალასაც შეიცავს “ინფორმაცია”. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: - რა საჭიროა სამი სათაური (მოამბე, კურიერი, ქრონიკა), როდესაც შეიძლება ისევე, როგორც კომუნისტურ ხანაში, ერთი მათგანი გვქონდეს, მაგალითად “მოამბე”?!
ქართველი მაყურებელი შეგუებული იყო ერთი წლის წინანდელ ტელერეალობასაც და შეეგუა დღევანდელ მედია რეალობასაც. შარშან ორი არხი (“იმედი” და “რუსთავი 2”) ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორომაციას გადასცემდა. ერთი რევოლუციას აქეზებდა, მეორე კი არსებულ ხელისუფლებას იცავდა. ორივე მათგანი გამარჯვებისთვის იბრძოდა. “იმედის” უკან პატარკაციშვილი იდგა, “რუსთავი 2”-ს უკან ხელისუფლება, ორივე მათგანი არა მხოლოდ საკუთარ პოზიციებს, არამედ საკუთარ კეთილდღეობას, სტაბილურობასაც იცავდა. ერთი წლის წინანდელ მედიას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე ქონდა - ტელევიზიების დაპირისპირების შედეგად ჩვენ უკიდურესაც პოლარიზებული საზოგადოება მივიღეთ. მაგრამ, ამავე დროს: მაყურებელს, რომელსაც სურვილი ჰქონდა მაქსიმალური ინფორმაცია მიეღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ამ ორი ტელეკომპანიის სხვადასხვაგვარი ინფორმაციის შეჯერებით ამის საშუალება მეტად იყო. მოვუსმენ ერთს, მოვისმენ მეორეს და გამოვიყვან საშუალოს. დღეს ამის საშუალება პრაქტიკულად არ არის. დღეს მაყურებლის შრომა გაცილებით გართულებულია, მას ინფორმაციის ძიება სხვადასხვა ქვეყნის ინტერნეტ გვერდებზე უწევს.
როგორც არ უნდა ვიმოძრავოთ და როგორი სვლებიც არ უნდა გავაკეთოთ და როგორც არ უნდა მოვინდომოთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს დავაბრალოთ, საბოლოოდ მაინც მედიის არაპორფესიონალიზმთან მივალთ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
პატარა ლირიკული გადახვევა. ერთი ფაქტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამივე ნაციონალური ტელეარხის “თოფნიუსად” იქცა. “საიდუმლო სერობა იტალიურ რესტორანში” - სათაური იმდენად დამაინტრიგებელია, რომ ეფექტი უკვე მიღწეულია. შარშანდელი ნოემბრისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებით შეაჩერა ამ მიმართულებით მუშაობა, ან იგი უფრო ხელმომჭირნე გახდა. აგრეთვე 2 დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა სინანულით ისაუბრა გასულ ნოემბერში დაშვებულ შეცდომებზე... ამიტომ ახლა საქმეში გამომძიებელი ჟურნალისტი ჩაერთო. სააგენტო “პირველის” ჟურნალისტმა იმ დღეს უნიკალური მასალა მოიპოვა: ის ყველა ტელეარხს უყვებოდა ლევან გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძისა და ზურაბ ნოღაიდელის საუბარს, რომელსაც ყური მოკრა და ის ამგვარ ფრაზებს შეიცავდა: “ახლა სხვა სიტუაციაა, ვიდრე შარშან იყო”, “7 ნოემბერს მიშა უნდა მორჩეს”, “რუსეთის ფაქტორი”. რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს, სულ ეს არის! ჟურნალისტმა ასევე წარმოადგინა რამდენიმე ფოტო, სადაც ლევან გაჩეჩილაძე მოჩანს. თუმცა ამ ფოტო მტკიცებულებების გარეშეც საკმარისად დამაჯერებელი იყო მონათხრობი. 7 ნოემბერს დაწყებული აქციებით, ხელისუფლების შეცვლა რომ არის გეგმაში, ამას არც ერთი ოპოზიციონერი არ მალავს და თუ სადმე სატელევიზიო მიკროფონი ჩაუვარდათ, ყველგან ამას გაიძახიან. როგორც ჩანს, წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტები “კავკასიას” ბოიკოტს უცხადებენ, თორემ ეს ხომ მათთვის “საიდუმლო სერობის” მასალა ვერ გახდებოდა?! მივადექით საკვანძო, დანაშაულებრივ ფრაზას - “რუსეთის ფაქტორი”. მაყურებელმა უნდა ივარაუდოს, რომ პოლიტიკოსებმა რუსეთი, როგორც დამხმარე ძალა ისე მოიხსენიეს - მიზანი ეს არის! ჩვენ აღარ მოვყვებით, ვის რა მიზანი ამოძრავებს, ვინ რას გეგმავს, რა არის ამ ვითარებაში გამართლებული და რა არა, ან რომელი სახელმწიფო სტრუქტურა მოქმედების როგორ ფორმაზე გადავიდა გასული ნოემბრის შემდეგ - დღეს ჩვენ ტელემედიაზე ვსაუბრობთ. არც იმას აქვს მნიშვნელობა რაზეა დამყარებული სააგენტო “პირველის” ჟურნალისტის ქმედება, რომელმაც წყობიდან გამოსული ”ჟუჩოკის” ფუნქცია იკისრა: ასრულებს ის კონკრეტული ჩინოვნიკის თუ სამინსიტროს დავალებას, მოქმედებს საკუთარი ინიციატივით თუ უბრალოდ ეკონომიკური კრიზისის ჟამს ფინანსურ დანაზოგს ავსებს ?! სამარცხვინო ის არის, რომ წამყვანი ტელეარხები ამ არაფრის მთქმელ შეხვედრას, საიდანაც არანაირი ტიპის ახალი ინფორმაცია არ მოდის, მთელი დღის განმავლობაში აანონსებენ და საღამოს გამოშვებებში კულმინაციის სახით, ერთ-ერთ პირველ, დღის თემად თუ სიუჟეტად გვთავაზობენ. ამის შედეგად სიუჟეტის ეთერში გასვლის დღეს, დაინტრიგებული, ცნობისმოყვარე და ფარული ჩანაწერების მოყვარული ქართველი მაყურებელი ერთ კითხვას სვამდა - სად არის რესტორანი მედიტერანიანი?! (იგულისხმება იტალიური რესტორანი, სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა).
ამგვარი არაფრისმთქმელი, ყვითელი სიუჟეტების დამზადებადა, შემდეგ მისი ეთერში გაშვება, ნებისმიერი საშუალო სტანდარტების დამაკმაყოფილებელი მაუწყებლისათვისაც კი სამარცხვინო იქნებოდა. მაგრამ ცხადია, რომ ქართული ტელემედიის წარმომადგენლები ამას ვერ აცნობიერებენ. ვერ აცნობიერებენ, რადგან საკმარისი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გააჩნიათ. ასეთ დროს ძალიან მომგებიანია პასუხიმგებლობა უხარისხო “სერობაზე” მხოლოდ ხელისუფლებას, - მედიის ამ მაკონტროლებელ ორგანოს მოვთხოვოთ, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ეს სამთავრობო ორგანო ხარისხობრივი თვალსაზრისით - თვალთვალის, მოსმენისა და დაჭერის ოდნავ უფრო მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ლოგიკურად მთავარ საკითხამდე მივედით.
მსურს დავიჯერო, რომ პრეზიდენტის სურვილი - მეტად თავისუფალი მედია-გარემო შექმნას, გულწრფელია. გულწრფელია ყველა სახელისუფლო პირი, რომელიც აღიარებს, რომ სიტყვის თავისუფლების საკითხში საქართველო სავალალო მდგომარეობაშია. მჯერა, რომ სატელევიზიო მედიის ინტელექტუალურ-პროფესიონალური რესურსი ამისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს. გასაგებია, რომ ჟურნალისტები მიდრეკილნი არიან მიკერძოებულობისაკენ და მათთვის რთულია სუბიექტური კომენტარებისგან თავის შეკავება. ამასთანავე ისინი მიეჩვიენ მითითებით მუშაობას და, თუკი მედიის მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელები და წევრები მათ სწორ მითითებებს მისცემენ, მაშინ შესაძლებელია ეს კატასტროფული სურათი, ოდნვ მაინც შეიცვალოს. სწორი მითითებები კი ძალიან მარტივია.
წარმოვიდგინოთ, რომ რეკავს ნებისმიერი საინფორმაციო გადაცემის “ნიუსრუმში”, მაგალითად, თბილისის მერი გიგი უგულავა. ოთახში ყველა ჟურნალისტმა მოიყარა თავი. ქალაქის მერის ხმა, ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით მთელ ოთახში ისმის, ის ყველას მიმართავს: “ძვირფასო ჟურნალისტებო, მოგმართავთ თქვენი უფროსი ძმა! გთხოვთ, გადაეცით მაქსიმალური ინფორმაცია, იქნება ის პოზიტიური თუ ნეგატიური შინაარსის. ეცადეთ თავი შეიკავოთ სუბიექტური, მიკერძოებული, სიმპათიითა თუ ანტიპატიით განმსჭვალული კომენტარებისგან, რაოდენ ხატოვნადაც არ უნდა გამოთქვამდეთ მათ. ამ ეტაპზე მიაწოდეთ მოსახლეობას მშრალი ინფორმაცია. შეარჩიეთ განსხვავებული რესპოდენტები. ასე ძალიან ნუ დაემსგავსებით ერთმანეთს. ძვირაფასო ჟურნალისტებო, პირველ ეტაპზე ეს საკმარისია. თუკი ამ დავალებას შეასრულებთ, მისი მეშვეობით, მაგალითად, Human Rights Watch-ის ახალ კვლევაში ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით თავისუფალი მედიის სტანდარტებს. მე მჯერა თქვენი პროფესიონალიზმის. მადლობთ ყურადღებისათვის.”
იქნებ, მედიის არაფორმალური მაკონტროლებელი ორგანოების მიერ, ასე მარტივად, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მიწოდებული რჩევა-დარიგება საკმარისი აღმოჩნდეს მინიმალური ცვლილებებისთვის. ცვლილებები სატელევიზიო მედიაში - რომელიც სურს ქვეყნის პრეზიდენტს, ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, მმართველ პარტიას, მის ოპონენტებს და, რაც მთავარია, მაყურებელს. “ჭეშმარიტება არის ის, რასაც მმართველი პარტია ცნობს ჭეშმარიტებად” (ჯორჯ ორუელი) – მმართველი პარტია კი უაკანაკსნელ დროს, სწორედ სიტყვის თავისუფლების ჭეშმარიტ სურვილზე საუბრობს.